როგორ მზადდებოდა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია - კვირის პალიტრა

როგორ მზადდებოდა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია

"თითქმის უცნობ ბიზნესმენს საზოგადოების წარმომადგენლები თაფლწასმულივით ეტანებიან"

"ქართული  ოცნების" პრეზენტაციისთვის მზადებამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ეს მოსალოდნელიც იყო. ერთი მხრივ, ხელისუფლება უშლიდა ხელს ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს რაიონებიდან თბილისში წამოსულიყვნენ, რაც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ივანიშვილის არაერთმა მხარდამჭერმა აღიარა, მეორე მხრივ, პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. პრეზენტაციის წინადღეს გაირკვა, რომ წინასწარ შედგენილი სიებით ხალხის სრულად შესვლა დარბაზში ვერ მოხერხდებოდა და ახალი განკარგულება გაიცა, - პრეზენტაციას მხოლოდ მოსაწვევების მქონენი დაესწრებიანო. რესპუბლიკური პარტიის წევრები იძულებული შეიქნენ რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ეთქვათ, ყველას წამოსვლა სავალდებულო არ არის, ადგილები შეზღუდულიაო.

გასულ კვირას მომზადდა ჯგუფები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე იმუშავებენ. სტრატეგია სწორად დაიგეგმა, მოძრაობა საყოველთაო უნდა იყოს, რათა მთელი საზოგადოება მოიცვას. თუმცა, ჯგუფებში აქტივისტების გადანაწილება მართლაც პრობლემური შეიქნა. კანდიდატურებიც სწრაფად შეირჩა და აზრთა სხვადასხვაობაც წარმოიშვა, საბოლოოდ პოლიტიკური ჯგუფებისა და თავად ივანიშვილის რეკომენდებული კანდიდატები ყველა საკითხზე მომუშავე ჯგუფებში თანაბარი რაოდენობით გადანაწილდნენ. პრეზენტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე კარგად ნაცნობ "ახალ სახეებთანაც" მართავდნენ მოლაპარაკებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ივანიშვილი იღებდა. ამიტომაც მასთან თათბირები ერთმანეთის მიყოლებით იმართებოდა.

"კვირის პალიტრას" ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრი სამზადისის კულუარულ დეტალებზე ესაუბრა: "ბატონმა ბიძინამ იმ პირებსაც უხმო, რომელთაც მხოლოდ ტელევიზიით იცნობდა. მას პირადი ურთიერთობა ბევრ მათგანთან არ ჰქონია, ის არც ოპოზიციურ ძალებს იცნობდა, ასე რომ, ბევრი მათგანი ახლა საკუთარ თავს უფრო წარმოაჩენს დადებითად ან უარყოფითად. არ გამოვრიცხავ, ამჟამინდელ რჩეულთაგან ზოგიერთი "ქართული ოცნების" ჩრდილში მოექცეს, ავანგარდში კი ჯერჯერობით ბევრად შორს მდგომი ფიგურები დადგნენ".

ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ზოგიერთი პოზიციას აშკარად იმყარებს, ზოგიერთი კი იუარესებს. მაგალითად, ადრე თუ ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მთელ პასუხისმგებლობას ეკა ბესელია იღებდა, ახლა ამ საკითხზე იურისტთა მთელი ჯგუფი მუშაობს, რომელიც  5 წევრისგან შედგება და არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ამ ჯგუფზე ზედამხედველობა ზაქარია ქუცნაშვილს ევალება. როგორც შევიტყვეთ, ჯგუფში შემავალ იურისტებს ბესელიას დაცვის სტრატეგიაც მაინცდამაინც არ მოსწონთ და ზოგჯერ კორექტივებიც შეაქვთ, რაზეც საჯაროდ ჯერჯერობით არავინ ლაპარაკობს. ჯგუფს არც მისი პოლიტიკური განცხადებები მოეწონა.

როგორც შევიტყვეთ, "ქართული ოცნების" დაკომპლექტებაში აქტიურად იყო ჩართული ირაკლი სესიაშვილიც, რომელიც ივანიშვილის გარემოცვაში აშკარად დაწინაურდა. "ივანიშვილი იყო ბიზნესმენი, რომელსაც უზარმაზარ კორპორაციაში უამრავი ხელქვეითი პატივს სცემდა და ემორჩილებოდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლიტიკაში ან თუნდაც საზოგადოებრივ  მოძრაობაში იგივე შედეგი არ მიიღოს", - ამბობენ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "ქართული ოცნების" წევრები.

დღემდე პრობლემა იყო საჭირო დროს სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად აქტიური ძალების ერთიანობა. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ამ მხრივაც გამონაკლისია. ჯერჯერობით, ივანიშვილი სხვადასხვა ორიენტაციის - როგორც პრორუსული, ასევე პროდასავლური ძალების კერპია, მაგრამ როდემდე გასტანს ამგვარი ერთსულოვნება, უცნობია. გასულ კვირას ბევრს ბჭობდნენ ღონისძიების შემოქმედებით მხარეზეც, სადაც  წამყვანი როლი ბერას  სიმღერას ექნებოდა, თუმცა, სხვადასხვა  ინიციატივაც მრავლად იყო, - არაერთმა სახელოვანმა მომღერალმა შესთავაზა ივანიშვილს ღონისძიებისთვის საკუთარი რეპერტუარი.

"ეს მართლაც იშვიათი და საინტერესო მოვლენაა, როცა თითქმის უცნობ ბიზნესმენს  საზოგადოების წარმომადგენლები თაფლწასმულივით ეტანებიან, მეგობრები კი, ცოტა არ იყოს, თავს შორს იჭერენ", - გვითხრეს პრეზენტაციის მზადების კულუარულ დეტალებზე საუბრისას.

ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ დაცხრება "ქართული ოცნებით" გამოწვეული ეიფორია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის ჩამოყალიბებამ "ოცნებას" მეტი პოლიტიკური სულისკვეთება და დამაჯერებლობა შესძინა.