"შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა კიდეც აღუდგინოს" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა კიდეც აღუდგინოს"

"შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა კიდეც აღუდგინოს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა.მას პატრიარქის რუსეთში ვიზიტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ დავუკავშირდით:

- ჩემი დამოკიდებულება საპატრიარქოსთან ძალიან ახლოა და პატივისცემის გამომხატველია. პატრიარქის განცხადება მე წირვაზე ყოფნისას მოვისმინე. მან აღნიშნა, რომ ყველა ქართველს, ვინც დაიბადა საქართველოში და თვლის, რომ ამ ქვეყნის შვილია, აქვს უფლება იყოს საქართველოს მოქალაქე. არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევისთვის არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქეობის მინიჭების  პირობებს და ამ შემთხვევაში ადამიანის სოციალურ თუ ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ ეს საკითხი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გადაწყდება. ვიმეორებ, უწმინდესის განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მოსაზრებას გაითვალისწინებს.

- შესაძლებელია თუ არა ამ საკითხზე  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება?

- გულისხმობთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებისამებრ მიიღებს გადაწყვეტილებას? ბატონი ივანიშვილის გარდა, წელს კიდევ 800 კაცს შეუწყდა მოქალაქეობა ავტომატურად იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა უნდა იყოს. ბატონმა ივანიშვილმა უნდა იმოქმედოს იმ პროცედურის მიხედვით, რაც არსებობს. სანამ კანონი არ შეცვლილა, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, თავად გადაწყვიტოს მისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.

- გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი უახლოეს მომავალში მიმართავს პრეზიდენტს. არსებობს თუ არა კანონიერი ან თუნდაც მორალური თვალსაზრისით მისთვის უარის თქმის საფუძველი?

- სიმართლე გითხრათ, ნამდვილად  არა ვარ ყველა დეტალში ჩახედული. არც ის ვიცი, ივანიშვილმა ან მისმა ადვოკატებმა შექმნეს თუ არა ლეგალური იურიდიული საფუძვლები იმისა, რომ  ივანიშვილის მიმართვა პრეზიდენტისადმი დასაბუთებული იყოს. წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ შეიძლება ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. …

მე ისიც კი არ ვიცი, ივანიშვილი ახლა საფრანგეთის მოქალაქეც არის, რუსეთისაც თუ რომელიმე ერთ-ერთის. ითქვა, რომ ჩააბარა რომელიღაც პასპორტი, ამიტომ ყველაფერი გასარკვევია, რასაც, ალბათ, ბატონი ბიძინას ადვოკატები მიხედავენ. ისე კი, თუ კაცს კარგი საქმის კეთება, შენება ან ქველმოქმედება უნდა, შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს, მაგრამ მაინც აკეთოს.

- როგორ შეაფასებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას და იმას, რომ მასში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი არ შეიტანეს?

- ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალზე მნიშვნელოვანია. მასში ძალიან კონკრეტულად ითქვა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და სწორედ ასეთი უნდა მიიღოს ის საერთაშორისო თანამეგობრობამ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რაც ჩვენი ქვეყნის  ტერიტორიულ  მთლიანობასთან, ოკუპაციასთან, ეთნიკურ  წმენდასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, კარგი რეკომენდაციები და შეფასებები მივიღეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესის გაღრმავების შესახებ. ეს შეეხება თავისუფალ სიტყვას, დემოკრატიას, პოლიტიკურ პლურალიზმს. ამდენად, ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-ეკონომიკურ კონტექსტში  ძალზე დაზუსტებული სახელით და გვარით, ან პარტიკულარული ინტერესის მქონე განცხადება (შესაბამისი  ჩანაწერით) უცხო სხეულივით აღიქმებოდა. მგონი, ამას თვითონვე მიხვდა ამ  საკითხის ინიციატორი.

- ოპოზიციის ნაწილის აზრით, ხელისუფლება მეტ აქცენტს აკეთებს ოკუპაციის აღიარებაზე, ვიდრე  დეოკუპაციაზე.

- თუ  მეტყვით, ვინ ამბობს ამას,  ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება. ეტყობა, ან ძალიან ჩახედულია ამ საკითხში, ან ძალიან ჭკვიანი და იცის, იურიდიული მხარეც და ოკუპაცია-დეოკუპაციასთან დაკავშირებული ევროპული პრაქტიკაც. დეოკუპაცია გაცილებით ეფექტურად წარიმართება, როდესაც საერთაშორისო აზრი დამკვიდრებულია, რომ მოხდა რომელიმე ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთი გააფთრებით იბრძოდა 2008 წლის შემდეგ, რომ ეს ტერმინი არ დამკვიდრებულიყო საერთაშორისო დოკუმენტებში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იურიდიულად დასაბუთებულია ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა ა.შ., შესაძლებელია ბრძოლა დეოკუპაციის მისაღწევად. რასაკვირველია, დეოკუპაციაზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს  და ეს უნდა იყოს ჩვენი რიტორიკის ერთ-ერთი ნაწილი.

- როგორ აფასებთ პატრიარქის ვიზიტს რუსეთში?

- ეკლესიებს შორის არსებობს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი თანამშრომლობა, კავშირები. რუსეთიც მართლმადიდებელი ქვეყანაა და საქართველოც, თუმცა, რუსეთის მართლმადიდებლობას ჩვენთვის ხეირი არასდროს  მოუტანია, პირიქით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ უწმინდესი და უნეტარესი არის ერთ-ერთი ის მოღვაწე საქართველოში, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო ვერ და არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას. დარწმუნებული ვარ, ყველა მისი შეხვედრა რუსულ მხარესთან ამ საკითხით  იწყება და მთავრდება.

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურ დახმარებას იღებდა, ერთადერთი აღმოჩნდა ნანა ალექსანდრია, რომელმაც საჯაროდ უარი განაცხადა ივანიშვილის სტიპენდიაზე. საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზეც.

- დახმარება სჭირდებათ მათ, ვისაც უჭირთ. პატივისცემის გამოხატვა და ამ მიზნით  თანხის გაცემა შეიძლება რაღაც ჟესტი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ნაკლებად  საჭიროა. ყველა ადამიანი თავად გადაწყვეტს, რაზე განაცხადოს უარი და რაზე - არა. თუმცა, განსხვავება ნამდვილად არის, დახმარებას იღებ ქველმოქმედისგან თუ პოლიტიკური თამაშის მონაწილე პირისგან, რადგან ეს შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდეს.