"არის საშიშროება, რომ არჩევნების პერიოდში გაჩნდეს შავი ფული" - კვირის პალიტრა

"არის საშიშროება, რომ არჩევნების პერიოდში გაჩნდეს შავი ფული"

"როგორც რუსეთის აგენტებზე აჩვენებდნენ ფილმებს, ასევე ვიხილავთ ფილმებს  საარჩევნო ფონდებში ფულის "უკანონო" შეტანაზეც"

"საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდა ახალი მოთამაშე, პრაქტიკულად, ულიმიტო ფინანსური რესურსებით... არსებობს საფრთხე, რომ ახალმა პოლიტიკურმა მოთამაშემ, ნაცვლად რთულ პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვისა, უბრალოდ "იყიდოს ხმები", - ასეთი განცხადება რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო  ორგანიზაციამ გაავრცელა. თუმც, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით ცდილობს, ბიძინა ივანიშვილმა ფინანსები არჩევნებზე უხვად ვერ დახარჯოს. რა აქვს განზრახული ხელისუფლებას და რამდენად უკავშირდება ხელისუფლების ახალი წინადადებები პოლიტიკურ სცენაზე ახალი მოთამაშის გამოჩენას, ამის შესახებ არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს,  საარჩევნო სიის დამდგენი კომისიის წევრს კახა კახიშვილს ვესაუბრეთ:

- ერთი წლის წინ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაიწყო მოლაპარაკება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. დაიდო პოლიტიკური შეთანხმება, რაც კანონპროექტში უნდა ასახულიყო. შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების გაორმაგებას ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებით. იურიდიულ პირებს, ნაცვლად 100 ათასი ლარისა, უფლება მიეცემოდათ, რომ პარტიის საარჩევნო ფონდში 200 ათასი ლარი შეეტანათ, ხოლო ფიზიკურ პირებს, 30 ათასი ლარის ნაცვლად, 60 ათასი. ოპოზიციური პარტიებიც შეთანხმდნენ ხელისუფლებასთან, რომ ის პარტიები, რომლებიც გადალახავენ 5%-იან საარჩევნო ბარიერს, ბიუჯეტიდან მიიღებდნენ ერთჯერად მილიონლარიან დაფინანსებას. როდესაც ვიკითხე, როგორ შეიძლება ადამიანმა ჯერ საარჩევნო კამპანია აწარმოოს და მერე მიიღოს დაფინანსება-მეთქი, მითხრეს, ამისთვის მარტივი გზა არსებობს, ბანკიდან კრედიტის აღებაო.

ოპოზიციის ნაწილმა მოიწონა შემოწირულობების თანხის გაორმაგებაც და მილიონლარიანი დაფინანსებაც. სარედაქციო ჯგუფი, რომლის წევრიც ვარ, მუშაობდა, რომ ეს ცვლილებები კანონპროექტებში ასახულიყო, მაგრამ მოულოდნელად იუსტიციის სამინისტრომ შემოგვთავაზა ცვლილებები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს ზემოთ ხსენებული ცვლილებების შესაძლებლობას. იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ უნდა აიკრძალოს იურიდიული პირების მიერ საარჩევნო კამპანიისა და პარტიის დაფინანსება. ამასთან ითქვა, რომ პარტია ბანკიდან კრედიტის გამოტანას საშეღავათო პირობებით ვერ შეძლებს. თუ პარტია და საარჩევნო კამპანიის ფონდი აიღებენ ჩვეულებრივ სამომხმარებლო კრედიტს ქონების უზრუნველყოფით, თანხა 100 ათასზე მეტი არ უნდა იყოს. ფაქტობრივად, გამოჩნდა, რომ ეს ცვლილება მოხდა ერთი საარჩევნო სუბიექტის (ბიძინა ივანიშვილის) მომატების გამო, რომელსაც აქვს რესურსი, რომ ფულით გაუწიოს კონკურენცია ხელისუფლებას.

- შეთანხმების დარღვევა ხელისუფლებამ იმისათვის განიზრახა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური რესურსის გამოყენება მაქსიმალურად შეუზღუდონ?

- ხელისუფლებას, გარდა ფინანსურისა,  ადმინისტრაციული რესურსიც აქვს, რაც არა აქვს ივანიშვილს. ამიტომაც გათვალეს, - თუ ფულზე დააწესებდნენ შეზღუდვებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მაინც წინ იქნებოდა ყველა პარტიასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, წამოაყენეს ახალი  წინადადებები. არ ვიცი, ეს აისახება თუ არა მომავალში კანონმდებლობაში, მაგრამ ეს ცვლილებები ისეთი ბერკეტია, რომლებიც ერთი თეთრის გაკონტროლების საშუალებასაც კი იძლევა საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

იუსტიციის სამინისტრომ შემოგვთავაზა ცვლილებებიც, რომელიც უნდა შევიდეს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", რაც შესაძლებელს ხდის არასაარჩევნო პერიოდშიც გაკონტროლდეს პარტიაში ფულის ბრუნვა, რაც აქამდე არ ყოფილა.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ პარტიებს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაებარებინათ ფინანსური ანგარიში, ხოლო საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში ცესკოსთვის \წარედგინათ, ახალი ცვლილებით პარტიამ ყოველთვიური ფინანსური და საარჩევნო ფონდის ანგარიშებიც კონტროლის პალატას უნდა წარუდგინოს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებული ცვლილებები საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაა, რაც 2004 წლიდან არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოთხოვნები სწორედ იმიტომ წამოგვიყენეს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ იმდენი ფული, რამდენიც სახელისუფლებო პარტიას. ამ შეზღუდვას იმისთვის ითხოვდნენ, რომ სახელისუფლებო პარტიაში ნაკლები ფული შესულიყო და როგორმე ერთნაირი სასტარტო პირობები შექმნილიყო. რეკომენდაციები, რომელთაც 2004 წლიდან არ ითვალისწინებდა, ხელისუფლებას დღეს გაახსენდა.

ხელისუფლებას ექნება საშუალება, შეისწავლოს საბანკო ანგარიშები. ეს ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია და, ალბათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც შევა. თუ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პროკურატურას შეუძლია საბანკო ანგარიშს კონტროლი დაუწესოს. ვიმეორებ, კონტროლი დაუწესოს და არა შეამოწმოს. თუ დანაშაული მოხდა, ანგარიშის შემოწმება სამართალდამცავებს დღესაც შეუძლიათ, - მიმართავენ ბანკს და შეამოწმებენ კონკრეტული პირის გადარიცხვებს, საბანკო ოპერაციების საფუძველსა და კანონიერებას, მაგრამ

ახალი კანონპროექტით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, პროკურატურა მოიპოვებს უფლებას, რომლის საფუძველზე ბანკი მათი თანხმობის გარეშე საბანკო ოპერაციას ვერ ჩაატარებს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ეს მოხდება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდგომ, მაგრამ საქმე შეიძლება აღძრა რაღაც ფაქტზე და რამდენიმე ანგარიში მიაბა ამ საქმეს. ამით შესაძლებელი გახდება ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გააკონტროლონ 20 საბანკო ანგარიში (ისევე როგორც დღეს აკონტროლებენ მობილურ სატელეფონო საუბრებს. ერთ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ და 50 ტელეფონს უსმენენ) და პირს არც კი ეცოდინება, რომ მის ანგარიშს აკონტროლებენ. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური მექრთამეობის გამო.

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ იურიდიულ პირს უნდა აეკრძალოს როგორც პარტიის, ასევე საარჩევნო ფონდის დაფინანსება, ხოლო ფიზიკურ პირს შეეძლება 60 ათასი ლარის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტისა და პარტიის  დაფინანსება. თუ ვინმეს რომელიმე სამი პარტია მოსწონს, შეუძლია სამივეს საარჩევნო ფონდში მხოლოდ 20-20 ათასი ლარი შეიტანოს და არა 60-60 ათასი. ეს არის ზედა ზღვარი, რომლის იქითაც ვერავის დააფინანსებთ. ლიმიტია დაწესებული პარტიის წევრის საწევროზეც. საწევრო არ უნდა აღემატებოდეს თვეში 100 ლარს, ანუ წელიწადში 1.200 ლარს. თუ კომერციული ბანკი პარტიებზე ან პარტიასთან მიბმულ პირებზე შეღავათიან კრედიტებს გასცემს, დაიწყება კრედიტის მიმღებისა და ბანკის გაკონტროლება, იმის გარკვევა, თუ რატომ გაძლევთ ბანკი შეღავათიან კრედიტს.

- ამით ივანიშვილს შეუზღუდეს საკუთარი ბანკიდან პარტიის დაფინანსება?

- რა თქმა უნდა. აბა, ოპოზიციურ პარტიას ვინ მისცემდა ბანკიდან ფულს? არის საუბარი, რომ დაწესდეს საარჩევნო თანხების ლიმიტი. კონკრეტული თანხა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. პირობითად, თუ ეს თანხა იქნება 5 მილიონი, პარტიას 100 მილიონიც რომ ჰქონდეს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში 5 მილიონზე მეტს ვერ დახარჯავს.

ხელისუფლებას კარგი ტექნოლოგები ჰყავს. შეიძლება ეს ცვლილებები უსამართლო ჩანს, მაგრამ მათი პოზიციიდან სტრატეგიულად სწორად არის გათვლილი. მე, საარჩევნო სპეციალისტს, რომ მკითხოთ, ეს ცვლილებები რომც მოხდეს, არ იქნება კატასტროფა, თუკი ხელისუფლება ისეთივე პრინციპულობით შემოგვთავაზებს სხვა ცვლილებებსაც, რომლითაც მკაცრად დაარეგულირებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, მედიის თავისუფლებას, ამასთან, საარჩევნო დავების განხილვისას უზრუნველყოფს სასამართლოს ობიექტურობას.

- თქვენი ანალიზიდან გამომდინარე, რთული არჩევნები და დაძაბული საარჩევნო პერიოდი გველის?

- დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული არჩევნები გვექნება. თუ ის საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, ზემოთ რომ მოგახსენეთ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აიძულებენ სამართლებრივი სივრციდან არასამართლებრივში გადავიდნენ.

არის საშიშროება, რომ არჩევნების პერიოდში გაჩნდეს შავი ფული. ამის გამოძიებას უთუოდ დაიწყებენ სამართალდამცავი ორგანოები, რომელთაც შესაძლოა თანხების ხარჯვა მხოლოდ ოპოზიციას გაუკონტროლონ და არა ხელისუფლებას.

ჩვენი ხელისუფლების სპეცსამსახურების მეთოდოლოგია ხომ ვიცით? ველოდები, რომ გაჩნდება ჩანაწერები, სადაც  ერთი ეტყვის მეორეს, ჩემი ფული შენი სახელით შეიტანე საარჩევნო კამპანიის ფონდშიო. ფულის შემტანს დაიჭერენ და შესთავაზებენ  საპროცესო შეთანხმებას, ნაცვლად იმისა, ფულის პატრონი დაასახელოს.

როგორც რუსეთის აგენტებზე აჩვენებდნენ ფილმებს, ასევე ვიხილავთ ფილმებს  საარჩევნო ფონდებში ფულის "უკანონო" შეტანაზეც, რაც ძალიან ცუდ ფონს შეუქმნის არჩევნებსა და პარტიებს.

ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ძალიან ძლიერი მეტოქე, რომელსაც აქვს ფულიც, ადმინისტრაციული რესურსიც და მათთან ჭკვიანი ხალხი მუშაობს, რომელიც ყველა სვლას გეგმავს და არასწორ სამართლებრივ რჩევებს არ იძლევა. ივანიშვილი შევარდნაძის მთავრობას 5 წუთში დაშლიდა, მაგრამ ნაციონალებს მკაცრი პარტიული დისციპლინა აქვთ და მათი დაშლა ადვილი არ არის, მაგრამ სააკაშვილსა და მის გარემოცვას აქვს უამრავი ბერკეტი, რომ დაშალოს  ივანიშვილის  როგორც მრჩეველთა საბჭო, ისე გუნდი.

- შეგიძლიათ დახატოთ სავარაუდო სცენარი?

- გამორიცხავთ, რომ გამოვიდეს ვინმე ივანიშვილის გუნდიდან და თქვას, ივანიშვილი არც ისეთი სამართლიანია და მასთან მუშაობა აღარ მინდა, რადგან ბევრი შეცდომა და უკანონობა აქვს ჩადენილიო? ეს ნიშნავს, რომ ხალხში გაქრება ის ეიფორია, რომელიც არის. ეს ხალხს ისევ ჩააგდებს ნიჰილიზმში და საარჩევნო ყუთთან აღარ მივა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" თავის ამომრჩეველს ყოველთვის მიიყვანს საარჩევნო ყუთთან.