"ხელისუფლებამ თუ "მაესტრო" წაგვართვა, თავადაც აუწერელი ზიანი მიადგება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ თუ "მაესტრო" წაგვართვა, თავადაც აუწერელი ზიანი მიადგება"

მამუკა ღლონტი: "დარწმუნებული ვარ, კიწმარიშვილის ხელით ხელისუფლება გვებრძვის"

ტელეკომპანია "მაესტროს" გამო ვნებათაღელვა არ ცხრება. გასულ კვირას მამუკა ღლონტთან ერთად ჟურნალისტებმა აქცია პოლიციის წინ გამართეს და მოსთხოვეს სამართალდამცველებს ეროსი კიწმარიშვილის ტელეკომპანიიდან გამოყვანა. ეს უკანასკნელი კი იმ დროს პარტიული ყრილობისთვის მზადებით იყო დაკავებული. იმავდროულად, კიწმარიშვილი საზოგადოებას "მაესტროს" ახალ მაუწყებლობას ჰპირდება და  დამფუძნებლებს 7 მილიონ დოლარს სთხოვს.

მამუკა ღლონტი: - ჩვენ ვაპროტესტებთ პოლიციის უმოქმედობას, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" კანონიერ მფლობელებს არ იცავს. მივესალმებით დავის სამართლებრივად განხილვას, ამიტომ ეროსის მოვუწოდებთ, გამოვიდეს შენობიდან მანამ, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, მისი ხელით ახლა სააკაშვილის ხელისუფლება გვებრძვის. ხელისუფლებამ შეიძლება "მაესტრო" წაგვართვას, მაგრამ თავადაც აუწერელი ზიანი მიადგება. ჩვენ ისევე გვიჭერს საზოგადოება მხარს, როგორც ფოტორეპორტიორებს არცთუ დიდი ხნის წინ.

ვასიკო ოდიშვილი, "მაესტროს" წამყვანი: - კარგს არაფერს ველი, მაგრამ ჩვენ უმოქმედობას არ ვაპირებთ. თუ "მაესტრო" დაამარცხეს, ეს იქნება თავისუფალი სიტყვის დასამარება. აქციის ადგილად პოლიციის შენობა იმიტომ შევარჩიეთ, რომ მას ევალება ტელეკომპანიიდან ყაჩაღის გამოყვანა.

- ყაჩაღს მმართველი კომპანიის წარმომადგენელს უწოდებთ?

- მნიშვნელობა არა აქვს, მმართველი კომპანიის წარმომადგენელია თუ არა, სხვის საკუთრებაში შეჭრილი ადამიანი ყაჩაღია.

ეროსი კიწმარიშვილი: - მართვის კომპანიასა და შპს "სტუდია მაესტროს" შორის დადებული კონტრაქტით ყველაფერი მე მეხება, დაწყებული საკუთრების მართვით, უძრავ-მოძრავი აქტივების განკარგვით და დამთავრებული მესამე პირებთან ურთიერთობით. რა ფორმატში უნდა იქნეს მაუწყებლობა, ესეც ჩემი განსასაზღვრავია. ეს გადაწყვეტილება 2012 წლის 30 ნოემბრამდე არის ძალაში.

- როგორც მსმენია, კონტრაქტში წერია, რომ თქვენ მესაკუთრეებთან შეთანხმებით შეგიძლიათ შეასრულოთ ყველა უფლებამოსილება.

- არა, ეს მხოლოდ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ჟურნალისტის საქმეში ჩარევის უფლება არა მაქვს.

- ბატონო ეროსი, რომელ  დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზეა ლაპარაკი, როცა ჟურნალისტები მაუწყებლობას ვეღარ ახერხებენ. როგორც მმართველი კომპანიის წარმომადგენელი, პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

- არაკორექტულ შეკითხვას მისვამთ. სტუდიაში ჟურნალისტების დაბრუნების ხელის შემშლელი მიზეზი დამფუძნებლების გაუგებარი პრეტენზიებია. მე მათ არათუ დაბრუნებაში ვუშლი ხელს, პირიქით, ვთხოვ, მობრძანდნენ და განაგრძონ მუშაობა ბევრად უფრო კომფორტულად.

- ჟურნალისტები ამბობენ, რომ დაბრუნების საშუალება იმიტომ არა აქვთ, რომ თქვენ ხართ იქ.

- მაგრამ მითხარით, რა არის მათი განცხადების მოტივაცია? ჩემი აზრით, დაბრუნების უფლება არა აქვს მხოლოდ ექსდირექტორს, რომელიც თავის დროზე მე წარვადგინე, და პროდიუსერს, "მაესტროსთვის" მიყენებული ზიანის გამო, რადგან ისინი უკვე თანამდებობებიდან დავითხოვე. ჩემი აზრით, დირექტორის ქმედებები დანაშაულებრივია, დიდი ოდენობის თანხაა გაფლანგული, რის გამოც პროკურატურას მივმართავ. სამწუხაროდ, ისინი თავისუფალი ჟურნალისტიკის დაცვის ეგიდით მართავენ აქციებს, სინამდვილეში კი კრიმინალურ ინტერესებს იცავენ.

- ბატონო ეროსი, დააზუსტეთ, დამფუძნებლებმა ჯერ თქვენ შეგიწყვიტეს კონტრაქტი და მერე გაათავისუფლეთ ბაჩო კიკაბიძე თუ პირიქით?

- საქმე ის არის, რომ დამფუძნებლებმა მართვის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის საწინააღმდეგოდ დაიწყეს მოქმედება. თვალთმაქცური გარიგება წამოიწყეს, რომლის შედეგადაც ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ჩემგან მალულად მოინდომეს თავიანთი წილის გაყიდვა, რისი უფლებაც კონტრაქტით, ჩემთან შეუთანხმებლად არ ჰქონდათ. ამიტომაც გადავწყვიტე, პირდაპირი წესით დამეწყო მართვა. რამდენჯერმე სცადეს კონტრაქტის გაწყვეტა. მათ ჰქონდათ 25-პროცენტიანი წილი, რომელიც გაჩეჩილაძის სახელზე იყო გაფორმებული. ფაქტობრივად, მაკარგვინებდნენ იმ 4 მილიონ-ნახევარ დოლარს, რომელიც მე მოვიზიდე "მაესტროში", და დამატებით ორმილიონ-ნახევარს, რომელიც ზემოთ ხსენებული თვალთმაქცური გარიგებით უნდოდათ ჩემთვის დაემალათ. ვინაიდან შპს "მაესტრო" 10 მილიონად იყო შეფასებული, მისი გაყიდვის შემთხვევაში დამფუძნებლები ვალდებული იყვნენ მართვის კომპანიისთვის "მაესტროს" ღირებულების 25% გადაეხადათ. 10 მილიონის 25% არის ორმილიონ-ნახევარი დოლარი. არა მაქვს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი და ვფიქრობ, საერთაშორისო არბიტრაჟი დაუსვამს წერტილს დამფუძნებელთა ისტერიკასა და ჟურნალისტების სახელით სპეკულაციას. ჟურნალისტური თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება ფინანსური ინტერესები, რაც ამ შემთხვევაში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.  მოვითხოვ დაწეროთ: ბიძინა ივანიშვილის ინიცირებულია ეს სიტუაცია, რომელმაც დამფუძნებლები აიძულა, გადაეგდოთ თავიანთი პარტნიორი.

დიმიტრი გაბუნია, "მაესტროს" დამფუძნებლების ადვოკატი: - მმართველი კომპანიის ქმედებამ ტელეკომპანია "მაესტრო" დააზარალა და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ანაზღაურებას. ტექნიკა დაზარალდა, სრულფასოვანი მაუწყებლობა ვერ ხერხდება და ა.შ. ჩვენ ეროსი კიწმარიშვილის გამოსახლებას ვითხოვდით ტელეკომპანიის შენობიდან, პოლიციამ კი ფაქტობრივად შეწყვიტა საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ.

- "მაესტროსა" და მმართველ კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, შეეძლო თუ არა ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანიაში შესვლა?

- ეროსი უკანონოდ შეიჭრა ტელეკომპანიაში. ვინ შეუშალა ხელი, რატომ ძვრებოდა ღობეზე?

- როგორც ჩანს, ისე არ უშვებდნენ(?!).

- ნახეთ სადმე გავრცელებული ფირი,  რომ კარის გაღება სცადა? როცა კუთვნილ ფართში არ გიშვებენ, უნდა გამოიძახო პოლიცია და მისი ძალით შეხვიდე, ეს არის იურიდიულად გამართული საქციელი და არა ღობეზე ხტომა, თანაც, საჯარო რეესტრის ამონაწერით სტუდია "მაესტროს" დირექტორი  დღემდე ბაჩო კიკაბიძეა,  ე.ი. სულ ტყუილია, რასაც ეროსი ამბობს. გაიძახის, დირექტორი თანამდებობიდან გავათავისუფლეო და თუ ასეა, რატომ არ აისახა ეს საჯარო რეესტრის ამონაწერში? ეროსიმ უკანონოდ დაიკავა სხვისი მართლზომიერ კუთვნილებაში არსებული ფართი და პოლიცია ვალდებული იყო, გამოესახლებინა.

(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე)