"სააკაშვილის პოლიტიკა მისი შიშებიდან გამომდინარეობს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პოლიტიკა მისი შიშებიდან გამომდინარეობს"

"პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, რომელიც ზურამ დატოვა"

დეკემბერი ბატონი ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ამიტომ ნინო ქადაგიძესთან საუბარი ბატონი ზურაბის გახსენებით დავიწყეთ, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შევეხეთ. რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილის ოფიციალურ ვერსიაზე? რატომ დათანხმდა ნინო ქადაგიძე "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას, მასთან ინტერვიუში შეიტყობთ.

- ზურაბი  საკმაოდ ახალგაზრდა, 41 წლისა გარდაიცვალა. 9 დეკემბერს 48 წლის უნდა გამხდარიყო. მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც 31 წლის ზურა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, 10-11 წლის შემდეგ კი, როცა ფაქტობრივად, თავისი შესაძლებლობის ზენიტში იყო, მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან...

რთული პერიოდი გავიარეთ, ხან "მხედრიონის" მეშინოდა, ხან თარგამაძის... ბოლოს ყველაზე ნაკლებად ვღელავდი, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდი მისთვის ყველაზე მეტად საშიში გამოდგა. იმაზე უფრო საშიში, ვიდრე სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებისას ზურას მანქანის დაცხრილვა ან აჭარის რევოლუციამდე პერიოდში მისი ჩოლოქზე გადასვლა იყო.

- როგორი მეუღლე და მამა იყო ზურაბ ჟვანია?

- ძალიან მკაცრი იყო.  საკუთარ თავს არაფრით ანებივრებდა, არც ჩვენ გვაძლევდა ამის საშუალებას.  ოჯახის ბიუჯეტიც საკმაოდ მოკრძალებული გვქონდა, არც განსაკუთრებული პრივილეგიებით ვსარგებლობდით, მაგრამ სიყვარულით სავსე და მზრუნველი ადამიანი იყო. ყოველ კვირას ზურას შვილებთან ერთად ხან ტყეში, ხან ეკლესიაში მივყავდი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები  ძალიან პატარები იყვნენ, ზურა მათ ძალზე საინტერესოდ ესაუბრებოდა. ეს ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერი პერიოდი იყო, რისთვისაც ღირდა მთელი ჩემი სიცოცხლე.  დარწმუნებული ვარ, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ქართული პოლიტიკა სულ სხვანაირი იქნებოდა.

- და მაინც, მისი პოლიტიკა სააკაშვილისგან განსხვავებული რით იქნებოდა?

- სააკაშვილის პოლიტიკა მისი შიშებიდან გამომდინარეობს. ავტორიტარული სწრაფვაც ამით აიხსნება.

ზურას არ ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნიჭიერი ადამიანების, ბევრი მათგანი სწორედ მან მოიყვანა პოლიტიკაში.

იცოდა, რომ ერთი მხრივ,  დემოკრატია არის განვითარების ერთ-ერთი საშუალება ქვეყნისთვის, მეორე მხრივ კი, არის მუდმივი რისკი, რომ დაკარგავ ძალაუფლებას. ზურა გაბედული კაცი იყო. მას შეეძლო საქართველოს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში დიდი  როლი შეესრულებინა.

- როგორ აღნიშნავთ მის დაბადების დღეს?

- ამ დღეს დიდი ტკივილით ვხვდებით. თითქმის ყოველ წელს რაღაცის გაკეთებას ვცდილობთ, ხან წიგნი გამოიცა ზურას შესახებ, ხანაც ფილმი გადაიღეს. ამჯერად ზურაბ ჟვანიას საარქივო საიტის პრეზენტაციაა დაგეგმილი, სადაც მისი პოლიტიკური გამოსვლები, ვიდეო თუ აუდიომასალა იქნება თავმოყრილი. საიტის პრეზენტაციას ზურას ყოფილი თანაგუნდელები, როგორც ხელისუფლების, ასევე  ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

- ჰქონდა თუ არა შანსი ზურაბ ჟვანიას, ქვეყნის პირველი პირი გამხდარიყო?

- ალბათ, ჰქონდა. ჩემი აზრით, ის იყო ძალა, რომელიც პოლიტიკაში მაღალ სტანდარტს ამკვიდრებდა.

- "ვარდების რევოლუციის" მერვე წლისთავს როგორ შეხვდით?

- სახელისუფლებო არხებისთვის თვალიც აღარ შემივლია. არც ხელისუფლებისგან მიმიღია ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიპატიჟება.

- "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თქვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

KvirisPalitra.Ge- ჩვენი შეხვედრა უფრო გაცნობითი ხასიათის იყო. პირველად ზურას  შევარდნაძის  ინიციატივით შეხვედრია, მაშინ ივანიშვილი "მოქალაქეთა კავშირს" უჭერდა მხარს. ბატონმა ბიძინამ მითხრა, ზურა სუფრასთან ძალიან გახსნილი იყოო. მათი მეორე შეხვედრა ვაშლიჯვრის ოფისში შედგა, სადაც ზურას ასევე სასიამოვნო შთაბეჭდილება დაუტოვებია. რასაკვირველია,

მაინტერესებდა ბატონი ბიძინას დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრის გაზით გაგუდვის ვერსიის თაობაზეც. დაახლოებით ერთი აზრი გვაქვს ამ საკითხზე და ისე ვფიქრობთ, როგორც საზოგადოების უმრავლესობა...

- გაწევრდებით თუ არა საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში", რაც ბიძინა ივანიშვილმა შემოგთავაზათ?

-  შემომთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ არ ვიცი, რა ფორმით. მე დავეთანხმე. ახლა ველოდები მოვლენების განვითარებას. თუმცა, ჩემთვის პრიორიტეტი შვილების აღზრდაა და დრო და ენერგია უპირველესად მათ უნდა მოვახმარო, მაგრამ "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას ვუცხადებ. ძირითადად, ორი მიზეზის გამო ვთვლი თავს ვალდებულად, მივიღო  ამ პროცესში მონაწილეობა: პირველი - ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა, რათა მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცეთ, მეორე - პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, რომელიც ზურამ დატოვა.

ამიტომაც ჩემი თუნდაც მცირედი მონაწილეობა ამ პროცესში აუცილებლობადაც კი მიმაჩნია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ ხალხს იმედი გაუჩინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.