"კავკასიური ცარცის წრის" ლოგიკა - კვირის პალიტრა

"კავკასიური ცარცის წრის" ლოგიკა

დღეს ორი დიდი კონფლიქტია საქართველოში: კოკოითი-ჯიოევასა და ღლონტი-კიწმარიშვილის, თან, ისეთი პირი უჩანს,  შეაიძლება პირველი უფრო მალე მოგვარდეს, ვიდრე მეორე. ეს კი ძალიან დიდი დარტყმაა საქართველოში ისედაც მბჟუტავი დემოკრატიისთვის. ბუნებრივია, იმის გარჩევას არ მოვყვები, ვინ უფრო მართალია. ამ ჩახლართულ ამბავში დღეს დიდი ბრძენიც ვერ გაერკვევა. რა თქმა უნდა, ყველაზე იოლია ორივე მხარე დაადანაშაულო, მაგრამ ამავე დროს ეს სიმართლეც რომ ჩანს, რა ვქნათ? არ ვთქვათ? სიმართლე კი იმიტომ მგონია, რომ ღლონტი-კიწმარიშვილის კონფლიქტი ამ უკანასკნელის ღობეზე გადაძრომით არ დაწყებულა. გაცილებით ადრე დაიწყო და შეეძლოთ საქმე აქამდე არ მიეყვანათ. გარედან ისეთი  შთაბეჭდილება იქმნება, რომ ორი, ერთმანეთის თანასწორი მეტოქე შეება ერთმანეთს და ეს ვითარებას მეტად ამწვავებს.

საბოლოოდ კი იჭყლიტებიან ჩემი კოლეგები, რომლებიც "მაესტროში" მუშაობენ და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან; იჭყლიტება თავისუფალი სიტყვა და მოქალაქეების უფლება, მიიღონ ობიექტური ინფორმაცია; გაჭყლეტილი გამოდის ის მცირე ბალანსი, რომელსაც მონოპოლიზებულ საინფორმაციო სივრცეში "მაესტრო" "კავკასიასთან" ერთად ქმნიდა. მაპატიეთ, მაგრამ პირადად მე სულ არ მენაღვლება, მოგებული ღლონტი დარჩება თუ კიწმარიშვილი (რასაც ვერ ვიტყვი ჯიოევა-კოკოითის დაპირისპირებაზე), არ მაინტერესებს, ვინ ვინ გადააგდო, ვინ ვინ მოატყუა და ა. შ. ჩემი, როგორც "მაესტროს" მაყურებლის, ინტერესია, ეს არხი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ რეჟიმს და მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას. ვფიქრობ, "მაესტროში" შექმნილ სიტუაციას "კავკასიური ცარცის წრის" ლოგიკით უნდა მივუდგეთ. ანუ,  ღლონტსა და კიწმარიშვილს შორის მართალი ის იქნება, ვინც ბავშვს ხელს პირველი გაუშვებს. სხვა კრიტერიუმი მათ შესაფასებლად ჩვენთვის, მაყურებლებისთვის, არ უნდა არსებობდეს.

P.S. ისე, საინტერესოა, ეროსი კიწმარიშვილს თავის ალპინისტურ კარიერაში სხვა რომელი მწვერვალი აქვს დაპყრობილი "მაესტროს" ღობის გარდა?