"რუსეთთან ომი გარდაუვალია" - კვირის პალიტრა

"რუსეთთან ომი გარდაუვალია"

"რუსეთის პირისპირ დარჩა ცეცხლმოდებული ჩრდილო კავკასია და დანაწევრებული საქართველო..."

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის სამზადისი დაწყებულია...

ევროპის რამდენიმე სახელმწიფო ჩეჩნეთისა და ინგუშეთის  დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ემზადება. ასეთი სკანდალური ინფორმაცია "კვირის პალიტრას" "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა მიაწოდა.

- კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის გამგეობის ბოლო შეკრებაზე შევთანხმდით, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარების მისაღწევად.  არ გვინდა, ეს სიტყვები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებად დარჩეს, ამიტომ კარგად ვაანალიზებთ, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რა საფრთხისა და გართულების წინაშე შესაძლოა აღმოვჩნდეთ. ალბათ რუსეთი საპასუხოდ კავკასიელ ლიდერებზე (რომელთაც ადრეც დევნიდა) ნადირობას გამოაცხადებს.

მინდა გითხრათ, რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ევროპული წარმომადგენლობის ლიდერები, რომლებიც ჩასახლებულები არიან აზიისა თუ ევროპის ქვეყნებში, გააჩნიათ მნიშვნლოვანი გავლენა და კავშირები, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სერიოზულად მუშაობენ. მაგალითად, დაახლოებით ორი კვირის წინ დამიკავშირდნენ გავლენიანი ჩერქეზები და ამ თემაზე მესაუბრნენ. ადრე თავადაც მეგონა, რომ ისინი კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს გვერდიდან უყურებდნენ  და სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი...

მოგეხსენებათ, აზიაში ყველაზე დაწინაურებულად (მატერიალური თვალსაზრისითაც) ჩერქეზები ითვლებიან. მათი გავლენიანი  ჯგუფები ჩვენს მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებთან ერთად,  ინგუშეთისა და ჩეჩნეთის აღიარებაზე იწყებენ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნების გავლენიან პოლიტიკურ წრეებთან, რომლებშიც ცხოვრობენ და კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი. ჩვენ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის სახელით გავაკეთებთ განცხადებას ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მერე კი, რა თქმა უნდა, ოფიციალურად წარვადგენთ მოთხოვნებს, რის საფუძველზეც სხვადასხვა ქვეყანამ უნდა აღიაროს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა.

- გაქვთ იმედი, რომ რომელიმე ევროპული სახელმწიფო აღიარებს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობას?

- ჯერჯერობით დიდი ოცეულის ან დიდი რვიანის ქვეყნებისგან ასეთ ნაბიჯებს არ ველით, თუმცა მათი წარმომადგენლებიც ჩვენთან პირად საუბრებში აღიარებენ, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ყველასთვის იქნება გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან. ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთი უკან არ წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, არც ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში ძალადობაზე აიღებს ხელს... რუსეთის აგრესიის შეჩერება კი როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურად თანდათან უფრო შეუძლებელი ხდება. ასე რომ, ჩვენი ორგანიზაცია თავისი გადაწყვეტილებით ხელ-ფეხს გაუხსნის საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, შეასრულონ მოსამზადებელი სამუშაო და წარმოადგინონ ერთგვარი გეგმა დაღესტნის, ჩრდილო ოსეთის, ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს ცივილიზებული მეთოდებით აღიარებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებზე, იმაზე, თუ რა გზაა აქამდე გასავლელი. ამასთანავე, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, აშშ-ს, თურქეთს, ირანსა და ყველა ნორმალურ ქვეყანას, ვინც არ აღიარა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი, ექნება მორალური უფლება რუსეთს უთხრას, - თუ უკან არ წაიღებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, იძულებული გავხდებით ვაღიაროთ როგორც სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი, ისე ჩეჩნეთი, ინგუშეთი, თათრეთი და ა.შ.

- ე.ი. დასავლური ქვეყნების მიერ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის აღიარება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებენ...

- ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანა ისედაც აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ჩვენ უბრალოდ, სხვა გზა აღარ გვრჩება... ის, ვინც დღეს თავს იკავებს, ხვალ მოისურვებს ამ საკითხით რუსეთთან ვაჭრობას. საგულისხმოა, რომ ამ თემით რიგი ქვეყნები როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან მშვენივრად ვაჭრობენ. მაგალითად, ასეთ ქვეყნებად შემიძლია დაგისახელოთ: ბელორუსია, უკრაინა, აზიის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც ისტორიულად მუდამ რუსეთთანაა დაკავშირებული... უკანასკნელი ინფორმაციით, რუსები სერიოზულად სთხოვენ გერმანელებს, სერბებს, სლოვაკებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ამასობაში ჩვენ შიგნიდან ვინგრევით. დაშლილ-დანაწევრებული საქართველოს ერთადერთი ხსნა კი კავკასიური კონფედერაციაა...

- რომელი ქვეყნების იმედი გაქვთ, ვინ აღიარებს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობას?

- წინასწარ ვერ გეტყვით... თუმცა, იგივე ქვეყნები ევროპაში, რომლებსაც რუსეთი ევაჭრება, მზად არიან აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობაც აღიარონ.

ამგვარ აღიარებებს კი ერთადერთი პერსპექტივა აქვს, - რუსეთი დაიშლება! აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა კი იძულებული გახდება წამოვიდეს საქართველოსთან დიალოგზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთს მათი მხარდაჭერის სურვილი აღარ ექნება. თათრეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ადიღე რუსეთს დანგრევის პირამდე მიიყვანს. თათრეთი იმიტომ ვახსენე, რომ აშშ-ში მოქმედებს დამოუკიდებელი თათრეთის მთავრობა, რომლის ხელმძღვანელი ყოფილი პრემიერ-მინისტრია და ეს ორგანო  ლეგიტიმურად ითვლება...

- თუმცა, ამგვარი აღიარებები არც სხვა ქვეყნებს უქადის ნათელ მომავალს.

- რა თქმა უნდა! მაგალითად, თურქეთს ქურთების ავტონომიის პერსპექტივა ელის. მრავალი წელია მიმდინარეობს ქურთების ბრძოლა  დამოუკიდებლობისთვის და გამძაფრებულია იმით, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც ქურთები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, პირდაპირ მიბმულია ერაყის ქურთისტანი და  სირიის ქურთისტანი.

ჩინეთსაც არ მოელის კარგი დღე, ალბათ ტიბეტი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ამ უზარმაზარ ქვეყანას თურქულენოვანი პროვინციიდანაც ელის საფრთხე, რომელიც უკვე ავტონომიას ითხოვს.

ირანსაც სერიოზული პრობლემები აქვს, სადაც 30 მლნ აზერბაიჯანელია, 600 ათასამდე ეთნიკური ქართველი, არიან მაზანდარელებიც, რომლებიც არ ირანელობენ. გარდა ამისა, ირანისთვის საფრთხეს წარმოადგენს შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირებაც. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას ემუქრება მსგავსი არასახარბიელო მომავალი. მოკლედ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა  დადგება არჩევანის წინაშე, - ან რუსეთთან დაკავშირებულ ენერგოინტერესებს უნდა გადააყოლოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თვითონაც დადგეს საფრთხის წინაშე, ან შეეწინააღმდეგოს ამ პროცესს.  ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ რაც დრო გადის, დასავლეთი ეგუება აზრს, ენერგოინტერესებს გადააყოლოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა კავკასიაში. ამიტომ, იძულებული ვხდებით, ასეთი სარისკო გადაწყვეტილება მივიღოთ. ყველაფერი კი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს  ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. დღეს ფაქტობრივად საქართველო კავკასიაში ფუნქციას კარგავს, ხელისუფლებას კი გულზე ხელი აქვს დაკრეფილი და ფიქრობს, - დასავლეთი მის გასაკეთებელს გააკეთებს. ეს რა თქმა უნდა, ცრუ მოლოდინია. ჯერ დასავლეთს კარგად უნდა დაანახვო, თუ რის გამო უნდა დაგეხმაროს. ამისათვის კი მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია უნდა დაიბრუნო კავკასიაში.

რუსეთი ძლიერ ანტიქართულ პროპაგანდას აწარმოებს ჩრდილო კავკასიაში. ახალ თაობას აღარ ახსოვს ჯოჰარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია, ის რეალობას პირდაპირ აღიქვამს და საქართველო ტკივილის გამზიარებლად არ მიაჩნია. ასეთი განწყობა კი სწორედ საერთო მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

- რამ განაპირობა ის, რომ საქართველო კავკასიაში კარგავს თავის ფუნქციას?

- თურქეთმა ძალიან კარგად გამოიყენა რუსეთ-საქართველოს ომი და ყველაზე მეტად მოგებული ის დარჩა. მან დაანახვა დასავლეთსა და აშშ-ს, რომ კავკასიის რეგიონში მის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რომ რუსეთის მსგავსი აგრესორის დაბალანსება მხოლოდ მისნაირ სახელმწიფოს შეუძლია. აშშ იძულებულია, თურქეთს დაუჯეროს, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი მშვიდობისა და სტაბილურობის ინიციატივით გამოდის კავკასიის რეგიონში. გარდა ამისა, თურქეთი კარგად იყენებს საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში არსებულ არეულობას. შეიძლება ითქვას, გამძვინვარებული რუსეთის პირისპირ დარჩა ცეცხლმოდებული ჩრდილო კავკასია და  დანაწევრებული საქართველო... თურქეთმა კი ამ დროს მოგებაზე დაიწყო ფიქრი... შორს ვარ აზრისგან, რომ ამ ქვეყანას ძალიან აწუხებს ყარაბაღის პრობლემა და ამიტომ ცდილობს  აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობის აღდგენას. მან უბრალოდ, ახალი გზის ძებნა  დაიწყო, რომლითაც შუა აზიის რეგიონებიდან ბაქოსა და სომხეთის გავლით თურქეთს შეურთდება  ენერგომატარებლები. ასეთი პოლიტიკით ის ეკონომიკურ სარგებელსაც ნახავს და გენოციდის მომწყობის ცუდ რეპუტაციასაც მოიხსნის კავკასიის რეგიონში, მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი გახდება, ევროკავშირთანაც დიალოგი გაუადვილდება.

რა თქმა უნდა, 90-იანი წლების შემდეგ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ საქართველოს კავკასიაში თავისი სიმაღლე დაეკავებინა, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებულმა სამოქალაქო დაპირისპირებამ და ომებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფიზიკურადაც და მორალურადაც გატეხა წელში ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, ჩრდილოკავკასიელები, აზერბაიჯანელები და სომხები ვერ დაელოდებოდნენ იმ დროს, როდესაც საქართველო რეგიონში ლიდერი გახდებოდა. ამიტომ მათ პირდაპირი კავშირების ძებნა დაიწყეს, რამაც კიდევ უფრო დაგვაუძლურა. ჩვენთვის ნატოში შესვლამდე ერთადერთი დაცვისა და უსაფრთხოების გზა იყო ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, თუმცა 2013 წლამდე, ვიდრე ნაბუკოს პროექტიც ძალაში არ შევა, პრაქტიკულად დაუცველები ვართ. როცა ნაბუკო მწყობრში ჩადგება და ამ მიმართულებით გაივლის ენერგომატარებელი, მაშინ მოვექცევით იმ ქვეყნების ინტერესებში, რომლებიც  ამ პროექტში მონაწილეობენ. მაგრამ თურქეთმა თუკი აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით ენერგომატარებლები შუა აზიიდან თავისი მიმართულებით, საქართველოს გვერდის ავლით გაიყვანა, ეს კვლავ არასახარბიელო პერსპექტივას გვიქადის. თუმცა, ამ სიტუაციაშიც არის გამოსავალი და თქვენი გაზეთის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტს მინდა ვურჩიო: - ვიდრე ნატოში შევალთ ან ვიდრე ნაბუკო ამოქმედდება, იმისთვის, რომ მუდამ დასავლეთს არ ვემათხოვრებოდეთ დაცვას, დახმარებასა და შენახვას, ჩამოვაყალიბოთ კავკასიის სამშვიდობო ლეგიონი!  სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ლეგიონში გაწევრების მსურველი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდება...

- ეს რუსეთისთვის პირდაპირ ომის გამოცხადებას არ ნიშნავს?

- რუსეთთან ომი, შეიძლება ითქვას, გარდაუვალია. რა ფორმით მოხდება ეს, არავინ იცის.

- ახლახან პოლიტიკური ორგანიზაცია "სახალხო მოძრაობა - მშვიდობიანი კავკასია" ჩამოაყალიბეთ.

- ამ ორგანიზაციას კავშირი არა აქვს  კავკასიელ ხალხთა კონფედერაციასთან, რომლის სახელსაც წესდების მიხედვით შიდაპოლიტიკურ პროცესებში ვერავინ გამოიყენებს.  ამჯერად იმ პირთა ვინაობას ვერ გაგიმხელთ, ვინც ამ ორგანიზაციაში გაერთიანდა, თუმცა გეტყვით, რომ მათ შორის არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ კარგად ცნობილი, წარმატებული ეკონომისტები, პოლიტოლოგები, იურისტები, ერთი ხელოვნებათმცოდნეც... ჩვენი მიზანი იქნება საქართველოში ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატურისათვის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი ღირსეული კანდიდატურა არ ეყოლებათ, უფლებას დავიტოვებთ, ის ჩვენ დავასახელოთ.