"ეს არის ბატონი ჟურდენი" - კვირის პალიტრა

"ეს არის ბატონი ჟურდენი"

"თუ ვინმე გადაწყვეტს გაზეთების შეზღუდვას, ის დემოკრატიას ზღუდავს"

საქართველოს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურთან საუბარი იმ ლიტერატურული პარალელით დავიწყეთ, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილი მოლიერის "გააზნაურებულ მდაბიოს" გმირს შეადარა.

- ბევრმა სწორად აღიქვა ეს შედარება, მაგრამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ვერ გაიგეს ჩემი ნათქვამი. ჩანს, წაკითხული არ ჰქონდათ ეს ნაწარმოები. ეს არის დიდი ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის გროტესკული განზოგადება ამ ტიპაჟისა. ეს არის ბატონი ჟურდენი, რომლისთვისაც ფული საზოგადოებაში თავის დამკვიდრების ერთადერთი საშუალებაა. ამ ნაწარმოების არსი და მორალი, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწერა, დღევანდელობასაც ეხმიანება. როგორც გვახსოვს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირველი გამოსვლა სკანდალური განცხადებით დაიწყო, რომ იყიდის მედიას, სამჯერ მეტს გადაიხდის ზოგიერთ ტელეკომპანიებში და მერე უკან დააბრუნებს ერთ ლარად. ამ ყველაფერში ჩანდა ვაჭრული სული, რომელიც მან ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა. სწორედ ამას დავუკავშირე ცნობილი ნაწარმოების სათაური.

- გინდათ თქვათ, რომ არ გიგულისხმიათ, ივანიშვილი სოფელში, გლეხის ოჯახში რომ დაიბადა?

- რას ბრძანებთ, არისტოკრატი არც მე ვარ. დღევანდელ სამყაროში არისტოკრატიზმი დაკავშირებულია არა წარმომავლობასთან, არამედ იმასთან, თუ რას აკეთებს ადამიანი საზოგადოებისათვის და როგორ ეპყრობა მას.

- ბრძანებთ, არისტოკრატიზმი დღევანდელ სამყაროში დაკავშირებულია იმასთან, თუ რას აკეთებს ადამიანი საზოგადოებისთვისო. წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი არაერთ პროექტსა და სახელოვან ადამიანს აფინანსებდა. აქედან გამომდინარე, მგონი უხერხულია მხოლოდ ვაჭრის სულის დანახვა მის საქციელში.

- როდესაც ივანიშვილმა პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, ვთქვი, რომ ის პროექტები, რომლებიც მან განახორციელა, ნამდვილად იმსახურებს დადებით შეფასებას. მაგრამ ეს სიები ისე იყო შედგენილი, რომ მისთვის მეტად უსიამოვნო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ასე რომ, არ ვერიდები იმის თქმას, რაც ივანიშვილს კარგი გაუკეთებია, მაგრამ ჩემთვის შემზარავი და დამთრგუნველი იყო მისი განცხადება, სადაც ეწერა, რომ აპირებს ქართული პრესის ყიდვას, რომ 2/3-ით მოვა ხელისუფლებაში და მერე გახდება ამ ხელისუფლების ოპოზიცია. ამით ცხადი შეიქნა, რომ მან ერთიანად გამორიცხა ქართველი ხალხი პოლიტიკური პროცესიდან და გამორიცხა იმიტომ, რომ მისი უპირველესი თანამდგომი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, როგორც ჩანს, რუსეთში ნაშოვნი ფულია.

- იმის გასაპროტესტებლად, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი სიკეთე გაუკეთებია საქართველოსთვის და უსამართლოდ შეუჩერეს საქართველოს მოქალაქეობა, სოსო ჯაჭვლიანმა, ლუკა კურტანიძემ და მწერალმა მერაბ შათირიშვილმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს გელათიდან თბილისის სამების ტაძრამდე.

- პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. ამ ადამიანებმა ასეთი ფორმა აირჩიეს პროტესტის გამოსახატავად. ასეთი ტიპის დემარშს ვინმე ეთანხმება თუ არა, ვერავის აუკრძალავენ. ბიძინა ივანიშვილს კი მოქალაქეობა მას შემდეგ შეუჩერეს, რაც გადაწყვიტა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო,  ავტომატურად შეუჩერდა საქართველოს მოქალაქეობა.  ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა არის პრეზიდენტის დისკრეცია, მაგრამ როგორც ვიცი, ბატონმა ივანიშვილმა აირჩია სრულიად სხვა გზა, - სასამართლოში ჩივილი, რაც მცდარი გზაა. სწორი იქნება თუ აღიარებს, რომ ნებით უარყო საქართველოს მოქალაქეობა და მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ კიდევ ერთხელ მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

- მინდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რუსეთში ვიზიტი შეაფასოთ.

- პოლიტიკური სპექტრი არ უნდა ცდილობდეს ეკლესიის ჩათრევას პოლიტიკაში.

პატრიარქმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორი ურთიერთობა უნდა იყოს ეკლესიათა შორის.

როგორც ვიცი, ამ ვიზიტის დროს ერთ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება, კერძოდ, ორი ქართველი მეფე, რომლებიც ასტრახანში არიან დაკრძალული, საქართველოში გადმოასვენონ, რასაც ყველა მივესალმებით. პატრიარქმა სცადა მედვედევისთვის გაეხსენებინა მისივე ნათქვამი დევნილების დაბრუნების თაობაზე. როგორც ვიცი, პასუხი უარყოფითი იყო.

- პრესის გამავრცელებლები შეშფოთებული არიან ბოლო დროს პრესის ჯიხურებთან დაკავშირებული აურზაურით, მათ აიძულებენ, ჯიხურები აიღონ.

- მერიასთან მეც მქონდა შეკითხვები ამ საკითხზე და მითხრეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ინტერნეტტენდერი. ყველა ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ჯიხურების ძველ მფლობელებთან, ქალაქის მერიის დაპირებით შესრულდება. როგორც ვიცი, აუქციონში მონაწილეობდნენ ფირმები, რომლებსაც აქამდეც ჰქონდათ ჯიხურები, მაგრამ ვიღაცამ უკეთესი პირობები წარადგინა. მერია იმ ფირმებს ხომ არ გაამარჯვებინებდა, რომელთაც  სხვაზე უარესი პირობები ჰქონდათ? ამბობენ, რომ შეიძლება სხვადასხვა გამოცემა დაიბლოკოს. ეს აღმაშფოთებელი იქნება და გარწმუნებთ, ამას არავინ დაუშვებს.

თუ ვინმე გადაწყვეტს გაზეთების შეზღუდვას, ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ გაზეთების გაყიდვას კი არა, საზოგადოდ, თავისუფლებას, თავისუფალ სიტყვასა და დემოკრატიას ზღუდავს.

გულწრფელად გეუბნებით, პირველი ვიქნები, ვინც ამას წინ აღუდგება და პრესის გავრცელების უფლებას დაიცავს. ნებისმიერ დროს გამახსენეთ ჩემი ეს სიტყვები.

- რამდენიმე დღის წინ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მათ მხარეს გადადიან.

- აქამდე ვიცოდით ალასანიას პოზიცია ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების თაობაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოაბიჯა, ალასანიას პოზიცია რადიკალურად შეიცვალა როგორც ნატოს, ისე ქვეყნის განვითარებასა  და რუსულ-ქართულ ურთიერთობაში რუსეთის როლზე. ეს გულწრფელად მწყინს. ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მიზნად დაისახეს რაღაც ფანტასმაგორიების გამოქვეყნება, რომ თითქოს "ნაციონალურ მოძრაობაში" ბზარია. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ბრძანა ბატონმა ალასანიამ, ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონებში საშინელი პანიკა და დაბნეულობააო, სინამდვილეში კი მსგავსი არაფერი ხდება. კარგად ვხვდები, რა მძიმეა ალასანიას პოლიტიკური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც უარი თქვა მთავარ იდეალებზე და სავარაუდოდ, თავისი უფროსის ფინანსური შესაძლებლობების გამო გადაწყვიტა პოზიციის  შეცვლა.