მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

"მიშა მეზობელი"

პრეზიდენტი არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი კარგი მეზობელი ყოფილა. ნახავდით, ალბათ, როგორ მოიარა თელავის ბაზარი, როგორ ივაჭრა, რა სიყვარულით შეხვდნენ მოვაჭრეები, როგორ ეხუტებოდნენ ქალები, აქებდნენ კაცები. მოკლედ, ჩვენ წინაშე პრეზიდენტი ახალი სახით წარდგა. ამ რვა წლის განმავლობაში რა აღარ გაუკეთებია, როგორი სახე არ უჩვენებია, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, "ჩვეულებრივი მეზობლის" სახის დრო დადგა. რა გახდა ამ სპექტაკლის დადგმის მიზეზი? სპექტაკლი იმიტომ ვახსენე, რომ თავადაც მიხვდებით, პრეზიდენტი ყოველდღე ბაზარში არ დადის და, ალბათ, რაც ამ თანამდებობაზეა, ეს პირველად გააკეთა. სპექტაკლია, როდესაც დაცვა ხალხში დამალვას ცდილობს, რომ კადრში არ მოხვდეს, ვითომ პრეზიდენტი ჩვეულებრივი მოკვდავივით დაიარება დახლებს შორის. საინტერესოა, როგორ ამზადებდნენ ამ სპექტაკლს? მაგალითად, რა პრინციპით შეარჩიეს მეზობლები. არ მითხრათ, ისინი დაპატიჟა, ვისთანაც ახლობლობსო. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა პირველად ნახა. ბუნებრივია, ეს არ იყო სოფლად მცხოვრები პრეზიდენტის თუნდაც ერთი გამორჩეული დღე. ეს იყო იაფფასიანი პიარსპექტაკლი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ტაშს უკრავს, ზოგი მზადაა, მისი რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ბისზეც გამოიხმოს. ხშირად ვფიქრობ, ვისზეა გათვლილი ეს სპექტაკლები? ალბათ, იმ ტიპის ადამიანებზე, რომლებიც მას ბაზარში დახვდნენ, ვისაც პრეზიდენტის ხილვა ცის გახსნა ჰგონია. ვინც მზადაა, იყვიროს: "ეს ვინ მოგვივიდა, ხალხო, ეს ვინ მოგვივიდა!" გასაგებია, რომ მოხუცები სენტიმენტალურები არიან, მაგრამ როგორ გავუგო სხვებს? როგორ დავიჯერო, იმ ბაზარში ერთი კაცი არ იყო, რომელსაც რამე აწუხებდა, რაღაც პრობლემა ჰქონდა, ან რაღაც არ მოსწონს ამ ხელისუფლების? საინტერესოა, რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა ბაზარში და ნეტავ რას ფიქრობს, საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს საშუალება, თუნდაც თვეში ერთხელ თავს ბაზარში ასეთი "გასეირნების" უფლება მისცეს?

ისე, ამ სპექტაკლს ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მაინც დააკლდა - წინსაფარაფარებული დიასახლისი. თუ პრეზიდენტი მეზობლებს ოჯახში მასპინძლობდა, სად იყო სამზარეულოში მოფუსფუსე მისი მეუღლე? ბარემ ბოლომდე ეთამაშათ, თუ თამაშობდნენ? აი, ამას ექნებოდა ეფექტი. წარმოიდგნეთ, მეზობლებს ეზოში ქალბატონი სანდრა რომ გამოეგებებოდა: მობრძანდით, ბატონო, აქეთ მობრძანდითო, შემდეგ სუფრაც გაეწყო, სააკაშვილს კი, როგორც ჭეშმარიტ ქართველ კაცს შეეფერება, დაეჯაჯღანა: "ქალო, სუფრაზე მარილი არ უნდა მოიტანო?!" მოკლედ, ასეა თუ ისე, სპექტაკლი სახელად "მიშა მეზობელი" შედგა. დაველოდოთ შემდეგ წარმოდგენას.

"ისე უნდა იცხოვრო, რომ ვინმემ კვერცხებზე ფეხი არ დაგადგას"

ვიცი, ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ბევრიც დაიწერება, მაგრამ არ შემიძლია მაინც რომ არ ვთქვა. სიახლისა და ორიგინალურობის წინააღმდეგი სულაც არა ვარ. პირიქით, მიყვარს კიდეც. ქანდაკება მართლა მარტო საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები ან ცხენზე ამხედრებული მეფეები ხომ არაა? რაღაც ახალსაც უნდა ვეზიაროთ. მაგალითად, ვიღებთ კვერცხებს, ვალაგებთ ზევიდან "შლოპანცებს" და გამოდის ქანდაკება. რითია კვერცხებიანი "შლოპანცები" კვერცხებიან ცხენებზე ცუდი? მე თუ მკითხავთ, არც არაფრით. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მოფიქრება ხომ უნდა? ან ამ სიმარტივეში ღრმა იდეაც ხომ უნდა ჩადო, როგორც ეს ბათუმში დადგმული ძეგლის ავტორმა იტალიელმა მოქანდაკემ გააკეთა. ცხოვრებაში ისევე ფრთხილად უნდა იარო, როგორც კვერცხებზეო. რას ერჩით, აზრი საინტერესოა. ხელოვანის ქმნილება მით უფრო საინტერესოა, რაც მეტი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხომ შეიძლება ეს ქმნილება ასეც გავიგოთ: ისე უნდა იცხოვრო, რომ კვერცხებზე ფეხი ვერავინ დაგადგას. მით უმეტეს "შლოპანციანი", თორემ ისეთივე დასაცინი გახდები, როგორიც ეს ქანდაკება გახდა ან ისე, როგორც ვიღაცამ "ფეისბუკში" მოსწრებულად იხუმრა: კვერცხები საქართველოა, "შლოპანცი" ჩვენ ვართ ყველაო (არადა, პირიქით უფრო ადეკვატური იქნებოდა).

ჯერ კვერცხებიანი "შლოპანცები" თუ "შლოპანციანი" კვერცხები არ ჰქონდათ ქართველებს მონელებული, რომ ზედ "ვარდების რევოლუციის" მოედანზე ველოსიპედის ქანდაკება წამოჭიმეს. ველოსიპედსაც ხომ გააჩნია? მას ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული ორი საჭე აქვს, ექნება პროპელერი, რომელსაც ქარი დაატრიალებს და ველოსიპედი საკუთარ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რითაც განათდება კიდეც. რა არის პროპელერიან ველოსიპედში ცუდი?  ვფიქრობ, ჩვენ ამ ქანდაკებების წინააღმდეგ კი არ უნდა გამოვიდეთ, არამედ ერთმანეთს უნდა შევაჯიბროთ, რომელი უკეთესია: კვერცხებიანი "შლოპანცები" თუ პროპელერიანი ველოსიპედი. გავაჩაღოთ სოცშეჯიბრება ორიგინალური ქანდაკებების გაკეთებაში. აქ კი რა ხდება?! ამ ქანდაკებებმა  ჩვენი საზოგადოება სამ ნაწილად გაყო: ერთნი გაბრაზდნენ, მეორენი გამხიარულდნენ, მესამენი კი დანარჩენებს მოსდგნენ, გოიმები ხართ, თანამედროვე ხელოვნება არ გესმითო.

ხუმრობის გარეშე თუ ვიტყვით, ასეთ რაღაცებს ევროპაში უკვე ნახევარი საუკუნეა აკეთებენ და იქაც ზოგს მოსწონს და ზოგიც დასცინის. მაგალითად, ცნობილი მწერალი მიშელ უელბეკი, რომანში "პლატფორმა" ასეთი ტიპის ხელოვანებს მაგრად ეღადავება. რა ვქნათ, უელბეკიც გოიმად გამოვაცხადოთ?  ასე არ გამოვა. ასეთ ხელოვნებასაც უნდა გავეცნოთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ერთია  გამოფენების მოწყობა, რასაც რამდენიმე ხანში სხვა გამოფენა შეცვლის და მეორე მათი სკულპტურებად ქცევა. კი ბატონო, დავუშვათ, ორიგინალურია და საინტერესო, მაგრამ ვინ დაადგინა, რომ ხელოვნების ისეთი ნიმუშებია, რომ ჩვენს ქალაქებს სამუდამოდ უნდა ამშვენებდნენ? მეტყვით, ვინ და სააკაშვილმა, ეგ ხომ ყველაფერს პირადად წყვეტსო. მაშინ ის მაინც გაგვაგებინონ, როგორია ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილის გემოვნება. როგორ შეიძლება ერთდროულად მოგწონდეს პოპ-არტი და ზურაბ წერეთელი? ერთი ხელით კვერცხებიანი "შლოპანცებისა" და პროპელერიანი ველოსიპედის დადგმის უფლებას იძლეოდე, ხოლო მეორე ხელით წმინდა გიორგისა და "მიმინოს" პერსონაჟებისას?

ბენდუქიძე იუპიტერი?!

ბენდუქიძე იუდა კი არა, იუპიტერი ყოფილა. რატომ? ახლავე მოგახსენებთ: ამას წინათ პარლამენტში ბენდუქიძის ფოტოები მიიტანეს, სადაც იგი პუტინთანაა გადაღებული. ხელისუფლებამ ამაზე თქვა, მერე რაო. გასულ კვირას იმავე ბენდუქიძემ ერთ-ერთ ფორუმზე განაცხადა: "მე მინდა ვიყო იმ ევროპის ნაწილი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლების პატივისცემას, კაპიტალის მოძრაობის პრინციპებს. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ევროპა, რომელიც ბიუროკრატიული არსებაა და განსაზღვრულია, როგორი უნდა იყოს საგადასახადო განაკვეთი, როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს კიტრს. მე არ მინდა ასეთი ევროპა. ასეთი ევროპა აგონიაშია. კრიზისშია ის ევროპა, რომელიც ზედმეტად დააწესებს ბიუროკრატიულ წესებს. საქართველო არ უნდა იყოს იმ ევროპის ნაწილი, სადაც პატარა საბერძნეთის პრობლემა დანარჩენ ევროპაში წარმოქმნის ეკონომიკურ კრიზისსა და პრობლემებს". ბენდუქიძის ამ ნათქვამში, რა თქმა უნდა, არის სიმართლის დიდი მარცვალი, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომელიმე ოპოზიციონერს, მაგალითად, ივანიშვილს რომ ეთქვა, არ მინდა საქართველო ასეთი ევროპის ნაწილი იყოსო, რა ამბავი ატყდებოდა. თან ერთი კვირით ადრე მისი და პუტინის შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც თუ გავრცელდებოდა. თუმცა, ეტყობა, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. მოკლედ, აწი შეგიძლიათ აირჩიოთ: ვისაც იგი არ მოგწონთ, იუდა დაუძახეთ, ვისაც გესიმპათიურებათ - იუპიტერი.