მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

როგორ იწრთობოდა იდეა

ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, როგორ დაიბადა ეს იდეა... რას უყურებდა პრეზიდენტი სააკაშვილი, როცა გონება ახალმა მასშტაბურმა იდეამ გაუნათა - საკუთარი რეზიდენციიდან ჰორიზონტს გასცქეროდა თუ უბრალოდ, კაბინეტში, სავარძელში იჯდა და მოპირდაპირე კედელს მისჩერებოდა.იქნებ სწორედ კაბინეტის კედელზე დაინახა პირველად ახალი ქალაქის კონტურები? ამას ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისტორიკოსებმა, რომლებიც შემდგომში ქალაქ ლაზიკის დაბადებას აღწერენ, ეს ზუსტად უნდა იცოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგონება მოუწევთ. მათ უნდა იცოდნენ, ან უნდა მოიგონონ, რაზე ფიქრობდა აღმაშენებლის შემდეგ უდიდესი აღმშენებელი, პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც უცებ მის წარმოსახვაში ახალი ქალაქი ამოიზარდა. რამ მისცა ასეთი ბიძგი... - არც კი ვიცი, რა ვუწოდო - ასეთი გრანდიოზული იდეის გაჩენას. ასეთი იდეები ხომ ასე ჰაიჰარად არ  ჩნდება, რაღაცამ ხომ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყულევსა და ანაკლიას შორის ახალი ქალაქი უნდა აეშენებინა. ისტორიკოსებმა აუცილებლად უნდა აღწერონ, მოულოდნელად  როგორ გაუნათდა საქართველოს ბედზე ფიქრით შეჭმუხნილი შუბლი დიდ მოღვაწეს და როგორ ეცა მაგიდაზე გაშლილ ან კაბინეტის კედელზე დაკიდებულ საქართველოს რუკას, როგორ მოხაზა იქ ქალაქის სავარაუდო საზღვრები და შემდეგ როგორი აღტყინებით მოუყვა ახალი იდეის შესახებ იუსტიციის მინისტრს (ახლა არ მკითხოთ, რატომ მაინცდამაინც იუსტიციის მინისტრსო); როგორი ეჭვით უყურებდა თავიდან მინისტრი ახალ იდეას, რადგან უნარი არ შესწევდა, მმართველის გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასე სწრაფად ჩასწვდომოდა, მაგრამ სააკაშვილმა თავისი მჭევრმეტყველებით მინისტრი, რომელიც გავლენით პრემიერსაც კი აჭარბებდა და მისი უახლოესი თანამოაზრე იყო, უცებ დაარწმუნა იდეის გენიალურობაში...

ისტორიკოსებს ალბათ, მოუწევთ იმის დაწერა, რომ ასეთი მმართველის გამოჩენა, რომელიც ახალ ქალაქებს დააარსებდა, ნაწინასწარმეტყველებიც იყო. სწორედ მას და არა რომელიმე ლამაზ ქალს გულისხმობდა პოეტი, როდესაც დაწერა: "შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა". ახლა არ მითხრათ, მიშა ხომ დედოფალი არ არისო. ჯერ ერთი, მიშა უკვე მეფეც, იმპერატორიც და დედოფალიც რომ იყოს, რა დაშავდება? ან სქესში ცდომილება რა მოსატანია, ზოგჯერ ექოსკოპიაც კი ცდება და პოეტისგან რა გასაკვირია, მომავალში დანახული ქალაქების აღმშენებელი დედოფლად მოსჩვენებოდა... სამაგიეროდ,  ახლა გამოასწორებენ ამ შეცდომას და რომელიმე ახალი პოეტი დაწერს, ისე, როგორც გრიგოლ ორბელიანი წერდა: "დავით ჰსთქვი:“იყავ ქალაქნი!” და აღმოცენდნენ ქალაქნი! / განჰვლე უდაბნო ოხერი, — სავსედ დაბებით შეჰქმენი! / დაჰკარ წერაქვი, / და აღჩნდნენ ტაძარნი, ტურფად ნაშენნი! / მუნ შენთან ღმერთსა ჰმადლობენ გალობით შენნი ივერნი!"

ნიციდან გლდანში

ბათუმი და ანაკლია ნიცის და კანის კომბინაციააო, - განაცხადა საფრანგეთში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა. "ერთმანეთისგან სწორედ იმდენივე მანძილით არიან დაშორებული. ქალაქი, რომელიც ჰგავს ნიცას, გრძელდება კანის მსგავსი ბულვარით, თუმცა ანაკლიის ბულვარი კანის ბულვარზე ცოტა გრძელიცაა"," - დაიტრაბახა ფრანგებთან პრეზიდენტმა. რა თქმა უნდა, ამის გამო პრეზიდენტთან კამათს არ ვაპირებ. ჯერ ერთი, მისგან უკვე შევეჩვიე ბათუმის სხვადასხვა ქალაქთან შედარებას, მეორეც: ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია და იგი ჩემთვის შეიძლება კანიც იყოს და ვენეციაც, მესამეც: ასეთი შეფასებები სუბიექტურია და არ ღირს, ადამიანს თავისი ასოციაციების გამო ეკამათო, მაგრამ ის კი აღარ ვიცი, რა ვიფიქრო იმაზე, რაც შემდეგ თქვა: "ბათუმში ჰაერის ტემპერატურა კანისგან ნახევარი გრადუსით განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონი თითქმის ექვს თვეს გრძელდება..."

მოდი, ვიფიქროთ, რომ მან, უბრალოდ, ფრანგების მოტყუება გადაწყვიტა. ამის გამო ნუ ვიდარდებთ - მარტო ჩვენ ხომ არ უნდა გვატყუოს? თუმცა საფრანგეთში მან ფრთები ისე გაშალა, საქართველოში რომ ვერაფრით მოახერხებდა (დიახ, ისეთი რაღაცებიც არსებობს, რასაც ჩვენი პრეზიდენტი ვერ ახერხებს!). აბა, მოუსმინეთ: "ქვეყნის ტურისტული პოტენციალი მინიმუმ 10 მილიონი ტურისტია. ეს დიდი ცვლილებაა და მიზეზი, რის გამოც აჭარა ასე განსაკუთრებულია ჩვენთვის, მისი უძველესი კულტურაა. ოქროს საწმისის წასაღებად არგონავტები ჩამოვიდნენ, როცა ის საბერძნეთის კონკურენტ ცივილიზაციას წარმოადგენდა."

აი, ამის მერე უკვე აღარ ვიცი, მეგრელებს თვალებში როგორ უნდა ჩახედოს. მე რომ მათ ადგილზე ვიყო, ასეთ რამეს, ათი ლაზიკა რომ აეშენებინა, არ ვაპატიებდი. რაც შეეხებათ სვანებს, მიჭირს იმის განსაზღვრა, ეწყინებათ თუ ესიამოვნებათ ის, რაც მათზე თქვა: "მესტიაში X-XIII საუკუნეების დაახლოებით 400 კოშკია - ეს არის X-XI საუკუნეების დუბაი".

საინტერესოა, რას ფიქრობდნენ ფრანგები, ამას რომ ისმენდნენ. ალბათ, ეგონათ, ამ კაცმა რომელიმე დაკარგული ქვეყანა აღმოაჩინაო. კიდევ კარგი, ის არ გაუგიათ, რასაც პრეზიდენტი გლდანზე ამბობს. ახლა სწორედ გლდანში ვცხოვრობ და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას განვიცდი, როდესაც ვაცნობიერებ, ნიციდან სად გადმოვსახლდი. თუმცა, თუ პრეზიდენტს ვენდობი, გული ძალიანაც არ უნდა დამწყდეს. სააკაშვილმა საფრანგეთში წასვლის წინ სწორედ გლდანში შემოიარა და თქვა: "თუ ეს რაიონი ამოვა გაჭირვებიდან, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი საქართველოც ამოვა გაჭირვებიდან. გარეუბნები არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა."

ესეც თქვენ!.. პროგრესი თურმე სწორედ გლდანიდან დაიწყება. მაგრამ თქვენ გგონიათ, ეს ყველაფერია? როგორ გეკადრებათ! პრეზიდენტმა ასევე გვითხრა: "გლდანი საქართველოს ისტორიული რაიონია, რადგან აქ უამრავი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ცხოვრობდა". ნიცა კი დავკარგე, მაგრამ საქართველოს ისტორიულ რაიონში მიცხოვრია, თან თურმე სულ საზოგადო მოღვაწეებით ყოფილა დასახლებული. სამწუხაროდ, მას არც ერთი გლდანელი საზოგადო მოღვაწის გვარი არ დაუსახელებია და ვერც მე გეტყვით, ვის გულისხმობდა (მე ერთი კულა გლდანელი გამიგია, მაგრამ ის საზოგადო მოღვაწე კი არა, ფალავანი იყო)... თუ მე  მიგულისხმა, მოკრძალებით შევახსენებ, რომ ჩემზე წარსულ დროში ლაპარაკი ნაადრევია...