შალვა ნათელაშვილის "ჯაზში" მხოლოდ ტყუილები "არიან" - კვირის პალიტრა

შალვა ნათელაშვილის "ჯაზში" მხოლოდ ტყუილები "არიან"

როგორც ჩანს, ეს რეიტინგები ვიღაცებს გვარიანად ხვდებათ გულზე და მოსვენებას უკარგავთ

რას შეიძლება მიეწეროს პერმანენტული შეტევები, რომელიც მედიასახლ "პალიტრის" წინააღმდეგ ხორციელდება? ჯერ იყო სრულიად უარგუმენტოდ დაწყებული საგადასახადო შემოწმება, სავარაუდოდ, 26 მაისის სისხლიანი მოვლენების ობიექტურად გაშუქების საპასუხოდ; შემდეგ - ხელისუფლების ინტერესებთან ასოცირებული გამოცემების, გაზეთ "პრაიმ ტაიმისა" და ჟურნალ "ტაბულას" შეტევები და პრესის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წამოწყებული ბრძოლის გამართლება, თითქოსდა "პალიტრამედია" პრესის გავრცელების სფეროში მონოპოლისტია (შეგახსენებთ, რომ თბილისში, სადაც მერია ჯიხურებს დაერია, 400-დან მხოლოდ 22 ჯიხური ეკუთვნოდა "პალიტრამედიას")... ამ რიგში ახლა უკვე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც ჩაეწერა.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც რეგულარულად "კითხვად" ქართულ გაზეთებში 68%-ით გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს, ეს გამოცემა ინფორმაციის სანდოობის მიხედვითაც პირველია - 43 პროცენტით. სხვათა შორის, იგივე პროპორციებია "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" კვლევაშიც. როგორ ჩანს, ეს რეიტინგები ვიღაცებს გვარიანად ხვდებათ გულზე და მოსვენებას უკარგავთ... დაინტერესებულმა ბატონებმა მშვენივრად იციან, რომ ასეთი ნდობა სწორედ იმიტომ გააჩნია "კვირის პალიტრას", რომ არსებობის თითქმის 17 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და არავის დაფინანსებას არ საჭიროებს. თავისუფალი მედიის დისკრედიტაციის ნაცადი ხერხია: ამა თუ იმ გამოცემას ჯერ ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესს დაუკავშირებენ, შემდეგ კი ცილისმწამებლური კამპანიით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას და სანდოობაში ეჭვის შეტანას... Pმოკლედ, ბატონმა შალვა ნათელაშვილმა ჯერ - ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პირდაპირ საუბარში", შემდეგ კი "ალიაჰოლდინგის"P გაზეთ "ქრონიკის" ფურცლებზე ამგვარი ისტორია გამოიგონა: თურმე "კვირის პალიტრას" უკვე წლებია აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და რომ სწორედ მისი ფინანსებით შეიძინა მედიასახლმა საოფისე შენობა (?!). გთავაზობთ ამონარიდს შალვა ნათელაშვილის საგაზეთო ინტერვიუდან: "საბურთალოს ქუჩაზე სკოლაში შევარდნენ და დაითრიეს. ბავშვები სწავლობდნენ იქ და მისი ყიდვა როგორ შეიძლებოდა, მაგრამ გააკეთეს. ვფიქრობდი, საიდან, საიდან და, თურმე ეს ზეზვა არ აფინანსებდა ამათაც, ეს ჭორვილელი დათვი?! თურმე ეს არის მაგათი დირიჟორი." იმავე ინტერვიუში ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ: "ქართუ ბანკიდან" 10 წლის განმავლობაში ამ ჰოლდინგის ანგარიშებზე მილიონებია გადარიცხული და ამის დოკუმენტები არსებობს"(?!).

ამ სიტყვების გამო უახლოეს მომავალში შალვა ნათელაშვილს ან მის მიერ ნახსენები და ბუნებაში არარსებული "დოკუმენტაციის" სასამართლოში წარდგენა მოუწევს, ანაც - ბოდიშის მოხდა.

ერთი საინტერესო დეტალიც: მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" საპასუხო განცხადება გაავრცელა და შალვა ნათელაშვილს მის მიერ მოყვანილი "ფაქტების" დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა ან ერთი კვირის ვადაში საკუთარი სიტყვების საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა, ლეიბორისტულმა პარტიამ, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაუგებარი და უარგუმენტო განცხადებით გვიპასუხა, სადაც ვკითხულობთ: "ჩვენ ვთავაზობთ ამ ჰოლდინგს ("პალიტრამედიაზეა" ლაპარაკი. - რედ.), ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნოს მონაცემები ივანიშვილის მიერ "ქართუ ბანკის" საშუალებით გადარიცხულ ასეულათასებზე და, აგრეთვე, ვითხოვთ, ამავე ვადაში ბავშვებს დაუბრუნონ წართმეული სკოლა, სადაც ისინი დაბანაკდნენ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევითა და ივანიშვილის ფულებით..." უკაცრავად და, ლეიბორისტთა ზემომოყვანილ განცხადებებში, უფრო სწორად, აბრაკადაბრაში, რბილად რომ ვთქვათ, მრავალი უზუსტობა, უფრო სწორად კი ტყუილია: ის შენობა, რომელშიც დღეს "პალიტრამედიაა" განთავსებული, სკოლა არასოდეს ყოფილა, ის 1984 წელს არის აშენებული და იქ წლების განმავლობაში საპროექტო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. შესაბამისად, ბავშვებს შენობას ვერავინ წაართმევდა. 2005 წელს კი ეს შენობა "კვირის პალიტრამ" შეიძინა "თიბისი ბანკის" კრედიტით. აქვე შალვას გასაგონად ვიტყვით, რომ "კვირის პალიტრას" სულ ხუთ ბანკში აქვს ანგარიში გახსნილი, ესენია: "თიბისი ბანკი", "რესპუბლიკა", "კორსტანდარტბანკი", "საქართველოს ბანკი" და "ქართუ", აქედან "ქართუსა" და "კორსტანდარტბანკში" ანგარიშები აქტიური არ არის (!);

"პალიტრამედიას" ოფისი საბურთალოს ქუჩაზე საერთოდ არ მდებარეობს, ის იოსებიძის # 49-შია; და კიდევ - ცოტა ხნით ადრე ბატონი შალვა ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის მიერ "პალიტრამედიასთვის" გადარიცხული თანხა მილიონებს შეადგენდა, მოგვიანებით კი ასეულათასებზე ჩამოვიდა... ასე უცებ რატომ დაცოტავდა და "ასეულათასზე" რატომ დახურდავდა ბატონი შალვა, არავინ იცის... იმიტომ ხომ არა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ენის ჭარტალი და სიცრუეა, რომლის გამეორებისას ადამიანს საკუთარი ნათქვამი ავიწყდება და ახალ-ახალ ინტერპრეტაციას სთავაზობს საზოგადოებას? ერთიცაა, ცილისმწამებლური განცხადებები ჯაზი არ არის, ინტერპრეტაციამ ვიღაცის ყური რომ დაატკბოს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებს თუ არ ჩავთვლით.

ისე, რადგან ბატონი შალვა ამ საკითხით ძალიან გახლდათ დაინტერესებული, "პალიტრამედია" მზად იყო, მისი ინტერესი დაეკმაყოფილებინა და, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესორგანიზაციის ანგარიშები და ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, მიეწვია მედიასახლში, სადაც მას მიეცემოდა საშუალება, პირადად გასცნობოდა ნებისმიერი სახის საფინანსო დოკუმენტს. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ბიზნესინფორმაციის დეტალები მის მიერ არ გახმაურდებოდა. ამის თაობაზე სპეციალური განცხადება "პალიტრამედიის" სახელით ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისივე განცხადებით, "პალიტრამედია" არ გამორიცხავდა, რომ შალვა ნათელაშვილის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები მისი არაინფორმირებულობის შედეგია და არა - მიზანმიმართული ტყუილი. ეს იყო, ასე ვთქვათ, ტესტი: ამ შეთავაზებაზე შალვა ნათელაშვილის რეაქციის შემდეგ ნათელი გახდებოდა, ცრუინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა თუ შეუგნებლად. უცნაურია, რომ ამის საპასუხოდ შალვა ნათელაშვილმა ახლა უკვე გაზეთ "ალიას" ფურცლებზე განაცხადა: "მე საჯარო პოლიტიკოსი ვარ და როდის იყო, საიდუმლოდ ინახავდნენ სკოლის მითვისებისა და ოლიგარქისგან გადარიცხულ დოკუმენტებს საჯარო პოლიტიკოსები?.. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ამიტომ, ბუნებრივია, უარი განვაცხადე დოკუმენტაციის გაცნობაზე. მე აუდიტი და ბუღალტერი კი არ ვარ, მე მოვითხოვ, აჩვენონ საზოგადოებას, რომ ივანიშვილმა გადმოურიცხათ ამდენი და ამდენი"... მოკლედ, ამ პასუხიდან ჩანს, რომ შალვა ნათელაშვილმა "პალიტრამედიას" შეთავაზებაზე უარი განაცხადა და სიმართლის გარკვევა არ აინტერესებს. შესაბამისად, უკვე სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნათელაშვილი "პალიტრამედიას" წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში მიზანმიმართულად მონაწილეობს და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა ნათელაშვილისგან ამგვარი რამ არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი. გაგახსენებთ: ბატონმა შალვამ თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" და პირადად მიხეილ სააკაშვილს "გაურკვეველი მიზეზით" ლანგრით მიართვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა, რაც სააკაშვილისთვის საპრეზიდენტო ტრამპლინად იქცა. ამის შემდეგაც არაერთხელ მოხდა ისე, რომ თბილისის საკრებულოსა და პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის სიით გასული დეპუტატები "ნაცმოძრაობის" აქტიურ მხარდამჭერთა რიგებში ეწერებოდნენ. ამის მაგალითად ლეიბორისტული პარტიის სიით გასული საკრებულოს ყოფილი "კოლორიტი" თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი გამოდგება, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის სისხლიანი აქციის დარბევის ერთ-ერთი აქტივისტი იყო და ისეთი აგრესიულობით გამოირჩეოდა, ნება რომ მიეცათ, ალბათ, არა მხოლოდ რეზინის ტყვიებს დაუშენდა საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს... მოკლედ, შალვა ნათელაშვილს აუცილებლად მოუწევს სასამართლოში დაამტკიცოს საკუთარი "ფანტაზიები". "პალიტრამედიას" წინააღმდეგ მიმართულ ამ ცილისმწამებლურ კამპანიაში აუცილებლად აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: კარგი იქნებოდა, გაზეთებს - "ქრონიკას" და "ალიას" ელემენტარული კოლეგიალობა მაინც გამოეჩინათ, ბოლოს და ბოლოს, ინფორმაციის დაბალანსებაზე ეზრუნათ და შალვა ნათელაშვილის ცრუგანცხადებებთან ერთად "პალიტრამედიას" წარმომადგენელთა არგუმენტებიც გამოექვეყნებინათ(!).

მედიასახლ "პალიტრის" წინააღმდეგ მიმართული შეტევების ავანგარდში კი გაზეთი "პრაიმ ტაიმია", რომლის რედაქტორმა თაკო ფხაკაძემ რადიოპალიტრის გადაცემა "პროვოკატორში" თავისივე განცხადება, "პალიტრამედია" ჟურნალ-გაზეთების დისტრიბუციის სფეროში მონოპოლისტიაო, ვერაფრით დაასაბუთა. სხვათა შორის, ქალბატონმა თაკომ ამ ეთერში განაცხადა, რომ ის არ არის "კვირის პალიტრის" მტერი, შემდეგ კი პირად საუბრებში ამბობდა, რომ არაფერს ერჩის "პალიტრას" და ვერ გაუგია, თვითონ მას რატომ ერჩიან. არადა, სწორედ მისმა გაზეთმა წამოიწყო ეს ცილისმწამებლური კამპანია. მეტიც - რამდენიმე დღის წინ "პრაიმ ტაიმში" ისევ გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: "კვირის პალიტრის" სკანდალური განცხადების სხვა გამოცემებს არ სჯერათ". ამ "სკანდალურ განცხადებაში" იგულისხმება რადიოგადაცემა "პროვოკატორის" წამყვანის განცხადება, რომ გაზეთ "კვირის პალიტრის" ტირაჟი მზარდია და რომ ასი ათასისკენ მიდის. რატომღაც "პრაიმ ტაიმი" ამას ისევ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და სვამს კითხვას: "რას ნიშნავს ეს, რამდენად სავარაუდოა, რომ აწი ამ ტირაჟს ჩამობეჭდავს ეს გამოცემა, მას ივანიშვილი შეისყიდის და შემდეგ უფასოდ დაარიგებს?" რაც შეეხება სტატიის სათაურს, ის არ შეესაბამება შინაარსს, რადგან რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ არ იცის ამა თუ იმ გაზეთის ტირაჟი. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ვარაუდებიც იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც ცდილობენ, თავისუფალი მედია კონკრეტული პოლიტიკოსის ინტერესებს მიაბან, პრესტიჟი შეულახონ და გავრცელება შეუზღუდონ, საზოგადოებამ მხოლოდ მათი "სიმართლე" რომ მოისმინოს.

P.S. გაზეთ "ყველა სიახლეში" ზემოთ მოყვანილი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ "ალიაჰოლდინგმა" გააკეთა კომენტარი, რომ "ქრონიკის" ბოლო ნომერი საგანგებო ვითარებაში გამოიცა - რაც, როგორც ჩანს, იმას გულისხმობს, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, "ალიაჰოლდინგის" ხელმძღვანელებმა სათანადო ყურადღება ვერ დაუთმეს მათ გამოცემაში გასულ ინტერვიუს შალვა ნათელაშვილთან და მეორე მხარის, ანუ "პალიტრამედიას" კომენტარი გაზეთში ამიტომაც არ იყო...

"საგანგებო ვითარება" ადამიანურად გასაგებია, თუმცა "კვირის პალიტრაში" ყველა ჟურნალისტისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, როდესაც რესპონდენტი მეორე პირს ბრალდებას უყენებს (მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა ვინმეს ამ რესპონდენტის) ჟურნალისტი (ჩვენი აზრით, ზოგადად ჟურნალისტის ობიექტურობაც აქედან ჩანს) ვალდებულია, ყველა გზა მოსინჯოს მეორე მხარის კომენტარის მოსაპოვებლად(!)... ამ "გზებში" კი პირველი და ყველაზე მარტივი, ტელეფონზე დარეკვაა...

ანა გიორგაძე

(გაზეთი "ყველა სიახლე" #49)