"დიახ, ეს მე ვარ - ქართული სიქართულე!.." - კვირის პალიტრა

"დიახ, ეს მე ვარ - ქართული სიქართულე!.."

რეზო ესაძე: "რატომ ვუჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს?!"

"ქართული ოცნებით" გაჟღენთილი კოჭლი სული და კუზიანი დროება"

"ქართული სულის გენი, ათასნიღბიანი  პოლიტიკოსების ჭრელ სივრცეში, უაზრო ფრაზებით გაჟღენთილ გარემოში საუკუნეებიდან მეძახის, რომ ჩვენ ერთნი ვართ"

ძვირფასო მკითხველო! ამჯერად ცოტა უცნაურად გესაუბრებით, მიზეზი კი ბატონი რეზო ესაძეა, რომლის "ეზოთერიის ბაღჩა-ბაღიდან" დანახული წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ერწყმის... მანამდე, სანამ აფხაზეთს წაგვართმევდნენ, სანამ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უცნაურ ვითარებაში გარდაიცვლებოდა და უცხო მიწაზე დაიტირებდნენ, ბატონმა რეზომ მოახლოებული საფრთხე იგრძნო: "დროება დადგა საშინელი, ავი ქარები სათიბეში სიკვდილებს თიბვენ, ცელით მაგლეჯენ სისხლძარღვებს და დაფლეთილ სხეულს თავს ვეღარ ვუყრი, მტკივა სათიბი. სისხლის გუბეს  ძაღლი ლოკავს, მეხვევა ბუზი. ჩემს მოკვდავ სხეულს გადამთიელი სასთუმალს უზის..."

მერეც, უმძიმესი 20 წლის მანძილზე, არაერთხელ ჰქონია უტყუარი წინათგრძნობა...

რამდენჯერმე შევხვდი ბატონ რეზოს და შევესწარი, როგორ დაწერა "ფილიპიკების დაკარგული ფურცლიდან ამონაწერი", რომელშიც გულისთქმისათვის მიყურადება გვთხოვა: "კუზიან დროში ჩირქი ჟონავს ფეხისგულიდან, რა თქმა უნდა, თუ ყური თავხედურად ყრუა სხეულში... მოვუსმინოთ გულისყურს, ბატონებო!"

ჯერაც არ ვიცი, ზუსტად შევძელი თუ არა, ჩავწვდომოდი მის გულისთქმას, მაგრამ  როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების სახელობითი სია გამოქვეყნდა, ბატონ რეზოს მაინც შევეხმიანე...

სახლში მიმიწვია და ივანიშვილისადმი მიძღვნილი ისეთი ნაწერი დამახვედრა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ახალ პროცესს აღწერდა, რომ უნებურად წამომცდა: "ბატონო რეზო, ეს ხომ ივანიშვილზე მეტია?!.." "არაფერიც არ არის მეტი, ერთი გაამრავლე ერთზე, მაინც ერთია, ერთი გაყავი ერთზე, ასეც ერთია! იმიტომ, რომ ერთი ღმ(ერთია)!" - მომახალა  ბატონმა რეზომ. ვიდრე მის წერილს გაგაცნობთ, გავკადნიერდები და ვიტყვი: - ვფიქრობ, ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა გაცილებით ადრე იგრძნო ქართული სულის მოძრაობა, რაზეც ბევრს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო... არ გჯერათ?! მაშინ საკუთარ გულისთქმასთან ერთად მის სიტყვებსაც მიაყურადეთ, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბრის ნომერში გაგვიზიარა:

"ჩვენ ჰელიოსის შთამომავლებს გვეძახდნენ და მსოფლიო სივრცეებს სწვდებოდა  ადამიანთა ურთიერთობის ეს ღვთაებრივი მუხტი, ჩვენი სულიერი სლოგანი: "მე შენთან  ვარ იმიტომ, რომ არ შემიძლია უშენოდ." მაგრამ  გავიდა დრო და სისხლიანმა პრაგმატიზმმა რუკა და ცხოვრების წესი გადააკეთა: "მე შენთან ვარ იმიტომ, რომ შენგან რაღაც მინდა!" დიახ, ასეა: "შენგან რაღაც მინდა!" ამან  იმ დროისთვის პრაგმატულ  გზაზე შემდგარი  მსოფლიო დღეს უკვე ეგზისტენციალურ ჩიხამდე მიიყვანა და ახლა ის, აშკარად კატასტროფის წინაშე მდგარი, თავის გადარჩენის საშუალებას ერთობ ჩლუნგ და ყრუ, გაუაზრებელ გლობალიზაციაში ეძებს. ეს პროცესი კი თუ კვლავაც ისეთი მუხანათური შეპარვით წარიმართა, როგორც  მიმდინარეობს, ალბათ, კაცობრიობის არსებობას წერტილი დაესმება. რატომ? გვახსოვდეს: "ცხოვრების ყველაზე სწორი გზა არის გზა, რომელიც ბუნებასთან ახლოა!" (ოუენი). ქართული პიროვნულობა შორეული საუკუნეების სიღრმეში ასცდა მისი სახელმწიფოებრივი განვითარების ბუნებრივ გზას. კუზიან დროში იმისთვის, რომ თავი და სამშობლო გადაერჩინა, ზოგჯერ ქართველი იძულებული ხდებოდა, ხმლის მოქნევასთან ერთად უცხო და სხვისი მახინჯი ცხოვრების სტანდარტებითაც ეცხოვრა. ამან რამდენადმე კიდეც შელახა მისი პიროვნული სახე, მაგრამ იმავდროულად, დაიცვა ქართული მეობა და სამშობლო. ქართველმა ასეთი მოწამებრივი სისხლიანი ცხოვრებით იცხოვრა საუკუნეების განმავლობაში იმ იმედით, შვილი მაინც გაიგებდა, დააფასებდა მის თავგანწირვას. ვის ხელში არ იყო, მაგრამ ასე მზაკვრულად დაშლისა და წაშლის, ასეთი უკიდურესად გამოუვალი განსაცდელის წინაშე, როგორც ახლაა, არასდროს ყოფილა. აი, ისტორიის სისხლიანი პარადოქსი, ცხოვრების კაზუსი, თანაც ვისგან? დაუწყობელი, ერთმანეთს წაკიდებული უმადური შვილებისა და მეგობრებისაგან, რომელნიც თითქმის არ იცნობენ მას - ბატონ  ქართულ პიროვნულობას!"

ცხადია, თავად უნდა განვსაზღვროთ, ვინ არის არქეტიპი "ბატონი ქართული პიროვნულობისა", რომელსაც არ იცნობენ... ან იქნებ ის თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა  განვასახიეროთ, რათა შემდეგ გავერთიანდეთ, რადგან ბატონი რეზოს სიტყვებით რომ ვთქვათ: "ერთი ღმ(ერთია)!"

ქართული მუხტი იგრძნობოდა გულიდან წამოსულ ფრაზაშიც, რომელიც იმ სახელობითი სიის გამოქვეყნების შემდეგ ბატონი რეზოსგან მოვისმინე (ივანიშვილი მასაც ეხმარებოდა): "მე შენთან ვარ იმიტომ, რომ  არ შემიძლია უშენოდ და არა იმიტომ, რომ შენგან რაღაც მინდა!"

დაახლოებით იგივე განაცხადა ინტელიგენციის ღირსეულმა, თუმცა მავანთაგან "ჩარეცხილმა" ნაწილმა! ბევრი მათგანი ამბობს, რომ ივანიშვილის წყალობით შეინარჩუნა სიცოცხლე, თუმცა ამ დახმარების გამო არ უჭერენ მხარს, მათ ისედაც მოსწონთ ივანიშვილის პოლიტიკური მრწამსი. არიან ისეთებიც, დახმარებაზე უარს რომ არ ამბობენ, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებენ. "ქართუ ბანკში" ანაბრებს ხსნიან მოქალაქეები, რომელთაც არასოდეს დახმარებია ივანიშვილი, მაგრამ ისინიც მზად არიან, "ქართული  ოცნება" თითო ლარით დააფინანსონ!

ბატონი რეზო ესაძე თავისი პატარა წერილით ერთიანობის მუხტის ხელახლა გაჩენას ეხმიანება: "მე მინდა, დღეს დავდგე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარეს არა იმიტომ, რომ მან გასაჭირის დროს ხელი გამომიწოდა და ოჯახი გადამირჩინა... ეს ისეთი  დიდი რამაა, ჩადენილი ჩემთვის უცხო ადამიანის მხრიდან, მადლობის სათქმელად ენა ვერ მომიბრუნდება, პანეგირიკს (ქებას) გავურბი, რადგან  ყველაფერი არაფერია შედარებით იმასთან, რა კეთილ სივრცესაც შობს თავისთავად ეს ქმედება... არა, ეს თავისთავადაა თავისთავადობის დღესასწაული!

ბატონი ბიძინა არსად შემხვედრია, ტელევიზიით ახლახან  ვნახე და როგორ გავიკვირვე, რომ თურმე რა ახლოს მცნობია ეს კაცი... მიზეზი მისი ახლოს ცნობისა არის ის, რომ ის არის ის, რაც არის და სულაც არ ცდილობს იყოს იმაზე მეტი, რადგან ერთი კაცისგან უფრო მეტი შეუძლებელია. ის ერთი კი, ქართული სულის გენი, ათასნიღბიანი  პოლიტიკოსების ჭრელ სივრცეში, უაზრო ფრაზებით გაჟღენთილ გარემოში საუკუნეებიდან მეძახის, რომ ჩვენ ერთნი ვართ, ერთი ეზოთერული ძირიდან, იმ განსხვავებით, რომ მას საუკუნეებმა ვერაფერი დააკლო, თავი გადაერჩინა.

დიახ, მას (ქართულ გენს) არ დასჭირდა პრაგმატული სამყაროს ყოველწამიერი ცხოვრებიდან ბილწი ილეთების სესხება თავის გადასარჩენად, ისე გამოატარა  საუკუნეებში თავისი შეურყვნელი სული, საპირისპიროდ ჩემი გადაღლისა!... ასე მოვედით დღემდე, ჩემი მსგავსი ადამიანების გონიერი და სულიერი უბადრუკობით  გავერანებული, სისხლიან  ჭრილობებში გახვეული დედასამშობლოთი, დაქცეული გონიერებითა და კოჭლი სულით! მაგრამ კოჭლ სულს სულაც არ უჭირს ხელშეუხებ, სისხლიანი დროების მიერ გადარჩენილ უმანკო სივრცეში სულის მოთქმა და გასაოცარი ელვისებურობით, თავის თავის რეანიმაციით კვლავაც ხელშეუხები სივრცის აღდგენა, მის გვერდით ისეთი გადამდები ყელყელაობით დადგომა, როგორც სხვა მსგავსი დგება ჩემ გვერდით, იმის გვერდით კიდევ სხვა, კიდევ, კიდევ  და მთელი  ერის,  ქართული  ჯიშისა და მოდგმის  ხელშეუხები სივრცე უსწრაფესი სიჩქარით ივსება! ესაა უმოწყალო დროებაში გადარჩენილი ქართული გენური სივრცე, ყველაფრის მცოდნე და თავისი თვითმყოფადობით ისეთი შეუვალი, რომელსაც უფლება აქვს, მთელი ხმით იყვიროს: "დიახ, ეს მე ვარ, მე ვარ, მე - ქართული, უდაბურ სისხლიან საუკუნეებში გამოტანილი ქართული სიქართულე!.. ერთობ ყველასათვის მისაღები და მომნუსხავი, დამმუხტველი და გადამდები, მაღალი ღმერთისადმი მიმართული  შინაგანი და გარეგანი სიდიადით.

- დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა!

...და დიდება ახალ საქართველოს, ეზოთერულს, წმინდას და ხელშეუხებს! (რ.ე.)"