მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

რატომ ვუჭერ მხარს ხელისუფლების შეცვლას

მთელი სიცოცხლე რევოლუციის წლისთავებს უნდა აღვნიშნავდე? ჯერ იყო და, მთელი ბავშვობა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის წლისთავებს მაზეიმებდნენ, ახლაა და - "ვარდების რევოლუციის" წლებს მათვლევინებენ საზეიმოდ. არ მინდა ეს ოხერი რევოლუციის წლისთავების აღნიშვნა!  ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც რევოლუციის წლისთავებს არ აღნიშნავენ. ხომ გვაქვს ერთი დამოუკიდებლობის დღე. ნუთუ საკმარისი  მიზეზი არ არის საზეიმოდ?! რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო დიდი დღესასწაული, ვიდრე დამოუკიდებლობის დღეა!.. ახლა კიდევ ეს მოიგონეს - "ვარდების რევოლუცია" ჯერაც არ დასრულებულა, ის ყოველდღიურად გრძელდებაო. ქვეყანა სულ უნდა ვითარდებოდეს და ამ პროცესს თუ რევოლუციას დავუძახებთ, ის ვერც ვერასდროს დასრულდება. მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: რევოლუციური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში მაშინ დასრულდება, როცა რევოლუციის წლისთავებს აღარ აღვნიშნავთ. არადა,  მუდმივად რევოლუციურ რეჟიმში ვიქნებით. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების ხელში? გჯერათ, რომ ესენი უარს იტყვიან "ვარდების რევოლუციის" წლისთავის აღნიშვნაზე? ჰოდა, რა გამოდის: რევოლუცია გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებაში "ნაციონალები" იქნებიან. ახალი ხელისუფლება კი, როცა უნდა მოვიდეს და ვინც უნდა იყოს, "ვარდების რევოლუციის" წლისთავებს, ბუნებრივია, აღარ აღნიშნავს. ამიტომ ვისაც რევოლუციის წლისთავების აღნიშვნა არ გვსიამოვნებს, ხელისუფლების შეცვლას უნდა დაველოდოთ, თუმცა აქ ერთი მთავარი პირობაა შესასრულებელი: ის ახალი ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა მოვიდეს და არა - რევოლუციის, თორემ მერე ითვალე რომელიმე "ცაცხვების" ან "ლეღვის ფოთლების" რევოლუციის წლისთავები.

KvirisPalitra.Geმიშა და შალვა

სააკაშვილმა დასაქმების პრობლემის გადაჭრა იმით დაიწყო, რომ საკუთარი თავი დაასაქმა. სულ ველოდი, რომ ამას გააკეთებდა, რადგან აშკარად ეტყობოდა, დაუსაქმებელი იყო. ხან რას მიაწყდა და ხან - რას. ახლა კი ისიც დაისვენებს და იმედია, ჩვენც. თავად განაცხადა, რომ შეთავსებით გლდანში გახსნილი გადამზადების ცენტრის დირექტორის პოსტს დაიკავებს. მე თუ მკითხავთ, ამაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია. იმ დღეს მან კიდევ ერთი ისეთი განცხადება გააკეთა, მაშინვე დავეთანხმე: "შალვა ნათელაშვილს თავის დროზე რომ ევლო ინგლისურის კურსებზე, შეიძლება ქართული ასოებით დაწერილი ტექსტის წამოძახება არ დასჭირვებოდა, რომ უფრო ღირსეულად წარმოედგინა საქართველო, თუნდაც ქართველების ან გამვლელების თვალში"," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ვეთანხმები - ძალიან სამარცხვინო იყო თეთრი სახლის წინ გამოჯგიმული ნათელაშვილის გაუგებარი ინგლისურის მოსმენა. ის კი არ იყო სამარცხვინო, ინგლისური რომ არ იცის, არამედ ის, რაც არ იცის, იმას რომ აკეთებს. იმ კადრებს რომ ვუყურე, შემეშინდა, ჩვენი მთავარი ლეიბორისტი ინგლისური ენის შეურაცხყოფისთვის არ დაიჭირონ-მეთქი, მაგრამ აქაც გამოჩნდა, ამერიკა დემოკრატიული ქვეყანა რომ არის. შალვა ამერიკელებს კი გადაურჩა, მაგრამ სააკაშვილის გაკენწვლას - ვერა. თუმცა ვფიქრობ, რადგან სააკაშვილი სასწავლებლის დირექტორობას აპირებს, მისი ასეთი საქციელი არაპედაგოგიურია. პედაგოგისთვის შესაფერისი საქციელი ის იქნება, ამერიკიდან ჩამოსულ შალვას თავის სასწავლებელში თუ დაიბარებს და ინგლისურში პირადად გადაამზადებს. ამაზე უკეთეს საქმეს, ალბათ, ვერ გააკეთებს. წარმოიდგინეთ, რა სანახავები იქნებიან მიშა და შალვა ინგლისურის გაკვეთილზე; "აბა, ნუ ზარმაცობ, შალიკო! რამდენი სიტყვა ისწავლე დღეისთვის?" - ეტყვის მკაცრი მიშა. "ჯერ ის მასწავლე, როგორ იქნება ინგლისურად: "ძირს პრეზიდენტი სააკაშვილი!" და დანარჩენს მერე მივხედავ," - უპასუხებს შალვა. "კარგი, გასწავლი, დაიმახსოვრე: "God Bless the President Saakashvili!"

ორმოში ჩავარდნილი ხალხის ამბავი

სულხან-საბას იგავი ორმოში ჩავარდნილი მეფის შესახებ ყველამ იცით. ჰოდა, ბოლო დროს ჩვენი ხელისუფლება სწორედ მეფის ორმოდან ამომყვან კაცს დაემსგავსა. ეს მსგავსება "ვარდების რევოლუციის" მერვე წლისთავის ზეიმზე უფრო მეტად გამოჩნდა.  შეამჩნევდით - ესენი უკვე მერვე წელიწადია, ქვეყანას მართავენ და სულ ერთი და იმავე მიღწევებით ტრაბახობენ. ჩაგვჩიჩინებენ: თქვე უმადურებო, შუქი რომ არ გქონდათ, დაგავიწყდათ? ახლა არა მარტო ოცდაოთხი საათი გაქვთ, არამედ ზედმეტიც გვრჩება და ექსპორტზე გაგვაქვსო, ან კიდევ: დაგავიწყდათ, ქუჩაში გამოსვლის რომ გეშინოდათ, "ოპელ ვექტრაზე" სარკეებს რომ იპარავდნენ, ახლა კი არც ღამე სიარულის გეშინიათ და აღარც მანქანის დატოვებისო. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა, კიდევ რამდენი ხანი უნდა გვიკიჟინონ ერთი და იგივე? მანამდე, სანამ ქართველი ხალხი საკუთარი ხელით არ დაგლეჯს სადენებს და ბნელში არ დაჯდება? ან რვა წლისთავზე სატრაბახო ისევ ის რომ გაქვს, რითიც თავს ორ წლისთავზეც იწონებდი, რას ნიშნავს?

მახსოვს, როდესაც აჭარაში ვცხოვრობდი, აბაშიძე დაუსრულებლად ამადლიდა ყველას, სამოქალაქო ომის დროს აჭარაში მშვიდობა შევინარჩუნეო. თავის დროზე აბაშიძემ აჭარაში მცხოვრებთათვის მართლაც დიდი საქმე გააკეთა (თუმცა ამით საკუთარ თავსაც იცავდა) - როდესაც "მხედრიონი" მთელ საქართველოს აწიოკებდა, აჭარაში ჯაბას ბიჭებს ცხვირი არ შემოაყოფინა და ჩვენ სამოქალაქო ომი არც კი გაგვიგია. თუმცა დამთავრდა სამოქალაქო ომი და მერე დაიწყო ჩვენი ტრაგედია. აბაშიძე და მისი ტელევიზია ყოველდღე დაგვძახოდნენ: ხომ კარგი ვქენით, მშვიდობა რომ შეგინარჩუნეთო. მერე სიტყვები არ იკმარეს და იმისთვის, რომ კარგად გაგვესიგრძეგანებინა აბაშიძის დამსახურება და ბოლომდე აღვვსილიყავით მადლიერების გრძნობით, ფილმიც გადაიღეს - "რას გადაურჩა აჭარა" და ატრიალებდნენ ამ ფილმს დაუსრულებლად. ფილმში ნაჩვენები იყო, რას აკეთებდა "მხედრიონი" სამეგრელოში. იყო გვამების დაუსრულებელი ჩვენება და კიდევ მრავალი ასეთი რამ. ბოლოს ხალხს ეს ყველაფერი ყელში ისე ამოუყვანეს, ზოგიერთი ამბობდა: აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი მშვიდობაო.

ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ ამ მდგომარეობამდე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი აღარ უკლია. ყოველდღე ხომ დაგვძახის: შუქი გაქვთ, მანქანებს აღარ გპარავენ, გზები დავაგეთ, საბუთებს მარტივად აკეთებთო და ა.შ. ფილმები ჯერ არ გადაუღიათ, მაგრამ კლიპებს ხომ გვიტრიალებენ, ჰოდა, ბოლოს იქამდე მიმიყვანენ, საკუთარი ხელით დავაძრობ  ჩემს მანქანას სარკეებს და დავულაგებ მერაბიშვილს სამინისტროს წინ. ახლა, მთლად მანქანას ვერ გავიმეტებ...