მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ექსპრომტების მოყვარული

კომპანია "ჯეოსელი" მალე გინესის რეკორდების წიგნში შესატანი გახდება. არა მგონია, რომელიმე კომპანიას ერთი რეკლამის გადაღება ასე ძვირი დასჯდომოდეს. დარწმუნებული ვარ, "ჯეოსელის" დირექტორი იმ დღეს წყევლის, როცა ამ რეკლამის გადაღება გადაწყვიტა. მიხვდით, ალბათ, იმ რეკლამაზე მოგახსენებთ, მოქმედება მომავლის საკლასო ოთახში რომ ხდება. ხომ გახსოვთ, ეს რეკლამა როგორ მოეწონა პრეზიდენტს და "ჯეოსელს" სთხოვა, პირველ სკოლაში ასეთივე კლასი გამიკეთეო. "ჯეოსელსაც" სხვა რა გზა ჰქონდა, დათანხმდა და გააკეთა ე. წ. "22-ე საუკუნის კლასი". პრეზიდენტი ისევ აღფრთოვანდა, რაც "ჯეოსელისთვის" თურმე კარგს არაფერს მოასწავებდა. მალე ბატონმა სააკაშვილმა კომპანიისგან მეორე ასეთი კლასის გაკეთება კახეთში მოითხოვა. კომპანიამ მეორე კლასიც გააკეთა. ჰოდა, სწორედ ამ მეორე კლასის გახსნაზე ჩამოკრა კომპანიისთვის უბედურების ზარმა. პრეზიდენტმა ბრძანა, მალე ასეთი კლასი საქართველოს ყველა სკოლაში იქნებაო, თუმცა აღარ დაუკონკრეტებია, მათ სახელმწიფო გააკეთებს, თუ ისევ "ჯეოსელი"... არ ვიცი, რა იგრძნო ამ დროს კომპანიის დირექტორმა, მაგრამ მე მის ადგილას ინფარქტი არ ამცდებოდა.

კახეთში ახალი კლასის პრეზენტაციაზე სააკაშვილმა კიდევ რამდენიმე ადამიანს გაუხეთქა გული - ამჯერად მთავრობის წევრებზე მოგახსენებთ. სააკაშვილმა პრეზენტაციის დროს გაიგო, რომ ერთ-ერთ ბავშვს მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ჰოდა, იქვე ექსპრომტად მოიფიქრა და ტელევიზიითაც გამოაცხადა: ხვალ ამ ბავშვის პატივსაცემად აქ მთელი მთავრობა ჩამოვა, ამ საკლასო ოთახში სხდომას ჩაატარებს და საჩუქარსაც ჩამოუტანსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სანახავი იქნებოდა მინისტრთა კაბინეტი სკოლის მერხებთან! ეს მშენებლობაზე და მღვიმეში გამართულ სხდომებზე გაცილებით სახალისო იქნებოდა. ამას, ეტყობა, მინის- ტრებიც მიხვდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ბავშვს დაპირება მთელი საქართველოს გასაგონად მისცა და რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. ბოლოს გილაურმა არც მწვადი დაწვა და არც შამფური: მეორე დღეს კახეთში განათლების მინისტრთან, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესა და განათლების სფეროს რამდენიმე მუშაკთან ერთად ჩავიდა (მუშაკი იმდენი წაიყვანა, კლასი რომ შევსებულიყო). მერხებთან გოკა გაბაშვილი და განათლების სფეროს მუშაკები დასხა, მინისტრი კართან დააყენა და შეუდგა ათასჯერ ახსნილი რეფორმის გაკვეთილის თავიდან ახსნას. შემდეგ იუბილარს საჩუქარი და ტორტიც მიართვეს. პატარას გახარებულის და აღფრთოვანებულის არაფერი ეტყობოდა, უფრო გაკვირვებულს და დაბნეულს ჰგავდა - ეს უცხო ძიები და დეიდები ასე რამ შეაწუხაო, მაგრამ რა იცოდა პატარამ, რას ნიშნავს მთავრობისთვის, როდესაც ექსპრომტების და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მოყვარული პრეზიდენტი ჰყავს.

P.S.. რა ამის პასუხია და, შეამჩნევდით - გილაური ამ ბოლო დროს მთლად გაჭაღარავდა! ნეტავ, რატომ?

KvirisPalitra.Geკარგად დავიწყებული ძველი

ამ დღეებში ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ძველი ინტერვიუ, რომელიც მან ერთ-ერთ რუსულ გამოცემას 2004 წელს, პუტინთან პირველი შეხვედრის შემდეგ მისცა. ამ ინტერვიუს წაკითხვის მერე თავისუფლად შეიძლება, ახლანდელმა სააკაშვილმა 2004 წლის სააკაშვილს ყველა ის ბრალდება წაუყენოს, რასაც ის და მისი გუნდი დღეს ე. წ. პრორუს პოლიტიკოსებს უყენებენ. მე რამდენიმე ციტატას გაგაცნობთ და თავად განსაჯეთ:

1) "მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი - პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა... ამიტომ, ახლა რუსეთში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვაგან. პუტინი თავისი აზროვნების სტილით გაცილებით თანამედროვე და პრაგმატულია, ვიდრე დასავლელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა."

2)"მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს ასრულებდა! როგორც კი პუტინს შეფასებებში დავეთანხმე, ურთიერთობა მაშინვე დათბა. და მე დავინახე, რომ პუტინი სიტუაციას ხედავს გაცილებით ფართოდ, ვიდრე მისი გარემოცვა. და მე ვენდე."

3) "9 აპრილის დავიწყება არცთუ იოლია, მაგრამ გასაგები რისხვის აფეთქების შემდეგ, ადამიანები მიხვდნენ - თავისუფლების მოედანზე მათ უტევდა არა რუსეთის არმია, არამედ საბჭოთა იმპერიის სისხლიანი და დაუნდობელი ჯარი. ეს ჯარები ასეთივე ცივსისხლიანი სისასტიკით ხოცავდნენ რუსებს ნოვოჩერკასკში, ლიტველებს - ვილნიუსში, ჩეხებს - პრაღაში და უნგრელებს - ბუდაპეშტში. ახლა ჩვენ უკვე კარგად ვასხვავებთ რუსულს და საბჭოთას. და, გითხრათ გულახდილად, გაოგნებული ვარ, თუ როგორ სწრაფად მოხდა დათბობა ადამიანების გულებში."

4)"ყველაზე მეტად ესენინი მიყვარს. ვაღმერთებ მანდელშტამს, ცვეტაევას. ერთხელ, რომელიღაც მიგდებულ ჰოლანდიურ ქალაქში კედელზე ცვეტაევას ლექსი შევნიშნე. რუსივით გამიხარდა!.. და - ვისოცკი! მთელმა ჩემმა ბავშვობამ ვისოცკის ნიშნით ჩაიარა. საშინლად მტკივა, რომ ურთიერთუნდობლობის წლებში საქართველოში რუსული ენა მთელმა თაობამ დაკარგა. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ."

დიახ, დიახ! თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თქვა და არა ბურჯანაძემ ან ნოღაიდელმა. ამ ფრაგმენტების მოყვანით მათ გამართლებას სულაც არ ვაპირებ, მაგრამ დღევანდელ სააკაშვილს კი უნდა რცხვენოდეს იმდროინდელი სააკაშვილისა. ამ ციტატებით კარგად ჩანს, ურთიერთობის დათბობის სურვილით შეპყრობილი (რაც, თავისთავად, ცუდი სულაც არ არის), როგორ ელაქუცება პუტინს, როგორ ხედავს მის თვალებში პატიოსნებას,  როგორ გრძნობს თავს რუსეთში გაცილებით უკეთ, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში და როგორ ფიქრობს, რომ პუტინი გაცილებით პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების ბევრი ლიდერი. ამ სიტყვების მთქმელს განა აქვს უფლება, ივანიშვილს უსაყვედუროს, პუტინს დიქტატორს რატომ არ ეძახი, ხოდორკოვსკის - პოლიტპატიმარს და რატომ გაქვს იმედი, რომ ეს კაცი რუსეთში რეფორმებს გაატარებსო?

განა,  მეორე ციტატის ავტორს აქვს უფლება, რომელიმე ოპოზიციონერს უსაყვედუროს, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ მხარეს როგორ აბრალებთო, როცა თავად ყველაფერში თავის  წინამორბედს - ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებს?

ან მესამე ციტატის ავტორს რა უფლება აქვს, ვინმეს რუსეთის ნამდვილი სახის ვერდანახვა უსაყვედუროს, როცა თავად თურმე ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი სხვა იყო და დღევანდელი რუსეთი სხვაა.

განა იმ სიტყვების ავტორს, რომლებიც მეოთხე ციტატაში გვხვდება, აქვს უფლება, ვინმეს რუსული კულტურის პროპაგანდა აუკრძალოს? მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ საქართველოში რუსული ენის სწავლება სავალდებულო და საყოველთაო არ უნდა იყოს, ისე, როგორც საბჭოთა ეპოქაში გახლდათ, მაგრამ სააკაშვილი ამ ჭკუაზე მხოლოდ დღეს დამდგარა, 2004-ში კი საქართველოში რუსული ენის ბედით ძალიან შეწუხებული ყოფილა.

იმედია, ხელისუფლების მხარდამჭერები არ მიპასუხებენ, რომ ეს ინტერვიუ აგვისტოს ომამდეა ჩაწერილი და ყველაფერი სწორედ ამ ომმა  შეცვალა. ასეთ პასუხს ვერ მივიღებ, რადგან დღEეს სწორედ ისინი ამბობენ, აფხაზეთის ომიც  და სამაჩაბლოს ომიც რუსეთ-საქართველოს ომები იყო და საერთოდ, რუსეთი უკვე ორასი წელია, გვეომებაო. ამას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ თუ ასეა, ამ ყველაფერს 2004 წელს რატომ ვერ ხვდებოდა ბატონი პრეზიდენტი? თუ მაშინ რუსეთუმე იყო?

ქალი, რომელსაც გათხოვებას ძმა უკრძალავს

წინა კვირას საქართველოში უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იყო. თუმცა, თუ შედეგებზე ვილაპარაკებთ, არაფერი გვექნება სათქმელი, გარდა ერთისა - თბილისიდან წასულმა რასმუსენმა "ფეისბუკის" გვერდზე დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ოდესმე ნატოში იხილავს და რომ მან უკვე იცის ილია ჭავჭავაძისა და მისი "მგზავრის წერილების" შესახებ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ რასმუსენმა უთხრა ქართველ სტუდენტებს, იაქტიურეთ, როგორც ვარდების რევოლუციის დროს თქვენი თანატოლები აქტიურობდნენ და გახსოვდეთ, რომ ილია ჭავჭავაძის და მისი "მგზავრის წერილების" იდეები მნიშვნელოვანიაო. თუ ამ განცხადების პირველ ნაწილს ისე არ გავიგებთ, რომ მან ქართველ სტუდენტებს რევოლუციისკენ მოუწოდა (და, ალბათ, არც უნდა გავიგოთ), იმით მაინც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ნატოში უკვე იციან, ვინ არის ილია ჭავჭავაძე. ეს ნამდვილად არის წინსვლა. რაც შეეხება ნატოს ჩიკაგოს სამიტს, იქ, ალბათ, ჩვენს ურთიერთობაში განსაკუთრებულ წინსვლას არ უნდა ველოდოთ, რადგან რასმუსენმა რამდენჯერმე განაცხადა, ჩვენი ურთიერთობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში მომავალი არჩევნებიო, არჩევნები კი გაცილებით გვიანაა, ვიდრე სამიტი. თუმცა ამ არჩევნების მერეც რა იქნება, არავინ იცის, რადგან არსებობს რუსეთის ფაქტორი და მისი გავლენა ნატოზე. რაც უნდა ამტკიცოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, არაწევრ ქვეყანას ჩვენთან ვეტოს უფლება არ აქვსო, ფაქტია - ნატოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს ცალ-ცალკე ეფიცებიან ძმობას, რუსეთის წარმომადგენელი ნატოში კი ამაყობს იმით, რომ სწორედ მათ შეუშალეს ხელი ჩვენთვის და უკრაინისთვის მაპ-ის მოცემას. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ: დღეს ნატო ჩვენთვის იმ ქალს დაემსგავსა, რომელსაც გათხოვებას უფროსი ძმა უკრძალავს, ან საქმროებს უწუნებს - როგორც გინდათ...