ფოტორეპორტიორთა საქმე ანუ "მეც შპიონი ვარ" - კვირის პალიტრა

ფოტორეპორტიორთა საქმე ანუ "მეც შპიონი ვარ"

ბრალდების ალოგიკურობამ საბოლოოდ განამტკიცა ეჭვი ფოტორეპორტიორების უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ დაკავებულებს არ აპატიეს 26 მაისის ღამე

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე ქვეყნის რომელ ტერიტორიაზეც უნდა იყოს, ვალდებულია ყოველ ოთხშაბათს პრობაციის სამსახურში გამოცხადდეს. სენსორულ, სპეციალურ აპარატზე თითის შეხებით უნდა დააფიქსიროს თავისი არსებობა, რის შემდეგაც უფლება აქვს საქმეს ჩვეულებრივად შეუდგეს. თუმცა, რაღა ჩვეულებრივად, ვალდებულია დაიცვას უამრავი შეზღუდვა, რომლებიც სამართალდამცავი და სასჯელაღსრულებითი სამსახურებისგან აქვს დაწესებული. გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია იმ ფოტორეპორტიორთაგან, რომლებიც მიმდინარე წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ისინი განაგრძობენ თავიანთი პროფესიით მუშაობას, მაგრამ ეკრძალებათ პოლიტიკურ წრეებთან, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიახლოება. მათთვის შეზღუდულია აკრედიტაციები სხვადასხვა ღონისძიებაზე, აკრძალვის უგულებელყოფის შემთხვევაში, სადამსჯელო ოპერაცია არ დაახანებს. მათ აღარ სურთ ციხეში დაბრუნება.

2011 წლის 7 ივლისს, ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ოთხი ფოტორეპორტიორი: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმ ტაიმის" ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე. მათ ბრალად ედებოდათ "ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება", რის გამოც საქმეს დაედო გრიფი "საიდუმლო". ბრალდება 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.” მალე ეჭვი გაჩნდა, რომ ბრალდების მხარე ჯაშუშურ ორგანიზაციაში საერთაშორისო სააგენტო EPA-ს გულისხმობდა, რადგან სწორედ მასთან თანამშრომლობდა ზურაბ ქურციკიძე, EPA კი, თავის მხრივ, გერმანიის საფარქვეშ მოქმედ სააგენტოდ მოიაზრებოდა(?!). ამიტომაც ბრალდების ბუნდოვანებას საქართველოში გერმანიის საელჩოს მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა. დიპლომატები მოითხოვდნენ დროულად გარკვეულიყო ე. წ. ჯაშუშური ორგანიზაციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომატიური სკანდალი დაიწყებოდა.

ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ სასწრაფოდ "დააზუსტეს" ბრალდების მოტივი და ფოტორეპორტიორებს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში დასდეს ბრალი. თანაც თურმე დაკავებულები ჯაშუშურ საქმიანობას, არც მეტი, არც ნაკლები, აგვისტოს ომის დროსაც ეწეოდნენ და ტყვიებისა და რუსული ბომბების ცეცხლში რეზიდენტისთვის გადასაცემი ინფორმაციის მოსაპოვებლად დაეხეტებოდნენ. ბრალდების ალოგიკურობამ საბოლოოდ განამტკიცა ეჭვი ფოტორეპორტიორების უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ დაკავებულებს არ აპატიეს 26 მაისის ღამე. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონტრაქტო თანამშრომელი გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე იმ ავბედით ღამეს, როგორც სამთავრობო სტრუქტურებისა და პრესტიჟული საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები, თითქმის დაუბრკოლებლად მუშაობდნენ. ამიტომაც ხელისუფლებისგან ხალხის ბარბაროსულად დარბევის ამსახველი საუკეთესო ფოტომასალაც მათ ჰქონდათ. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ფოტოები სწორედ ირაკლი გედენიძემ, გიორგი აბდალაძემ და ზურაბ ქურციკიძემ მიაწოდეს საერთაშორისო სააგენტოებს. მათგან კი მსოფლიოს ცნობილმა გამოცემებმა შეიძინეს.

ფოტორეპორტიორთა დაკავებას მოჰყვა ჟურნალისტების მასობრივი საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობასთან, პრეზიდენტის სასახლესა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჟურნალისტები შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ მინისტრმა თავისთან ჟურნალისტთა მხოლოდ ერთი ჯგუფი  მიიწვია.

მერაბიშვილი შეხვედრაზე ირონიული და ხუმარა იყო, მაგრამ არა დამთმობი. შესაბამისად, ჟურნალისტებმა გამჭვირვალე შენობაში რაც შეიტანეს, კვლავ ის იდუმალებით მოცული კითხვები გამოიტანეს. მინისტრმა მათ უამბო ზღაპარი ცუდ ბიჭებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს სამშობლოს უღალატონ და გრუ-სთან დაიწყეს თანამშრომლობა. უპასუხოდ დარჩა ყველა კითხვა, მათ შორის - მთავარიც. მინისტრმა ვერ თქვა, რასთან გვქონდა საქმე. უარი თქვა თავდებით გამოეშვა დაკავებულები და მასალებს ახსნოდა გრიფი "საიდუმლო".   თურმე გამოძიებას ჰქონია 2004 წლიდან სატელეფონო საუბრის ამონაწერები რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, ოკროკოვსა და სინიცინთან, რომლებიც გიორგი აბდალაძეზე მუშაობდნენ. თუმცა, მინისტრს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება.

ამბის ყველა დეტალი კი ალოგიკურ კავშირში იყო ერთმანეთთან და აზრის გამოტანა ვერავინ შეძლო. ამ ქაოსიდან გაკეთდა დასკვნა: ხელისუფლებას არ ჰქონდა სამხილები და არგუმენტები, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა მიეღოთ. შეაკოწიწეს კიდეც იმ აღიარებითი ჩვენებებისგან, რომელთაც ერთმანეთზე მიყოლებით აწერინებდნენ დაკავებულებს.  დააწერინეს აღიარება გიორგი აბდალაძესაც, რომელმაც დაპატიმრებისთანავე განაცხადა, რომ უდანაშაულოა და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მიუხედავად ამისა, მან ზეწოლას ვერ გაუძლო და დამახინჯებულად მოჰყვა ამბავს, თუ როგორ დააპატიმრეს ოსმა სეპარატისტებმა, როდესაც ჯერ კიდევ "კვირის პალიტრის" რედაქციაში მუშაობდა. ცხინვალის ციხეში თურმე "დაავერბოვკეს" და იმ დღიდან რუსეთს“ემსახურება. მისი მონათხრობი შეიძლებოდა ჩვენც დაგვეჯერებინა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, - აბდალაძის ცხინვალური ოდისეა ზედმიწევნით აღწერა თავის დროზე "კვირის პალიტრამ" გიორგის გათავისუფლების შემდეგ და ჯაშუშების საქმის შემდეგ სწორედ ამ სტატიამ ამხილა სამართალდამცველები, კერძოდ, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ აბდალაძის დაპატიმრების ან მისი ვითომ ჯაშუშური საქმიანობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს აღიარების დროს განგებ შეცვლილ თარიღებსა და ფაქტებს შეუსწორებდნენ. ეს ბრალდება ხომ ტელეკამერების წინ იწერებოდა. საეჭვო შეცდომების ეთერში გაჟონვა კი ჩაწერის დამკვეთის ინტერესში არ უნდა ყოფილიყო.

აღიარებითი ჩვენებების მიღებიდან მალე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმებით ფოტორეპორტიორებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

საგარეო უწყებისა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ და პრეზიდენტის პირადმა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ 4-4-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღეს, 3-წლიანი გამოსაცდელი სასჯელი შეეფარდა  სააგენტო  EPA-ს ფოტოკორესპონდენტ ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე კი პირობით სასჯელს 1,6 წლის განმავლობაში მოიხდის. ფოტორეპორტიორები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ საპროცესო გარიგებაში არც ერთი თეთრი არ გადაუხდიათ. მანამდე ფოტორეპორტიორები დამატებით დაჰკითხეს და ის უზუსტობები“"ჩაასწორებინეს", რომლებიც წინა ჩვენებაში "გაეპარათ". საქმეს კვლავაც გრიფით "საიდუმლო" ადევს, ჯაშუშობაში ბრალდებულნიც დუმილს ამჯობინებენ.