"ახლა ცხინვალში ანტირუსული განწყობაა და ეს აშინებს რუსეთს" - კვირის პალიტრა

"ახლა ცხინვალში ანტირუსული განწყობაა და ეს აშინებს რუსეთს"

"თედეევს დაქადებული აქვს, - როდესაც კოკოითი არ იქნება პრეზიდენტი, აუცილებლად მოვკლავო"

30 ნოემბერს ცხინვალში ედუარდ კოკოითის გადადგომისა და ალა ჯიოევასთვის ხელისუფლების გადაცემის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო მიტინგები გრძელდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  ცხინვალში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება, რამაც შესაძლოა, საქართველოშიც შემოაღწიოს. რისთვის იბრძვიან საპრეზიდენტო კანდიდატები  და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ცხინვალში, - ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ყველა კანდიდატი, რომელიც დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობდა, რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს. არადა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბიბილოვი უფრო სასურველი კანდიდატია რუსეთისთვის, ვიდრე ჯიოევა.

- ამ ამბავში მთავარი იმ ფულის გაყოფაა, რომელიც მოსკოვიდან ცხინვალში იგზავნება. ბოლო სამი წლის განმავლობაში  ცხინვალში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე გაიგზავნა. როგორც ცხინვალელები ამბობენ, ამ თანხის მხოლოდ 30% მივიდა ცხინვალამდე, ისიც ნახევარი ჩინოსანთა გუნდმა წაიღო კოკოითის და პრემიერ ვადიმ ბროვცევის მეთაურობით, დანარჩენი კი რუსული ბაზის გამართვას  მოხმარდა. ცხინვალი კი, როგორი დაქცეული და დანგრეულიც იყო, ისეთივე დარჩა.

მოკლედ, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების აჟიოტაჟის მთავარი მიზეზი ფულის  გაყოფაა, ვინ იქნება ფულის ხაზინადარი, რომელიც მოსკოვში უნდა ჩაჰბარდეს მავანს. იმედოვნებდნენ, რომ ეს ბიბილოვი იქნებოდა, მაგრამ მან წააგო. ჯიოევა-თედეევის კლანიც მიიტანდა ფულის ნაწილს, მაგრამ იმდენს არა, რამდენსაც ბიბილოვი. ამიტომაც მიდის ახლა ბრძოლა.

- რა სცენარით შეიძლება  განვითარდეს მოვლენები?

- კოკოითი გააფრთხილეს, რომ ცხინვალში 4 დეკემბრის, ანუ საარჩევნო თარიღის ჩათვლით სისხლი არ დაღვრილიყო. რუსეთს სატელიტ ტერიტორიაზე არ სჭირდება არეულობა არჩევნების დროს. 4 დეკემბრის შემდეგ კი შეიძლება სისხლიც დაიღვაროს, რადგან ახლა ცხინვალში ერთმანეთის პირისპირ დგანან კოკოითის მიერ კონტროლირებული შეიარაღებული ძალები და დაპირისპირებული მხარე, რომელიც ასევე შეიარაღებულია კბილებამდე.

- ვისი ინტერესი დომინირებს ახლა ცხინვალში და საერთოდ, ოსური ინტერესი არსებობს კი?

- ხშირად ამბობენ, რომ მოსკოვმა ის შეცდომები გაიმეორა, რაც 2004 წელს აფხაზეთში, როდესაც ჯიუტად იცავდა ერთ კანდიდატს და გაიმარჯვა მეორემ. მაშინ მოქმედებდა ორი ძირითადი მოთამაშის ნება, მოსკოვისა და აფხაზი საზოგადოებისა, ახლა კი მოქმედებს მოსკოვის, ოსი საზოგადოებისა და კოკოითის ნება. კოკოითი ახლა რამდენიმე თამაშს თამაშობს, მათ შორის - მოსკოვის წინააღმდეგაც. ის თავიდანვე ითხოვდა მყარ გარანტიას, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება: მისი ქონება დაცული იქნებოდა, უბოძებდნენ განსაკუთრებულ მდგომარეობას, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე პარტიის ლიდერისას და დაცული იქნებოდა მისი უსაფრთხოებაც. ჯიოევა-თედეევის ხელში  კი კოკოითის გარანტირებული აქვს სასიკვდილო განაჩენი. სწორედ კოკოითის შეკვეთით მოკლეს თედეევის ძმა. თედეევს დაქადებული აქვს, - როდესაც კოკოითი არ იქნება პრეზიდენტი, აუცილებლად მოვკლავო. ასე რომ, კოკოითი ახლა თავისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის და ამისთვის ყველაფერზე წავა.

- და აქვს საამისო რესურსი?

- არც სჭირდება განსაკუთრებული რესურსი. ვთქვათ, ცხინვალში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტმა გადმოიწია საქართველოსკენ, ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე ატყდა ომი. ქართული მხარე იძულებული იქნება, ჩაერთოს, რუსული მხარეც იძულებული იქნება, იგივე გააკეთოს. მოკლედ, კოკოითი რას არ ჩაიდენს, რომ თავი გადაირჩინოს, მათ შორის იმასაც, რომ რუსეთი და საქართველო დააჯახოს ერთმანეთს. 25 მარტამდე მას გარანტირებული აქვს ხელისუფლებაში ყოფნა და შეუძლია ამ დროის განმავლობაში მართოს ვითარება.  მოსკოვში კარგად ხვდებიან, რომ ეს არეულობა ნაწილობრივ კოკოითის ინსპირირებულია.

- ყველაზე უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია თავის დაზღვევა?

- ამის თქმა ძნელია. საქართველოს ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ საზღვართან არ უნდა მიაახლოოს საპოლიციო ძალები, რომ პროვოკაციის საშუალება არ მისცეს ვინმეს. ამასთან, ყურადღებით უნდა დააკვირდეს პროცესების განვითარებას და მოიზიდოს ის ხალხი, ვინც იცის, ცხინვალში რა ხდება. ახალგორში ქართველი მოსახლეობის აქტივობამ პირველ ტურში - კოტოევის, მეორეში კი ჯიოევას მხარდასაჭერად, ბევრი კითხვა გააჩინა. ვფიქრობ,  ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წევრი რაღაც დონეზე არაადეკვატურად არის ჩარეული ამ პროცესში. გაუგებარია, რატომ უნდა მისცე არგუმენტირებული სალაპარაკო მოწინააღმდეგეს? კოკოითიმ უკვე განაცხადა მიტინგზე, რომ ქართული მხარე ეხმარება ჯიოევას, რომ ცხინვალში მიმდინარე მიტინგის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა ქართული ტელეარხებით. არადა, ცხინვალელმა ცხოვრებოვმა შეძლო ინტერნეტში პირდაპირი ტრანსლაციის ჩართვა, რასაც, ბუნებრივია, ქართველი მომხმარებელიც ჰყავდა, კოკოითიმ კი ეს გამოიყენა და ამაზე ააგო ჯიოევას მიმართ ანტიპროპაგანდა.

ახლა ცხინვალში ანტირუსული განწყობაა და ეს აშინებს რუსეთს. ისიც კარგად იცის, რომ წყლის ამღვრევის როლში ქართული კარტის გათამაშებას აზრი არა აქვს. ამიტომაც ამას მაინცდამაინც არ ცდილობენ, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.