"შიშის გამო მეგობარს გასაჭირში ვერ მივატოვებ" - კვირის პალიტრა

"შიშის გამო მეგობარს გასაჭირში ვერ მივატოვებ"

"კარგად მიიხედ-მოიხედონ, ეგებ თავიანთ გუნდში ჰყავთ მოღალატეები?!"

"ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის დამსჯელ ორგანოდ იქცა"

"პროგრესბანკში" ეროვნული ბანკი შევიდა. კახი კალაძის ბანკით ეროვნული ბანკის დაინტერესებას ოფიციალურად გეგმური შემოწმება ჰქვია. ეროვნულმა ბანკმა "პროგრესბანკის" შემოწმება რომ გადაწყვიტა, სავსებით ბუნებრივია, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემოწმებას" წინ ერთი საინტერესო ამბავი უძღოდა: კახი კალაძემ საჯაროდ დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილს, 2011 წლის 7 ნოემბერს კი ბიძინა ივანიშვილის ბანკ "ქართუსა" და კახი კალაძის "პროგრესბანკს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენ დავუკავშირდით კახი კალაძეს:

- ისეთ ასაკში ვარ, რომ დამთხვევების ნაკლებად მჯერა. "პროგრესბანკი" სამი წლის ბანკია, "ქართუ" კი 15 წელია საბანკო სფეროშია. საბანკო გიგანტის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი ბანკისთვის. ამიტომ გავაფორმეთ მემორანდუმი.

- თქვენი აზრით, "პროგრესბანკის" შემოწმება ზეწოლაა თუ რიგითი შემოწმება?

- ბუნებრივია, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამოწმოს ბანკები, ეს მოვალეობაა, მაგრამ რას აკეთებს>? მის გარეშე ვერ ჩაატარებ თითქმის ვერც ერთ მარტივ საბანკო ოპერაციას. თანხების გადარიცხვა-გადმორიცხვასაც კი ეროვნული ბანკი აკონტროლებს, კლიენტისთვის სესხის მიცემაც კი მასთან უნდა შეათანხმო.

ნუთუ დამთხვევაა, რომ როგორც კი ბატონმა ივანიშვილმა "პროგრესბანკის" აქციების დაახლოებით 10% შეიძინა, ჩვენს ბანკში მეორე დღესვე შემოვიდა ეროვნული ბანკი "ქართუში" უკვე აპრობირებული შემოწმების საბაბით. აშკარაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის ბიზნესზე ზეწოლა. ნორმალური მთავრობა, რომელიც დაინტერესებულია ბიზნესის ხელშეწყობით, განვითარებით, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით, მიესალმებოდა ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, ნაცვლად ამისა, ეროვნულმა ბანკმა "პროგრესბანკის" შემოწმება დაიწყო. ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის დამსჯელ ორგანოდ იქცა. არასოდეს დამიმალავს ის, რაც ხელისუფლების  გაკეთებული საქმეებიდან მომწონდა, არც ჩასაფრებული ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. როცა გავაცნობიერე, რომ "რეფორმებად" შეფუთული პიარქმედებები სინამდვილეში ქვეყანას დაღუპავდა, მთავრობის კურსს საჯაროდ დავუპირისპირდი და სათქმელი ვთქვი.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა შევთავაზე და მეგობრობის ხელი გავუწოდე, რადგან  მასში ის ადამიანი დავინახე, რომელსაც ადარდებს უსამართლობა, დამცირებული თანამემამულეები. ვიცოდი, რომ ჩემს ბიზნესს  შეუტევდნენ.

ამის მწარე გამოცდილება მქონდა, გახსოვთ, ალბათ, არსენალის მთისა და ხელისუფლების უღირსი საქციელის ამბავი. ჯერ საპატრიარქოს კუთვნილი მიწა უსირცხვილოდ მილიონებად მომყიდეს და მერე აქეთ მომდეს შარი და მილიონობით საურავი დამაკისრეს. დიახ, ვიცოდი, რომ ესენი მარტივად გასაშიფრ და უსირცხვილო რამეს მოიმოქმედებდნენ და პრობლემებს შემიქმნიდნენ, მაგრამ

არა ვარ ის კაცი, რომელიც მხოლოდ სიტყვით გამოხატავს თანადგომას.

- სხვა ქართველი ბანკირები "ქართუს" საინკასაციო მანქანის "დაყაჩაღებას" არ გამოხმაურებიან. თქვენი აზრით, რითია განპირობებული დუმილი?

- ქართველმა ბანკირებმა იციან, რომ თუ ხმას ამოიღებენ, "ქართუსა" და "პროგრესბანკის" ბედს გაიზიარებენ, მათთანაც შევა მაკონტროლებელი ორგანო. ეს ვითარება ჩემი მეგობრის, გიორგი დემეტრაძის ამბავს მაგონებს. როდესაც ჟურნალისტები და გულშემატკივრები მეკითხებიან, სხვა ფეხბურთელი რატომ არ იღებს ხმას მის დაპატიმრებაზეო, პასუხი ერთი მაქვს და ის ამ შემთხვევისთვისაც გამოდგება:

ადამიანობასა და მეგობრობაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს. შიშის გამო მეგობარს გასაჭირში ვერ მივატოვებ, მით უმეტეს, თუ ვიცი, რომ უსამართლოდ ექცევიან.

სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, სხვა ბანკირები რომ არ იღებენ ხმას "ქართუს" საინკასაციო მანქანაზე თავდასხმის გამო. ყველამ იცის, რომ ტოტალური ზეწოლაა პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილზე. ეს უფრო აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა "პროგრესბანკში" წილი იყიდა, მაშინვე აფუთფუთდნენ და, ბუნებრივია, ასეთ დროს დამთხვევა გამორიცხულია. მაინტერესებს, სად არის ბიზნესომბუდსმენი? ზრდილობისთვის მაინც ხომ უნდა ამოეღო ხმა! როგორც ვიცი, მისი ფუნქცია-მოვალეობა ბიზნესმენთა ინტერესების დაცვაა, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებს, ის ხომ ხელისუფლების ერთ-ერთი დანამატია.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებს?

-  მოქმედმა რეჟიმმა პოლიტიკოსებად, ვითომ ოპოზიციონერებად აქცია მისგან მართული ჯიბის ბიჭები. ზოგჯერ ეს ხალხი საქართველოში დამყარებული რეჟიმის მოწინააღმდეგეებს  უფრო ებრძვის, ვიდრე თავად რეჟიმის წარმომადგენლები. როგორც მმართველი რეჟიმი ირწმუნება, ისინი ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, რაც გაუგონარი ტყუილია! მაჩვენონ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და მთავრობა ქვეყანასთან არის გაიგივებული. საქართველოში თუ პრეზიდენტის კურსს არ ემხრობი და მთავრობის ნამოქმედარი არ მოგწონს, ქვეყნის მოღალატე ხარ. განა ვინმეს მოუვა აზრად, თეთრი სახლის წინ მყოფი ამერიკელი მოქალაქე, რომელიც არ იზიარებს მთავრობის კურსს, მოღალატედ, კრემლისგან მართულად გამოაცხადოს? აზიაშიც იგივე სიტუაციაა. რამდენი მთავრობა შეიცვალა უმოკლეს დროში იაპონიასა და კორეაში, განა ვინმეს წამოსცდა, რადგან პრეზიდენტს მხარს არ უჭერ, ამიტომ "გაზპრომის" მოსყიდული ხარ და სამშობლო არ გიყვარსო.

ამათ მხოლოდ სიტყვით მოსწონთ ევროპული ღირებულებები, სინამდვილეში ქართველი ხალხის უბედურებისა და დამონების ხარჯზე მთელი სიცოცხლე ხელისუფლებაში ყოფნა აქვთ განზრახული!

ეს არის ევროპული და დემოკრატიული ფასეულობები? კარგად მიიხედ-მოიხედონ, ეგებ თავიანთ გუნდში ჰყავთ მოღალატეები?! ყველაფერს კარგად ხედავს ხალხი, რომელიც უკვე მზად არის კონსტიტუციურად შეცვალოს მოქმედი რეჟიმი. მჯერა ასრულდება "ქართული ოცნება", რომელიც ერთიან, დემოკრატიულ საქართველოსა და დასაქმებულ-გაღიმებულ ხალხთან ასოცირდება.