"ეს დამფრთხალი ხელისუფალის პათოლოგიური გადაწყვეტილებაა" - კვირის პალიტრა

"ეს დამფრთხალი ხელისუფალის პათოლოგიური გადაწყვეტილებაა"

"არჩევნების გაყალბებით  გამარჯვებას  ვერ მოახერხებენ"

"შიში უნდა დავამარცხოთ, რომ თავისუფალი ქვეყანა ავაშენოთ"

ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით თავს იწონებს, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კი დრაკონულ საარჩევნო ცვლილებებზე ლაპარაკობენ. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ:

- საარჩევო კანონის დაფინანსების ნაწილი მეტყველებს, რომ ეს დამფრთხალი ხელისუფალის პათოლოგიური გადაწყვეტილებაა, რომელიც ცდილობს პოლიტიკურ ოპოზიციას ყველა სივრცე გადაუკეტოს საარჩევნოდ რესურსის მოსაპოვებლად.

- რამ შეაშინა ასე ხელისუფლება?

- დაინახეს, რომ კონკურენტულ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება გარდაუვალია. ხედავენ, რა ხდება რუსეთში, რა მოხდა ჩრდილო აფრიკაში და მიხვდნენ, რომ გაყალბებით არჩევნებში გამარჯვებას  ვერ მოახერხებენ. ამიტომაც დაეწყოთ ისტერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან. გამოვლინდა სახელისუფლებო ექსტრემიზმი.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჰგონია, მთავარი ფულია, სინამდვილეში კი არჩევნებში ფული არ არის განმსაზღვრელი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრი მოქალაქე პირადი შეწირულობით დაეხმარება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახლა ყალიბდება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ბევრი მოქალაქე გამოჩნდება, ვინც ენთუზიაზმით, უჯამაგიროდ დაუდგება გვერდში ამ ძალას და მხარს დაუჭერს. ეს არ არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ქართველი საზოგადოება 2012 წელს წააწყდება. მთავარია, ჩვენ შევქმნათ დისციპლინირებული საარჩევნო სტრუქტურა, რომელიც არჩევნებამდე დააგროვებს იმდენ ხმას, რომ გამარჯვება გარდაუვალი იქნება. ამას დიდი შრომა სჭირდება 2012 წელს. დარწმუნებული ვარ, ამის რესურსი და ნება საზოგადოებაში უკვე არის.

- ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებასთან საარჩევნო კანონმდებლობაზე თანამშრომლობდა, აცხადებს, ჩვენი ყველა მოთხოვნა აისახა საარჩევნო კანონმდებლობაშიო.

- კანონში არის ძირითადი ნაწილი და ის დეტალები, რომლებიც თუ მოწესრიგებული არ არის, ვერ შეიქმნება სამართლიანი საარჩევნო გარემო. უნდა შექმნილიყო ამომრჩეველთა სიის გადამოწმების მექანიზმი, ამიტომ ვითხოვდით ბიომეტრიას. გარდა ამისა, ვითხოვდით, საარჩევნო სისტემით ყველა პარტიას თანაბარი უფლება მისცემოდა, ყველა პარტიას, სახელისუფლებოს თუ ხელისუფლების მიღმა მყოფს, უფლება ჰქონოდა მიეღო შემოწირულობები, მაგრამ ახალ კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ შპს-ებს აქვთ უფლება გააკეთონ შეწირულობები, კომერციულ იურიდიულ პირებს პრაქტიკულად ეზღუდებათ კონტრიბუციის გაკეთება. ყველა კანონი რეალობას უნდა პასუხობდეს და მაშინ იქნება ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც ჩვენს საარჩევნო სისტემაშია, მაგრამ პირველ ყოვლისა სწორედ ეს არ არის დაკმაყოფილებული.

- მილიონიანი შემოწირულობის ბიძინა ივანიშვილისთვის უკან დაუბრუნებას ხომ არ აპირებთ?

- ნიშანდობლივი იყო, რომ ხელისუფლებამ კენჭნაყარი ტექსტი შეცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობამ მწვავე რეაგირება მოვახდინეთ. უკვე გამოქვეყნებულ ტექსტში შეიტანეს ცვლილება, რომ კანონს უკუქცევითი ძალა აღარა აქვს. ეს ქართველი საზოგადოების პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. რაც შეეხებაა კანონის ფარგლებში მიღებულ შემოწირულობას, ამის ანგარიშს თებერვალში წარვუდგენთ შესაბამის სამსახურს და ქართველ საზოგადოებას.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ ითანაშრომლებს სხვა ოპოზიციონერებსა და ხელისუფლების იმ წევრებთან, ვინც პოზიციას შეიცვლისო. ეთანხმებით მის აზრს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2011 წელს აშკარად გამოვლინდა ჩვენი საზოგადოების ნება, - ყველა ცვლილება არჩევნებით და მშვიდობიანად მოხდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ უარი თქვა 20-წლიან ძალადობრივ წარსულსა და გზაზე, რომლითაც იცვლებოდა ხელისუფლება ქვეყანაში. 2012 წელს უფრო დიდი ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი. ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იკიდებს ფეხს, უნდა განვამტკიცოთ კონკურენტული არჩევნებით და რაც უმნიშვნელოვანესია, შემდეგ უკვე მრავალპარტიულ არჩევნებსა და მრავალპარტიულ პარლამენტში დავამკვიდროთ არა მხოლოდ ოპონირების, არამედ შეთანხმებების მიღწევის კულტურაც. ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე

ჩვენ ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ და ურთიერთობა გვექნება უმცირესობაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობასთანაც".

არის ისეთი საკითხები, რაზეც ყველა უნდა შევთანხმდეთ. ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში და საქართველოში სამართლიანი ეროვნული ქვეყნის აშენება.

- რას ელით ახალი წლისაგან?

- მთავარი, რასაც ქართველი საზოგადოებისა და ჩემი გუნდისაგან ველი, შიშის დამარცხებაა. შიში, რომელიც საზოგადოებაში ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა, უფრო რეგიონებში იგრძნობა. როგორც კი შიშს გავტეხთ, აუცილებლად შევქმნით ისეთ ქვეყანას, რომელშიც მოქალაქე სამართლებრივად და პოლიტიკურად დაცული იქნება. შეშინებული ხალხი დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს. რუზველტის ცნობილ სიტყვებს მოვიშველიებ: "ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, არის შიში". შიში უნდა დავამარცხოთ, რომ თავისუფალი ქვეყანა ავაშენოთ. ქართველ ხალხს ვუსურვებ, საკუთარი თავის რწმენა აღედგინოს. ვისურვებ, 2012 წელი საკუთარი თავის რწმენის აღდგენის წელი ყოფილიყოს. თქვენ კარგად ყოფნას გისურვებთ, თქვენი გაზეთის კოლექტივს კი ახალ წელს მივულოცავ და კარგად ყოფნას ვუსურვებ.