"თუ ვინმეს დსთ-ის სივრცეში ლეგალური კაპიტალი აქვს, ეს ივანიშვილია" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმეს დსთ-ის სივრცეში ლეგალური კაპიტალი აქვს, ეს ივანიშვილია"

"არ მინდა მათ რიგში ჩავდგე, ვინც ბიძინა ივანიშვილს ქება-დიდებას ასხამს და ქულებს იწერენ"

"წესით, ბენდუქიძემ, თუ ნამუსი აქვს, ამ ხელისუფლებას უნდა უთხრას, რომ ბიძინაზე სუფთა კაცი ბინზესში არ ყოფილა"

"საქართველოში ღალატი სპორტის ეროვნული სახეობაა. მეშინია, ვინც დღეს ბიძინას ესაუბრება, მერე "მოდულში" და შავნაბადაზე ხომ არ გარბის?"

"იმდენი დახმარება, რაც ივანიშვილმა გაუწია ხელისუფლებას, მშობლებს არ გაუწევიათ მათთვის, მაგრამ ესენი ხომ დაუნახავი ხალხია"

რუსთავის #6 საპყრობილიდან  დაგვიკავშირდა ბიზნესმენი, საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ რატიშვილი, რომელიც თავის დროზე დსთ-ის აღმასრულებელი მდივნის, ბორის ბერეზოვსკის მოადგილე, შემდეგ კი დსთ-ის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო და კარგად იცნობდა რუსული ბიზნესის მსხვილ მოთამაშეებს. მათ შორის მიხეილ ხოდორკოვსკის, მალკინს... და ბიძინა ივანიშვილს. ბატონი მერაბი ცდილობდა, ყველაფრის მოყოლა მოესწრო, რადგან სატელეფონო კავშირი 5 წუთში ერთხელ წყდებოდა. მერაბ რატიშვილმა საუბარი სახელისუფლებო გუნდის ორმაგი სტანდარტების ახსნით დაიწყო:

- ამას წინათ პავლე კუბლაშვილი ეკა ბერიძესთან იყო გადაცემაში და თქვა, ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული კაცი დაადანაშაულა "ზალოგოვი აუქციონების" საკითხზეო.

იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ხოდორკოვსკი აღიარეს პოლიტპატიმრად, მეც მაღიარეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაზე თვალებს იბრმავებენ, ხოდორკოვსკის კი ამბრაზურასავით გადაეფარნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის დასკვნაში სამჯერ მიუთითა ჩემზე და ნორა კვიციანზე, მაგრამ ამას თითქოს არც ამჩნევენ. მეც ვაღიარებ, რომ ხოდორკოვსკი შერჩევით დასაჯეს, მაგრამ რატომ არ უნდათ ეს აღიარონ ჩემს შემთხვევაში?

მე და მიხეილ ხოდორკოვსკი თანატოლები ვართ. ერთად ვმუშაობდით მოსკოვის კომკავშირის ქალაქკომში. საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოში ნავთობს ვაგზავნიდი. გაგანია ომი იყო. საწვავი გვიჭირდა. 1992 წელს 311 ათასი ტონა გამოვგზავნე, 1993 წელს - 50 ათასი, 150 ათასი ტონა საწვავი კი ხოდორკოვსკიმ გამიჩერა. მოითხოვა, მე უნდა მომყიდოო. არადა, მისი ბანკით ("მინატეპი") ვაწარმოებდი ოპერაციებს. მითხრა, ნავთობს ან მომყიდი, ან წაგართმევთო. უარი ვუთხარი, ეს ნავთობი ქვეყანას სჭირდება-მეთქი. ვერაფერი გავაგებინე. მოიყვანეს სათბობენერგეტიკის მინისტრი შახრანიკი, მისი მოადგილე ფომინი და კვოტები გამიუქმეს. გემი 45 დღე პორტში არ შეუშვეს დასატვირთად, რადგან "ტრანსნეფტმა" კუთვნილი თანხა არ გადამიხადა. ყველაფერი გამიჩერეს, 4 მლნ დოლარით მაზარალეს.

- რისი კვოტები გააუქმეს?

- რუსეთს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ვალი ჰქონდა და ნება მოგვცეს ვალის სანაცვლოდ ნავთობი გადმოგვეტანა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის დავაშვებინე კვოტა. მე ვიხდიდი ნავთობის ღირებულების 75%-ს, 25%-ს ვალში გვითვლიდნენ. პრაქტიკულად, ჩემგან მოდიოდა ნავთობი. ხოდორკოვსკიმ ყველაფერი გააკეთა, რომ ნავთობი წაერთმიათ და თქვა, "გრუზინი ბანკავატ ნე ბუდუტ". არადა, ჩვენ საერთო მეგობრები გვყავდა, 22 წლიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც ასეთი რამ გააკეთეს მან და პლატონ ლებედევმა, რომელიც ახლა მასთან ერთად ზის. ვაღიარებ, რომ მართლაც პოლიტპატიმრები არიან, მე მხოლოდ ის გიამბეთ, რაც წლების წინ გააკეთეს. მებრძოდნენ, მაგრამ ხოდორკოვსკი მაინც დავაჯარიმებინე. საპასუხოდ ძალოვნები გამოგზავნა და მითხრა, თუ არ გაჩერდები, შენს ოჯახს შევუქმნი პრობლემებსო. ამიტომ 1993 წლის სექტემბერში ოჯახის ქვეყნიდან გაყვანამ მომიწია.

- იქნებ გირაოს აუქციონზე" გვიამბოთ. რა კავშირი ჰქონდათ მასთან ხოდორკოვსკისა და ბიძინა ივანიშვილს?

- გირაოს აუქციონზე მუშაობდა "რუსეთის ბიზნესმენთა მრგვალი მაგიდა", რომლის პრეზიდიუმისა და საბჭოს წევრი მეც ვიყავი. მასში ივანიშვილი კი არა, მალკინი შედიოდა.  100 მილიონი კრედიტი მისცეს ხოდორკოვსკის, რომელიც ამ გირაოს აუქციონში დააბანდა და პაკეტები რომ გახსნეს, ხოდორკოვსკიმ 100 მილიონად ხელში ჩაიგდო 2 მილიარდის ქონება, რომელიც მაშინ რეალურად 4 მილიარდიც შეიძლება ყოფილიყო. ეს მოხდა 1995 წელს, დეკემბერში. ერთი კვირის შემდეგ ეს საკითხი "მრგვალი მაგიდის საბჭოზე" განვიხილეთ. ხოდორკოვსკი არ მოვიდა. არადა, ყველა პირველი პირი იქ იყო. ივანიშვილის ნაცვლად სხდომას მალკინი ესწრებოდა, რადგან მისი ბანკის პრეზიდენტი მალკინი იყო, თვითონ კი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. აღმასრულებელ მდივანს მოვთხოვე, სხდომაზე არავინ შემოსულიყო დაცვით და იარაღი ყველას გარეთ დაეტოვებინა. ჩემი წინადადება გაითვალისწინეს, თორემ ისეთი მდგომარეობა იყო, ხოდორკოვსკის ბანკ "მენატეპის"  ხალხს გაგლეჯდნენ. ხოდორკოვსკიმ "მენატეპით"  დაიწყო, მერე კი "იუკოსი" იყიდა. მიითვისა ასევე კომუნისტური პარტიის ფული.

- დიდი თანხა იყო?

- მილიარდები. იმ დროს კომპარტიას იმხელა თანხა ჰქონდა, მაგდენი ქვეყნის ბიუჯეტიც არ იყო. "მრგვალი მაგიდის" საბჭოზე ხოდორკოვსკის მოადგილეს მე ვუშველე, თორემ გალახავდნენ. ხოდორკოვსკიმ ხალხი გადააგდო. 2 მილიარდი აჩუქა გირაოს აუქციონმა 100 მილიონად. ამ ქონების კაპიტალიზაციით დააგროვა ხოდორკოვსკიმ 8 მილიარდი. იმ შეხვედრაზე რომელიც ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, სამი საკითხი დავაყენე და ყველა დამეთანხმა. ითქვა, რომ გირაოს აუქციონი უნდა გაუქმებულიყო.

- ბიძინა ივანიშვილის რუსეთში საქმიანობაზე რა იცით?

- ბიძინას 1996 წლიდან ვიცნობ. ჭკვიანი, ნიჭიერი ბიჭი იყო და ძალიან მოწესრიგებული. მაგის გამოზრდილი ხალხი უკვე მულტიმილიონერები არიან. თუ ვინმეს დსთ-ის სივრცეში ლეგალური კაპიტალი აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილია.

- მაგრამ მას ბრალად უყენებენ მალკინთან ურთიერთობას. მასზე რას იტყვით?

- ძალიან კარგი და ნიჭიერი კაცია, ბოლოს 8-9 წლის წინ ვნახე დავოსში. მალკინი სად გაიხლართა, არ ვიცი. ვფიქრობ, ყველაფერი მისი კონკურენტების ატეხილია. არა მგონია, დანაშაული ჩაედინა. არ მჯერა, რომ იარაღით ვაჭრობდა.

- ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს რუსეთის კაცს უწოდებს.

- აბსოლუტური სისულელეა. მას ბრალდებებს უყენებენ ისინი, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის. სასაცილოა, რომ ამბობენ, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არისო, სწორედ პოლიტიკოსია, სრულიად ახალი სახის. ბიძინას ისეთი პოტენციალი აქვს, მისთანა ჯერ არ გვყოლია.

საქართველოში ღალატი სპორტის ეროვნული სახეობაა. მეშინია, ვინც დღეს ბიძინას ესაუბრება, მერე "მოდულში" და შავნაბადაზე ხომ არ გარბის?

- გარემოცვაზე ამბობთ?

- იმ ხალხზე, ვინც ბიძინა ივანიშვილთან რიგში ჩადგა, ვისაც უნდა ივანიშვილის ლოკომოტივს მიაბას თავისი შელახული ვაგონი. ბიძინა ჭკვიანი კაცია. იცის, რაც ხდება ქვეყანასა და პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ კარგი იქნება, გაითვალისწინოს ის, რაც ხდებოდა ეროვნულ საბჭოში, სხდომის დამთავრებისთანავე სხვადასხვა ადგილას რომ მირბოდა ზოგიერთი ინფორმაციის მისატანად.

- ივანიშვილზე ამბობენ, რომ პუტინის გარეშე რუსეთში ფულს ვერ იშოვიდა.

- პუტინმა მართლაც მოინდომა ბიზნესის გაკონტროლება, სწორედ ის დაიწყო, რაც საქართველოში ხდება, სააკაშვილს ახალი არაფერი გაუკეთებია, ის გაიმეორა, რაც პუტინმა გააკეთა. ამიტომაც წავიდა რუსეთიდან ბიძინა ივანიშვილი. პარტნიორები მართავენ მის ბიზნესს. იმდენი დახმარება, რაც ივანიშვილმა გაუწია ხელისუფლებას, მშობლებს არ გაუწევიათ მათთვის, მაგრამ ესენი ხომ დაუნახავი ხალხია. ვის დაუნახეს? მე დამინახეს, რაც ქვეყნისთვის გავაკეთე? მეც ხომ არ ვჩანდი? მეც ვეწეოდი ქველმოქმედებას, როდესაც ამის საშუალება მქონდა, მაგრამ ამაზე არც გაზეთებში იწერებოდა და არც ტელეეთერში ლაპარაკობდნენ. ეს იყო ჩემი პრინციპი და ბიძინას იმიტომ ვცემ პატივს, რომ არ ჩანდა და თავის საქმეს აკეთებდა.

- ზოგი იმასაც ამბობს, ბიძინა ივანიშვილს საფრთხე ემუქრებაო.

- საფრთხე ყოველთვის არის. ჩვენი საუბრის შემდეგ საფრთხე მეც მემუქრება, მაგრამ არ გელაპარაკოთ? რა ვქნა ოთხ კედელშუა გამოკეტილმა კაცმა? დარწმუნებული ვარ, ბატონმა ბიძინამ ყველაფერი გათვალა და იცის, რაზე არიან ესენი ხელისმომწერები. მინდა გამაგრდეს და ნაკლები მოღალატე აღმოჩნდეს მის გუნდში. ჩვენ ქვეყნის ბედზე ოდესღაც გვილაპარაკია, მაგრამ ბოლო 7-8 წელია არ მინახავს.

არ მინდა მათ რიგში ჩავდგე, ვინც ბიძინა ივანიშვილს ქება-დიდებას ასხამს და ქულებს იწერენ. ბიძინასთან ეს არ მჭირდება, მან კარგად იცის, ვინცა ვარ და მეც ვიცი, ვინ არის. ერთი მხრივ, გამიხარდა მისი პოლიტიკაში მოსვლა და მეორე მხრივ, შევწუხდი, რადგან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვის დაიყენებს გვერდით. ვისაც ვხედავ და ვინც აქტიურობს, მათთვის ზურგში დანის ჩაცემა ჩვევაა.

- ვისზე ამბობთ?

- ვერ ვიტყვი. თვითონაც შესანიშნავად იცის. უკვე დააკვირდებოდა ყველას. ეგ გაუთვლელად არაფერს გააკეთებს...

სხვათა შორის, გირაოს აუქციონის იმ კრებას, რომელზეც ზემოთ მოგიყევით, ბენდუქიძეც ესწრებოდა. წესით, ბენდუქიძემ, თუ ნამუსი აქვს, ამ ხელისუფლებას უნდა უთხრას, რომ ბიძინაზე სუფთა კაცი ბიზნესში არ ყოფილა.

- მას და ბიძინა ივანიშვილს დაპირისპირება ხომ არ ჰქონიათ?

- არა, ივანიშვილი არსად ჩანდა, წინა პლანზე ყოველთვის მალკინი იყო.

- რატომ?

- ბიძინამ იცოდა, რომ ქართველს რუსეთში არ გაახარებდნენ. თუმცა, ბანკიც ბიძინამ შექმნა, მისი შიდასამზარეულოც და კადრებიც მან მოამზადა. ამას მალკინიც აღიარებდა. გარეთ რომ ვიყო, ბევრ რამეს გიამბობდით, მაგრამ ამჯერად ეს იყოს.