მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

სრული დომხალი

წინასაახალწლო დღეებში ყოველთვის ასე იყო: პოლიტიკური ცხოვრება კვდებოდა და ჟურნალისტები, ძირითადად, გასული წლის შეჯამებით ვიქცევდით თავს, წელს კი ლამის წლის მთავარი მოვლენები ახალი წლის წინა დღეებში მოხდა და ისეთი დომხალი მივიღეთ, თქვენგან მოწონებული. მივყვეთ თანამიმდევრობით: წლის ბოლოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზე "ეზრუნა" და ისე მოეწყო, რომ მას არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ფული დაეხარჯა. მერე რა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინა არჩევნებზე 16 მილიონი დახარჯა. სხვები საკუთარ ფინანსებს უნდა გაუფრთხილდნენ,  ამიტომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ივანიშვილს წინასაარჩევნოდ როგორც საკუთარი პარტიის, ისე თავისი პარტნიორების დაფინანსებას უზღუდავდა. კანონი ძალაში ახალი წლიდან უნდა შესულიყო. ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, ხელისუფლებისთვის ჭკუით ეჯობნათ და ფული ახალ წლამდე აამოძრავეს, ანუ ბიძინამ მათ მილიონ-მილიონი ლარი კანონის ამოქმედებამდე გადაურიცხა, ბუნებრივია, იმ განზრახვით, რომ ამ ფულს 2012 წელს, საარჩევნო კამპანიისთვის დახარჯავდნენ - თან ფული ექნებოდათ და თან კანონსაც არ დაარღვევდნენ. ხელისუფლებამ, ეგრე არ უნდაო და, ჯერ ნაციონალური არხები აალაპარაკა, ნახეთ, ნახეთ რესპუბლიკელებმა, ალასანიამ, ძიძიგურმა და დავითაშვილმა მილიონები მიიღესო. არადა, თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ ეს გადარიცხვა მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი იყო და რომ არა ხელისუფლების ახალი კანონი, ამ ფულს პარტიები საარჩევნო წელს, ეტაპობრივად მიიღებდნენ. თუმცა მხოლოდ პროპაგანდა საქმეს რას უშველიდა, ფული უკვე ჩარიცხული იყო და ეს თამაშიც - წაგებული, მაგრამ როდის იყო "ნაციონალური მოძრაობა" წაგებას ასე ადვილად ეგუებოდა! ოპონენტებს ჭკუით რომ ვერ აჯობეს, ძალა აამოქმედეს. ძალაუფლება ჩვენს ხელშია, კანონებს ჩვენ ვიღებთ და იქ რასაც გვინდა, იმას ჩავწერთო. იდეა კობა ხაბაზს გაახმოვანებინეს, რომელიც გამოვიდა და თქვა: ახალ კანონს უკუქმედების ძალა უნდა ჰქონდეს, ანუ იმ ქმედებაზეც უნდა გავრცელდეს, რაც კანონის მიღებამდე განხორციელდა, პარტიები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ.

აბა, რა წესია - ზოგ პარტიას უკვე მილიონები აქვს, სხვებს კი არაფერიო. თქმა და ამის გაკეთება ერთი იყო. კანონში ჩაწერეს: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მოექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში"." ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი - კანონისთვის უკუქმედების ძალის მინიჭება კონსტიტუციის დარღვევააო, ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარაო!..

თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევდა და იმ პარტიებმა, ვისაც ივანიშვილისგან მილიონები უკვე მიღებული ჰქონდათ, თანხების სასწრაფოდ ხარჯვა დაიწყეს. ზოგმა ყველა რაიონული ოფისის ხარჯი ერთი წლით ადრე წინასწარ გადაიხადა, ზოგმა ერთი წლის საწვავის მარაგი წინასწარ იყიდა, ზოგი კი ავტოსალონებში გავარდა და პარტიისთვის ახალი მანქანები შეიძინეს (რატომ მაინცდამაინც ახლები და თანაც - ჯიპები, ჯერ უცნობია). მოკლედ, ფულის ხარჯვა დაიწყეს, მისი უკან დაბრუნება საჭირო რომ არ გამხდარიყო. სად იყო და სად არა, იმავე დღეს, შუადღეს, ხელისუფლების ქმედებებით შეშფოთებულმა ამერიკის საელჩომ, საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, განცხადება გაავრცელა: "ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიური გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას". საელჩოს განცხადება ჯერ ყველას წაკითხულიც არ ჰქონდა, რომ ხელისუფლების ორი მოლაპარაკე თავი - პალიკო კუბლაშვილი და აკო მინაშვილი გამოცვივდნენ და განაცხადეს, რა უკუქმედება, რა ფულის დაბრუნება, ასეთი რამ აზრადაც არ მოგვსვლია, ზოგიერთებმა კანონი წესიერად ვერ წაიკითხეს და ამერიკის საელჩოც შეცდომაში შეიყვანესო.  მართლაც, ჩახედეს კანონს და იქ ასეთი რამ აღარ ეწერა!.. ჰოდა, ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ახალ წლამდე ერთი დღეა დარჩენილი და სრულიად პოლიტიკური სპექტრი არკვევს, კანონი ხელისუფლებამ გამოქვეყნების მერე შეცვალა, როდესაც ამერიკის საელჩოს განცხადება გავრცელდა (რაც არანაკლები კანონდარღვევაა), თუ... აი, მეორე ვარიანტი როგორია, ჯერ ვერ გავარკვიე - კანონის არასწორად წაკითხვა როგორ დავიჯერო, როდესაც განგაში არა მარტო ოპოზიციამ, არამედ არასამთავრობო სექტორმაც ატეხა. როგორ, კითხვა ყველას დაავიწყდა? მოკლედ, ახალ წელს სრული დომხალით და მოსალოდნელი სკანდალით ვეგებებით...