"დაუნ ზი ლაი", ბატონო შალვა! - კვირის პალიტრა

"დაუნ ზი ლაი", ბატონო შალვა!

9 დეკემბერს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემაში "პირდაპირი საუბრები", შალვა ნათელაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა "პალიტრამედიას" იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.ცხადია, რომ მცდელობა მცდელობად დარჩა, მაგრამ რეპუტაცია ჩვენთვის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მრავალრიცხოვანი მკითხველის, ღირსების საკითხიც არის. ამიტომ ამ თემაზე გამოთქმულ ბრალდებას მიუხედავად იმისა, ბრალდების ავტორი ჭკვიანია თუ სულელი, უპასუხოდ ვერ დავტოვებთ, მით უმეტეს, შევეწინააღმდეგებით ქართულ რეალობაში უპასუხისმგებლობის ტენდენციას, როდესაც ჩიხში მოქცეული პოლიტიკოსი ბრალდების გამოთქმისას ფანტაზიას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე სიმართლეს. როგორც ბატონი ნათელაშვილი აცხადებს, კაცობრიობის უბოროტესი ძალები საქართველოს ლეიბორისტული პარტიის რეიტინგს ებრძვიან და საქართველოს სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო მედიაც მის წინააღმდეგ დაურაზმავთ. ამ ძალებში კი გამორჩეული ადგილი უკავია ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია, "პალიტრამედიას" მთელი ჰოლდინგიც შეუსყიდია...

ჩვენ ვამაყობთ, რომ არსებობის 16 წლის მანძილზე "პალიტრა" ყოველთვის ინარჩუნებდა და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ობიექტურობაზე პრეტენზია უბრალოდ ვერ გვექნებოდა!

ფრაგმენტი გადაცემიდან:

შალვა ნათელაშვილი: როგორ გვექნება რეიტინგი, ამერიკელები ჩვენ გვებრძვიან, "მაესტრო" ჩვენ გვებრძვის, "კავკასია" ჩვენ გვებრძვის, "პირველი არხი" ჩვენ გვებრძვის, "იმედი" ჩვენ გვებრძვის, "რუსთავი 2" ჩვენ გვებრძვის. ყველა საინფორმაციო საშუალება ჩვენ გვებრძვის. "ინტერპრესნიუსი" და "კვირის პალიტრა" თურმე ნაყიდი ჰქონია ბიძინას მრავალი წელია...

თეა სიჭინავა: რას ნიშნავს, ნაყიდი ჰქონია?

შალვა ნათელაშვილი: აფინანსებს ქეშადაც და გადარიცხვითაც...

თეა სიჭინავა: ეს არის გამოცემა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა...

შალვა ნათელაშვილი: მთელი ჰოლდინგი ნაყიდი აქვს კაცს და მათი გავრცელებული ინფორმაციის 50% არ არის სანდო. 7 ნოემბერს ხუთასი კაცი იყო მიტინგზე და "ინტერპრესმა" 150 კაცი დაწერა...

მთელი ეს კაკაფონია უკვე გასართობიც აღარ არის და ცუდი მოცეკვავის შესახებ ანდაზას გვახსენებს, მით უმეტეს, რომ ამჟამად "ნომერ პირველ" მტრად წოდებულ მიხეილ სააკაშვილს ბატონმა ნათელაშვილმა თავის დროზე თავად დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარეობა; ბიძინა ივანიშვილს კი საგანგებო ბრიფინგზე სულაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას სთავაზობდა. რა ექნა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს", თუ ნათელაშვილის აქციაზე მხოლოდ 150 კაცი მივიდა? ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, არც 350 კაცის "წამატებით" ეშველება წამხდარ რეიტინგს რამე...

ალბათ, მოსახერხებელია, როცა გაგიხარდება, თეთრი შავად გამოაცხადო, ან პირიქით. მაგრამ ვფიქრობთ, საზოგადოებას უკვე მოჰბეზრდა პოლიტიკანური ილეთები. საინტერესოა, რომ აღნიშნული ტელეგამოხდომა ლოგიკურად ჯდება ბოლო დროს "პალიტრამედიას" წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში (დაუსაბუთებელი საგადასახადო შემოწმება; პრესის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის "პალიტრის" მონოპოლიასთან ბრძოლით გამართლება და ა.შ.). ბატონო შალვა, სიტყვები "დაუნ" და "ზი დიკტეიტე" უკვე იცით. კიდევ ერთ სიტყვას გასწავლით "ლაი" - ტყუილს ნიშნავს. გაიმეორეთ რამდენჯერმე, საჯაროდ გამოსვლის წინ: "დაუნ ზი ლაი". საეჭვოა, ამით ტყუილების თქმას გადაეჩვიოთ ან ინგლისური ისწავლოთ. სამაგიეროდ, თვითკრიტიკის ნატამალი გაგიჩნდებათ... ცრუ ბრალდებათა ჟანრში "პალიტრამედია" კარმების ერთ ცნობილ "მწმენდავსაც" იცნობდა (პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია), რომელსაც, სხვათა შორის, სასამართლოში პასუხის მოთხოვნის შემდეგ, საჯაროდ მოუხდა საკუთარი სიტყვების უარყოფა და ბოდიშის მოხდა. თუ ბატონ ნათელაშვილს არ სურს, რომ უკვე სასამართლომ მიანიჭოს მატყუარას სტატუსი, ამ ერთი კვირის განმავლობაში ან თავისი ბრალდება "პალიტრამედიას" მიმართ საბუთებით დაამტკიცოს, ან საჯაროდ უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გაკეთება სასამართლოში მაინც მოუწევს. ვფიქრობთ, მთავარი ლეიბორისტი უკვე დიდია საიმისოდ, რომ საკუთარი სიტყვებისთვის პასუხისმგებლობა ისწავლოს.

"კვირის პალიტრა"