პოლიტიკური "პარაშა", ანუ "ფაქტების" შექმნის ხელოვნება - კვირის პალიტრა

პოლიტიკური "პარაშა", ანუ "ფაქტების" შექმნის ხელოვნება

"შემიძლია გიამბოთ, თუ როგორ ვავრცელებდით დეზინფორმაციებს და როგორ ვაღწევდით ამით მიზანს"

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უპირველესად კი ივანიშვილის მიმართ ხელისუფალთა განწყობა და ტონი. უმრავლესობის ზოგიერთმა მაღალ მატერიებზე მოლაპარაკე წევრმა მას ხან რუსეთის აგენტი და პუტინის მოსყიდული, ხანაც აღზევებული მდაბიო უწოდა, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ გამოდგა საკმარისი ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის. როგორც სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ, უახლოეს მომავალში დეზინფორმაციისა და პროვოკაციის მანქანა უფრო მძლავრად ამუშავდება. ამის ნიშნები უკვე არის. მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმომწერთა მოსყიდვა ბიძინა ივანიშვილს უკვე დააბრალეს, ამიტომ მისმა პრესსამდივნომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში შემოდის ინფორმაცია, გაურკვეველი პირების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების სანაცვლოდ თანხების დარიგების პირობას იძლევიან. ამგვარი ქმედებები მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ხელისუფლება ამ ფონზე შეეცდება პროვოკაციების მოწყობას. ბიძინა ივანიშვილი მადლობელია ყველა იმ მოქალაქის, ვინც უანგაროდ, მოქალაქეობრივი სოლიდარობის გრძნობით მიიღო მონაწილეობა დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელმოწერების შეგროვებაში. იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ხელისუფლების მიერ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შემდგომი მცდელობები, გვინდა ვთხოვოთ მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მომართონ".

დეზინფორმაციის შექმნის დეტალებსა და მექანიზმებზე გვესაუბრება სპეცსამსახურების გადამდგარი თანამშრომელი, რომლის თხოვნითაც ვინაობას არ დავასახელებთ:

"ხელისუფლებისთვის, რომლის არსენალში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მედიის დიდი ნაწილია, პიარკამპანიის გაჩაღება იოლია. გონივრულად დაგეგმილი პიარკამპანია საზოგადოებას დაუჯერებელს აჯერებს.

მაგრამ ისეთი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, მხოლოდ პიარკამპანიით ფონს გასვლა ძნელია. ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად გავრცელდება დეზინფორმაცია და იქნება პროვოკაციები, რაც სპეცსამსახურებისთვის იოლი საქმეა.

შემიძლია გიამბოთ, თუ როგორ ვავრცელებდით დეზინფორმაციებს და როგორ ვაღწევდით ამით მიზანს.

დეზინფორმაციის გავრცელების არეალი უბნიდან იწყება. საამისოდ საჭიროა პოლიციელი ან პოლიციელთა ჯგუფი, რომელიც კარგად იცნობს უბანს, დამნაშავეებს, მისი ოჯახის წევრებს, დედებს, ჭორიკანა ქალებს, დამლაგებლებს, მეეზოვეებს და ა.შ. როცა  პოლიციელი უბანს კარგად იცნობს, იცის ვინ ვინ არის, ვის უყვარს ბევრი ლაპარაკი და ჭორების გავრცელება. ამ დროს ვინმეზე რაიმე ინფორმაციას კი არ ითხოვენ, ისე, სასხვათაშორისოდ ლაზღანდარობენ და ხუმრობენ. ჭორიკანას გამოვლენა იოლია, ხალისით გიწყებს ლაპარაკს, რომ იცის, მაგალითად, პეტრესთან ვინ მიდი-მოდის, ვის საყვარელი ჰყავს, ვინ ნარკომანია და ა. შ. ამაში ჭორიკანა არც ფულს იღებს და არც პრემიას, ხასიათი აქვს ასეთი, ენას ვერ აჩერებს. ასეთი ხალხი სპეციალურ ორგანოებს დაფიქსირებული ჰყავს. როცა საჭიროა კონკრეტული მიზნისთვის დეზინფორმაციის გავრცელება, პოლიცია და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები იყენებენ სპეცაგენტებს, სანდო პირებსა და წინასწარ შერჩეულ-დამუშავებულ ჭორიკანებს. სხვათა შორის, ამ წრეს ახლა უბნის კოორდინატორებიც დაემატნენ.

ერთ შემთხვევას მოგიყვებით: უბანში, რომელიც გვებარა, ძმები ცხოვრობდნენ, ორივე ნარკომანი და წამლის გამსაღებელი. ერთ-ერთი ისეთი მარჯვე იყო, მისი გამოჭერა ვერაფრით მოვახერხეთ. არადა, ჩაითრია მთელი უბანი. თანაც ძალიან სანდო კაცის რეპუტაცია ჰქონდა, ყველა მასთან დადიოდა წამლის საყიდლად. ერთხელ ამ ორმა ძმამ ერთმანეთში წამალი ვერ გაიყო და ისეთი ჩხუბი მოუვიდათ, მეზობლებმაც შეიტყვეს. მეორე დილით პოლიციელმა მიაკითხა ძმებს და ის ძმა, რომელსაც დროგამოშვებით ვიჭერდით, ისევ დავაკავეთ, რადგან ამ შემთხვევის გამოყენება მეორე ძმის დისკრედიტაციისთვის შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, ამ ძმის დაჭერა მეორე ძმას დავაბრალეთ (არადა, ჩხუბის ამბავი სულ სხვა წყაროსგან მივიღეთ), თითქოს განაწყენებულმა ჩაუშვა, რაკი წამალი ვერ გაიყვეს. ეს ამბავი მაშინვე მიაწოდა ერთ-ერთმა პოლიციელმა უბანს, - ჯერ სუფრასთან ილაპარაკა, ეს ნაძირალა არ ინდობა, ძმაც კი ჩაუშვაო, მერე ჭორიკანა ქალებთან ილაზღანდარა... ასეთი ნათქვამი უბანში უცბად ვრცელდება. მაგრამ ასეთ ამბავს უბნის ბიჭები ასე იოლად არ იჯერებენ. დაიწყეს გაკითხვ-გამოკითხვა და გაარკვიეს, რომ მართლა უჩხუბიათ ძმებს ნარკოტიკის გამო, რასაც მეორე დილით ძმის დაჭერა მოჰყვა. ეს უკვე ლოგიკური ჯაჭვი იყო და დაიჯერა უბანმა. ამას ის მოჰყვა, რომ ნდობა დაიკარგა და ძმების შიშიც გაუჩნდათ. არადა, ის ძმა ჩამშვები ნამდვილად არ იყო. რამდენჯერაც დავემუქრეთ და მოვთხოვეთ, რომელიმე ნარკომანი ჩაეშვა, იმდენჯერ გადაგვაგდო. ეს ამბავი მარტივი, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია და როგორ იჯერებს საზოგადოება.

ვინც პოლიციასთან ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა, განწირულები იყვნენ ავტორიტეტის შელახვისათვის.

იმავე სქემით მუშაობენ ციხეშიც. ციხეში დეზინფორმაციის გაშვებას "პარაშას" ეძახიან და ესეც, როგორც წესი, იმ ავტორიტეტების დასათრგუნავად და დასაცემად არის განკუთვნილი, რომლებიც ადმინისტრაციასთან თანამშრობლობაზე უარს ამბობენ და პატიმრები პატივს სცემენ. იყო შემთხვევები, როცა პატიმრები ხვდებოდნენ, რომ სპეციალურად შეგდებული ტყუილი იყო, და ამბობდნენ, პოლიციამ "პარაშა" გაუშვაო. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ეს სქემა კარგად მუშაობდა.

ბიძინა ივანიშვილზე საზოგადოება მალე ნაირ-ნაირ ინფორმაციას გაიგებს და ზოგი დაიჯერებს კიდეც.

ბიძინა ივანიშვილი ხელმოწერებში ფულს იხდისო, ხმა რომ გავარდა, სწორედ იმის წინა პირობაა, რომ ხალხის მოსყიდვაში დაადანაშაულონ. შეიძლება ამ მიზნით რამდენიმე კაცი  ხელისუფლებამ დააფინანსოს, ბიძინა ივანიშვილის სახელით ხელმოწერების სანაცვლოდ ხალხის მოსყიდვა დაიწყოს. როცა პოლიტიკაზე მიდგება საქმე,  ხელისუფლებას დიდი ფულის გადახდა არ დაენანება. ამჯერად, როგორც ჩანს, ხალხისთვის დამაჯერებელ ვერსიებზე მუშაობენ.

სხვათა შორის, გენიალურად იყო მოფიქრებული ივანიშვილისგან დაფინანსებულ პირთა სიის გამოქვეყნება. იციან, მასის ფსიქოლოგია და ვიღაცამ პრესას შეგნებულად მიაწოდა სია. მასის ფსიქოლოგია კი ასეთია, ჩემზე მეტად დალხინებულს რატომ მისცა და მე არაო.

ასეთ დროს იმას არავინ იკითხავს, რა კრიტერიუმით და რა დამსახურების გამო უხდიდა ივანიშვილი ამ ხალხს სტიპენდიებს. ნახეთ, რა ოსტატურად გააკეთეს, ამდენი წლის ნაკეთები სიკეთე ივანიშვილს მისსავე საწინააღმდეგოდ შემოუტრიალეს. მას შემდეგ, რაც "ქართუმ" გამოაქვეყნა სიები, რომ ივანიშვილის ფონდი გაჭირვებულებსაც ეხმარებოდა, გაარემონტა საავადმყოფოები და სკოლები, ეს ტალღა მინელდა, მაგრამ საზოგადოებას გულში ხინჯად მაინც აქვს ჩარჩენილი წყენა, რომ ივანიშვილი სხვას აფინანსებდა და მას არა.

თუ დააკვირდებით, წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყება უბნის პოლიციელების გააქტიურება. ყველა ოჯახში მივლენ სხვადასხვა საბაბით, შეარჩევენ საჭირო კანდიდატურებს, დაუახლოვდებიან და სასურველ მომენტში ისე შეატყუებენ ინფორმაციას, რომ თავად  დეზინფორმაციის გამავრცელებელი აზრზეც ვერ მოვა.

სხვათა შორის, ჰიტლერი ამბობდა,  მასას რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს ეტყვი, მით მეტად დაიჯერებსო. ასეც არის. ყოველთვის იჯერებს ისეთ ინფორმაციას, რაც არც ლოგიკასთან არის ახლოს და არც ამის დამადასტურებელი ფაქტი არსებობს. ეს ადამიანის ფსიქოლოგიაა და სწორედ ამას იყენებენ სპეცსამსახურები. "ფაქტების" შექმნის იმდენგვარი ხერხი და ტექნოლოგია არსებობს, რომ ვერ მოთვლით.

ამის საწინააღმდეგო მხოლოდ ერთადერთი იარაღია, - საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება და ყველა, თუნდაც სრულიად აბსურდულ დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება და მისი განეიტრალება.