"2012 წელს, რბილად რომ ვთქვათ, მშვიდად ვერ ვიქნებით" - კვირის პალიტრა

"2012 წელს, რბილად რომ ვთქვათ, მშვიდად ვერ ვიქნებით"

"არც ერთი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ დიდმა ფულმა უწესრიგოდ იმოძრაოს ქვეყანაში"

"სიტყვის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ უნდა შეეგუო, თუ ხანდახან დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტი გახდები"

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნებისთანავე, რამდენიმე საათში შეიცვალა, რადგან ეს ნორმა არასამთავრობო სექტორმაც, პოლიტიკურმა პარტიებმა და ამერიკის საელჩომაც კანონისთვის უკუძალის მინიჭებად მიიჩნიეს, ეს კი პარტიებს და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს, კანონის ამოქმედებამდე მიღებული თანხების უკან დაბრუნებას აიძულებდა. ამ თემით დავიწყეთ საუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან:

- მომავალი წელი საარჩევნოა და ის პოლიტიკურად ძალიან დაძაბული იქნება. არჩევნები არსად არის ნებაზე მიშვებული, მას მკაცრი რეგლამენტაცია, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მექანიზმები და რეგულაცია სჭირდება, სწორედ ამიტომ გაჩნდა  გარკვეული იდეები, რათა ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი უფრო ტრანსპარენტულად, გამჭვირვალედ, სამართლიანად წარიმართოს.

პოლიტიკაში ფულს თავის ნებაზე ვერავინ ხარჯავს. თანხებს ყველგან აკონტროლებენ და საზოგადოებას ანგარიშს აბარებენ. ბევრ ქვეყანაში ლიმიტირებულია თანხებიც და დაფინანსების წყაროებიც სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ მოხვდეს შავი, არალეგალურად ნაშოვნი ან ისეთი ფული, რომელიც მომავალში შეიძლება პოლიტიკური ზეწოლისა და მანიპულაციისთვის იქნეს გამოყენებული.  სწორედ ეს იყო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების მიზეზიც.

-  პარტიების დაფინანსების ამგვარი კონტროლი პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის  შემდეგ გახდა აქტუალური?!

- საარჩევნო კანონზე მუშაობა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ მისმა გამოჩენამ ვითარება გარკვეულწილად შეცვალა. აქამდე გინახავთ, რომ პარტიებს მილიონებს აძლევდნენ? არახალია, რომ ეს რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული ფულია. როდესაც პოლიტიკურ არენაზე ჩნდება დიდი რესურსის მოთამაშე, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის, იყიდოს მედიასაშუალებები და დააფინანსოს პოლიტიკური პარტიები, გარკვეული სიმპათია აქვს რუსეთის ხელისუფლებისადმი, თავს არიდებს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე საუბარს და აცხადებს, რომ სურს, უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, რბილად რომ ვთქვათ, მშვიდად ვერ ვიქნებით.

- თუმცა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომ რუსული ფულით სახელისუფლებო პარტია ფინანსდებოდა.

- ამ ფინანსებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. როგორც ვიცი, "ნაციონალურ მოძრაობას" 10 ათასი ლარი გადაურიცხეს რუსეთის მოქალაქის დაფუძნებული კომპანიიდან. ჯერ ოპოზიციურ პარტიებს არაფერი გაუკეთებიათ და ავანსად რომ მილიონებს მისცემ, ეს სხვებისთვის ნიშანია - მოდით და რაღაცას თქვენც გამოჰკრავთ ხელსო. არც ერთი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ დიდმა ფულმა უწესრიგოდ იმოძრაოს ქვეყანაში, მით უმეტეს, თუ ეს თანხა დამპყრობელი სახელმწიფოს ფინანსური რესურსების ნაწილია.

- თუ რუსეთის მოქალაქის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხის გადარიცხვა რუსული ფულის მოძრაობა არ არის, ივანიშვილის ფული რატომღაა რუსული?

- კიდევ ვიმეორებ, რუსეთის მოქალაქემ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის საშუალებით გადაურიცხა ათი ათასი ლარი მმართველ პარტიას. თუ ივანიშვილიც 10-10 ათას ლარს მისცემს პარტიებს, არ მგონია, რამე საფრთხეზე ლაპარაკი საჭირო იყოს. თუ თანხების მოძრაობას არ გააკონტროლებენ, ნებისმიერი სახელმწიფო დაინგრევა - უეჭველად გამოჩნდება ვიღაც, ვინც ფინანსურ ექსპანსიას მოგიწყობს, იყიდის მთელ პოლიტიკურ სპექტრს და მოიყვანს იმ ხელისუფლებას, რომელიც უნდა...

არავინ ამბობს, რომ რაღაც არალეგალური მოხდა, მაგრამ ეს პროცესი შეზღუდული უნდა იყოს, მისი საკანონმდებლო რეგულირება აუცილებელია.

- ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგებთან თანამშრომლობასაც არ გამოვრიცხავ, თუკი პოზიციას შეიცვლიანო.

- ჩვენც მზად ვართ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის, თუ პოზიციას შეიცვლის. ჩვენ პოზიციას ადვილად არ ვიცვლით, მაგრამ თუკი ვინმე  ქვეყნისთვის სასარგებლო რამეს შემოგვთავაზებს, უყურადღებოდ არ დავტოვებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია, ჩვენი საზოგადოების ნაწილს საპროტესტო განწყობა აქვს. ვგულისხმობთ, თუნდაც ჟურნალისტების "ფარნების აქციას", რითაც პრესის ჯიხურების აღება გავაპროტესტეთ.

- ვიცი, რომ ჯიხურების თემა განსაკუთრებით მტკივნეულია მედიისთვის. თბილისის მერიის წარმომადგენლებსაც ვესაუბრე და იმ ადამიანებსაც, რომელთაც ეს პრობლემა აწუხებთ. ვგონებ, უნდა გამოიძებნოს საშუალება, რომ მედია არ დაზარალდეს. შესაძლოა, არ მომწონდეს, რაც ზოგ გაზეთებში  იბეჭდება, მაგრამ სიტყვის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ უნდა შეეგუო, თუ ხანდახან მწარე და თუნდაც დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტი გახდები. თავისუფალ სიტყვას არავინ ებრძვის. რაღაც გადაწყვეტილება უთუოდ მოიძებნება.

- ახალ წელს რას ელით?

- ვიცი, მომავალი წელი პოლიტიკურად რთული იქნება, მაგრამ ცუდი განწყობა არ მაქვს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჯანდაცვა და სოციალური სფერო წინ მიიწევს, საქართველოს ყველა რაიონში კარგად აღჭურვილი ჰოსპიტლები აშენდა. ველი, რომ მიუხედავად სირთულისა, კარგი წელი იქნება. 2012 დრაკონის წელია. არ მახსოვდა და ჟურნალისტებმა შემახსენეს, რომ  დრაკონის წელში ვარ დაბადებული.  რასაც ჩემს ოჯახს ვუსურვებ, იმავეს ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს. მეკვლე ვარ და სახლში ტკბილეულობა და ფული შემაქვს.