მერაბ მეტრეველის წლის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის წლის ფიქრები

ივანიშვილი

წლის მთავარი მოვლენა უდავოდ არის ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენა - მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა თავად ივანიშვილი. ყველაფერი მარტივია, თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილამდე: ოპოზიციის ერთი ნაწილი მოსკოვში პუტინთან დარბოდა და "პაკლონაია გორაზე" "პარადებს" იღებდა; მეორე ნაწილი "ზილების" რევოლუციის და "მრისხანების დღის" მოწყობით იმუქრებოდა, თუმცა მათმა ლიდერმა პარიზიდან თბილისამდე ვერ ჩამოაღწია (ეტყობა, იქ "ზილი" ვერ იშოვა); მესამე ნაწილი დაშლილი "ალიანსის" მაგივრად ჯერ პოლიტიკურ "რვიანს" ქმნიდა, მერე - "ექვსიანს" და ბოლოს ეს "ექვსიანიც" ხელში შემოეფშვნა; მეოთხე ნაწილი კვლავ რუსეთში გარბოდა და მთავარ სანიტართან აგებდა მეგობრობის ხიდებს.

"პაკლონაია გორადან" დაბრუნებულმა ბურჯანაძემ 26 მაისს ხალხი სასაკლაოზე წაიყვანა და არც ხელისუფლება მოერიდა "ნაჯახის" მოქნევას. ჩაშლილი "მრისხანების დღის" და გაშიფრული "ზილების რევოლუციის" შემდეგ თავის დროზე ზარ-ზეიმთ შექმნილ "ქართულ პარტიას" ის დაემართა, რაც უნდა დამართოდა და რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო - აფეთქდა! ჯერ გუნცაძე წავიდა, მერე - გაჩეჩილაძე, ბოლოს კი - სუბარი. ეიფელის ფონზე გამოჭიმულმა ოქრუაშვილმა სამივე უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა. "ქართული პარტიისგან" მხოლოდ პარიზში გაჭედილი ოქრუაშვილი და წლის ბოლოს "მაესტროს" ღობეზე გადამძვრალი კიწმარიშვილი დარჩნენ.

ლეიბორისტების ლიდერი ამერიკაში წასასვლელად და თეთრი სახლის წინ აქციის მოსაწყობად ემზადებოდა, სახელწოდებით: "დაუნ ზი დიქტეიტე"! ამის შემდეგ ზოგიერთი კიდევ იკითხავს, ამ კაცმა პოლიტიკაში მოსვლა რატომ მოინდომა, ეცხოვრა უზრუნველი ცხოვრებითო? აბა, ახლა თქვენ მითხარით, ასეთ ამბებს რომ უყურებ და იცი, შენი გამოჩენით სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, თუ ქვის არ ხარ, ცდუნებას როგორ უნდა გაუძლო? მე ვერ გავუძლებდი. ამიტომ ჩემთვის საკითხავი არ არის, რატომ მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში. თუ მანამდე ერთი მსახიობის თეატრი გვქონდა, ახლა ორის მაინც გვაქვს, ორი კონკურენციისთვის სრულიად საკმარისია, კონკურენცია კი - ინტერესისა და ინტრიგის წყაროა. თუ  მანამდე არჩევნებზე წასვლას აზრიც არ ჰქონდა, ახლა უკვე აქვს! აზრი აქვს არა მარტო სააკაშვილის მოწინააღმდეგეების, არამედ მისი მომხრეებისთვისაც. ივანიშვილის გამოჩენა, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სასარგებლოა სააკაშვილისთვისაც. აქამდე მისი შეცვლის ერთადერთ გზად რევოლუცია და არეულობა მიაჩნდათ, რევოლუციით ჩამოგდებულმა კი შეიძლება ცუდად დაამთავროს.  მოკლედ, ეს კაცი ძალიან კარგად მოიქცა. ახლა საქმე ის არის, კარგად დაწყებულ საქმეს კარგადვე გააგრძელებს თუ არა.

მიშა

მიშამ წელს, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს აჯობა. მან მწვერვალები დაიპყრო. ასეთი სიმაღლეებისთვის არასდროს მიუღწევია. იმდენი რამ მოასწრო, მარტო მათი ჩამოთვლა წაიღებს იმ ადგილს, რაც რედაქციამ ჩემი რუბრიკისთვის გამოყო. ამიტომ მხოლოდ მის ძირითად საგმირო საქმეებს შეგახსენებთ. საიდან დავიწყოთ? ბოლოდან. წლის ბოლოს პრეზიდენტმა ერთ კვირაში იმდენი საავადმყოფო გახსნა, რამდენიც მთელი რვა წლის განმავლობაში არ გაუხსნია. თავიდან შემეშინდა, რაიმე ეპიდემიას ხომ არ ველოდებით-მეთქი, თუმცა მერე მივხვდი - უბრალოდ, ახლა საავადმყოფოების ხასიათზე იყო. სააკაშვილი ხომ ხასიათის კაცია. მოვა კურორტების ხასიათზე - ერთმანეთის მიყოლებით ხსნის  კურორტებს, მოვა ძეგლების ხასიათზე - ხსნის ძეგლებს, მოვა პროსპექტების ხასიათზე -  ხსნის პროსპექტებს, მოვა ქალაქების ხასიათზე - ხსნის ქალაქებს. წელს მისი მთავარი შთაგონება სწორედ ქალაქის დაარსება იყო. თუ აქამდე ქალაქებს მხოლოდ აახლებდა, ახლა ახალი ქალაქის დაარსება გადაწყვიტა. სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ ვთქვი, არნახულ მწვერვალებს მიაღწია-მეთქი. განაახლა სიღნაღი, განაახლა ბათუმი, განაახლა მესტია, განაახლა ქუთაისი და როცა მიხვდა, რომ  ქალაქების განახლება მის ვნებას ვერ აკმაყოფილებს, ადგა და სოფელი ანაკლია გადააკეთა ქალაქად, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა ის, რაც სურდა - სახელი ანაკლია ხომ მისი მოფიქრებული არ იყო. სულ სხვაა, როცა ცარიელ ადგილზე შენს სიტყვაზე ქალაქი შენდება! სად სხვის დაარსებულს რომ ანახლებ, ან სოფელს რომ ქალაქად აქცევ და სად - შენ რომ აარსებ! ასე ხომ მეფეთა სწორი ხდები! რაღა მიშა და რაღა - ვახტანგ გორგასალი!

და ძეგლები? ძეგლების ამბავშიც ახალ სიმაღლეებს მიაღწია. რა დაგვავიწყებს ველოსიპედის ძეგლს, ან კიდევ "შლოპანცებიან" კვერცხებს, თუ კვერცხებიან "შლოპანცებს"! საერთოდ, ეს "შლოპანცები" წლის ჰიტად იქცა - რაც მაგაზე წერეს და ილაპარაკეს, ალბათ, მიქელანჯელოს "დავითზე" არ დაუწერიათ და არ ულაპარაკიათ. "შლოპანცებსაც" თავის კვერცხებიანად შერცხვა, ჩემ გამო ამდენი ხალხი შეწუხდაო და ქალაქის ცენტრიდან გაიპარა. ახლა თვალში აღარავის ეჩხირება. არის თავისთვის და თავიდანვე იქ რომ დაედგათ, სულაც არ ატყდებოდა ასეთი ამბავი. ან რა იყო ამბის ასატეხი? ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სახალისო გამოცანა: "პიანინოზე დევს, გარედან შავია და შიგნიდან წითელი. რა არის?" პასუხი იყო კალოში. თუ ამის მთქმელს ჰკითხავდი, კი მაგრამ, კალოშს პიანინოზე რა უნდაო, ის გიპასუხებდა: კალოში ჩემია და სადაც მინდა, იქ დავდებო. ჰოდა, "შლოპანცებიც" მიშასია და უნდა - კვერცხებზე დაალაგებს და უნდა - კიტრებზე. ახლა არ მკითხოთ, საიდან იცი, რომ მიშასიაო. ის ისე იქცევა, მთელი ქვეყანა თავისი ჰგონია და ბარემ "შლოპანციც" მისი იყოს. ის კი არა, კვერცხებიც მისი თუ იქნება, არ მეწყინება.

წარმატებები არც საგარეო პოლიტიკაში გვაკლდა. ჯერ სარკოზი ჩამოგვივიდა, მერე ევროკავშირმა ჩვენთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. არც ერთია პატარა ამბავი და არც - მეორე, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ნატოს ასპირანტურაში ჩაბარება მგონია. სწორედ ასე გვითხრეს - საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდაო. ეს ზუსტად რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია გამოვიცნოთ: მაპ-ზე უკეთესი ნამდვილად იქნება.