"ჩვენ შეიძლება შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ის გზა, რასაც ვადგავართ, სწორია" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შეიძლება შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ის გზა, რასაც ვადგავართ, სწორია"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდგომ ორთვიანი დუმილი დაარღვია. მასთან საუბარი იმ კვლევების შეფასებით დავიწყეთ, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა IRI-მ ჩაატარა.

- კვლევები ჩვენთვის კვლავ არის იმ პრობლემების ინდიკატორი, ქვეყანას რომ აქვს, და სწორად ვრეაგირებთ თუ არა. უმთავრესი პრობლემა კვლავ უმუშევრობაა. A\ამიტომაც ჩვენ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე ვმუშაობთ, რომელთა გადაწყვეტა ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრებას უკეთესს გახდის.

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით კვლევა  IPI-იმ ჩაატარა. რაც შეეხება იაგო კაჭკაჭიშვილის (სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი) კვლევებს, არ ვიცი, ვისი დაფინანსებით ჩატარდა. როგორც ვიცი, ეს იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით, რომელიც ივანიშვილის დახმარებით შეიქმნა. როდესაც მეცოდინება კაჭკაჭიშვილის კვლევა როგორ ჩატარდა და როდესაც ცნობილი გახდება მისი დამკვეთის ვინაობა, მერე შემიძლია მასზე ლაპარაკი. ამიტომაც ამჯერად შემიძლია მხოლოდ IRI-ს კვლევაზე ვილაპარაკო.

- IRI-ს კვლევით, სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკური ძალა მოდის.  ახალშექმნილი პოლიტიკური ძალისთვის, ალბათ, ეს კარგი შედეგია.

- როდესაც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" NDI-ს კვლევით 52% ჰქონდა, ახლა კი 42% გაუხდა და მხარდამჭერები მოაკლდაო, ეს შეცდომაა. IRI-ის შედეგებიდან გამოკლებული არიან ის მოქალაქეები, ვინც არ მიდიან არჩევნებზე და ვინც პასუხი არ გასცა. რეალურად ჩვენ შენარჩუნებული გვყავს ამომრჩეველი. ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის გამო სადღაც გაიზარდა და სადღაც  შემცირდა ამომრჩეველთა რაოდენობა. ქრისტიან-დემოკრატების გარდა, ყველა ოპოზიციურ ძალას ცუდი მაჩვენებელი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ ძალის შემოსვლამ სხვა ოპოზიცია ჯერჯერობით ნულზე დაიყვანა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ელასტიკურია, - ახალი მოთამაშე რომ შემოდის, ვიღაცას აკლდება ხმები, ვიღაცას ემატება. არ არის გამორიცხული, როდესაც ახალი პოლიტიკური ძალა ფორმას მიიღებს, სხვა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ისევ დაიბრუნონ ამომრჩეველი.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მიმართ კეთილგანწყობა დიდია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, მოსახლეობის 55%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

- IRI-ის კვლევაში არის პრესის რეიტინგი, სადაც "კვირის პალიტრა" ლიდერია.

- მე ვნახე რეიტინგები, თუ  საიდან იღებს პოლიტიკურ ინფორმაციას მოსახლეობა. 97% ამბობს, რომ ტელევიზიით, 28% - გაზეთებით, 19%  -  მეგობრებისგან და 14% - ინტერნეტით. მათგან, ვინც გაზეთით იღებს ინფორმაციას, 68%-მა "კვირის პალიტრა" დაასახელა. კითხვაზე, რომელ გაზეთს ენდობით, 43% "კვირის პალიტრას" ასახელებს. როდესაც მოსახლეობის 43% ამბობს, რომ გაზეთს ენდობა, ეს ძალზე კარგი მაჩვენებელია.

- როგორ უყურებთ იმ საკითხს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით უკვე 300 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.

- ვერავინ იტყვის, რომ ივანიშვილისთვის კანონიერად არ ჩამოურთმევიათ მოქალაქეობა. ერთი გზა არის სასამართლოს გზა, მეორე - პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართვა. როგორც ვიცი, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს პრეზიდენტს. აჯობებს ამ საკითხს იურიდიულად მივუდგეთ, მისი პოლიტიზაცია არ არის მიზანშეწონილი.

-  იქნებ საზოგადოებას აუხსნათ, რატომ გახდა ქალაქ ლაზიკის აშენება საჭირო და კიდევ, ძალიან უცნაური იყო განცხადება, რომ ამ ქალაქში სახელმწიფო 200-მილიონიან ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნახევარმილიონიანი ქალაქი ამ თანხით ვერ აშენდება.

- თავგამოდებით გვაკრიტიკებდნენ სიღნაღის, მცხეთისა და თბილისის რეაბილიტაციის დროსაც. სიღნაღის რეაბილიტაციისათვის თანხის ნაწილი სახელმწიფომ გაიღო, უფრო მეტი კი ბიზნესმა. როდესაც სახელმწიფო ინვესტირებას აკეთებს, ეს გულისხმობს წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზმომარაგების მოგვარებასა და გზების გაკეთებას.  ინფრასტრუქტურაში ჩვენ მიერ ინვესტირებული თანხა სხვა ინვესტიციებს მოიზიდავს. ლაზიკა ყულევის პორტის ახლოს აშენდება. არის დიდი პერსპექტივა, რომ გურიაში, გრიგოლეთში გაკეთდეს პორტი. მოსახლეობის დასაქმებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია ზღვისპირეთში სამუშაო ადგილების შექმნა.

- ვარაუდობენ, რომ ცხინვალში დაძაბულობას პუტინი საქართველოს საწინააღმდეგო პროვოკაციების მოსაწყობად  გამოიყენებს.

-  თუ აქამდე ევროპაში რუსეთს ვინმე პარტნიორად უყურებდა, დღეს პუტინი ბუაა. ის ვეღარ დაიწყებს ომს, თუნდაც ოლიმპიადის გამო. ოლიმპიადაში რუსეთმა მილიარდები ჩადო და მას ეჭვქვეშ არ დააყენებს.

როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგია დასაწყებიო, რა აზრი აქვს ამას, როდესაც იქ ამინდს რუსეთი ქმნის. ახირება კი არა გვაქვს, რომ აფხაზებსა და ოსებს არ დაველაპარაკოთ, მაგრამ, თუ დაელაპარაკები, ეს იქნება რუსულ თამაშში ჩართვა. ეს დიალოგი შეიძლება 100 წელიწადს გაგრძელდეს.

- ითქვა, რომ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები ივანიშვილის გუნდში...

- არ არის საჭირო კითხვის დამთავრება. არ მივდივარ. ოპოზიცია იმასაც ამბობდა, "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტს ჩააგდებსო და პრეზიდენტი კი ვადამდე არჩევნებს დანიშნავსო, მაგრამ ეს არგუმენტი ხელიდან გამოვაცალეთ ოპოზიციას. ჩვენ შეიძლება შეცდომებსაც ვუშვებთ და გაკრიტიკებასაც ვიმსახურებთ, მაგრამ ის გზა, რასაც ვადგავართ, სწორია. ჩემთვის უმთავრესია, საქართველოს გზა იყოს ნატო და ევროკავშირი, მხოლოდ ეს გზა არ მოგვატრიალებს მოდერნიზებული საბჭოთა კავშირისა და რუსეთისკენ.