მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ივანიშვილის ივენთი

ისევ იგივე ფილარმონია, ისევ იგივე ხალხი... ამ ჩვენი ფილარმონიის კედლებს რამდენი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება უნახავს, ვინ მოთვლის. ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოძრაობა ფილარმონიაში შეიძლება არ დაფუძნებულა, მაგრამ მისი გზა ადრე  თუ გვიან,  მაინც დიდ საკონცერტო დარბაზთან მიდიოდა. აგერ, ივანიშვილსაც უნდოდა, თავისი "ქართული ოცნება" სპორტის სასახლეში დაეფუძნებინა, მაგრამ ისევ ფილარმონიაში მოუწია. პრინციპში, იმ ხალხს, ვინც მისი ორგანიზაციის დაფუძნებაზე შეიკრიბა, ფილარმონია უფრო მოუხდებოდა, ვიდრე სხვა ადგილი. იქიდან ბევრს სხვადასხვა ორგანიზაციის დაფუძნებაში ადრეც მიუღია მონაწილეობა. აკი თქვა კიდეც ეს მწერალმა ნაირა გელაშვილმა. მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ როგორც მახსოვს, სწორედ ფილარმონიაში დააფუძნეს საზოგადოება "თბილისელების" წევრებმა "მოქალაქეთა კავშირი" და მისი მაშინდელი დამფუძნებლებიდან ბევრი 2011 წლის 11 დეკემბერსაც იჯდა დარბაზში. ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოება "დეჟა ვიუს" განცდას ბადებდა, მხოლოდ ფორმა იყო განსხვავებული, მაგალითად, აქამდე არც ერთი მოძრაობა რეპის თანხლებით არ დაფუძნებულა!

ყველა მოძრაობის მიზანი საქართველოს ნათელი მომავალი გახლდათ. აქ ახალს ვერაფერს მოიგონებ, ყველა ფრაზა უკვე ნათქვამია. აი, თუნდაც ეს:  "საქართველოს ისეთი სახელმწიფო სჭირდება, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია ემსახურება ხალხს და არა - მმართველ ელიტას!" - ესეც ივანიშვილის სიტყვებია, "ქართული ოცნების" დაფუძნებაზე წარმოთქმული... იმედიანად ჟღერს, მაგრამ განა ყველა პოლიტიკოსი იმავეს არ გვპირდებოდა? მაგალითად, განა სააკაშვილიც ამ ჭკუაზე არ იყო, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა? ყველას გახსოვთ ნაცმოძრაობის ერთ-ერთ შეკრებაზე სააკაშვილის ომახიანად ნათქვამი: "დადგა დრო, როდესაც ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს მთავრობის, არამედ მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის!" არადა, დღეს სააკაშვილის ხელისუფლებას სწორედ ტოტალურ კონტროლს და ხალხში შიშის დათესვას საყვედურობენ.

ბუნებრივია, ის, რომ აქამდე თითქმის ყველა იმას გვპირდებოდა, რასაც ივანიშვილი და თითქმის ყველა ამას ფილარმონიის დარბაზში აკეთებდა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ივანიშვილიც სხვების მსგავსად მოიქცევა, მაგრამ პოლიტიკოსებისა და მათი დაპირებებისადმი უნდობლობის საფუძველი ნამდვილად გვაქვს და რაც უფრო ეჭვის თვალით შევხედავთ ყველას, ვინც ოცნების ასრულებას გვპირდება, ჩვენთვისვე იქნება უკეთესი. აჯობებს, თუ გამოვეკიდებით ყველა დეტალს, რომელიც მათ საქციელში არ მოგვეწონება და რაღაც დიდი და გრანდიოზული წარმატების მოლოდინში შეცდომებზე თვალს არ დავხუჭავთ, თორემ მერე, როდესაც ურემი გადაბრუნდება, ძალიან გვიანია ხოლმე. ნურც იმის შეგვეშინდება, რომ ამის გამო შეიძლება ვიღაცამ ხელისუფლების პროპაგანდის მსხვერპლი გვიწოდოს, რადგან ის, ვინც ამას აკეთებს, მაშინვე თავად ემსგავსება ხელისუფლებას, რომელიც ყველას, ვინც მას აგვისტოს ომის დროს დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებს, რუსული პოლიტიკის აპოლოგეტად აცხადებს. ასე რომ, თუ თქვენც ჩემსავით არ მოგეწონათ ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოება, თუ თქვენც ჩემსავით იქ შეკრებილმა ხალხმა ნათელი მომავალი ვერ დაგანახათ, ნუ შეგრცხვებათ და ხმამაღლა თქვით, რასაც ფიქრობთ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ თქვენამდე, მაგალითად, ნუგზარ წიკლაურმა თქვა: "როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არის შევარდნაძის კარის წითელი ინტელიგენციის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში." ნუ იფიქრებთ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რამის თქმის უფლება, ნუგზარ წიკლაურს კი - არა,  რადგან იგი იმ გუნდის წევრია, რომელშიც შევარდნაძის მინიმუმ ორი ყოფილი მინისტრია სააკაშვილისა და მაჭავარიანის სახით, ხოლო თანაგუნდელი - რამდენიც გნებავთ.

ნუ მოგერიდებათ, თქვათ, რომ მიუღებელია ეკა ბესელიას არგუმენტები, რომელიც ამბობს, ""ქართულ ოცნებას" საზოგადოების გამაერთიანებლის ფუნქცია აქვს და მასში ყველა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი. არ შეიძლება ადამიანების დანაწევრება და დაყოფა. ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში განსხვავებული ფუნქცია აკისრია -– მისი მიზანია, საზოგადოება კი არ დაყოს, არამედ გააერთიანოსო".

ეს არგუმენტი მიუღებელია, რადგან ერთობა თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ მისი კომპონენტები სწორად არ არის შერჩეული. ძალა ერთობაში მაშინ არის, როდესაც ერთ კონად ისრებს კრავ, ხოლო თუ ერთ კონაში ისრებს და ასანთს მოათავსებ, ერთ დღესაც ის კონა ხელში შემოგეწვება.

კვირის სენსაცია

თქვენი არ ვიცი და ჩემთვის გასული კვირის მთავარ სენსაციად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესსამსახურის ინფორმაცია იქცა. აი, ისიც: "თურმე, 160 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული უმდიდრესი ტრადიციების მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, ფუძნდება "თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო". ამ საბჭოს დამფუძნებლად და მხარდამჭერად მოგვევლინა ქართველი ბიზნესმენი ბატონი დავით კეზერაშვილი". აი, ასე!!! ყოფილი თავდაცვის მინისტრი და შემდეგ მოულოდნელად საკუთარ თავში ბიზნესმენის ნიჭის აღმომჩენი ოპერის მოყვარულიც ყოფილა და მისი დახმარება გადაუწყვეტია. როგორც თეატრის პრესსამსახური იუწყება, "თბილისის "ოპერის მეგობართა საბჭოში" აკუმულირებული თანხები მოხმარდება: საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსების და დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებას, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებთან ურთიერთობების დამყარებას" და ა.შ.

მე თქვენ გეკითხებით, არ არის ეს სენსაცია? აბა, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ოდესმე, ერთი წუთით მაინც თუ წარმოიდგენდით, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი მეცენატობას გადაწყვეტდა და თან - საოპერო განხრით?

ამ კაცს ოპერა "ნაყვარება" და რაღა თავდაცვის მინისტრად ვნიშნავდით, კულტურის მინისტრად დაგვენიშნა! ახლა არ მითხრათ, რატომ არ შეიძლება, თავდაცვის მინისტრს ოპერა უყვარდესო. როგორ არ შეიძლება, მაგრამ სიყვარულსაც გააჩნია და თავდაცვის მინისტრსაც. სულ  მიკვირდა, რატომ ვერ გამოდგა კარგი თავდაცვის მინისტრი-მეთქი... თურმე კაცი დღე და ღამე "აიდასა" და "გედების ტბაზე" ფიქრობდა და ჩვენ ხელში ქვემეხები მივაჩეჩეთ. კაცს ყურში ვერდი და პუჩინი ჩაესმოდა, ჩვენ კი სმენა ზალპების ხმებით გავუუხეშეთ. კაცს ლოჟაში ჯდომა ჰყვარებია, ჩვენ კი პოლიგონებზე ვარბენინეთ. კაცი ფაქიზი სულის პატრონი ყოფილა, ჩვენ კი ჯარისკაცის ჩექმა ჩავაცვით, თან რა დროს: რუსეთ-საქართველოს ომისას! სულ ვამბობ, ჩვენი ხელისუფლება საკადრო პოლიტიკაში ჭედავს-მეთქი და არ მიჯერებენ! აბა, რურუა კულტურის მინისტრი უნდა ყოფილიყო და კეზერაშვილი - თავდაცვის? სამართალია, ახლა, ეს? ეტყობა, როდესაც თავდაცვის მინისტრად ნიშნავდნენ, მოერიდა პრეზიდენტისთვის ეთქვა, მე, ბატონო ჩემო, ოპერაზე ვირევი და ნუ დამაქუხებინებთ ქვემეხს, რომელიც მუზებს ადუმებსო. მორიდებული კაციც ყოფილა ეს ჩვენი კეზერა. არადა, ოპოზიციას რომ ჰკითხო, ქვეყნის ამომგდებია. მატყუარაა ეს ოპოზიცია! როგორ შეიძლება ოპერის მოყვარული და მეცენატი ადამიანი ცუდი იყოს?!