"ლაპარაკის დრო დამთავრდა" - კვირის პალიტრა

"ლაპარაკის დრო დამთავრდა"

"სააკაშვილი გამიჯნულია ქვეყნისაგან"

"სასწრაფოდ უნდა მოხდეს დიპლომატიური კორპუსისა და მედიის პანკისის ხეობაში ჩაყვანა"

ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩენას ოპოზიციონერი კოლეგები აღტაცებით არ შეხვედრიან. "ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერის საპრეზიდენტო, შემდეგ კი მერობის კანდიდატად დასახელებამ ყველას დაანახვა, რომ ოპოზიციურ მინდორზე არცთუ მოკრძალებული მოთამაშე და რეალური კონკურენტი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედულებები ზოგჯერ ოპოზიციონერი კოლეგებისაგან დიამეტრულად განსხვავებულია, მოხდა უცნაურობა, - პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა თბილისის მერად მისი კანდიდატურის დასახელებას მხარს უჭერს. ოპოზიციის ბოლო თავყრილობაზე ირაკლი ალასანია თავისი გეგმით წარდგა.

ბრძოლის ხაზი დღეს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე გადის. სააკაშვილის საქართველოსგან გამიჯვნა ხელისუფლებისაგან სააკაშვილის გამიჯვნით წარმოგვიდგენია და ეს მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს.  სხვა პოლიტიკური ძალებისაგან კონკრეტული გეგმა და წინადადებები ვერ მოვისმინე.

- ტელევიზიით გავიდა თქვენი საკმაოდ მკვეთრი პასუხი გუბაზ სანიკიძისადმი - შეკითხვებს კი ნუ მისვამ, მითხარი, შენი გზა რა არისო... ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენგან ასეთი განცხადების მოსმენა.

- არ მინდა ვინმეს დარჩეს წარმოდგენა, რომ იქ განსაკუთრებულ კონფრონტაციას ჰქონდა ადგილი. მხოლოდ ჩვენ-ჩვენი პოზიციები გამოვხატეთ.

- ანუ გუბაზ სანიკიძე არ დაგმდურებიათ?

- არა მგონია. პოლიტიკური ძალები სწორედ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთთან გულწრფელად გველაპარაკა.

- გულახდილი საუბრების გარდა საზოგადოება ელოდებოდა, რომ სწორედ ამ შეკრებაზე გამოჩნდებოდა, ვინ არის შეურიგებელი და ვინ მიდის სააკაშვილისკენ.

- შეურიგებლობა არ არის პოლიტიკა და ის შეთავაზება, რაც საზოგადოებას უნდა გაუკეთოს პოლიტიკოსმა. ოპოზიცია ისედაც შეურიგებელია ამ უსამართლობისადმი. ამ ბრძოლის გზაზე აუცილებელია კონკრეტული გეგმა და იმის განსაზღვრა, თუ რა გზით მივდივართ. როგორ ვათავისუფლებთ მედიას, სასამართლოს და მთლიანად საქართველოს. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ ამის შესაძლებლობას არჩევნებში გამარჯვება მოგვცემს.

- მიუხედავად იმისა, რომ დიალოგს ემხრობით და მონაწილეობთ სხვადასხვა კომისიის მუშაობაში, რატომ არ დაესწარით უშიშროების საბჭოს სხდომას?

- ეს აბსოლუტურად თანამიმდევრული ნაბიჯი იყო. როდესაც განვაცხადეთ, რომ პოლიტიკურ პროცესში ვიწყებთ მონაწილეობას და ხელისუფლებას შევთავაზეთ ჩვენი ხედვა საარჩევნო სისტემაზე, მისგანაც პასუხს ველოდით. ცალმხრივ თამაშს არ ვაპირებთ. შემხვედრი ნაბიჯებიც უნდა დავინახოთ ხელისუფლებისგან. თუ პროგრესი დავინახეთ, მოლაპარაკებები მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგრძელდება. მხოლოდ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებით არსებულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, საზოგადოებას ნდობას ვერ აღვუდგენთ. ლაპარაკის დრო დამთავრდა. რადგანაც ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, ამიტომაც ვთქვით უარი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე. მომავალ კვირას დანიშნულია საარჩევნო კომისიის სხდომა, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მუშაობა და რა ნაბიჯები მოჰყვება ჩვენს წინადადებებს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია უკანონოდ დაკავებულებისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საკითხი. რადგან ჩვენი მოთხოვნების უმეტესობა არ შესრულდა, სწორედ ეს აყენებს ხელისუფლებას გამოუვალ მდგომარეობაში. საერთაშორისო თანამეგობრობაც ითხოვს ხელისუფლებისაგან საპასუხო ნაბიჯებს. ხელისუფლება აქამდე აცხადებდა, - ოპოზიცია არ მოდის დიალოგზე, ამიტომ ცალ კარში ვერ ვითამაშებთო. ეს ბერკეტი უკვე ჩამოვართვით ხელისუფლებას. ვერ გეტყვით, რით დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიგვეღო.

- ითქვა, რომ მერის პოსტზე, შესაძლოა, ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყოთ. არადა იყო ეჭვი, რომ ეს თემა წინააღმდეგობას გაამწვავებდა ოპოზიციაში.

- ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა  იმდენად კონკრეტული კანდიდატურა, რამდენადაც იმ იდეის მხარდაჭერა, რომ ცვლილებები არჩევნების გზით მოხდეს, მაგრამ არჩევნებამდე აუცილებელია მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა. აქ დაქსაქსულობა არ უნდა შეგვეტყოს. ამ გზაზე ოპოზიციის ერთად დგომა იქნება წარმატების განმსაზღვრელი. თუ სხვას უკეთესი რამ შეუძლია შესთავაზოს საზოგადოებას, დაასაბუთოს, აგვიხსნას და შესაძლოა, ჩვენც დავუჭიროთ მხარი.

- ნოემბრის აქციებში მონაწილეობას აპირებთ?

- აქციების ორგანიზატორებმა უნდა განგვიმარტონ, რა მიზნით ატარებენ აქციას. 7 ნოემბერი ის დღეა, როცა საზოგადოებამ ძალადობას პროტესტი უნდა გამოუცხადოს; ის დღეა, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახეს, როგორ დასცილდა სააკაშვილი ერთ დღეში დემოკრატიული რეფორმების დაპირებებს, რომელსაც საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევდა. ის, რომ ხალხს არჩევანის უფლება დაუბრუნდეს, არის საკითხი, რისთვისაც შეიძლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარება.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლების მდგომარეობა ტალიავინის კომისიის გამოქვეყნების შემდეგ დამძიმდა?

- ხელისუფლების მდგომარეობა დამძიმდა ამ დასკვნის გამოქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის შემდეგ. მისი დამოკიდებულება ნათელია, - სააკაშვილი გამიჯნულია ქვეყნისაგან. საქართველოს უნდა დავეხმაროთ, სააკაშვილს უნდა მოვთხოვოთ დაპირებული დემოკრატიული რეფორმები. ზეწოლა გარედან მიდის და ის ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის შიგნით.

- თქვენი აზრით, რამდენად დროულია და საჭირო "პატრიოტის აქტის" მიღება?

- ზოგადად გავეცანი შინაარსს და ამ აქტის მიღების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისედაც არის სახელმწიფოს უფლება-მოვალეობა. არსებული კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ზოგიერთი სტრუქტურა ბოროტად იყენებს ამას პოლიტიკურ ოპოზიციასთან საბრძოლველად. ასეთ ვითარებაში დამატებითი აქტის მიღება საჭიროდ არ მიმაჩნია.

- თქვენით თუ არიან დაინტერესებული სპეცსამსახურები?

- რა თქმა უნდა, შემინიშნავს ეს ინტერესი აქციების დროსაც და მას მერეც. იმ ოპერატიულ შესაძლებლობებს, რაც შს სამინისტროს და უსაფრთხოების სტრუქტურებს აქვთ, ოპოზიციის ლიდერებზე თვალთვალისთვის, ცხადია, მაქსიმალურად იყენებენ.

- ბოლო დროს რუსეთიდან აბსურდული ბრალდებები გაისმის "ალ-ქაიდასთან" საქართველოს კავშირის შესახებ. ითქვა, რომ შესაძლოა, ამან პანკისში დაძაბოს ვითარება.

- ეს რუსეთის ფედერაციის მიზანმიმართული პოლიტიკაა საიმისოდ, რომ საქართველოს საზღვარგარეთ იმიჯი შეულახოს და მსოფლიოს დაანახვოს, - საქართველო არშემდგარი სახელმწიფოაო. გარდა ამისა, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურებისგან ინფორმაციული შემზადება აქტიური ქმედებისათვის. პრევენციული ზომები გადაუდებლად და სასწრაფოდ არის მისაღები. ერთ-ერთ პრევენციულ ზომად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიის საშუალებებს ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა მიეცეთ. შევახვედროთ ისინი მოსახლეობას. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კი უნდა დაუხატონ ოპერატიული ვითარების რეალური სურათი პანკისის ხეობაში. ეს რაც შეიძლება სწრაფად არის გასაკეთებელი.