"ზოგჯერ ისეთი გარემოებებია, რომ მტრების ინტერესებიც ემთხვევა" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ ისეთი გარემოებებია, რომ მტრების ინტერესებიც ემთხვევა"

"კარგად ვხედავთ, სააკაშვილი რა ფორმაშიცაა ივანიშვილის გამოჩენის შემდგომ"

"ჯერ არ შევხვედრივარ ბატონ ბიძინას. თუ საჭირო ვიქნები, ულაპარაკოდ ჩავერთვები

ამ საქმეში"

"ყველაზე კარგი დიპლომატია გულწრფელობაა"

"გულახდილი ვიქნები, მაგრამ რაღაცებს ვერ ვიტყვი", - ასე დაიწყო "კვირის პალიტრასთან" საუბარი "ქართული პარტიის" ექსთავმჯდომარე სოზარ სუბარმა. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს.

- პარტიიდან წასვლა ოქტომბრის ბოლოს გადავწყვიტე. აღარც დავდიოდი. სამი კვირის წინ რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა მთხოვეს შეხვედრა. რომ მივედი, 20-მდე რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დამხვდა და უმრავლესობამ მითხრა, სადაც წახვალთ, ჩვენც იქ ვიქნებითო. ყოფილი თანაპარტიელების უამრავი შMშ-შეტყობინება მაქვს, თუ თქვენ პარტიაში არ იქნებით, ჩვენც წამოვალთო. ვიცი, რომ თბილისის ხუთივე ორგანიზაციის თავმჯდომარე წამოსულია. ასევე დატოვეს პარტია კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა.

- უცნაურია, რომ "ქართული პარტიის" დატოვების მიზეზზე არაფერს ამბობენ არც ლევან გაჩეჩილაძე, არც კოტე გოგელია და თქვენც თავს იკავებთ. რა გაიძულებთ დუმილს?

- არ არის სწორი შიდა პრობლემების გარეთ გამოტანა. ეს პარტია შეიქმნა როგორც განსხვავებულთა ერთობა, ეს იყო შეუთავსებელთა შეთავსების მცდელობა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ მოკლე დისტანციისთვის. არის პიროვნული ნიუანსებიც, რაზეც საუბარს არ ვაპირებ.

- ოქრუაშვილმა განაცხადა, სოზარ სუბარი კოტე გოგელიას ჯიბეს ჩამოეკიდა და იმის დაკრულზე ცეკვავს, ვინც ფულს უხდისო.

- არ არის ლამაზი ასეთი განცხადებების გაკეთება მას შემდეგ, რაც გაიყრებით. ეკლესიაში ცოლ-ქმარი რომ ჯვარს იწერს, იმის აყრა ხდება ლეგიტიმურად და რა გახდა პარტიიდან წასვლა, რომ ადამიანები მტრად არ დაშორდნენ და ტალახის სროლა არ დაიწყონ.

- თქვენ "მაესტროში" ვითარების გამწვავების შემდეგ განაცხადეთ, რომ პარტიას ტოვებთ. კიწმარიშვილს გაემიჯნეთ?

- პარტიიდან წამოსული ვიყავი, მაგრამ პრესასთან ამის თქმა არ მინდოდა განსაზღვრულ მომენტამდე, მაგრამ როდესაც "მაესტროში" ასეთი ამბავი მოხდა, შინ ვერ დავრჩებოდი. ჟურნალისტები შემომესივნენ და რა უნდა მეთქვა, რომ იქ ვიდექი, როგორც "ქართული პარტიის" თავმჯდომარე? შეუძლებელი იყო დამემალა, რომ პარტია დავტოვე.

"მაესტროს" დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას ერთმანეთთან პრეტენზიები რომ აქვთ, ეს არავის საქმე არ არის, მაგრამ როდესაც ტელეკომპანიის ტერიტორიაზე იჭრებიან და ჟურნალისტებს არ ეძლევათ მუშაობის საშუალება, ეს ყველა ჩვენგანის საქმეა, მით უმეტეს, რომ პოლიცია მხარის როლში გამოვიდა და მუშაობის  პირობების უზრუნველყოფის ნაცვლად ჟურნალისტებს გარეთ ერეკებოდნენ.

თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ კიწმარიშვილმა ბევრი რამ გააკეთა ტელეკომპანია "მაესტროსთვის". არ ვიცი, რა ოდენობის თანხებს ხარჯავდა, მაგრამ ვხედავდი, რომ არ ერეოდა ჟურნალისტების საქმიანობაში. მეტიც, ამის გამო პარტიის ზოგიერთი წევრი ეროსის პრეტენზიასაც უყენებდა და ის ყოველთვის ჟურნალისტებს იცავდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ღობეზე მის გადაძრომას და ბრალდებებს რაღაც თანხების თაობაზე.

მამუკა ღლონტი და "მაესტროს" დამფუძნებლები ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ ტელევიზიის გაყიდვას.

კიწმარიშვილი კი ამბობდა, რომ 1 ლარად გადასცემდა "მაესტროს" მართვას ბიძინა ივანიშვილს. თუ მას მიაჩნია, რომ ივანიშვილისაგან უნდა დაიცვას "მაესტრო", რადგან ტელეკომპანია მის ხელში პოლიტიკურ იარაღად იქცევაო, რატომ უგდებდა ხელში ტელეკომპანიის მართვას?

- ოქტომბრის მიწურულიდან პარტიაში აღარ ხართ, ოქტომბრის დამდეგს კი გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც მან, ფაქტობრივად, პარტიის დატოვებისკენ მოგიწოდათ. თქვენი გადაწყვეტილება ამას უკავშირდება?

- გადაწყვეტილი რომც მქონოდა პარტიის დატოვება, ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა, პარტია დამეტოვებინა. იგივე მოხდა, რაც 26 მაისს. გული მიკვდებოდა, როდესაც იქ არ ვიყავი, მაგრამ, რადგან გაისმოდა მოწოდება, ველოდებით სოზარ სუბარს, მაგრამ მისი პარტიული მეგობრები არ მოვიდნენო, ცხადია, მეც ვერ მივიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის განცხადება დამაბრკოლებელი იყო ჩემთვის, მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერ შევეგუებოდი და წამოვედი. ივანიშვილის გამოჩენამ ბევრი პროცესი სხვანაირად შეატრიალა ქვეყანაშიც და "ქართულ პარტიაშიც".

- ბიძინა ივანიშვილმა რომ შემოგთავაზოთ, მის მოძრაობასთან ითანამშრომლებთ?

- ჯერ არ შევხვედრივარ ბატონ ბიძინას. თუ საჭირო ვიქნები, ულაპარაკოდ ჩავერთვები ამ საქმეში. მთავარია, ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს და თუ ამაში დადებით როლს შევასრულებ, სიამოვნებით გავაკეთებ ამას.

- ზოგი ამბობს, ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ წააქეზაო.

- გამოვრიცხავ, რომ ეროსი ხელისუფლების შეკვეთას ასრულებს, მაგრამ რაც "მაესტროში" ხდება, ეს სწორედ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

ეროსიმ შეცდომა დაუშვა, როცა ტელეკომპანიაში ძალით შევიდა, მაგრამ მას მიეცა შანსი, პრობლემა მოლაპარაკებით გადაეწყვიტა. იყო ლაპარაკი, რომ აღდგენილიყო სტატუს კვო, ანუ, ეროსის და მის თანმხლებ პირებს დაეტოვებინათ "მაესტროს" შენობა და კონფლიქტი სამართლებრივი დავის გზით წარმართულიყო. ამ პირობებს ეროსი კიწმარიშვილი თავიდან დათანხმდა, მაგრამ 15-წუთიანი შესვენება ითხოვა. ამ დროის განმავლობაში თურმე ის ტელეფონით ესაუბრა ვიღაცას და მერე განაცხადა, რომ მისი თავდაპირველი მოთხოვნები არ შეიცვლებოდა.

- სავარაუდოდ, ოქრუაშვილს დაელაპარაკებოდა. საზოგადოების ნაწილი თავიდანვე ფიქრობდა, რომ კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი ხელისუფლების თამაშს ითამაშებდნენ.

- ოქრუაშვილი ხელისუფლების ზოგიერთ წევრთან ისეა დაპირისპირებული, როგორც არავინ სხვა. კიწმარიშვილიც არ არის ბედნიერი, რომ ამ ხელისუფლებამ ქონება წაართვა. ორივენი მოტივირებული იყვნენ, რომ ხელისუფლება შეეცვალათ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გარემოებებია, რომ მტრების  ინტერესებიც ემთხვევა. შეიძლება ვიღაცას ხელს აძლევდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების პროცესი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით.  ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესს აზრი მისცა. გაჩნდა რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს გაყალბებისა და ძალადობის მექანიზმს. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღარ გააყალბებს და ან ძალადობა არ იქნება, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკური პროცესებისა და არჩევნებისადმი ისეთი ნდობა და იმედი გააჩინა, რომლის დამარცხებაც ძალიან ძნელია. ხელისუფლებას კი უნდა ეს იმედი ჩაკლას. ცხადია, ხელისუფლება იოლად არ წავა, რადგან არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ მოპარულ მილიარდებსა და პრივილეგიებს ვერ თმობს.

- სააკაშვილმა განაცხადა, ივანიშვილი გვაიძულებს, რომ ფორმაში ვიყოთ და ეს კარგიაო.

- კარგად ვხედავთ, რა ფორმაშიცაა. მისი განცხადებები და ქცევა აღარ შეესაბამება ნორმალური ადამიანისას. სააკაშვილს ხელისუფლებაში ჰყავს მონები, რომლებიც  ვერაფერს უბედავენ და ნებისმიერ სურვილს უსრულებენ. ივანიშვილმა კი სრულიად სხვა ურთიერთობები შემოიტანა პოლიტიკაში, - ადამიანურად ლაპარაკობს და გიჩნდება განცდა, რომ გულწრფელია, ვერ ხედავ სიყალბეს. ყველაზე კარგი დიპლომატია გულწრფელობაა.

ხელისუფლებისაგან არასოდეს გვსმენია შეცდომის აღიარება, ივანიშვილს კი ამის არ ეშინია. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ბრძოლა ისევ შესაძლებელი გახდა. ხალხის იმედსა და რწმენას კი ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს.