"როდესაც ხელოვანი ჩუმდება, ის ჯალათის მხარეს დგება" - კვირის პალიტრა

"როდესაც ხელოვანი ჩუმდება, ის ჯალათის მხარეს დგება"

"შეიძლება პასპორტებიც გაგვიუქმონ, მაგრამ საქართველოს ვერ გააუქმებენ"

"მომავალ წელს უნდა აღსრულდეს ის, რაც წელს არის ჩაფიქრებული"

"წუთისოფელი და ადამიანი ერთმანეთს ებრძვიან ერთმანეთის გადასარჩენად. სამშობლო ებრძვის კაცს სულის საწრთობად, კაცი კი - სამშობლოს უკეთესის იმედით. მამის სახლიდან მამის სახლისკენ, - მე ასე განვიცადე წუთისოფელი. მამის სახლიდან უნდა გახვიდე და მერე დაბრუნდე, მაგრამ ჩვენ იმდენჯერ განვიზრახეთ ჩვენი წინა თაობის ზნეობრივი სასამართლო, როდესაც ჩვენი შვილები სახლში დაბრუნდებიან, შეიძლება მამა აღარ დახვდეთ სახლში ჩვენი სახით. საკუთარი მამების წყევლით საკუთარ შვილებს ვეცლებით როგორც მამები", - ეს დათო მაღრაძის ბოლო ერთი წლის ნაფიქრია, რომელიც ლექსად ასახა თავის პოემაში "ჯაკომო პონტი".

- საყვარელ მწერლებზე რომ ვკითხეთ, ბიძინა ივანიშვილმა ჭაბუა ამირეჯიბი, გალაკტიონი, ბარათაშვილი და მუხრან მაჭავარიანი დაასახელა და დასძინა, ძალიან მიყვარს დათო მაღრაძე, საქართველოს ჰიმნის ავტორი, რომელმაც წელს ძალიან იჭიდავა ნობელის პრემიის მისაღებად, მაგრამ იმედია, მომავალში აიღებსო.

-  დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასეთი მწერლებისა და პოეტების რიგში დამასახელა. ნობელის პრემიაზე არაერთმა უცხოელმა წარმადგინა, მაგრამ ყველაზე მეტად მეამაყება ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის წარდგინება. ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის, რომ შვედეთის აკადემიამ ჩემი კანდიდატურა დაამტკიცა როგორც ნობელის პრემიის ნომინანტისა. ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, აღრიცხვაზე ამიყვანა.

სახელოვნებო სამყაროს მიკედლებული ხალხისაგან სულ მესმის, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთო. რაც აქ ხდება, პოლიტიკის საზღვრებს სცილდება. ეს უკვე პოლიტიკა კი არა, თავდასხმაა და შენ ცდილობ, თავი დაიცვა. ჩვენი საქმე რა არის, ეს განსაჯოს ჩვენი შვილიშვილების თაობამ. არ ვიცი, ლექსის წერა არის ჩემი საქმე თუ არ არის. ისინი რატომ არიან ასე დარწმუნებული, რომ იმას აკეთებენ, რაც მათი საკეთებელია. საკუთარ შემოქმედებაზე ასეთი თავდაჯერებული მსჯელობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ასე მოფიქრალ ხალხს მინდა შევახსენო, კაცობრიობის ისტორიას ძნელად მოეძებნება სოკრატეზე ნიჭიერი, განსწავლული და ბრძენი ადამიანი, მაგრამ ათენს რომ გაუჭირდა, ფრონტის წინა ხაზზე სოკრატე ხმლით იდგა. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ სოკრატეზე მეტი ტალანტი მისცა განგებამ და ამიტომ ეფარება ფუნჯს, კალამს თუ კლავიატურას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავისი ფუნჯიც და კალამიც, მაგრამ მგონია, რომ ეს ხალხი ცდილობს საკუთარ პროფესიას ამოეფაროს. ამის საფუძველი შიშია, რადგან ეს ხელისუფლება ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს დევნის. შიშის გარდა, არის ანგარება და ცდუნება.

რეჟიმის მხარდამჭერობა შეუმჩნეველი არ რჩება. ფასდება მატერიალურადაც და პატივის მიგებითაც. ეს მხოლოდ სახელოვნებო სამყაროს მიწებებულ ადამიანებს კი არა, ყველა პროფესიის ადამიანს ეხება. საქვეყნო საქმეებისაგან განდგომის მიზეზი სამოქალაქო შეგნების ნაკლებობაცაა.

სანდრიკა გირგვლიანი ბატკანივით რომ დაკლეს ოქროყანის ტყეში, არ შეგეხო? რატომ შენი შვილი რომ არ არის, იმიტომ? რა ხელოვანი ხარ, თუ სხვისი შვილი საკუთარ შვილად არ მიგაჩნია?  ხელოვნების ნიადაგი თანაგრძნობაა. აქედან საზრდოობს ხელოვნება, თანაგრძნობა თუ არა გაქვს, რას იქნევ კალამს? როდესაც ხელოვანი ჩუმდება, ის ჯალათის მხარეს დგება. როდესაც შენს თვისტომს, უდანაშაულო ხალხს თავისუფლებისთვის ძვალ-რბილში ამტვრევენ და ფარდას გადასწევ, ეს ფარდა მარტო შენი ფანჯრის ფარდა აღარ არის. Aამ ფარდით შენი სამშობლოს წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც ემიჯნები. მე ვეღარ დაგინახავ და ვერც საკუთარი შვილი დაგინახავს, რადგან შენივე გადაწეული ფარდის უკან დარჩი.

სუპერთანამედროვეობაში მოძველდა ზნეობრივი კრიტერიუმები, ფუნდამენტური ღირებულებები.

დღეს მეგობრობა აღარ არის აქტუალური. მეგობარს რაც უფრო მალე დაასმენ და ჩააყუდებ, უფრო პროგრესული იქნები.

ერთი ნაციონალი ამბობდა, მამაჩემი დააკავეს, მაგრამ არ არის დამნაშავე. მამაჩემი რომ დამნაშავე ყოფილიყო, ვინ დამასწრებდა მის დაკავებასო?  ასეთი აზროვნება აქვთ.  ამათთვის პავლიკ მოროზოვის საქციელია წარმატების სიმბოლო. როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ტელეარხები აცხადებენ, რომ მოსახლეობის 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი, სიცრუეა, 99%-ია ოპტიმისტურად განწყობილი და დარჩენილი 1% "ნაციონალური მოძრაობაა". დღეს ოპტიმიზმი გააჩინა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, რომ პოლიტიკაში მოდის "ნაციონალური მოძრაობის" შესაცვლელად. Aამის გამოა საზოგადოების 99% ოპტიმისტურად განწყობილი. ამ გადაწყვეტილებამ შეასხა ხალხს ფრთები, რადგან გამარჯვების სურნელი იგრძნო.

- ივანიშვილის განაცხადს სახელისუფლებო გუნდის წევრებმა უწოდეს "ხმა სამარიდამ". რადგან "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ, ისიც ითქვა, ივანიშვილი უკან გვაბრუნებსო.

- შევარდნაძის მინისტრი ვიყავი მეც და მიხეილ სააკაშვილიც და ესენი ვისზე ლაპარაკობენ? სააკაშვილი რომელი ხელისუფლების დროს აღზევდა, ხომ არ გაიხსენებდნენ?

ტელევიზიით ყური მოვკარი, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე მხოლოდ ერთი ევროკავშირის დროშა იყო და ერთხელ ახსენა ივანიშვილმა ოკუპაციაო. მათი თვალთახედვით ის არ არის პატრიოტი, ხოლო თუ ევროკავშირის დროშების ტყე უდგას ადამიანს და 20 სიტყვაში 10-ჯერ ახსენებს ოკუპაციას, მაშინ იქნება ევროპატრიოტი. ევროპატრიოტმა ხშირად უნდა ახსენოს ოკუპანტი, რომ ომი მოვიგეთ და მაშინ ვართ თურმე გამარჯვებული და ნატოზე უკეთესში შესულები. თუ არ დაიყვირებ, სარკოს, არა ხარ ევროპატრიოტი. Aამ ხარისხზეა დაყვანილი აზროვნების კატეგორია.

აშკარად ვხედავ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღიდან დაარსებისა თავს ესხმის მოსახლეობას. ვერ გააცნობიერა ამ ხალხმა, რომ ერთნაირად უნდა ემსახუროს თავის ამომრჩეველსაც და იმასაც, ვინც არ აირჩია. ამისE შეგნება არ არის და სად უნდა იპოვო? ამიტომ უნდა შეცვალო.

- შეცვლა არც ისე ადვილი იქნება.

- პატარა ბავშვი რომ თოჯინას ჩაებღაუჭება და არ თმობს, ისე ხომ არ უნდა მოიქცეს ზრდასრული ადამიანი? ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნების გზა არსებობს. არ გავაყალბებინოთ, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავრთოთ და მიზანს ასე მივაღწიოთ.

- ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდება ივანიშვილს, სანამ საქართველოს მოქალაქეობას არ დაიბრუნებს.

-  მთავარია, შენმა ხალხმა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თორემ რეესტრში რომელ ჩინოვნიკს რა საბუთებს გააყალბებინებენ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. თავიანთი პოლიტიკური აღსასრულის ჟამი რომ იგრძნეს, შეიძლება პასპორტებიც გაგვიუქმონ, მაგრამ საქართველოს ვერ გააუქმებენ.

- ხომ არ იქნებით "ქართულ ოცნებაში", იმ გუნდში, რომელიც ამ ცვლილებას გეგმავს?

- ორგანიზაციულად რას მოვკიდებ ხელს, არ ვიცი, მაგრამ თუ დავრწმუნდი, რომ ჩემს ქვეყანას სჭირდება, ყველაფერს განზე გადავდებ და უპირატესობას მივანიჭებ ქვეყნის ინტერესს, რადგანაც სულიერად იმ ხალხის მემკვიდრე ვარ, ვინც ასე იქცეოდა საქვეყნო განსაცდელის დროს.

- როგორი იყო განვლილი წელი?

- განვლილი წელი იყო სავსე გულდაწყვეტით, ტკივილით, მაგრამ სავსე მხნეობითაც, უკეთესის იმედით. Mმომავალ წელს უნდა აღსრულდეს ის, რაც წელს არის ჩაფიქრებული.

საქართველოს მოსახლეობის განწყობა პირველად ემთხვევა საგარეო ტენდენციას. ეს თანხვედრა არის იმედის საფუძველი, რაც საქართველოს მოსახლეობაში გაჩნდა.