"არა მგონია, ხელისუფლება ის გუნდი იყოს, რომელიც იოლად დაიშლება" - კვირის პალიტრა

"არა მგონია, ხელისუფლება ის გუნდი იყოს, რომელიც იოლად დაიშლება"

"ხელისუფლება ზარბაზანს ისვრის მაშინ, როდესაც შეიძლება ბეღურას ხელი აუქნიო"

"ივანიშვილის უკან კრიმინალური არაფერი იმალება"

"არ უნდა ვიყოთ ეიფორიაში. საზოგადოების განწყობა, ფრაზეოლოგია, მოლოდინი, ზუსტად ისეთია, როგორიც 2003 წლის ნოემბრამდე იყო. ყველა სახე იგივეა, პლუს ერთი - ბიძინა ივანიშვილი. თუ არ შეიქმნა დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები, ერთმანეთის გამწონასწორებელი პოლიტიკური ძალები, მეოთხე წრეზეც საშინელ კრახს განვიცდით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გახდეს გამოსაყენებელი ფიგურა იმისათვის, რომ ხელისუფლებაში განსაზღვრულმა წრეებმა შეინარჩუნონ გავლენა და მდგომარეობა", - განგვიცხადა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ:

- ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება და მეოთხედ იგივე რომ არ დაგვემართოს, სიფრთხილე გვმართებს. ვითარება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. ამიტომ ილუზიასა და მოლოდინს ნუ შევიქმნით. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ვითარება შეიცვალოს, - თუ იქნება ალტერნატიული, თუნდაც ორი-სამი პოლიტიკური ძალა, რომლებიც ერთმანეთს არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ. არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს რომელიმე მოქმედი პოლიტიკური პარტია საშიშროებას უქმნიდეს ხელისუფლებას.

საინტერესოა, როგორ შეძლებს ბიძინა ივანიშვილი ამ სისტემის დემონტაჟს. არ ველი, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. არჩევნები შესანიშნავად ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება ხელისუფლების ბლოკირება, თუ ის არ გამოიყენებს იმას, რასაც წლების განმავლობაში ყველა მისი წინამორბედი იყენებდა. ვგულისხმობ შედეგების გაყალბებას. თუ ეს არ აღიკვეთა, ყველა არჩევნები წაგებული იქნება. ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები კარგია, მიზნები - შესანიშნავი, მაგრამ პოლიტიკაში გაცილებით მკაცრი მექანიზმები მუშაობს და ამ სიმკაცრის ფარგლებშია მოქმედება საჭირო.

- თუმცა, ხელისუფლება შეშფოთებული ჩანს ივანიშვილის გამოჩენით.

- ვერ ვატყობ, რომ ხელისუფლება შეშინებულია.

- სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ წარადგინა გილაურმა ათპუნქტიანი გეგმა; ამის შემდეგ გადაწყვიტა პრეზიდენტმა 45-დან 60 წლამდე მოქალაქეების დასაქმება, ამის მერე დაარიგეს თბილისის მეტროში 5-ლარიანი ვაუჩერები.

- თუ საქართველოში შეიქმნება ალტერნატიული, ერთმანეთის კონკურენტი 2-3 პარტია, მაშინ თითოეულის სწორი ნაბიჯი ხელისუფლებას აიძულებს ადეკვატურად მოიქცეს. როგორც კი გამოჩნდა ასეთი ძალის კონტური, ხელისუფლება ამოქმედდა. აქამდე რატომ არაფერს აკეთებდა? იმიტომ, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა. ახლა დაინახეს, რომ ხალხს გაუჩნდა მოლოდინი და მის გასანეიტრალებლად ხელისუფლებას საკმაო რესურსი აქვს. ასე იოლი არ იქნება მათი ხელისუფლებიდან გაშვება. მათაც შეუძლიათ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. არა მგონია, ხელისუფლება ის გუნდი იყოს, რომელიც იოლად დაიშლება და ერთმანეთს ძირს გამოუთხრიან. კარგად იციან, რომ საკმარისია რაღაც წაიქცეს, რომ დომინოს პრინციპი ამოქმედდება. არ მომეწონა აპელირება იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა  იყოს ერთადერთი ადამიანი, ვინც პასუხი უნდა აგოს ყველაფერ ცუდზე და კარგი კი ვიღაცას უნდა მიეწეროს ხელისუფლებაში.

სააკაშვილი განტევების ვაცი არ უნდა გახდეს. განა ხელისუფლებამ არ იცის, რა დღეშია ხალხი, ტოტალური პიარი რომ მიდის სახელისუფლებო ტელევიზიებით, მართლა ასე ბედნიერი ხომ არ არის მოსახლეობა?

ქვეყანაში უმუშევრობაა. მოსახლეობის 55%-ზე მეტი ღარიბი და სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ამას შველა დასაქმებით სჭირდება, დასაქმებას კი - ეკონომიკური მექნიზმები. თუ ეკონომიკური მექანიზმები არ ამუშავდა, ერთი კაცი, რა დიდი ფულიც უნდა ჰქონდეს, ვერაფერს გააკეთებს.

კარგია, რომ ბატონ ბიძინას 5 მილიარდი აქვს. ეს მის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე მიუთითებს. დიდ უზნეობად მიმაჩნია, როდესაც 90-იან წლებს უხსენებენ, რომ მოსკოვში იშოვა ფული. ივანიშვილის უკან კრიმინალური არაფერი იმალება. ასე რომ ყოფილიყო, გაუგებარი არ დარჩებოდა. შესანიშნავად რომ არ აზროვნებდეს, ამხელა კაპიტალიც არ ექნებოდა, მაგრამ ბიზნესი აბსოლუტურად სხვა კოორდინატთა სისტემაა, მას დიდი წარმატება აქვს ბიზნესში, მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ასეთივე კარგი სახელმწიფო მოღვაწე იქნება. ვფიქრობ, ჩემი შეფასებები უფრო ღირებულია ბატონი ბიძინასთვის, ვიდრე მაქებართა ხოტბა.

- რატომ აქებენ მას?

- არ გახსოვთ, 2003 წელს როგორი ეიფორია იყო, როდესაც სააკაშვილი მოდიოდა? თუ წესიერი სახელმწიფო გვინდა, უნდა გავარჩიოთ, სად გადის საზღვარი, რომელზეც გადაბიჯება არ შეიძლება, არ შეიძლება შეხედულებათა სისტემას გასცდე და პოლიტიკური, მატერიალური და, თუ გნებავთ, სხვა სარგებლის მიღების სურვილით გააკეთო განცხადებები. ამიტომაც მე პოლიტიკურ პროცესს პოეტივით არ ვუყურებ, მე პოლიტიკა კარგად ვიცი და ვერ ვხედავ საკმარის პოლიტიკურ მექანიზმებს, სისტემის დემონტაჟს რომ შეძლებს და დაბალანსებულ, დემოკრატიულ, პლურალისტურ საზოგადოებად გადაგვაქცევს. არ ჩანს ეს მექანიზმები და ამიტომაც ამყარებენ იმედს ერთ კაცზე.

ბატონი ბიძინა შესანიშნავი პიროვნება და ღირსეული ქართველია, ახლა ის შედის სფეროში, სადაც უმკაცრესი, სასტიკი კანონები მოქმედებს და თუ მათ ანგარიშს არ გაუწევს, წარმოუდგენელია კარგ შედეგს მიაღწიოს.

- ამბობთ, რომ ხელისუფლება ძლიერია, მაგრამ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სიძლიერეზე მეტყველებს?

- პირველად ხომ არ აკეთებს ასეთ რამეს? ხელისუფლება ყოველთვის ზარბაზანს ისვრის მაშინ, როდესაც შეიძლება ბეღურას ხელი აუქნიო. ხელისუფლება ყოველთვის ძალას უმტკიცებდა საკუთარ თავს და შიშს ნერგავდა ქართველ საზოგადოებაში. ყველაფერი, რაც ივანიშვილის საწინააღმდეგოდ გაკეთდა, კონტრპროდუქტიულია, მაგრამ ასეთია ამ ხელისუფლების ბუნება. ვიმეორებ, მას დიდი რესურსი აქვს, თუმცა, თუ შიგნით გასკდა, მაშინ 2-3 ჯგუფი დაეტაკება ერთმანეთს. ამის შანსი ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომაც უფრო მოსალოდნელია, ვიღაც გაიწიროს და რომელიმე ჯგუფი, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდეს. საუკეთესო სცენარად მიმაჩნია, თუკი ბატონი ბიძინა შეძლებს ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნას. ქართველი საზოგადოება გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს, თუკი ერთპარტიულ მმართველობას დაუჭერს მხარს. დააკვირდით ჩვენი ბოლო 20 წლის ისტორიას. ხალხმა ხელისუფლებაში უმრავლესობით მოიყვანა "მრგვალი მაგიდა", რომელიც დღეს არ არსებობს, ასევე აღარ არსებობს "მოქალაქეთა კავშირი", მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" და როგორც კი რამე მოხდება, მეორე დღესვე ეს პარტია არსებობას შეწყვეტს. თუ კიდევ გაჩნდება ერთი პრეცედენტი ერთპარტიული სისტემისა, ისიც დაიშლება.

დაუბალანსებელი ხელისუფლება, ერთპარტიული მმართველობა კატასტროფაა ყველა იმ პირისთვის, ვინც ის შექმნა.