"ყარყარაშვილი ცოტა მეტად რომ განათლდება, მერე დასვას კითხვები" - კვირის პალიტრა

"ყარყარაშვილი ცოტა მეტად რომ განათლდება, მერე დასვას კითხვები"

"თუ ივანიშვილის პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, 7%-საც ვერ აიღებს"

"თუ ბენდუქიძემ თქვა, რომ რუსეთთან ომი ჩვენ დავიწყეთ, ის მეორე ივანიშვილი გახდება"

"პატარკაციშვილს იმედი ჰქონდა, ივანიშვილს კი ოცნება აქვს. ისე, იმედი უფრო მყარია, ვიდრე ოცნება"

"დაამტკიცოს ივანიშვილმა ამ თანხის წარმომავლობა და უკან დაუბრუნებენ"

ომისა და მშვიდობის საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა დებატებში გოკა გაბაშვილი და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია გამოიწვია (ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაბაშვილმა გამოიწვია ივანიშვილი პირდაპირ ეთერში დებატებში). მიიღებს თუ არა ამ გამოწვევას, შოთა მალაშხიასთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- გია ყარყარაშვილთან პირდაპირ ეთერში დებატებს თუ დასთანხმდებით?

- არა მგონია, ეს აინტერესებდეს საზოგადოებას, მაგრამ თუ ექნება ინტერესი, ნებისმიერ ადამიანთან მივიღებ დებატებში მონაწილეობას.

- გია ყარყარაშვილმა სახელისუფლებო გუნდს სამი კითხვა დაუსვა. პირველი - რატომ არ იქნა  ომი თავიდან აცილებული?

- ომის თავიდან აცილების თეორიული შანსიც არ არსებობდა. რუსეთი ომს ან თვითონ დაიწყებდა, ან კოკოითის ხელით და თვითონ არ გამოჩნდებოდა. მოახდენდა ქართული სოფლების ეთნოწმენდას და იტყოდა, მე სამშვიდობო ძალა ვარ, ეს ყველაფერი კოკოითიმ გააკეთაო. ჩვენი პასუხი ამაზე იყო ის, რომ ცხინვალი 4 საათში გათავისუფლდა კოკოითისა და რუსული ბანდფორმირებებისგან. რუსეთი ელოდა, რომ საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენი სამხედროების დამსახურება იყო, რომ ეს პროცესი არ გაჭიანურდა. სარკოზი ამბობს, რომ შიზოიდმა პუტინმა წამოიწყო აგრესია. მისი მიზანი, როგორც სარკოზი და კონდოლიზა რაისი ამბობენ, საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო და არა მხოლოდ ტერიტორიების ოკუპირება.

- ყარყარაშვილის მეორე კითხვა ასეთია: გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას დაკარგული ტერიტორიებისა და ომის გამო?

- ჩემთვის ეს ტერიტორია დაკარგული არასდროს ყოფილა და არც ახლაა. ჩემთვის ეს ტერიტორია ოკუპირებულია, სადაც მოხდა ეთნოწმენდა და დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ამდაგვარი დანაშაული არც ნაცისტურ გერმანიას და არც ბოლშევიკებს არ ჩაუდენიათ, ამიტომაც ამ ტერიტორიების დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ღირსების საკითხია. აქ ჩადენილი დანაშაულის გამო რუსეთი აუცილებლად გადაიხდის კომპენსაციას.

- მესამე კითხვაა, განიცდიან თუ არა დღევანდელი ხელისუფლების წევრები სამშობლოს დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობას?

და ასევე, ყარყარაშვილი ამბობს, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება რუსეთ-საქართველოს ომზე ერთმანეთს ემთხვევა. მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.

- ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი, ყარყარაშვილი, ნოღაიდელი, პეტრე მამრაძე და ბურჯანაძე რუსეთის პოლიტიკის გამგრძელებლები და საბჭოთა მენტალიტეტის მქონენი არიან. ასეთ ადამიანებს, მარგინალებს, რუსეთის დაკვეთის შემსრულებლებს, საქართველოში პერსპექტივა არა აქვთ. 200 წლის განმავლობაში არ მოიძებნა საქართველოში ლიდერი, ვინც რუსეთთან პრობლემებს მოაგვარებდა. ეს პრობლემა მოგვარდება მხოლოდ პრინციპული, თანამიმდევრული მიდგომით და ამას საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებს. რუსეთის გარშემო არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, რომელთანაც ტერიტორიული პრობლემები არ ჰქონდეს. სხვათა შორის, რუსეთს ოკუპირებული აქვს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის, იაპონიის კუნძულებიც. ყარყარაშვილმა ცოტა მეტად უნდა იცოდეს ისტორია და კითხვების დასმას აჯობებს მეტი წაიკითხოს. თუ კითხვა ეზარება, ფილმებს მაინც უყუროს. ცოტა მეტად რომ განათლდება, მერე დასვას კითხვები.

- ყარყარაშვილი ამბობს, რუსეთთან მიომია და ვერავინ დამაბრალებს, რომ რუსეთის მომხრე ვარო.

- რუსებს შამილ ბასაევიც ებრძოდა ჩეჩნეთში. თუმც მანამდე აფხაზეთში რუსების მხარეს ჩვენ გვებრძოდა. დღეს, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია და ეთნოწმენდა მოხდა, სამწუხაროდ, არიან ქართველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ასეთი პირების ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე რას ფიქრობთ?

- ამ კაცს ბიზნესი აქვს რუსეთში. მილიარდების იქ შოვნა გამორიცხულია პუტინისა და მისი გავლენის სფეროს გარეშე. ივანიშვილი პუტინის კაცია. სხვა გზითა და სხვა საშუალებით მას მილიარდები არ ექნებოდა.

- ერთმა პიროვნებამ, რომელიც კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას მოსკოვში, ჩემთან საუბრისას განაცხადა, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ივანიშვილმა დატოვა რუსეთი და საფრანგეთში გადავიდა სწორედ პუტინის გამო. ის კომპანიებს თავისი წარმომადგენლების საშუალებით მართავდაო.

- ეს ბიზნესი ხომ არის ივანიშვილის? ბიზნესს საფრანგეთიდან მართავს თუ ჭორვილიდან რა მნიშვნელობა აქვს? აუცილებელი არ არის ფიზიკურად მოსკოვში ყოფილიყო.

- ბენდუქიძემაც რუსეთში იშოვა ფული და პუტინსაც შეხვედრია, რისი ამსახველი ფოტოც ჩვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა.

- ბენდუქიძეს ბიზნესი აღარა აქვს რუსეთში, მაგრამ თუ ბენდუქიძეც იმას გააკეთებს, რასაც  ივანიშვილი, იმავეს ვიტყვი მასზეც.

- რას გულისხმობთ, ბენდუქიძემ პარტია არ უნდა შექმნას?

- თუ ბენდუქიძემ თქვა, რომ რუსეთთან ომი ჩვენ დავიწყეთ, ის მეორე ივანიშვილი გახდება.

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ შანსს?

- ბადრი პატარკაციშვილის მაგალითით უკვე ვნახეთ, რა წარმატებასაც აღწევენ ასეთი პირები. პატარკაციშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 7% აიღო. დღეს გაცილებით წინ ვართ, ეს გაკვეთილიც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ივანიშვილის პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, 7%-საც ვერ აიღებს.

- ანუ პარლამენტში 2/3-ის აღება, რასაც ივანიშვილი გეგმავს, წარმოუდგენლად გეჩვენებათ?

- პატარკაციშვილს იმედი ჰქონდა, ივანიშვილს კი ოცნება აქვს. ისე, იმედი უფრო მყარია, ვიდრე ოცნება. შეუძლიათ იოცნებონ, მაგრამ შეუძლებელია საქართველოში გაიყიდოს ოცნების ბილეთი უკან, საბჭოთა კავშირისკენ. ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. საქართველოს მოსახლეობა არ იყიდება.

- თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რატომ გაუუქმეს მას საქართველოს მოქალაქეობა?

-  ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს მოქალაქეობა გაუუქმეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ მესამე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. მათ კანონი დაარღვიეს.

- თუ ბიძინა ივანიშვილი პროცედურის დაცვით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ფიქრობთ, რომ მოქალაქეობას აღიდგენს?

- თუ ივანიშვილი ხშირად გამოვა ტელევიზიით, პრეზიდენტს ვთხოვდი, რომ მოქალაქეობა აღუდგინოს, რათა კარგად გამოჩნდეს, ვინც არის.

- "ქართუს" მანქანის დაპატიმრებას რით ახსნით?

- საქართველოში ნებისმიერი თანხის წარმომავლობა უნდა აჩვენოთ სახელმწიფოს. ეს კანონით არის დადგენილი და არავის აქვს უფლება, უნებართვოდ თბილისის ქუჩებში მილიონები ატაროს. ერთი სახელმწიფო მაინც დამისახელეთ, სადაც ამდაგვარი რამ ხდება და მერე დავუშვათ ჩვენს სახელმწიფოში.

- როგორც ითქვა, ეროვნულმა ბანკმა ეს იცოდა.

- "ქართუს" თქმით, ეს თანხა ხელფასებისთვის უნდოდათ. ხელფასები საქართველოში ბარათით გაიცემა და თანაც ლარით. ეს თანხა კი ევროსა და დოლარში იყო. დაამტკიცოს ივანიშვილმა ამ თანხის წარმომავლობა და უკან დაუბრუნებენ.