"როგორია დღეს გამარჯვებული ქვეყნის ეკონომიკა?" - კვირის პალიტრა

"როგორია დღეს გამარჯვებული ქვეყნის ეკონომიკა?"

"თუ ხელისუფლებას გაურიგდები, მაშინ იმუშავებ"

"ზოგიერთი ოპოზიციონერი ხელისუფლებას ეთამაშება და ხალხს აბითურებს"

"მრეწველთა" ლიდერი გოგი თოფაძე ყაზახეთის შემდეგ უკრაინაში იწყებს პროდუქციის გამოშვებას. "გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში დამეწყო პროდუქციის წარმოება, ბევრმა არასწორად გაიგო. მეკითხებოდნენ, საქართველოდან გარბიხართო? ისეთი ვითარებაა, რომ ყველა მეწარმეს მართლაც გასაქცევად აქვს საქმე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ბიზნესის გაფართოებას უკავშირდება", - აცხადებს გოგი თოფაძე, რომელიც ქართული ბიზნესის მდგომარეობასა და პოლიტიკურ ვითარებაზე გვესაუბრა:

- ჩვენი პარტნიორი "პრემიერ-ფინანსი" დიდი კომპანიაა და მრავალფეროვანი ბიზნესი აქვს. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში. აქვს ასევე საბანკო ბიზნესი, მინერალური წყლის რამდენიმე ქარხანა, მათ შორის ცნობილი კომპანია "რეგინა". მალე ჩვენი ერთობლივი ბრენდის წარმოება დაიწყება.

კომპანიონები გვპირდებიან, რომ დაახლოებით 800 მილიონ ბოთლს გაყიდიან უკრაინაში და ამავე რაოდენობის პროდუქციას გაიტანენ რუსეთშიც. ამ გზით გამოვნახეთ რუსულ ბაზარზე გასასვლელი დერეფანი. შევთანხმდით, რომ უკრაინაში ჩამოყალიბდება სავაჭრო სახლი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქართული კონიაკი, შამპანური, ღვინოები, ციტრუსები და საკონსერვო ნაწარმი უკრაინასა და რუსულ ბაზარზე გავიტანოთ.

საქართველოში აუტანელი პირობებია წარმოების განვითარებისათვის. ქართველ მეწარმეებს საწარმოები უცხოეთში გადააქვთ და იქიდან გააქვთ ნაწარმი საექსპორტოდ.

- საგადასახადო წნეხს გულისხმობთ?

- ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, - რაც შეიძლება მეტი ფული წაართვას მეწარმეს, მეტად დაბეგროს, განვითარების საშუალება მოუსპოს. ამისათვის სპეციალური კანონები შექმნეს. ხელისუფლებას როგორც კი გაუჭირდება, მეწარმესა და სოფლის მეურნეობას მიადგება. ლილოში უცხოელები ყავას აწარმოებდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იძულებული გახდნენ, საწარმო სომხეთში გადაეტანათ.

- მაგრამ სულ ახლახან პრეზიდენტის ინიციატივით ბიზნესის ხელშესაწყობად ეკონომიკური თავისუფლების აქტი გამოიცა.

- სახელისუფლებო ბიზნესს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს შეღავათი და ხელშეწყობა, მაგრამ დამოუკიდებელ ბიზნესმენებს ავიწროებენ. თუ ხელისუფლებას გაურიგდები და მისი დამფინანსებელი გახდები, მაშინ იმუშავებ, მაგრამ დამოუკიდებელი ბიზნესმენისათვის ამაზე რთული პირობები წარმოუდგენელია. ხელისუფლებას არ ასვენებს, რომ "ყაზბეგი" 100%-ით ქართული კომპანიაა. ვინღა არ მოვიდა ჩვენთან, საწარმოები მოგვყიდეთო. ეს წინადადებები კომერციულად, შესაძლოა, ძალიან მისაღებიც იყოს, მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა გავყიდოთ? მიუხედავად იმისა, რომ "ყაზბეგს" დაარსების დღიდან სიძნელეების გადალახვა უხდება, მაინც არ გავყიდით. 1995 წელს წარმოებაში მომიცვივდნენ, ჩემს შვილს ავტომატი ჩასცხეს თავში და ჩემივე კაბინეტში დამაპატიმრეს. პოლიციის სამმართველოში  პირდაპირ მითხრეს, წარმოებას თავი დაანებეო. ჩემი თანამშრომლები მაშინ პარლამენტთან მიცვივდნენ და ხელისუფლება იძულებული გახდა, იმავე საღამოს გავეთავისუფლებინე. მაშინ ლუდის იმპორტი მომგებიანი იყო. უცხოური ლუდი 2-3 დოლარი ღირდა, ჩვენი პროდუქცია კი - 40 ცენტი. ცხადია, შემომტანებს კონკურენცია გავუწიეთ და ვიღაცას ეს არ ესიამოვნა.

გლეხი რომ ყურძენს აბარებს ქარხანას, დღგ-ს არ იხდის, მაგრამ ღვინის დამამზადებელი ქარხანა გლეხის მაგივრადაც იბეგრება და თავის წილ დღგ-საც იხდის. იბეგრება ასევე მეორადი ქარხანა, რომელიც პროდუქციას აწარმოებს. ხედავთ რამდენჯერ იბეგრება ღვინო, სანამ ბაზარზე გავა? როდესაც წარმოება ძვირი ჯდება, მწარმოებელი პროდუქციის ფასს ზრდის, შედეგად, პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი ხდება. ისეთი კანონები გვაქვს, რომ ხელისუფლებას შეუძლია მეწარმე დანაშაულის დაუმტკიცებლად დააპატიმროს და ფული გამოსძალოს.

თელავის რაიონში ხეტყის გადამამუშავებელი კომბინატი გვქონდა, სადაც ფიცარსა და პარკეტს ამზადებდნენ, ნახერხს ამუშავებდნენ. ტყე, რომლსაც იჯარით ვიღებდით, ჩინელებს მიჰყიდეს და იძულებული გავხდი, კომბინატი ჩინელებისთვის მიმექირავებინა. ასეთივე მდგომარეობაში კიდევ 50 ხეტყის გადამამუშავებელი კომბინატი აღმოჩნდა. ერთ ხეს რომ ვჭრიდით, სამ ნარგს ვრგავდით. ახლა კი რაც უცხოელების ხელში გადავიდა ტყეები, წალენჯიხელები მეუბნებიან, ნაფოტსაც აღარ ტოვებენ ტყეშიო.

თელავში საკონსერვო ქარხანაც მქონდა. მეცხოველეობის განვითარებასა და რძის შემსყიდველი  პუნქტის გახსნას ვაპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთი იქაური მაღალჩინოსნის ნება-სურვილით ჩემი პარტნიორი ლუკა რამაზაშვილი დაიჭირეს, ამ რეგიონს აღარ გავკარებივარ. ასე რომ, ხელისუფლება ბიზნესმენებს ვეღარ გააბითურებს ლიბერალურ გადასახადებზე ლაპარაკით. იმ ტყუილით, რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქვს, რომ ამერიკელები ძალიან გვეხმარებიან და მომავალში შეგვაიარაღებენ კიდეც, რომ, ალბათ, ირანს დავცხოთ. მათი დახმარება ყოფილა ისიც, რომ 1-2 წელი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აღიარებენ. გავა დრო, აღიარებენ და ეს იქნება მათი დახმარება. ეგენი საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად მიიჩნევენ, რომელიც ნახშირწყალბადების ყველაზე მოკლე გამტარებელი იქნება. მოსახლეობის საქმიანობის სფეროდ კი მომსახურებას, ტურიზმსა და ვაჭრობას მიიჩნევენ. მალე გაიყვანენ სამხრეთ კავკასიის რკინიგზას, რადგან საქართველოს რკინიგზა, ფაქტობრივად, გაყიდულია და ჯერ მალავენ. დარწმუნებული ვარ, ავტომაგისტრალსაც უცხოელებს მიჰყიდიან. ამდენ სესხს ვიღებთ და გამკითხავი არავინ არის, რამდენი ხმარდება საქართველოს და რამდენი მიდის უკან. ამ ვალის პროცენტიც ხომ გვემატება. მომავალში, ალბათ, ხელგაწვდილები დავრჩებით. აი, ეს არის გამარჯვებული ქვეყნის ეკონომიკა.

- მაგრამ უცხოელები რატომღა მოდიან საქართველოში?

- წყალი ჩვენი უკანასკნელი რესურსი და უდიდესი სიმდიდრეა. ბენდუქიძემ მოახერხა და რუსებს მიჰყიდა "თბილწყალი", რომელშიც არაგვის აუზი, ჟინვალჰესი შედის. ლაპარაკია ბორჯომის ხეობის წყლებისა და ამ ხეობაში მდებარე ტბების გაყიდვაზეც. მაეჭვებს ჩვენი პრეზიდენტის ქუვეითში ვიზიტი. იქ წყალი ძალიან უჭირთ. რამე მოლაპარაკება ხომ არ არის ჩვენს ზურგს უკან მათთვის წყლის მიყიდვაზე?

- როგორც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს პოლიტკაზეც გკითხავთ. ოპოზიციის ბოლო შეკრებაზე "მრეწველები" რატომ არ მიხვედით?

- ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ხელისუფლებას ეთამაშება და ხალხს აბითურებს. შანსი გავუშვით, რომ ხელისუფლება კი არ გაგვეგდო, ეროვნულ პოზიციაზე დაგვეყენებინა.