"ხელისუფლებას მოტივი არ სჭირდება, რომ რამე დაგაბრალოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას მოტივი არ სჭირდება, რომ რამე დაგაბრალოს"

"ხელისუფლებას "თრიალეთი" ყელში აქვს გაჩხერილი"

ლადო ბიჭაშვილი: "სხვა ტელევიზიებს უფრო დიდი დავალიანება აქვთ, მაგრამ იმათ დახურვით არავინ ემუქრება"

დამოუკიდებელი ტელეკომპანია "თრიალეთის" თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მის დახურვას შეეცდება. "მე და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ამ დღეებში ვიღაც გვიგზავნიდა შეტყობინებებს, თითქოს იცის, როგორ ვაპირებთ ტელეკომპანიის აქციების 40%-იანი წილის ბიძინა ივანიშვილისთვის მიყიდვას და თუ ასე მოვიქცევით, ოფისში სპეცნაზის, კუდისა და სოდის შემოვარდნა არ უნდა  გაგვიკვირდეს," - განაცხადა ჟურნალისტმა ლადო ბიჭაშვილმა. ივანიშვილის პრესცენტრში კი აცხადებენ, რომ ამ ტელეკომპანიით ბიზნესმენი არ  დაინტერესებულა.

ლადო ბიჭაშვილი: - ასეთი სატელეფონო შეტყობინებების გამოგზავნა ბიძინა ივანიშვილის  პრესკონფერენციის მეორე დღეს დაიწყო და პროკურატურაში საჩივრის შეტანამდე გრძელდებოდა.

KvirisPalitra.Ge- თუ ხელმძღვანელობას "თრიალეთის" აქციების  გაყიდვა არ განუზრახავს, რა უნდა ყოფილიყო ამ მუქარის მიზეზი?

- ხელისუფლებას მიზეზი არ სჭირდება  იმისათვის, რომ რაიმე დაგაბრალოს. ვფიქრობ, ისინი შიშობენ, რომელიმე ტელევიზია მათთვის არასასურველი ძალის ხელში არ აღმოჩნდეს და თადარიგს იჭერენ.

- რომელ ხელისუფლებას გულისხმობთ -  ადგილობრივს თუ ცენტრალურს?

- ვეჭვობ, ცენტრალური ხელისუფლება დირექტივებს იძლეოდეს, აბა, "თრიალეთს" მიგვიხედეთო, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, რათა აქ ნაციონალებისთვის არასახარბიელო გარემო არ შეიქმნას.

- იცნობთ ტელეფონის ნომრის პატრონს?

- არა, უცნობი ნომერია... შეტყობინებების ნაწილი შეურაცხმყოფელია - არა მხოლოდ მემუქრებიან, არამედ მწერენ, თითქოს მე ვარ უშიშროების აგენტი, ტელეკომპანიის ღირსების შემლახველი და თურმე მე გავავრცელე ინფორმაცია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას აქციების 40%-ის გაყიდვა აქვს განზრახული. ვერ გავიგე, რას მერჩიან. ალბათ,  ცდილობენ, ხელმძღვანელობა დაარწმუნონ, რომ  სამსახურიდან ჩემი გათავისუფლებაა აუცილებელი.

-  ვის უნდა უნდოდეს ეს?

- წარმოდგენა არ მაქვს.

- არაოფიციალური საუბრისას ითქვა, რომ არავინ გემუქრებათ და თითქოს ეს ხელოვნურად აგორებული სკანდალი დავალიანების პრობლემების გადასაფარად გჭირდებათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "თრიალეთს" დავალიანების გამო ტელეცენტრი "ალფა-კომი" უჩივის.

- არაფრის გადაფარვას არ ვცდილობთ. "ალფა-კომს" შევუთანხმდით, რომ დავალიანებას ეტაპობრივად დავფარავდით. ეს პროცესი ოქტომბრიდან დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, ტელეცენტრიც აიძულეს, შეთანხმება დაერღვია და 9 ნოემბერს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ტელეკამერით შემოგვეჭრა. შესამოწმებლად სანამ მიხვალ, ობიექტს აფრთხილებ და შემდეგ მიდიხარ, ესენი კი გაუფრთხილებლად შემოცვივდნენ.

ალბათ, შეეცდებიან, ისე დაგვხურონ, რომ ამ ამბავს ნაკლები ხმაური მოჰყვეს. გვეტყვიან, დავალიანება გაქვთო, ან სიხშირის ფლობის ვადა გაგივიდათო...

- ვალი მართლა გაქვთ?

- დიახ, მაგრამ არა იმდენი, რომ ამისთვის ტელევიზია დახურო. თუმცა, როდესაც ხელისუფლებას ყელში ჰყავხარ გაჩხერილი, დიდი და პატარა მიზეზი არ არსებობს. სხვა ტელევიზიებს უფრო დიდი დავალიანება აქვთ, მაგრამ იმათ დახურვით არავინ ემუქრება. ველით, რომ სასამართლო აღარ გაგვიგრძელებს ხელშეკრულებას, გვეტყვიან, დავალიანების გამო საიმედო ორგანიზაცია არ ხართო.

- როგორ ფიქრობთ, პროკურატურა  გზავნილების ავტორის ვინაობას დაადგენს?

- არა, რა თქმა უნდა! მიუხედავად იმისა, რომ გვეცინებოდა ამ შეტყობინებებზე, მათ შესაწყვეტად სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, ამიტომაც მივედი პროკურატურაში, თუმც არ გვაქვს ილუზია, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ, რადგან ამ საქმესაც ისევე არ გამოიძიებენ, როგორც სტალინის ძეგლის აღების დროს ჩვენი ჟურნალისტისა და მანამდე ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ჯონი ნანეტაშვილის ცემის ფაქტები არ გამოიძიეს. მოძალადე პატრულის თანამშრომლები ილია გავაშელი და ტარიელ სარაული დღემდე მუშაობენ საპატრულო პოლიციაში და თანაც იმ კვადრატში, სადაც ტელეკომპანია მდებარეობს.

ამით გვაჩვენებენ, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.