"ეს დაუნდობელი ბრძოლა იქნება" - კვირის პალიტრა

"ეს დაუნდობელი ბრძოლა იქნება"

"შეეცდებიან, ისეთი რამ მოხდეს, რაც სააკაშვილს შანსს მისცემს, ისევ დარჩეს ხელისუფლებაში და ჩვენ ხმა ვერ ამოვიღოთ"

"თუ აქ მარადიული ავტორიტარიზმი დამყარდა, ეს დასავლური თანამეგობრობის პოლიტიკური მარცხი იქნება, რის გამოც მათ ნიშნს მოუგებს პუტინი"თუ აქ მარადიული ავტორიტარიზმი დამყარდა, ეს დასავლური თანამეგობრობის პოლიტიკური მარცხი იქნება, რის გამოც მათ ნიშნს მოუგებს პუტინი"

ბიძინა ივანიშვილისა და კახა შარტავას გაუხმაურებელი შეხვედრის ამბავი (რომელზეც "ფორუმის- ლიდერი კონკრეტული წინადადებით მისულა), "ეროვნულმა ფორუმმა" ორი კვირის წინ გაამხილა. რადგან  ივანიშვილისაგან მყისიერი პასუხი არ ყოფილა, "ფორუმი" მოლოდინის რეჟიმზე გადავიდა, მაგრამ ლოდინს რომ უსასრულოდ არ აპირებდნენ, გუბაზ სანიკიძემ არ დამალა: "ერთი თვე აქტიური მოლოდინის პოზიცია გვაქვს, მერე ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ". რა პასუხი მიიღეს ივანიშვილისაგან და რა მიაჩნია "ეროვნულ ფორუმს" თავის გასაკეთებლად, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე კახა შარტავას ვესაუბრეთ:

- ჩვენ მიმოვიხილეთ შექმნილი ვითარება და გავცვალეთ მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება შეუწყოს ხელი პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებას. ამის შემდეგ შეხვედრა აღარ გვქონია და არც კოალიციის თაობაზე გვისაუბრია. კოალიციის ჩამოყალიბებისას დიდი მნიშვნელობა იმას ექნება, თვითონ ბიძინა და მისი თანამოაზრეები რა სახისა და შინაარსის პარტიას დააფუძნებენ... ახალი კოალიციის შექმნას ახალი სუნთქვა სჭირდება. ამ სიახლისა და საინტერესო შინაარსის შემომტანი უნდა იყოს ახალი პარტია, რომელიც ახლა დაფუძნდება. კოალიციაში ვიქნებით თუ არა, ამ საკითხის გადაწყვეტას ორმხრივი და მრავალმხრივი საუბარი სჭირდება. ჯერჯერობით ასეთი საუბარი არ გვქონია.

- ახალი პარტიის შექმნას არ დალოდებიან ალასანია, უსუფაშვილი, ძიძიგური და დავითაშვილიც. ისინი ჯერ კიდევ შეუქმნელი პარტიის ლიდერთან კოალიციას დათანხმდნენ, რადგან ივანიშვილი მათთვის სასურველი პარტნიორი იყო.

- ჩვენთვის არაფერი შემოუთავაზებიათ და არც გვისაუბრია ამ თემაზე. აქედან გამომდინარე, არ მიგვიღია ამ პროცესში მონაწილეობა. თუ ბატონი ბიძინა შემოგვთავაზებს, არანაირ წინა პირობას არ დავაყენებთ, თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტას სერიოზული განხილვა სჭირდება.

- "ფორუმისთვის" რა საკითხებია მნიშვნელოვანი?

- გამარჯვების ტაქტიკა და სტრატეგია. როგორ მივაღწიოთ ერთპარტიული სისტემის შეცვლას, მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლას და რა სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას. შეიძლება სავალდებულო არც იყოს, ყველამ ერთ კოალიციაში მოიყაროს თავი. ერთობლივი გამარჯვების სხვა სქემებიც შეიძლება დაისახოს.

- მესამე პოლიტიკური ცენტრის საჭიროებაზე ხომ არ მიანიშნებთ?

- მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობასა და პოლიტიკურ რესურსს ვერ ვხედავ. ჯერჯერობით მნიშვნელოვანია, რომ ე. წ. მეორე პოლუსი ჩამოყალიბდეს, ახალმა ძალამ პოლიტიკური ჩამოყალიბება და თვითგამორკვევა დაასრულოს. მეორე პოლუსის ჩამოყალიბების შემდეგ გაირკვევა, ამ რეჟიმთან ბრძოლის რა ვარიანტი იქნება მიზანშეწონილი.

- როდესაც ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტად დაინიშნა, ელოდნენ, რომ "ეროვნული ფორუმი- მჭიდროდ ითანამშრომლებდა ივანიშვილთან, მაგრამ ასე არ მოხდა. იმიტომ ხომ არა, რომ "ფორუმს- კოალიციაში განსაკუთრებული ადგილის დაკავება სურს.

- არ მიკვირს, რომ ასეთი აზრი გაგიჩნდათ, მაგრამ ასეთი საუბარი არ გვქონია და არც რაიმე მოთხოვნებს ვაყენებთ. ჩვენ ამ სიახლისადმი კეთილგანწყობა იმით გამოვხატეთ, რომ ბიძინას ინიციატივიდან გამომდინარე შევთანხმდით,

- ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი დაპირისპირების ყველაზე რთულ უბანზე წავიდა და იბრძვის.

ეს პარტიისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ამ პოლიტიკური სიახლის მნიშვნელობა ჩვენ ასე შევაფასეთ, დავაფასეთ და წინასწარი განზრახვების გარეშე დავთანხმდით.

- გუზაბ სანიკიძემ განაცხადა, ერთი თვე გვაქვს ლოდინისთვისო, მერე რას აპირებთ?

- დღეს ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. სანამ ეს ძალა პოლიტიკურ კონტურს შეიძენს, ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან ყველას ერთი ამოცანა გვაქვს, - არსებული სისტემის შეცვლა. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დასრულდება პარტიისა და კოალიციის ფორმირება. შემდეგ ჩვენც გვექნება შესაძლებლობა ჩვეულ პოლიტიკურ რეჟიმში გავაგრძელოთ აქტიურობა. მინიმუმ თემატურ საკითხებზე მაინც ვითანამშრომლებთ კოალიციასთან. ოპოზიციას დიდი დრო არა აქვს არჩევნებისთვის მოსამზადებლად. თებერვლისთვის ოპოზიციამ უნდა აგრძნობინოს საზოგადოებას, რომ ბრძოლის მოსაგებად მზად არის.

- ამ დღეებში ეროსი კიწმარიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს მაისში დანიშნავსო. რატომ აძლევს ხელისუფლებას ხელს რიგგარეშე არჩევნები?

- შეიძლება წინასწარ შექმნან აჟიოტაჟი, რომ არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება და ოპოზიციურ პარტიებს ნაადრევად მოუწიოთ რესურსების მობილიზებამ, მოკლე პერიოდში თავდაუზოგავმა მუშაობამ წელში გაწყვიტოს და შემდეგ აღმოჩნდეს, რომ არჩევნები შემოდგომაზეა. ქანცგაწყვეტილ ოპოზიციას გაუჭირდება საშემოდგომოდ ძალის ხელმეორედ მოკრება. თუმცა, არ არის გამორიცხული, მართლაც გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები, რათა ოპოზიცია მას მოუმზადებელი შეხვდეს. ამიტომ თითოეული დღე მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოულოდნელობისთვისაც და მომავალი წლის შემოდგომისთვის დანიშნული არჩევნებისთვისაც.

- ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლების ორთვიანი გარინდება დასრულდა. ჩანს, პირველმა შოკმა გაიარა და "ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლას აპირებს.

- პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენა ხელისუფლებამ დამანგრეველი პროცესის დასაწყისად აღიქვა, მაგრამ რადგან ივანიშვილის ძალის პოლიტიკური აქტიურობის ინტენსიფიკაცია არ მოხდა, შესაძლოა ოდნავ დამშვიდდნენ. ყველაზე საინტერესო მოვლენა, რაც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მოჰყვა, კოალიციის შექმნაა. მან ყველას უნდა აჩვენოს, რომ ეფექტური დასაწყისი უკვალოდ არ ჩაივლის. მიუხედავად დიდი შესაძლებლობისა, ხელისუფლების საქმე კარგად არ არის. მათთვის პრობლემაა სააკაშვილი, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენა სურს. საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია, აქ ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს და ნაცვლად ამისა, როდესაც პოლიტიკურ სინგაპურიზაციას დაინახავენ, ამას არ მიესალმებიან. მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პუტინიზაცია არ მოხდეს.

თუ აქ მარადიული ავტორიტარიზმი დამყარდა, ეს დასავლური თანამეგობრობის პოლიტიკური მარცხი იქნება, რის გამოც მათ ნიშნს მოუგებს პუტინი. გარდა სააკაშვილის პრობლემისა, დგას "ნაციონალური მოძრაობის- ხელისუფლებასა და პოლიტიკაში დარჩენის საკითხი.

ლიდერი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჩამორეცხავს ჩადენილ დანაშაულებს, ხელისუფლებას არ ჰყავს. ასეთ ვითარებაში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკაში უმრავლესობით დატოვება შეუძლებელი გახდება, თუ არჩევნები არ გაყალბდა. ხელისუფლება შეეცდება, ქვეყანაში ისეთი რამ მოხდეს, რაც მიხეილ სააკაშვილს შანსს მისცემს, ისევ დარჩეს ხელისუფლებაში და ჩვენ ხმა ვერ ამოვიღოთ.

- რა შეიძლება ასეთი რამ იყოს?

- დაპირისპირების ისეთი ფონის გაჩენა, რომ ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილი დარჩეს,  როგორც სტაბილურობის გარანტი. ჩრდილოელი მეზობლისგანაც არის მოსალოდნელი პრობლემები. მას თავისი შიდა პრობლემები ყოველთვის  საქართველოზე გადმოაქვს... ცხადია, ნაციონალები  შეეცდებიან, კვლავ უმრავლესობა ჰქონდეთ პარლამენტში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არსებობდეს ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ არჩევნებამდე გააკეთებს  დემონსტრირებას, რომ თავისი შემადგენლობით, მოსახლეობის მხარდაჭერითა და პოლიტიკური ძალმოსილებით მმართველ პარტიაზე  უპირატესია. აი, ასეთი ალტერნატივისთვის  უნდა მოვემზადოთ. ეს დაუნდობელი ბრძოლა იქნება. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს შექმნის პროცესის გააქტიურება, რათა არც რევოლუციამდე მივიდეს ეს პროცესი და არც "ნაციონალურ მოძრაობას" მიეცეს გაყალბების საშუალება.