რატომ ათავისუფლებენ ივანიშვილის მხარდამჭერებს სამსახურებიდან? - კვირის პალიტრა

რატომ ათავისუფლებენ ივანიშვილის მხარდამჭერებს სამსახურებიდან?

"დიდთოვლობის გამო სოფლიდან მიცვალებული ვერ გავასვენეთ, გამგებელმა კი გვითხრა, ბიძინა ივანიშვილის

ტექნიკით გზას არ გაგიწმენდთო"

საჩხერის რაიონის სოფლებში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს ცივილიზებული სამყაროსთვის უცხო და წარმოუდგენელი პრობლემები ექმნებათ, - უსამსახუროდ  რჩებიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეები. როგორც შევიტყვეთ, მათ ემუქრებიან კიდეც. გაათავისუფლეს თუ არა თანამდებობიდან ჭორვილის სკოლის დირექტორი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო დალია, ჩვენ ამ საკითხითაც დავინტერესდით.

ინგა ზაბახიძე, საჩხერის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე: - ჯერჯერობით ჭორვილის სკოლის დირექტორი ნუკრი გოგატიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის, ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროებენ. სკოლებში საგადასახადო ინსპექცია შევიდა. დირექტორებს ემუქრებიან, მაგრამ ისინი ამას არ ამბობენ. ჩვენ მაშინვე გავახმაურეთ ინფორმაცია, თუ როგორ სთხოვდა რაიონის ხელმძღვანელობა პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს, უარი ეთქვათ ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე, რომელსაც სახელფასო დანამატად იღებდნენ. ხალხზე ზეწოლა განსაკუთრებით მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციის წინ გაძლიერდა.

- რას გულისხმობთ?

- არაერთ ოჯახში დარეკეს, აგინებენ და ლანძღავენ. სამსახურებიდან თითქმის ყოველდღიურად ათავისუფლებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიის გამო.

თემურ კვესაძე, საცურაო აუზის ყოფილი დირექტორი: - ისე გამათავისუფლეს, ოფიციალურ ბრძანებაში მიზეზი არც არის ახსნილი. სამაგიეროდ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძემ პირდაპირ მითხრა, სამსახურიდან იმიტომ გიშვებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ხარო. ჩემი გათავისუფლების ბრძანებას ხელს საჩხერის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე აწერს. არ მოეწონათ, რომ ტელეკომპანია "მაესტრომ" გაახმაურა პრეზიდენტის სახელზე დაწერილი თხოვნა, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ვითხოვდით. აბჟანდაძემ ამის გამო ახსნა-განმარტება მომთხოვა. პირდაპირ ვუთხარი, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვიქნები-მეთქი. მაშინ ისღა დაგვრჩენია, თანამდებობიდან გაგათავისუფლოთო. ვიდრე გამათავისუფლებდნენ, ჩემთანაც დარეკეს. ისეთი ლანძღვა-გინების ნიაღვარი დამატეხეს, ვერც გავიმეორებ...

2004 წელს ჭორვილის საჯარო სკოლაში საცურაო აუზი აშენდა. მე ცურვაში საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი. ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ჩემი მონაცემებით და ჭორვილის სკოლაში ცურვის მასწავლებლად დამასაქმა. შემდეგ ბატონმა ბიძინამ საჩხერის რაიონში საცურაო აუზი ააშენა და მისი სურვილით ხელმძღვანელად მე დამნიშნეს.  ყველაზე კურიოზული ის არის, რომ იმ  საცურაო აუზის დირექტორობიდან გამათავისუფლეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აშენებულია, თანაც სწორედ იმის გამო, რომ  მას მხარს ვუჭერ.

რუსუდან ნოზაძე, სოფელ ჯალაურთის საკრებულოს ყოფილი სპეციალისტი: - ნოდარ აბჟანდაძე ერთ დროს ისტორიას მასწავლიდა, მაგრამ ახლა მას აღვიქვამ არა როგორც ყოფილ მასწავლებელს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს სწორედ ისე, როგორც ნუგზარ წიკლაური. სხვა თუ არაფერი, ამორალურადაც კი მიმაჩნია იმ კაცის ძაგება, რომელიც სახლს სამჯერ გადაგიხურავს, წვიმისა და თოვლისგან დაცული უნდა იყოო. აბჟანდაძეს ეს ვუთხარი და ისიც განვაცხადე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, არა მხოლოდ მე, მთელი საჩხერე  ივანიშვილს მხარს დაუჭერს-მეთქი. ამ საუბრის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და საჩხერის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ დამიბარა და მკითხა, შეგიძლია გაიმეორო ის, რაზეც აბჟანდაძესთან ილაპარაკეო. მასაც ის ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. თუ ასე ფიქრობ და არც აზრის შეცვლა გინდა, მაშინ დაწერე განცხადება და წადიო, "მირჩია" ცერცვაძემ. განცხადება არ დავწერე და თავადვე მიიღეს გადაწყვეტილება. ჩემი თანამშრომლები დაიბარეს და სთხოვეს, დაეწერათ, რომ მოვალეობას სათანადოდ ვერ ვასრულებდი. მათ ეს ვერ გააკეთეს და დაწერეს, რუსუდან ნოზაძე ხშირად გამოხატავს განსხვავებულ პოლიტიკურ აზრსო. ამის საფუძველზე გათავისუფლება წარმოუდგენელიც კი იყო. ასეა თუ ისე, ბრძანებაში მაინც ასე ჩაწერეს, რუსუდან ნოზაძე ჯეროვნად არ ასრულებდა მოვალეობასო...

ჩემი აღშფოთების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენი სოფელი ბლოკადაში მოაქციეს. დიდთოვლობამ გზა ჩახერგა. ყურადღება არავინ მოგვაქცია, გზა არ გაწმინდეს. მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, ღმერთმა ნუ ქნას და, სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდეს, ავტომანქანა ჩვენამდე ვერ მოაღწევს. ადრე, როცა მთელ რაიონს ბიძინა ივანიშვილის ტექნიკით ემსახურებოდნენ, ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია. ახლა კი სხვაგვარი ვითარებაა, სოფელში მიცვალებული ჰყავდათ და უგზოობის გამო დროულად ვერ გაასვენეს. ისე გავმწარდი, რაიონში ფეხით ჩავედი (საკმაოდ დიდი გზაა), გამგებელ ცერცვაძეს პირადად შევხვდი და ვუთხარი, ამას რას აკეთებთ, ხალხი ასე უყურადღებოდ რატომ დატოვეთ-მეთქი. მან კი მიპასუხა, სულ ერთი ტრაქტორი გვყავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ტექნიკის თხოვნას კი არ ვაპირებთო. ადრე რომ იღებდით დახმარებას-მეთქი, ვკითხე მე. "ჩვენ ქველმოქმედ ივანიშვილისგან ვიღებდით დახმარებას და არა პოლიტიკოსისგან!" - მომიჭრა სიტყვა. მოკლედ, შინ გაწბილებული დავბრუნდი.

ჩავრთე ტელევიზორი. ჩვენთან "ნაციონალური" არხების გარდა სხვა ტელეარხები არ მაუწყებლობენ და ვხედავ "გულის ამაჩუყებელ" სიუჟეტს, რომლითაც ვიგებ, რომ თურმე ორგანიზაცია "ატუდან" (ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის) მლესავი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ წინაღამეს გიგი უგულავა სახლში ესტუმრა. მოკლედ, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა შემდეგი სულისშემძვრელი სურათი დახატა: მლესავს უჭირს, ოჯახს ვერ არჩენს, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს და ივანიშვილი სამსახურიდან ათავისუფლებს. ვცადე, გამერკვია ეს ამბავი და შევიტყვე, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება არც არის დაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ მლესავი თურმე ხშირად აცდენს სამუშაოს და ლოთობს კიდეც. ჩანს, გიგი უგულავას სტუმრობის ამბავი "ნაციონალურმა" არხებმა  დადგეს.

ამ ამბავმა ჩემს მოთმინებას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. სამი მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ, პოლიტიკური მოსაზრების გამო შინ უმუშევარი ვზივარ, ტელევიზიით კი ასეთ სიუჟეტებს მიჩვენებენ და ცეცხლზე ნავთს მისხამენ! ჩემი პრობლემის სათავე ის არის, რომ არ შემიძლია ამდენ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა.

P.S. ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ვცადეთ დაკავშირება. გამგებლის თანაშემწე დაგვპირდა, რომ ზურაბ ცერცვაძე თავად დაგვირეკავდა, მაგრამ პირობა არ შეუსრულებიათ. როგორც ჩანს, გამგებელმა დუმილი "ოქროდ" მიიჩნია.