ესეც შენი აქტი... - კვირის პალიტრა

ესეც შენი აქტი...

”გუბაზ, დარჩი გაბრაზებული!”

მიზანი ერთი შეხედვით თითქოს ნათელი და დიადი იყო - საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ამ მიზნის შესრულების გზა კი,  სკეპტიკოსების აზრით, არცთუ მართებული - საქართველოსა და სააკაშვილის გამიჯვნისათვის კონკრეტული გზების დასახვა. ოპოზიცია და საზოგადოება ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად სასტუმრო "რედისონ-ივერიაში" შეიკრიბა. ეს დღე ბევრის წარმოდგენით, ალბათ,  საქართველოს გულშემატკივართა ერთობის, ქვეყნის სასიკეთოდ პირად ამბიციებზე უარის მთქმელთა და მამულის მოჭირნახულეთა საფიხვნოდ უნდა ქცეულიყო, მაგრამ ის, რაც "რედისონ-ივერიაში" მოხდა, სწორედ რომ ოპოზიციაში არსებული შინააშლილობის დემონსტრირება და ერთი არცთუ პოპულარული პარლამენტში შესული ოპოზიციონერის თქმისა არ იყოს, პრეზიდენტის გადადგომის თემის გამასხარავება იყო. უნდა ითქვას, რომ ამ ოპოზიციონერმა ამ შეკრებამდე ერთი დღით ადრე აღიარა, - რისი თავიც მაქვს, მიზნებიც იმის შესაბამისი მაქვსო და ოპოზიციისა და საზოგადოების შეკრებაზე არ მისულა, ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ მართლაც იცის, რისი თავიც აქვს. აი, სხვა ოპოზიციონერებმა ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, რისი თავი აქვთ და თავს მორიგი შეუსრულებელი ამოცანა დაუსახეს, - საერთო პოზიციის ჩამოყალიბება.  ეს ამოცანა კი აგერ რამდენიმე წელია დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ოპოზიციის თავზე. საერთო პოზიციის ჩამოყალიბება, ერთმანეთთან შეთანხმება ის საჯილდაო ქვა აღმოჩნდა, რომელსაც ოპოზიციამ აგერ უკვე რამდენი წელია ძვრაც ვერ უყო.

ნინო ბურჯანაძეს, ალბათ, გულმა უგრძნო, რაც ოპოზიციისა და საზოგადოების შეკრებაზე მოხდებოდა და  თავყრილობამდე თქვა, ვინმეს ლიდერობისა და ერთმანეთთან ჭიდაობის დრო არ არის, სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაშია, ლიდერობის ამბიცია გადავდოთო, მაგრამ ეჰ, ქალბატონო ნინო, ვინ მოგისმინათ...

უფრო გამართლდა ოქრუაშვილის თანაპარტიელ ეკა ბესელიას მოლოდინი, რომელიც ყრილობაზე საქმიანი მსჯელობის ნაცვლად იმის გარკვევას ცდილობდა, ვინ არის სააკაშვილთან, ვინ ემზადება მასთან წასასვლელად და ვინ არის შეურიგებელი. და გამოჩნდა კიდეც, რომ ე. წ. შეურიგებელთა ფრონტზე ქალები (ბურჯანაძე, ბესელია, ზურაბიშვილი) და კონსერვატორები იბრძოლებენ, რადგან შეურიგებელთა აზრით, "დიქტატურისაკენ მიმავალი არც ერთი ავტორიტარული რეჟიმი არ შეცვლილა მნიშვნელოვანი დათმობებისა და დიალოგის გზით".

სააკაშვილთან წამსვლელთა (მათი თქმით,  მხოლოდ მოლაპარაკებებზე) შორის კვლავ რჩებიან "ალიანსი საქართველოსათვის", აკაკი ასათიანი და კონსტანტინე გამსახურდია. რას იზამს და სად იქნება ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული გუბაზ სანიკიძე, ძნელი სათქმელია. სანამ "ფორუმის" პოზიციას ოპოზიციაში ყურს არ დაუგდებენ, ალბათ,  გუბაზი  გაბრაზებული იქნება. თუმც გაბრაზება რომ პოლიტიკური აქტივობის შესანიშნავი სტიმულატორია, ჯერ კიდევ 2003 წელს თქვა ზურაბ ჟვანიამ, როდესაც ნოემბრის დასაწყისში, ცოტა არ იყოს,  ნირშეცვლილ  მომიტინგეებს შეუძახა, - "ძმებო, ქართველებო, გაბრაზებულებო, დარჩით ასე გაბრაზებულები!" ზურაბ ჟვანია დღეს რომ  ცოცხალი იყოს, ალბათ, ოპოზიციაში იქნებოდა და "ფორუმელთა" ლიდერს ეტყოდა, - "გუბაზ, დარჩი გაბრაზებული!"

თუმც იმ დღეს მხოლოდ გუბაზ სანიკიძე არ ყოფილა გაბრაზებული. გაბრაზდა ყველა ჟურნალისტი, რომელიც "დაიცავი საქართველოს" ორგანიზებულ ამ თავყრილობაზე მიიწვიეს, დისკუსიაში მონაწილეობაც შესთავაზეს, მაგრამ იქ მისულები სხდომათა დარბაზიდან დაითხოვეს და კარი ცხვირწინ მიუხურეს. ესაა ოპოზიციის დაპირებული საჯაროობა და გამჭვირვალობა? ხალხისა და მედიის ზურგს უკან ფარულ და გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ოპოზიციისგან აგრერიგად დაწუნებული სააკაშვილიც ხომ მართავს. ამ უცერემონიო ჟესტით ოპოზიცია ოდნავადაც არ გამოჩნდა ხელისუფლებაზე უკეთესი და არგუმენტი, - ჟურნალისტები შეხვედრას იმიტომ არ დავასწარით, რომ "ფოკუზებს" გააკეთებდნენ და კადრებს მიჩეხ-მოჩეხავდნენო, ძალზე უსუსურია. უსუსური იმიტომ, რომ დარბაზიდან გაძევებულთა შორის პრესის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. ჩვენც,  ე.წ. მწერალი ჟურნალისტებიც ხომ არ დავჩეხდით კადრებს, ჩვენ ხომ, მათივე თქმით, უფრო სანდონი და მიუკერძოებელი ვართ. თუ გვენდობით, დარბაზიდან რატომ გვაძევებთ? იქნებ ოპოზიციის სასიკეთოდვე იქნებოდა, რომ ჟურნალისტებს დარბაზიდან გამოსული პოლიტიკოსებისაგან არ მოგვესმინა კობა დავითაშვილისა და მამუკა გიორგაძის წაკიდების ამბავი და ისიც, რომ თურმე ირაკლი ალასანიამ გუბაზ სანიკიძეს თავისი ადგილი მიუჩინა.

...შესაძლოა, გამოვიდნენ ამ თავყრილობის ორგანიზატორები და გვითხრან, - ხმა მედიის დარბაზიდან გამოძევებაზე გადაჭარბებულია, რადგან დისკუსიას ერთადერთი ტელეკომპანია "მაესტროს" კამერა იღებდაო. რას ნიშნავს მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის ნდობა? ესეც ხომ სააკაშვილის გზის დასაწყისს ჰგავს? "რედისონის" თავყრილობის ორგანიზატორები კი  ფავორიტმა ტელეკომპანიამ  ფრიად  უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც მედიისთვის გასაიდუმლოებულ, "შთამომავლობისა და ისტორიისთვის" შესანახ კადრებს, ოპოზიციისა და საზოგადოების თავყრილობას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

Aამ შემთხვევამ ერთი ძველი ამბავი გამახსენა. ეროვნული მოძრაობის დროს ერთ-ერთ შეკრებას სამი კამერა იღებდა ასევე "შთამომავლობისა და ისტორიისთვის შესანახად", მაგრამ ერთი კასეტა კა-გე-ბეს ხელში აღმოჩნდა. მეორე დღეს კი  პირველმა არხმა კომუნისტური რეჟიმის ჩვეული პროპაგანდის თანხლებით (თუ რაოდენ  საშიში და კრიმინალური აზროვნების ხალხი იყო ეროვნულ მოძრაობაში) გაუშვა კადრები, სადაც ჩანდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და ისმოდა გია ჭანტურიას ხმა, სხდომის ერთ-ერთ მონაწილეს რომ ეუბნებოდა, - შუბლს გაგიხვრეტო... ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან შედარებით დღევანდელ ოპოზიციას გაცილებით გაუმართლა. თუ მოინდომებდა მერაბიშვილი, "რედისონის"  სხდომას  ფარული კამერითაც უპრობლემოდ ჩაიწერდა (რაც სავარაუდოდ, გააკეთა კიდეც) და ერთმანეთში არ მოუწევდათ გამყიდველის ძებნა. და კიდევ, ვიღაცამ უსაფრთხოებაზე კი არა, იმაზე იზრუნა, რომ საზოგადოებას დარბაზში მომხდარი პირდაპირ ეთერში ენახა (მართალია,  ჟურნალისტების პროტესტის გამო "მაესტროზე" სხდომის ტრანსლაცია შეწყდა, მაგრამ  ხომ იყო ამის განზრახვა?), თანაც ისე, რომ არც ერთმა ოპოზიციონერმა ამის თაობაზე არაფერი იცოდა(?!).

p.s "რედისონ-ივერიის" თავყრილობის შედეგი კი სააკაშვილისა და საქართველოს გამიჯვნის გზის მოძებნის ნაცვლად ოპოზიციის წევრთა ე.წ. ერთმანეთზე თავდაუსხმელობის აქტი გახდა, რომელიც რამდენიმე საათში დაარღვია ლეიბორისტულმა პარტიამ იმით, რომ  გიორგი გუგავამ ოპოზიციონერი კოლეგები "მსუბუქი ყოფაქცევის" გამო ამხილა. ესეც შენი თავდაუსხმელობის აქტი...