70-მილიონიანი ტერორი კანონის სახელით?! - კვირის პალიტრა

70-მილიონიანი ტერორი კანონის სახელით?!

ხელისუფლებამ ბანკ "ქართუს" ხელოვნურად გაკოტრების პროცესი დაიწყო

კანონის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" ძალაში შესვლის შემდეგ "ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა იწინასწარმეტყველა, - ეს კანონი საგანგებოდ "ქართუს" გასაკოტრებლად შეიქმნა და მალე სერიოზულ ფინანსურ დარტყმას უნდა ველოდოთო. კანონის მიხედვით, თუ ქონება, რომელიც სახელმწიფომ საგადასახადო ვალდებულების გამო უნდა გაყიდოს, ახალ მყიდველს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაეცემა (აქამდე ქონება ვალდებულებიანად იყიდებოდა), შესაბამისად, ხელცარიელი დარჩება ის, ვისაც ეს ქონება სესხის უზრუნველსაყოფად აქვს იპოთეკით დატვირთული. ამ კანონის დედააზრის მზაკვრულობა თავიდანვე ჩანდა - სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ის სამ თვეში დააქცევდა საბანკო სისტემას, უპირველესად კი "ქართუ ბანკს".

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის მიღების აუცილებლობას კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვით ხსნიდა. ამბობდნენ, კანონპროექტის მიზანია, ქონების შემძენს ის ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდესო.

ნოდარ ჯავახიშვილი ამბობდა: ვთქვათ, რომელიმე კლიენტისთვის სესხად მაქვს მიცემული 2 მილიონი. მას სესხის უზრუნველსაყოფად 3 მილიონის ქონება აქვს ჩადებული. მოგეხსენებათ, "ქართუ ბანკი" სამომხმარებლო სესხებს არ იძლევა, მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე გასცემს. შევა საგადასახადო ამ ბიზნესმენების ორგანიზაციებში, აღმოაჩენს რაღაც დარღვევას და დაარიცხავს ჯარიმას, ვთქვათ, 500.000-ს. ამ კანონის გამო ბიზნესმენს ურჩევნია, არ გადაიხადოს ჯარიმა და მისი ქონება სახელმწიფომ აუქციონზე გაყიდოს. აუქციონზე ამონაგებ თანხას, პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტრო წაიღებს, ბანკის ვალი კი ვალად დარჩება, რადგან ჩვენს ბანკში ჩადებულ ქონებას სახელმწიფო გაყიდის. შესაბამისად, ახალი მყიდველი თავისუფალი იქნება ყოველგვარი ვალდებულებისაგან.

ეს ძალზე მაცდუნებელი წინადადება იქნება იმ პირებისთვის, ვისაც სესხები აქვთ აღებული ბანკში. სქემა კი ასეთია: გაუყიდიან ქონებას აუქციონზე, ის კი თავისი კაცის მეშვეობით, თვითონვე შეისყიდის აუქციონზე გატანილ თავის ქონებას რეალური ღირებულების 25, მაქსიმუმ - 50%-ად.

ამ საკანონმდებლო ინიციატივით ცხადი გახდა, რომ "ქართუს" ამ სქემის ამუშავების შემთხვევაში პრაქტიკულად არც ერთი სესხის დაფარვის პერსპექტივა არ ექნებოდა. სესხის დაფარვის გარდა სხვა პრობლემაც ჩნდებოდა - ეროვნული ბანკის ნორმატივებიდან გამომდინარე, არაუზრუნველყოფილი სესხის წარმოქმნა ავტომატურად მოითხოვს არაუზრუნველყოფილი სესხის ოდენობის თანხის დარეზერვებას ბანკის რესურსებიდან.  გარდა იმისა, რომ "ქართუ ბანკი" ამ პროექტით კარგავს მრავალმილიონიანი სესხების ამოღების საშუალებას, ერთი იმდენი იქით უნდა დადოს, რომ არ დაირღვეს ეროვნული ბანკის ნორმატივები და ბანკი არ დაიხუროს.

ჯავახიშვილის საფუძვლიანი ეჭვი მალე გამართლდა - ერთი კვირის წინ დაიწყო "ქართუს" "განკულაკების" სპეცოპერაცია.

ოთხ ბიზნესჯგუფს, რომელშიც 14 იურიდიული და ფიზიკური პირი შედის, საგადასახადოს მოთხოვნით, 100 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღეს, არაუზრუნველყოფილი დატოვეს ბანკ "ქართუს" 70 მილიონი ლარის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20%-ია.

იმ კომპანიების ქონება, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს არ შეეძლო აღმოეჩინა საგადასახადო დავალიანება, დაჩქარებული წესით განვადებით გასხვისდა ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც აღმოუჩინეს, ან უკვე ჰქონდათ აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ნოდარ ჯავახიშვილი: "ფაქტია, რომ ეს იყო ფიქციური, თაღლითური გარიგებები. საქმე ისაა, რომ მათში ნასყიდობის ფასიც არ არის გადახდილი. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ქონების ფასი მყიდველმა უნდა გადაიხადოს მომავალში - ერთ წლის შემდეგ ან განვადებით. ცხადია, ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები თაღლითურია და მხოლოდ "ქართუს" განსაკუთრებით დიდი ფინანსური ზარალის მისაყენებლად დაიდო. ფაქტია ისიც, რომ ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა ბიზნესჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის (ანუ ერთმა და იმავე ბიზნესჯგუფმა ერთი საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავისუფალი კომპანიის ქონება მიჰყიდა მეორე საგადასახადო ვალდებულებით დატვირთულ კომპანიას). ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ გასულ კვირას ბანკის უმსხვილესი მსესხებელი ბიზნესჯგუფის აქციონერმა მიაღწია საინტერესო შეთანხმებას. ეს აქციონერი უკვე დაყადაღებულ და სახელმწიფოს სასარგებლოდ საჯარო აუქციონზე გასატან ქონებას 2012 წლის მარტიდან ერთ-ერთ პირს მიაქირავებს(!). უეჭველია, რომ აქციონერს დაჰპირდნენ "ჩამორთმეული" ქონების უპირობოდ დაბრუნებას.

- ვინ არიან ამ გარიგებაში მონაწილე ის აქციონერები და მსესხებლები?

- ამის თქმის უფლება არ მაქვს. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა".

"ქართუში" არ გაგვიმხილეს ხელისუფლებასთან გარიგებულთა ვინაობა, მაგრამ ჩვენ წარმოდგენილი სიის შესწავლით ბევრი რამ გავარკვიეთ. აღმოჩნდა, რომ აუქციონზე საგადასახადო ვალდებულებების ამოღების საბაბით იმ ობიექტთა სიაში გადის კოდუების ოჯახის და ვანო მერაბიშვილის ქონება. თვით ყველაზე მიამიტიც კი არ დაიჯერებს, რომ კოდუებს ან ვანო მერაბიშვილს საგადასახადო ვალდებულებების გამო ქონებას აუქციონზე გაუყიდიან.

დაყადაღებულია ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის ქონებაც.

ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ისაკაძეს: - ვადასტურებ, რომ შპს "ლოგოსი" ჩემი საკუთრებაა. "ქართუსთან" მაქვს ვალდებულებები. ის წარმოქმნილია ისეთ სფეროში, რომელიც დღეს ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო ცუდ დღეშია. ბანკისაგან განსხვავებით, ჩემი და ბანკის ურთიერთობის დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლები კონფიდენციალურობის შესახებ. კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები (დაახლოებით 250 ათასი ლარი) წარმოეშვა სრულიად კანონიერად, ამა წლის 15 სექტემბერს. დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში გადასახდელი მაქვს 122 ათასი ლარი. მაინტერესებს, თუ ვალდებულებები იფარება, რა შეთქმულების თეორიაზეა ლაპარაკი.

- თქვენ შეთქმულების თეორიაში არ ხართ დადანაშაულებული, რადგან არ გადაგიყიდიათ ქონება, თუმცა კი დააყადაღეს. გამორიცხავთ, რომ თქვენთან შეუთანხმებლად საგადასახადო  ვალდებულების გამო ეს ქონება სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანოს?

- ვთვლი, რომ ჩემ მიმართ ბანკის მხრიდან სამართლებრივი მუხლი დარღვეულია. გასაგებია, რომ არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც შექმნილია "ქართუში", ბანკმა გასცა ინფორმაცია, თუმცა უნდა გაკეთებულიყო დამატებითი განმარტებები. მე საგადასახადო ვალდებულებას ვფარავ. სხვებთან რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ პრობლემა შემექმნება, ამ ამბავს საიდუმლოდ არ დავტოვებ.

ჩვენ დავუკავშირდით ლაურა ღაჭავას:

- "ქართუში" რამდენიმემილიონიანი სესხი გაქვთ, თქვენი საბანკო გარანტია (უძრავი ქონება) კი ცოტა ხნის წინ გაიყიდა იმ უძრავი ქონების ჯგუფზე, რომელსაც საგადასახადო დავალიანება გააჩნია. რაც არ გაყიდულა, დაყადაღებულია და აუქციონზე გასაყიდად არის გამზადებული. რას ნიშნავს ყოველივე?

- არ ვიცი, რა იყიდება.

- თქვენი ქონება საგადასახადო ვალდებულებების გამო დაყადაღებულია და არ იცით?

- არ იყიდება ჯერ. "ქართუსთან" მოლაპარაკება მქონდა და ამ დღეებში გავერკვევი სიტუაციაში. ახლა სტუმრები მყავს, იტალიელები და მაპატიეთ.