"ის, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, მცდარი პოზიციაა" - კვირის პალიტრა

"ის, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, მცდარი პოზიციაა"

"ხელისუფლებამ იმდენად მწვავე რეაგირება მოახდინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე, რომ ცხადია, ალიანსი არა აქვთ"

"ის ნამდვილად ვიცი, რომ მხოლოდ შვილის ნათქვამით პოლიტიკაში წასვლას ივანიშვილი არ გადაწყვეტდა"

რატომ ხვდებიან "ახალი მემარჯვენეები" ახალ რეალობას ყოველთვის სკეპტიკურად, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნაბიჯზე,  როგორ ამპლუაში წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილი მომავალ პარლამენტში "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძეს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- თავის დროზე ვთქვი, რომ საქართველოში  "ნაციონალური მოძრაობის" სახით ნეობოლშევიზმი მოდიოდა, რაც შემდგომმა წლებმა დაადასტურა. ასე იყო ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადმოსვლის დროსაც, როდესაც ერთი ბელადის მეორით შეცვლაზე უარი ვთქვით. მერე იყო ბურჯანაძე და "სახალხო კრება", ახლა კი ბიძინა ივანიშვილი, რომლის პოლიტიკაში გამოჩენას მივესალმეთ. მან კი განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებდა ჩვენთან. სკეპტიკურად ვუყურებ იმ ადამიანთან თანამშრომლობას, ვინც აფინანსებდა და გვერდით ედგა იმ რეჟიმს, რომელიც არაერთ დანაშაულს სჩადიოდა და კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებდა. ივანიშვილმა დღეს პოზიცია შეიცვალა, მაგრამ გვაქვს უფლება, ეს პერიოდი იოლად არ ჩამოვწეროთ იმის გამო, რომ მას რამდენიმე მილიარდი აქვს. გამიხარდებოდა, ივანიშვილის პოზიცია და პოლიტიკური ხედვა უფრო ჯანსაღი და მისაღები ყოფილიყო ქართული სახელმწიფოსათვის.

- რა არის მიუღებელი ბიძინა ივანიშვილის პოზიციაში?

- მიუღებელია, - პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია და ხელისუფლებასთან არის შეკრულიო. ეს მიუთითებს, რომ ივანიშვილისგანაც მოსალოდნელია საფრთხეები, რისი მომსწრენიც სააკაშვილის მმართველობაში გავხდით. განსხვავება ისაა, რომ სააკაშვილი თავის ზრახვებს უფრო კარგად ნიღბავდა ხელისუფლებაში მოსვლამდე. ბატონ ივანიშვილს კი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰყოფნის და საჯაროდ ლაპარაკობს.  ერთი ავტორიტარული რეჟიმის ნაცვლად მეორე  არ უნდა მივიღოთ. როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს ორი პოლუსი და სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, ეს არის იმის ნიშანი, რომ განზრახული აქვს, ისევ ერთმა ძალამ გადაწყვიტოს ამ ქვეყანაში ყველაფერი და არა საზოგადოებამ. ის, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, მცდარი პოზიციაა. ამ ქვეყანას ის სჭირდება, რომ შუა იყოს დომინანტი.  ამ პოზიციის გამო ნურავინ  დაგვძრახავს და იარლიყებს ნუ მოგვაწებებს. სიტყვები შეარჩიონ და კორექტულად ილაპარაკონ ჩვენზე.

- თქვენ იყავით ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი, ამან ხომ არ გახადა "ახალი მემარჯვენეები" მიუღებელი ივანიშვილისთვის.

- არ მინდა ბადრის თემით მანიპულირება.   ბადრი ყოველთვის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს პარტიას (და არა მარტო ჩვენ). არ მახსოვს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ჩარეულიყოს და იმპერატიული ტონით რამე მოეთხოვოს იმ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, რასაც გვიწევდა. ბადრის დაჟინებით ვთხოვდი, არ შემოსულიყო პოლიტიკაში, იმიტომ კი არა, რომ ჩემი კონკურენტი გახდებოდა, ვიცოდი, რომ ამ მოედანზე სუსტი იქნებოდა, დაუშვებდა შეცდომებს და ხელისუფლება იოლად დაამარცხებდა. სამწუხაროდ,  არ გაითვალისწინა ჩემი მეგობრული რჩევა და შეცდომა დაუშვა.

- ზოგიერთი ოპონენტი ივანიშვილს ხელისუფლებასთან ფარულ ალიანსს აბრალებს.

- ხელისუფლებამ იმდენად მწვავე რეაგირება მოახდინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე, რომ ცხადია, ალიანსი არა აქვთ. ივანიშვილს არ ვიცნობ იმდენად კარგად, რომ დავასკვნა, პოლიტიკაში ვისიმე კარნახით წამოვიდა თუ ემოციურ ნიადაგზე. თუმცა, ის ნამდვილად ვიცი, რომ მხოლოდ შვილის ნათქვამით პოლიტიკაში წასვლას ივანიშვილი არ გადაწყვეტდა.

ივანიშვილს რომც არ ეთქვა, "ახლებთან" არ ვითანამშრომლებო, მაინც არ ვითანამშრომლებდით მასთან, ისევე როგორც ნინო ბურჯანაძესთან, მის წარსულს ვერ გადავხაზავთ. ასევეა, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც ხელისუფლების მხარდამჭერი იყო და თურმე მათთან ერთად არჩევდა ცხინვალში შესვლის საკითხს.

- თქვენთვის ბურჯანაძე იმიტომ არის მიუღებელი, რომ ხელისუფლებაში იყო და შემდგომ კი ქუჩის აქციებით აპირებდა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას. ივანიშვილი ხელისუფლებაში არ ყოფილა და არჩევნებით უნდა ხელისუფლების შეცვლა.

- მიხარია, რომ ივანიშვილი ასე ფიქრობს. თუმც ღიმილის მომგვრელი ის იყო, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ გაზაფხულის აქციებისგან განზე დგომის გამო, როგორც კი ბატონმა ივანიშვილმაც ქუჩაზე უარი  განაცხადა, ეს მოუწონა.

- "ახლებსა" და ქრისტიან-დემოკრატებთან თანამშრომლობაზე უარი ივანიშვილმა შესაძლოა იმიტომ თქვა, რომ "რვიანის" დაშლა დაგბრალდათ. ღირდა ხელისუფლების წინადადებების მიღება, რომელთა ნაწილი უკან წაიღო?

- ხელისუფლებას უკან არაფერი წაუღია. ლაპარაკი, რომ ვიღაცას ვუღალატეთ და "რვიანი" დავშალეთ, ცილისწამებაა. ჯერ კიდევ "ალიანსის" დაშლის შემდეგ ვამბობდით, რომ მარტო ვიქნებოდით და არც ერთ პოლიტიკურ ბლოკში აღარ შევიდოდით. "რვიანი" შეიქმნა ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებისთვის. ის იარსებებდა, ვიდრე მოლაპარაკებათა ფორმატი იქნებოდა.  როდესაც ხელისუფლებამ შეწყვიტა მოლაპარაკება, "რვიანის" წევრებს ვუთხარით, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ ფორმატში კიდევ ერთხელ გვექნებოდა მოლაპარაკება, გავარკვევდით, რისი დათმობისთვის იყვნენ მზად და მერე წერტილს დავსვამდით. თუ ჩვენ დავშალეთ "რვიანი", რატომღა დაიშალა "ექვსიანი"? ჩვენ ხელისუფლებამ არაერთი რამ დაგვითმო: პარლამენტში მაჟორიტარებისა და პარტიული სიით არჩეული დეპუტატების პროპორცია 107/83-ზე იქნება, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო კომისიის შექმნა ამომრჩეველთა სიების დასადგენად. ეს იქნება უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც შეუძლია სიაში ცვლილება შეიტანოს. უღირსი ბრალდებები იყო, "ახალი მემარჯვენეები" მილიონად გაიყიდნენო, არადა, მომავალ არჩევნებში 5%-ს რომ გადავლახავთ, ფულს მერე მოგვცემენ.

- მაგრამ  ფული  საარჩევნო კამპანიისათვის  გჭირდებათ. ბანკებს რომ შეუზღუდეს პარტიებისთვის კრედიტების მიცემა, როგორ აპირებთ კამპანიის წარმოებას?

- კი ბატონო, აუკრძალონ იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება, რადგან ჩემთვის არათანაბარ პირობებში ჩამყენებელია როგორც ხელისუფლება, ისე ივანიშვილი, რომელსაც 6 მილიარდი აქვს. საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელია დაფინანსების ზედა ზღვარი, რომელზე მეტსაც ვერავინ დახარჯავს, რათა ყველა მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში იყოს, მაგრამ  თუ ბანკებს აეკრძალათ სესხის გაცემა მილიონი ლარის ფარგლებში, დიდი პრობლემა იქნება.

- "ახლები" ბიზნესის დამცველებად არაერთხელ გამოსულხართ, მაგრამ  ივანიშვილზე ზეწოლა არ გააპროტესტეთ.

- ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არა აქვს და ეს მისი დიდი მინუსია.

- მაგრამ აქვს ბანკი "ქართუ".

- ის თავად ამბობს, რომ სესხებს, ფაქტობრივად, არ გასცემდა. ეს იყო საინვესტიციო ბანკი, მაგრამ ამ მიმართულებით არ საქმიანობდა. ამიტომ მე ბევრად აქტიურად შემიძლია დავიცვა "კვირის პალიტრა", როდესაც მას უტევენ როგორც ბიზნესს. თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი პოლიტიკაში არ წავიდა, მანამდე ხელისუფლებასთან დაშაქრული ურთიერთობა აქვს. ასე იყო ივანიშვილიც. პოლიტიკაში წასვლამდე, რაც მოესურვებოდა, ყველაფერს აკეთებდა. ახლა ის პოლიტიკაში წავიდა და ამიტომაც მიუღებელი გახდა. ეს რაც არის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. "მოქალაქეთა კავშირის" სიით პარლამენტში შემიყვანეს როგორც წარ როგორც კი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან რომ გადავდექი და მმართველი უმრავლესობა გავაკრიტიკე, ერთ დღეში გავხდი  ხალხის მტერი.

- რას იტყვით, თუ სააკაშვილი პრემიერად დარჩა?

-  გარე ფაქტორები ისეთია, სააკაშვილი პრემიერად ვეღარ მოვა. სავარაუდოდ, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. თუ იქ "ნაციონალური მოძრაობაც" შევა, უმცირესობის ლიდერობა სააკაშვილისთვის დამითმია.  სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკური ინტრიგების დიდოსტატები არიან. ასეთი ვითარება ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლება "ქართული ოცნებით".