სქემები, რომლებსაც ხელისუფლება ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენებს - კვირის პალიტრა

სქემები, რომლებსაც ხელისუფლება ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენებს

არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი იმ სქემებზე გვესაუბრა, რაც შესაძლოა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენოს:

- პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა "ნაციონალებისათვის" შოკი იყო... მას წარმატებისთვის რომ ვერ მიეღწია, ათასგვარ ხერხს მიმართეს. პირველ ყოვლისა, აქცენტი გაკეთდა ფულზე. ამისთვის საარჩევნო კანონსა და "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შეიტანეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს პარტიის თანხების მოძრაობა აკონტროლოს. ამავე დროს, შეიზღუდა საქველმოქმედო ფონდის მუშაობა, რომლითაც ივანიშვილი მეცენატურ საქმიანობას ეწეოდა. ახალი ცვლილებით პოლიტიკოსს და მასთან ასოცირებულ პირს არ ექნება მეცენატობის საშუალება, რადგან ეს ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩაითვლება...

პარტიები, რომლებიც არ არიან ივანიშვილის კოალიციაში, ჯერ მოლოდინის რეჟიმში არიან და ამიტომ არ აკრიტიკებენ მის კოალიციას, მაგრამ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ არ უწერიათ მის კოალიციაში გაწევრება, შექმნიან მესამე და მეოთხე ცენტრებს და არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ ისინი დააფინანსოს. Aასევე არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ პოლიტიკაში შემოუშვას რუსეთზე ორიენტირებული ისეთი პირები, როგორიცაა ვლადიმერ ხომერიკი და მინდია გულუა. მისცენ საშუალება საქართველოში ჩამოსვლისა, პარტიული ოფისების გახსნისა და ამით ძალიან დააბნიონ ამომრჩეველი. - ივანიშვილს თავის კოალიციაში დასავლური ორიენტაციის ხალხი ჰყავს, ჩვენ კი რუსეთთან ვიქნებით ახლოსო და ამ განწყობის ამომრჩეველი თავის მხარეს გადაიბირონ.

ივანიშვილს ჰქონდა შესანიშნავი რესურსი, რომ ყველა პარტია გაეერთიანებინა ერთის წინააღმდეგ. შეცდომაა მიჯნის გავლება და კოალიციის შექმნა მხოლოდ "რესპუბლიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან". ძალიან რთულია ორი პარტიით გამკლავება ისეთ ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშესთან, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა". თუ დაეთანხმებოდნენ, ბიძინა ივანიშვილს გვერდით უნდა დაეყენებინა ქრისტიან-დემოკრატებიც, "ახალი მემარჯვენეებიც", ბურჯანაძეც, ყველა ოპოზიციური პარტია. მთელი ოპოზიციური სპექტრი რომ გაერთიანებულიყო, ამომრჩეველს მეტი მოტივაცია ექნებოდა, საარჩევნო ყუთთან მისულიყო, ვიდრე მაშინ, როდესაც დაინახავს ოპოზიციური პარტიების უთანხმოებას. მესამე და მეოთხე ცენტრები დაიწყებენ ივანიშვილის კოალიციის გაკრიტიკებას, ივანიშვილის კოალიცია მათ უპასუხებს და ხელისუფლება ისე გავა "დამკაში", როგორც აქამდე გადიოდა...

ივანიშვილს ეგონა, მისი გამოჩენისთანავე სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშლებოდა და მინისტრები რიგში დადგებოდნენ მის პარტიაში გასაწევრებლად, მაგრამ ვინაიდან ეს არ მოხდა, ივანიშვილს სტრატეგია უნდა შეეცვალა. უნდა ემოქმედა ფორმულით "ყველა მინუს ერთი".  სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, ჩანს, ივანიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან და ეგონა, როგორც კი გაიგებს სააკაშვილის ოპონენტი გავხდი, ჩემთან წამოსვლას იფიქრებსო, მაგრამ მერაბიშვილი ოპოზიციაში წასული ივანიშვილის გვერდით არ დადგა, რაც ადვილად პროგნოზირებადი იყო. ივანიშვილს რომ სწორი სტრატეგია აერჩია და მერაბიშვილს დაენახა, რომ მისკენ არის მთელი ოპოზიციური სპექტრი, თავისი 70%-იანი მხარდაჭერით, შესაძლოა, ვანო მართლაც დამდგარიყო მის გვერდით, მაგრამ, როდესაც "ქართული ოცნება" მხოლოდ ორ პარტიაში ჩაიკეტა, ვანო მიხვდა, რომ ამ სიტუაციაში ივანიშვილის გუნდის პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა სრული აბსურდია.

ივანიშვილი ხალხს უყვარს როგორც მეცენატი, მაგრამ მეცენატური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, ის ხალხი, ვისაც ეხმარებოდა, ივანიშვილს "საყვედურით მოუტრიალდება".  ხელისუფლება ამ ხალხს ეტყვის, ფულს მე მოგცემთო და მისცემს ყველას, ვინც არჩევნებზე სჭირდება, - ინტელიგენციას, მასწავლებლებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. მოიფიქრებს სქემებს, რისი წყალობითაც ამ ხალხს სახელმწიფო დაფინანსებაზე დასვამს იმ დრომდე მაინც, სანამ კიდევ ერთხელ დაიმკვიდრებს ხელისუფლებას და ვაი, ჩვენი ბრალი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგვევლინება...

ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის დროს ფულის გამოყენების შანსი წაართვეს, ამ დროს ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის სახით ძლიერი ბერკეტი დაიტოვა. ივანიშვილი თუ პარტიას ვერ დააფინანსებდა, შექმნიდა არასამთავრობოს, იქ ჩადებდა ფულს და ამ ფულს გამოიყენებდა პოლიტიკური მიზნებისათვის, მაგრამ ხელისუფლებამ ეს სქემაც "გაშიფრა" და ამის საწინააღმდეგო მუხლებიც ჩაიდო კანონმდებლობაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტიებთან ირიბი კავშირის გამო გრანტის მიღება ეკრძალებათ. ეს კანონპროექტი იმგვარად არის ინიცირებული, რომ ხელისუფლებას საშუალება ეძლევა მექოთნესავით მოიქცეს, - მოცემულ სიტუაციას ისე შეაბას ყური, როგორც მოესურვება. შეზღუდვები კი ასეთია: არასამთავრობო ორგანიზაციას უცხოური იურიდიული პირებისგან, ასევე, საქართველოს არამოქალაქეებისგან დაფინანსების მიღება ეკრძალება. მოკლედ, ცვლილებებში ისეთ ჩანაწერებს ვხვდებით, რომლებითაც შესაძლოა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გამოედავო და ნებისმიერ ორგანიზაციას შეუქმნა დაფინანსებაში პრობლემა.

ხელისუფლება ოპოზიციონერ კონკურენტებს აიძულებს, გადავიდნენ "შავი ფულის" გამოყენებაზე, რაც მძაფრსიუჟეტიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დამთავრდება. აპირებენ, სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანონ მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური მექრთამეობის გამო პასუხისმგებლობას. ამ მუხლის მოქმედების არეალი იმდენად დიდია, რომ ადამიანმა გამარჯობაც რომ უთხრას პოლიტიკოსს, მასზეც შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება.

- მაგრამ შეზღუდვები ხელისუფლებაზეც ხომ ვრცელდება?

- შეიძლება "შავი ფული" ხელისუფლებამაც გამოიყენოს, მაგრამ ვინ გააკონტროლებს ამას? ჩვენ გვახსოვს 2010 წლის არჩევნების დროს შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვაზე მუშაობდა, მაგრამ იქ შესული განცხადებების შედეგად დაისაჯა ვინმე ჩინოვნიკი? არც ახლა დაისჯებიან, მაგრამ აუცილებლად დადგება ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც "შავ ფულს" გამოიყენებს.

პოლიცია "ნაციონალური მოძრაობისაა", სასამართლოს, საარჩევნო ადმინისტრაციას ხელისუფლება აკონტროლებს, ივანიშვილის კოალიციაში მყოფი ძალებისგან კი მხოლოდ ზვიად ძიძიგურს აქვს უფლება დანიშნოს საარჩევნო კომისიის წევრი. ივანიშვილის ამოცანა უნდა ყოფილიყო ცენტრალურ, საოლქო და საუბნო კომისიებში რაც შეიძლება ბევრი წარმომადგენელი ჰყოლოდა. ამისათვის უნდა გაეერთიანებინა ოპოზიციური პარტიები. სააკაშვილმა უკვე ინტენსიური საარჩევნო კამპანია დაიწყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა საპრეზიდენტო პროგრამა "ღიმილიანი საქართველო". სააკაშვილი მოქალაქეებს კბილებს უსვამს! ამით სააკაშვილი ეფერება იმ სეგმენტს (პენსიონერებს), რომლის დიდი ნაწილი მისი ამომრჩეველია. ნელ-ნელა გადავა სხვა ფენების მოფერებაზეც.

- სააკაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მისი რეალური ჩამნაცვლებელი არ ჩანს...

- სააკაშვილი ხელისუფლებიდან არ მიდის. ის ძლიერი პიარტექნოლოგია და არ მოინდომებს პრემიერობას, რომ მერე მასა და პუტინს შორის გაავლონ პარალელი, მისთვის ყველაზე მისაღები თანამდებობა - პარლამენტის თავმჯდომარეობა იქნება. ამ შემთხვევაში ორ სქემას განვიხილავ: შესაძლოა, სააკაშვილი გადადგეს პრეზიდენტობიდან, სათავეში ჩაუდგეს პროპორციულ სიას ან რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში იყაროს კენჭი, პარლამენტში მოხვდეს და როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, აირჩიონ პარლამენტის თავმჯდომარედ. მეორე სქემის თანახმად კი შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2013 წელს მოხდეს კრიზისი, დაითხოვონ 2012 წელს არჩეული პარლამენტი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილი გადადგეს პრეზიდენტობიდან, პარლამენტში იყაროს კენჭი და გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონმდებლობით უკვე შექმნილია გარანტია, რომ სააკაშვილის შემდეგ იქნება ფორმალური პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე.

- გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის კოალიციაში შემავალმა პარტიებმა მილიონიანი დაფინანსება მიიღეს. ეს რაიმე კანონდარღვევაზე მინიშნებაა?

- ამ შემთხვევაში კანონდარღვევა არ მომხდარა. კარგი იქნებოდა, დაფინანსების საკითხი მანამ მოეგვარებინათ, სანამ ცვლილებები შევიდოდა "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში.

- ასევე განსჯის საგანი გახდა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრების 10-ათასლარიანი ხელფასები.

- თუ მათი ხელფასითა და რჩევებით იმდენად კარგი პოლიტიკური სტრატეგია დაისახა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მივიღებთ დაბალანსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ეს ხელფასები.

ჩემი რჩევები იმას ემსახურება, რომ ოპოზიციამ ნაკლები შეცდომა დაუშვას.