"თოვლის ბაბუა, გამოუგზავნე რა მადლობის წერილი შალვას" - კვირის პალიტრა

"თოვლის ბაბუა, გამოუგზავნე რა მადლობის წერილი შალვას"

გაზეთ "კვირის პალიტრას" უკვე დიდი ხანია, "ყველაზე სანდოს" ტიტული მკითხველთა უზარმაზარმა არმიამ მიანიჭა. ჩვენ ეს სიყვარული და ნდობა გვეამაყება და ვაფასებთ. ამიტომაც არის, რომ ჩვენსა და ხალხს შორის გადებულ ამ უხილავ ხიდს ვერაფერი ანგრევს. პირიქით, დაუსაბუთებელი ბრალდებები, 26 მაისის გაშუქების შემდეგ უარგუმენტოდ დაწყებული საგადასახადო შემოწმება, პრესის გავრცელებაში ხელშეშლა კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის  ნდობასა და სიყვარულს ჩვენდამი.

ერთგულო მკითხველო, ამდენ შემოტევას გავუძელით და მეეჭვება, ლეიბორისტთა "მამა-მარჩენალის", შალვა ნათელაშვილის ბრალდებებმა რამე დაგვაკლოს. ალბათ, მიხვდით, მან ამჯერად "კვირის პალიტრა"  ამოიღო მიზანში და განაცხადა, ამ გაზეთს ბიძინა ივანიშვილი მრავალი წელია აფინანსებს, ქეშადაც და გადარიცხვითაცო. მერე მოგვიწოდა, ერთ კვირაში გამოაქვეყნეთ მონაცემები ივანიშვილის მიერ "ქართუ ბანკის" საშუალებით გადმორიცხულ ასეულ ათასებზე, ბავშვებს დაუბრუნეთ "წართმეული სკოლა", სადაც "სააკაშვილის ლოცვა-კურთხევითა და ივანიშვილის ფულით" ხართ დაბანაკებულიო. უკაცრავად, მაგრამ ვფიქრობ, ლეიბორისტთა ლიდერს მისამართი აშკარად აერია, სხვა თუ არაფერი, მთელ მის "ტირადას" ლოგიკური ჯაჭვიც აკლდა (კარგად ვერ გავარკვიეთ, სააკაშვილს ვემსახურებით თუ ივანიშვილს). მაგრამ შალვა ნათელაშვილი რის შალვა ნათელაშვილია, თუ დაუზუსტებელი ინფორმაცია როგორც გაუხარდება, ისე არ აბრახუნა!.. სხვათა შორის, სულ მაინტერესებს, რატომ მიიჩნევს იგი მხოლოდ საკუთარ თავს "ჭეშმარიტ ოპოზიციონერად"?!

განა სწორედ ნათელაშვილი არ იყო, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ლანგრით რომ მიართვა საკრებულოს თავმჯდომარეობა (მკითხველმა თავად განსაჯოს, რის სანაცვლოდ)? განა ნათელაშვილმა არ შესთავაზა პრემიერ-მინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილს (ალბათ, მიზეზი აქაც ადვილი მისახვედრია)? თუ გაწბილებული და ხელმოცარულია, მაპატიეთ, მაგრამ საკუთარ თავს მოჰკითხოს! რაც შეეხება, მის ცრუპენტელობას, ჩემმა კოლეგამ დაჩი გრძელიშვილმა ნათელაშვილს ფრიად გამოსადეგარი "ინგლისურის გაკვეთილი" ჩაუტარა: "ბატონო შალვა, სიტყვები "დაუნ" და "ზი დიკტეიტე" უკვე  იცით. კიდევ ერთ სიტყვას გასწავლით, "ლაი" ტყუილს ნიშნავს. გაიმეორეთ რამდენჯერმე საჯარო გამოსვლის წინ  "დაუნ ზი ლაი". საეჭვოა, ამით ტყუილების თქმას გადაეჩვიოთ ან ინგლისური ისწავლოთ. სამაგიეროდ, თვითკრიტიკის ნატამალი გაგიჩნდებათ".

ეჰ, უფრო ადრე სად იყო დაჩი, თორემ ვინ იცის, რამდენჯერ გადაურჩებოდა ნათელაშვილი ცრუგანცხადებებით გამოწვეულ უხერხულობას!.. ალბათ, ლეიბორისტთა ლიდერს "დაუნ ზი ლაი" მაშინაც  უნდა ეთქვა, ვიდრე სკოტლანდ-იარდის კომისრის მოადგილე პოლ სტიმენსონს მიმართავდა, პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით მე დამკითხეთო. ნათელაშვილმა, მისდა გასაოცრად, დასტური მიიღო. საქართველოდან გადახვეწილმა ვალერი გელბახიანმა აღიარა: "ბატონი შალვა დამიკავშირდა და მთხოვა, სასწრაფოდ  მომაწოდე მასალები, რის საფუძველზეც აცხადებ, რომ ბადრი მოკლულიაო. ჩემმა ადვოკატმა ლეიბორისტებს გადასცა მრავალტომიანი საქმე, რომელიც როგორც ბადრი პატარკაციშვილს, ასევე მეც მეხებოდა". მოკლედ, როგორც გაირკვა, უკმაყოფილო ლეიბორისტებმა ეს ტომები ყოველი შემთხვევისთვის თან წაიღეს, რა ვიცით, რაში დაგვჭირდებაო (საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ეხებოდა და არა გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენის სიკვდილის გარემოებას). ალბათ, ნათელაშვილმა, როგორც იურისტმა, იცოდა, რომ  სკოტლანდ-იარდისთვის ცრუჩვენების მიცემა დასჯადი ქმედება იყო. ასე რომ, ან ენა უნდა მოეჭრა, ან სულ "დაუნ ზი ლაი, დაუნ! დაუნ!" - ეძახა! თუმცა მაშინ მას აშკარად გაუმართლა, ბრიტანეთის საელჩომ ვიზა არ მისცა (სავარაუდოდ, დიპლომატები მიხვდნენ, რომ აბსურდულ ვითარებასთან ჰქონდათ საქმე და ნათელაშვილს სიტუაცია აღარ გაურთულეს). ლეიბორისტთა ლიდერმა კი პასუხად ბრიფინგი მოაწყო, სკოტლანდ-იარდისთვის  პატარკაციშვილთან დაკავშირებული მასალების  გადაცემას ვაპირებდი, თუმცა ხელისუფლებამ შემიშალა ხელი, მისი ჩარევის გამო ვიზა აღარ მომცესო. გავიდა ხანი და ნათელაშვილს "მასალები" მისთვის სანდო მედიასაშუალებებშიც (რომელიც არცთუ ბევრი დარჩა) კი აღარ გამოუქვეყნებია.

ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა ნათელაშვილის ცრუპენტელობა ქვეყნის მასშტაბებსა და საზღვრებს გასცდა. მაგალითად, როცა ბრიტანელი ჯარისკაცები ტყვედ ჩაცვივდნენ, შალვა ნათელაშვილმა ირანის მხარეს "მეგობრულად" სთხოვა, გამოეჩინა კეთილი ნება და გაეთავისუფლებინა ისინი იმის გათვალისწინებით, რომ  ირანის ტერიტორიულ წყლებში ყოფნა აღიარეს. ფინალი მართლაც ანეკდოტური იყო: იმ Dდღესვე, 18 საათზე, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები გაათავისუფლეს, რისთვისაც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა კახა ძაგანიამ ირანის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა, ნათელაშვილმა კი ლამის აჰმადინეჯადს უდეპეშა. ეს კიდევ არაფერი, ლეიობორისტთა მამა-მარჩენალმა საზოგადოებას ყალბი მადლობის წერილიც კი აუფრიალა, რომელიც თითქოსდა ბრიტანეთის ელჩისგან მიიღო (წერილის არსებობა ბრიტანეთის საელჩომ ოფიციალურად უარყო)(!). არ არის გამორიცხული, ნათელაშვილი ვიღაცამ მასხრად აიგდო, მაგრამ ლეიბორისტებმა, წერილის ნამდვილობაში რომ ეჭვი არაფრით შეიტანეს, ეს მართლაც განსაცვიფრებელი იყო! მოგვიანებით თავად ნათელაშვილმა მნიშვნელოვანი დოკუმენტის ფალსიფიკაციაში  ეჭვმიტანილად ვანო მერაბიშვილი ცნო. ამ უკანასკნელს კი იუმორის გრძნობამ სძლია და იქით აღარ მოჰკითხა პასუხი მთავარ ლეიბორისტს "დიპლომატიური წერილის გაყალბებისთვის". ამ შემთხვევაშიც "დაუნ" ვის ან რას?! ჩვენი გემოვნებიანი მკითხველი პასუხს ადვილად მიხვდება.

დასასრულ, ახალი წელი მოდის და არ გვინდა ნათელაშვილს გული დავწყვიტოთ. მივმართავთ ყველას, ქვეყანაში თუ მის საზღვრებგარეთ, თუნდაც თოვლის ბაბუას: გამოუგზავნოს საქართველოსთვის "წამებულ" ლიდერს რამე სამადლობელო წერილი. მართალია, ახლახან ლეიბორისტებმა პრესაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის წერილი ააფრიალეს ნიშნად იმისა, რომ ნათელაშვილს ამერიკელ პოლიტიკოსთა პროგრესულ ნაწილთან პირადი ურთიერთობა აქვს, მაგრამ "ესე უსტარი", არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ სამძიმრის წერილის პასუხი აღმოჩნდა(?!). თურმე ბატონ შალვას  ქალბატონი ჰილარისთვის დედის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრებია და პასუხად "გმადლობთ" მიუღია.

არა, ნამდვილად ვაღიარებთ, რომ შალვა ქართულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა და სხვებს არა ჰგავს! უფრო მეტიც, ნათელაშვილისთანები ბუნებაში აღარ არსებობენ. სწორედ ამის  გამო, ინტერნეტფორუმებზე, ენაკვიმატმა მკითხველებმა მას "ლეიბოზავრიც" შეარქვეს და ფოტოკარიკატურაც მიუძღვნეს, რომელსაც მხიარული საახალწლო განწყობის შესაქმნელად გთავაზობთ.