"ქართული ეკონომიკა გადარჩა... და აგრძელებს განვითარებას" - კვირის პალიტრა

"ქართული ეკონომიკა გადარჩა... და აგრძელებს განვითარებას"

"გპირდებით, რომ "კრიკუნებს" ხელს არავინ ახლებს"

"პოლიტიკაში ფულის ხარჯვა პირადი სიმპათიისა და გემოვნების მიხედვით არ შეიძლება"

როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლება განვლილ წელს, რა მიაჩნია მნიშვნელოვან მოვლენებად და რა მოლოდინით ხვდება ახალ წელს, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ვესაუბრეთ:

- 2011 წელი აქტიური წელი იყო, იყო პრობლემებიც და  წინსვლაც. წარმატებული წელი იყო საგარეო პოლიტიკაში. მნიშვნელოვანი იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ფაქტობრივად საბოლოოდ ჩამოყალიბდა ევროპის პოლიტიკური პოზიცია, რომ რუსეთი ოკუპანტია. მხარდაჭერილ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დეოკუპაცია. უმნიშვნელოვანესი იყო პრეზიდენტ სარკოზის ვიზიტი, რომლის დროსაც ითქვა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

დავასრულეთ წინა წლების ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 2008 წელს დაიწყო რუსულმა აგრესიამ და შემდეგ გააღრმავა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. ქართული ეკონომიკა გადარჩა, გაუძლო ყველა განსაცდელს და აგრძელებს განვითარებას.

საშინაო პოლიტიკაში რამდენიმე საინტერესო პროცესის მოწმენი გავხდით. იწყება ახალი წელი, რომელიც საარჩევნოც იქნება და, ბუნებრივია, ბევრი რამ საინტერესოც მოხდება.

- საზოგადოებას მტკივნეულად დაამახსოვრდა 26 მაისი და ე.წ. ფოტოგრაფების საქმე.

- რაც მაისში მოხდა, დეკემბერში დეტალურ საუბარს აზრი არა აქვს, მაგრამ გეტყვით, რომ მაისში იყო ქართული სახელმწიფოს უკან დახევის მცდელობა. ამ ქვეყანაში ყველას აქვს საშუალება კრიტიკული აზრი გამოთქვას, მიტინგიც ჩაატაროს, კანონის ფარგლებში ქუჩაც გადაკეტოს. ეს ყველაფერი დაშვებულია, მაგრამ დამოუკიდებლობის დღე ისეთი ღირებულებაა, რომელიც პოლიტიკური მიზნისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ე. წ. ფოტოგრაფების საქმეზე რა უნდა ვთქვა? საქმე სასამართლომ განიხილა და პოლიტიკურ შეფასებას ხომ არ გავაკეთებ?

- წელს მედიისთვისაც არ ყოფილა დალხენილი წელი, თუნდაც გავიხსენოთ "მაესტროსთან" დაკავშირებული მოვლენები, სადაც საზოგადოებამ ხელისუფლების ხელი დაინახა.

- ოპოზიცია ყველაფერზე ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს და მერე, როდესაც ირკვევა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია, არავის ახსენდება მობოდიშება და უსაფუძვლო ბრალდების უკან წაღება. ეს მარტო "მაესტროზე" არ ითქმის, ძალიან ბევრ საკითხს ეხება. ჩემი ერთადერთი დაინტერესებაა, "მაესტროს" ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ და ტელეკომპანიას მუშაობის საშუალება მიეცეს. თავის დროზე, როდესაც "მაესტროს" ლიცენზიის პრობლემა ჰქონდა, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც შუამდგომლობა გაუწია კომუნიკაციების კომისიასთან დავის გადაწყვეტაში. იგივე პოზიცია მაქვს დღესაც.

- რადგან თბილისში პრესის ჯიხურების აღება დაიწყო, გამავრცელებლები და მედიამფლობელები ფიქრობენ, რომ პრესას "ლაგამის" ამოდებას უპირებენ.

- გასაგებია, რომ ჟურნალისტებმა და მედიამ მტკივნეულად აღიქვეს ეს საკითხი. ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება შეეხოს მათ ინტერესსა და პრესის გავრცელებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რასაც მერია აკეთებს, აკეთებს ქალაქის განვითარების ინტერესიდან გამომდინარე. როდესაც ყველაფერი წესრიგდება, ჯიხურები ვერ იქნება გამონაკლისი. რაც შეეხება პრესას, მე მერიიდან გამოვითხოვე ინფორმაცია, ჯერ ლოტების ძალზე მცირე ნაწილია გამოტანილი აუქციონზე. მთავარი ლოტები წინ არის. იმედია, მედიის გამავრცელებლები უფრო აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აუქციონში. არის კიდევ ერთი დამატებითი საშუალება, - მოლაპარაკება იმ კომპანიებთან, რომლებმაც უკვე მოიგეს ეს ადგილები და სხვა პროდუქციასთან ერთად პრესას, ამ მოთხოვნად პროდუქციასაც გაყიდიან. პრესის გავრცელების მესამე და ყველაზე ეფექტური გზა ე. წ. "კრიკუნების" ინსტიტუტია, როგორც ვიცი, საუბარია მოძრავ სტელაჟებზეც. ეს არის იმის საშუალებები, რომ პრესის გავრცელება არ შეიზღუდოს და ამავდროულად, მერიამაც გააკეთოს თავისი საქმე. ამ ყველაფრის მერე, რაც ჩამოვთვალე, თუ გამოჩნდება, რომ პრესის გავრცელებას მაინც აქვს პრობლემები, მზად ვიქნები, ჩავერიო ამ პროცესში. თუმცა, ჯერჯერობით, ვფიქრობ, საკმარისი რესურსი არსებობს, რომ პრესის გავრცელებას ხელი არ შეეშალოს. მერწმუნეთ, ეს არ არის ხელისუფლების ამოცანა.

- როგორ ვიფიქროთ, პრესის შეზღუდვა არ არის, როდესაც ქალაქის ცენტრიდან იღებენ 200-მდე პრესის ჯიხურს და მათ ისღა დარჩენიათ, პერიფერიებში გადაბარგდნენ, სადაც პრესა ნაკლებად იყიდება. ქალაქის ცენტრში კი ჯიხურების ჩადგმის უფლება მოიპოვეს სხვა კომპანიებმა, რომლებიც პრესით არ ვაჭრობენ. ეს მათ საკმაოდ ძვირი დაუჯდათ და წლიური იჯარა რომ გადაიხადონ, გაზეთის გაყიდვა ხელს არ მისცემთ. ისედაც როგორ წარმოგიდგენიათ შაურმასა და კვერცხთან ერთად პრესით ვაჭრობა? თქვით, რომ პრესის გავრცელების ერთ-ერთი ეფექტური გზა ე.წ. "კრიკუნებია". მათაც რომ უთხრან, თქვენი სტელაჟები ქალაქს ამახინჯებსო?

- როგორც ვიცი, გაზეთების 80%-ს "კრიკუნები" ყიდიან. გასაგებია, რომ პრევენციულად ახდენთ რეაგირებას, მაგრამ არც უტირაჟოდ რჩებით.

პრესის ჯიხურები გამონაკლისი ვერ იქნება და ვერ დარჩება ქალაქში კუნძულებივით, რომელთაც მერია ვერ შეეხება. ერთადერთი გზაა აუქციონი. "კრიკუნების" აკრძალვას არავინ აპირებს. ამ საკითხზე თბილისის მერს დაველაპარაკები და გპირდებით, რომ "კრიკუნებს" ხელს არავინ ახლებს.

- წელს ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე - ბიძინა ივანიშვილი. პროგნოზირებენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ორი პოლიტიკური ცენტრის დაპირისპირებით წარიმართება.

- ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, წასულიყო პოლიტიკაში და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი რამ აქვს გაკეთებული და პოლიტიკური კონკურენციის არ ეშინია. რაც შეეხება ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ცენტრის შექმნას, მიდგომას, - ან მე და ან სხვა, ქვეყნის პოლიტიკისთვის ცუდია. ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, რომ ყველას ჰქონდეს არჩევანის დაფიქსირების საშუალება. შეიძლება არ მომწონს პირველი და მეორე პოლუსი და უნდა მქონდეს საშუალება, მოვძებნო მესამე, მეოთხე, მეხუთე პარტია, რომელსაც ხმას მივცემ.

- ბრძანეთ, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი აქვს გაკეთებულიო, მაგრამ გაკეთებული, როგორც ვიცი, ივანიშვილსაც ბევრი აქვს.

- მართლაც ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ბატონ ივანიშვილს და ამის უარყოფას არავინ აპირებს, მაგრამ ერთია ქველმოქმედება და მეორე - პოლიტიკა. როდესაც ადამიანი პოლიტიკაში არ არის, შეუძლია ვისაც უნდა, იმას დაეხმაროს, დააფინანსოს. მაგრამ როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, პოლიტიკაში ფულის ხარჯვა პირადი სიმპათიისა და გემოვნების მიხედვით არ შეიძლება. პოლიტიკას სხვა თამაშის წესები აქვს და როდესაც ხდები პოლიტიკოსი, თამაშს ახალი წესებით იწყებ.

ივანიშვილისგან დღემდე ვერ მოვისმინე მკაფიო პასუხი იმ ეკონომიკურ ან სოციალურ პროგრამაზე, რომელიც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ექნება. დღემდე ვერ მოვისმინე მკაფიოდ, სად არის საქართველოს მომავალი, ნატოში თუ ევრაზიულ კავშირში. ერთადერთი, რაც მოვისმინე და რაც მაწუხებს, არის რუსეთთან დამოკიდებულების საკითხი, რომ თურმე ომი საქართველომ დაიწყო, ქართველების რუსეთიდან გამოძევებაც თურმე ქართველების ბრალია. ასეთი შეფასებები ბევრ კითხვას აჩენს.

- რას ელით ახალი წლისაგან?

- იმედია, მომავალი წელი წინსვლის გაგრძელების წელი იქნება.

თქვენი გაზეთის მკითხველებს ვულოცავ დამდეგ 2012 წელს. ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს, ჯანმრთელობას. 2012 წელს უფრო მეტი ოჯახი იყოს წელგამართული. თქვენს გაზეთს ბევრი მკითხველი ჰყავს, ერთ-ერთი ყველაზე სანდო გაზეთია საზოგადოების განწყობის მიხედვით. ასევე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გაზეთიცაა და ვიცი, ბევრი წაიკითხავს ჩემს მილოცვას. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, სიკეთესა და მშვიდობას გისურვებთ.