"მდინარე თერგი აღარ გვაქვს(?!), მალე მტკვარიც აღარ გვექნება" - კვირის პალიტრა

"მდინარე თერგი აღარ გვაქვს(?!), მალე მტკვარიც აღარ გვექნება"

საქართველოს დედა მდინარეს საფრთხე ემუქრება!..

ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები მტკვრის თურქეთის ტერიტორიაზე ჩაკეტვის შესახებ სულაც არ აღმოჩნდა უკბილო ხუმრობა. ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორად გეგმავს ახალ ენერგოპროექტებს, რაც მდინარეების დაშრობას და ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის ქვეყანას. საზოგადოებამ არ იცის, რომ მალე თერგის ხეობა მდინარე თერგის გარეშე დარჩება, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი მდინარე ფარავანი ჯერ, ალბათ, ჭაობად, შემდეგ კი გრძელ მშრალ არხად გადაიქცევა. თურქეთის მთავრობაში მტკვრის კალაპოტის შესაცვლელ გეგმაზე უკვე მუშაობენ, აშენდება ახალი ჰესი და მტკვარი კასპიის ზღვის ნაცვლად ჭოროხის აუზში, შემდეგ კი შავ ზღვაში ჩაედინება(!).

"ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე: "თურქეთის დელეგაციის საქართველოში ყოფნისას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არდაგანის ოლქიდან გვთხოვეს, ამ საკითხზე ერთობლივად  გვემუშავა. ისინი მტკვრის ჰესის პროექტის განხორციელების წინააღმდეგნი არიან, პროექტი ეკოლოგიურად ისევე დააზარალებს არდაგანს, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანსო. მათი თქმით, პროექტს თურქეთის ხელისუფლება ლობირებს და მის განსახორციელებლად თანხის მოძიებაზეც მუშაობენ.

არსებობს 1927 წლის ხელშეკრულება თურქეთსა და  საბჭოთა კავშირს შორის, რომლის თანახმად მტკვარი საერთო მდინარის სტატუსით სარგებლობს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ცხადია, ჩვენი ნებართვის გარეშე ასეთი პროექტი არ უნდა განხორციელდეს... მესმის, რომ თურქეთს სურს, თავისი ქვეყნის ელექტრომომარაგების პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობა".

სანამ მტკვრის ყოფნა-არყოფნის საკითხი გარკვეულა, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" საქართველოს ხელისუფლებას მდინარეების - თერგის და ფარავნის გაქრობისა და საქართველოს რეგიონების ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დაყენების გამო სასამართლოში უჩივის.

ირაკლი მაჭარაშვილი, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: "მტკვრის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებას თურქეთთან, რათა გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვით მტკვრის გადაკეტვის პროექტი არ განხორციელდება, მაგრამ სანაცვლოდ სხვა რამეს სთავაზობენ, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ჰესის აშენებას, ერთობლივ პროექტებს... ასეთი ტიპის სხვა მოლაპარაკება უკვე გაიმართა, პროექტებიც შეთანხმდა და განხორციელებაც დაიწყეს. მაგალითად, ფარავანჰესი, რომლის გამოც რეგიონის უმნიშვნელოვანესი მდინარე უწყლოდ დატოვეს. ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს ჰესი საქართველოს არაფერში სჭირდება, მაგრამ სჭირდება თურქეთს.

ასევე, ფაქტობრივად, წყლის გარეშე ტოვებენ თერგს. პროექტი ითვალისწინებს 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის (90%-ის) სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%. დარიალჰესის შემოთავაზებული სახით მშენებლობა და ოპერირება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს დარიალის ხეობის ეკოსისტემას. არასამთავრობო ორგანიზაციების -„"მწვანე ალტერნატივისა"“და "სტეფანწმიდის" აზრით, პროექტი სრულიად შეცვლის დარიალის ხეობის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ მნიშვნელობას. პროექტი ასევე მოახდენს ძალზე მნიშვნელოვან შეუქცევად გავლენას„წითელ წიგნში“შეტანილ სახეობაზე - ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს მდ. თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.

ურთულესი სიტუაციაა ნამახვანსა და ხუდონზე. მშენებლებს კონტრაქტით ენიჭებათ აშენების, ფლობის და ოპერირების უფლება. შესაბამისად, სახელმწიფო ამ პროექტებიდან ვერაფერს მიიღებს. მოგებას ნახავენ მხოლოდ ჰესების კერძო მფლობელები. ხუდონჰესის მშენებელი ინდური კომპანიაა, ნამახვანის ჰესს კი თურქები ააშენებენ.

2011 წლის 4 ნოემბრის სკოპინგის შეხვედრაზე ხუდონჰესის მშენებელმა "ტრანსელექტრიკა ლიმითედის" ქართველმა დირექტორმა პაატა წერეთელმა განაცხადა, რომ მართალია, კომპანიას არც ერთი პროექტი არ განუხორციელებია, მაგრამ აქციონერები არიან გამოცდილი და კომპეტენტური კომპანიები, ხოლო "ტრანსელექტრიკა" ბიზნესის კოლექტიური მართვის ნათელი მაგალითია. წერეთელმა შეხვედრაზე არ დაასახელა კომპანიის კომპეტენტური და გამოცდილი აქციონერები, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა იმ სამი კომპანიის სახელი, რომლებიც "ტრანსელექტრიკას" აქციებს  ფლობენ. ამ ორგანიზაციების შესახებ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა შემდეგი:

1. World  Energy  Limited - დიდი ბრიტანეთის რეესტრის მონაცემებით, 2000 წლის 8 მაისს ზუსტად ასეთი სახელის კომპანია დარეგისტრირდა, თუმცა მან 2003 წლის 11 თებერვალს არსებობა შეწყვიტა. ინფორმაცია სხვა ასეთი სახელის კომპანიაზე არ მოიძებნა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ტრანსელექტრიკას" ერთ-ერთი აქციონერი, არც მეტი, არც ნაკლები, 2003 წელს ლიკვიდირებული კომპანიაა.

2. SGGS  INFRASTRUCTURE LIMITED  –  ეს მეორე "გამოცდილი და კომპეტენტური" კომპანიაა. დავადგინეთ, რომ  იგი, პირველი აქციონერისგან განსხვავებით, მართლაც არსებობს, თუმცა შექმნილია 2011 წლის 29 ივლისს და ამ შემთხვევაში კომპანიის კომპეტენციასა და გამოცდილებაზე საუბარი ნაადრევია.

3. Olney Assets s.a - "ტრანსელექტრიკას" ყველაზე საინტერესო აქციონერია; ამ კომპანიის შესახებ ინფორმაციას ვერსად მივაკვლიეთ, ამიტომ მოხარული ვიქნებით, თუ რაიმე ინფორმაციას მოგვაწვდის ვინმე, თუნდაც პაატა წერეთელი.

ამას გარდა, გაურკვეველია, როდესაც "ტრანსელექტრიკა" თავის აქციებს ასხვისებდა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია აქციების მყიდველის შესახებ; რატომ თვლის ბატონი პაატა მათ უაღრესად გამოცდილ და კომპეტენტურ კომპანიებად და რატომ მიაწერს მათ ერაყსა თუ სხვა ქვეყნებში ჰესების აშენებას. ჩნდება ეჭვი, რომ ეს კომპანია სახელდახელოდ შეიქმნა. რისთვის? ეს ძიების საგანია. შესაძლოა, ზუსტად იმისთვის, რომ ჰესის ფიქციური მფლობელი ყოფილიყო ცნობილი.

ვეჭვობ, მტკვრის პროექტსაც ჩაშლიან და იტყვიან, აი, მტკვარი გადავარჩინეთო, სანაცვლოდ კი ისეთ გარიგებებზე წავლენ, რაც უფრო დამღუპველი იქნება, ვიდრე მტკვრის შავ ზღვაში გადაგდება. ამიტომაც მოვითხოვთ, ასეთი მნიშვნელოვანი ტიპის პროექტები საჯარო განხილვის საგანი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების თვალსა და ყურს მიღმა მიმდინარე მოვლენები ცუდად შემოუბრუნდება ქვეყანას.

თერგზეც და ფარავანზეც მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა. მეტიც, თერგის ჰესის ჯერ მშენებლობა დაიწყო და რამდენიმე თვეში გარემოს დაცვის სამინისტრომ ნებართვა გასცა. ორივე ჰესის თაობაზე საჩივარი შევიტანეთ. ფარავანს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აშენებს; რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამ ორგანიზაციაშიც შევიტანეთ საჩივარი და მშენებლობის დაფინანსების შეჩერება მოვითხოვეთ. ნებართვის გაცემის გარეშე მშენებლობის დაწყება სისხლის სამართლის დანაშაულია, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა დანაშაულებრივ ქმედებაზე შესაბამისი უწყება არ რეაგირებს. იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, დამნაშავე კი საქართველოს ხელისუფლებაა".