"იცვლება სისტემა, როდესაც გამარჯვებულს მიჰქონდა ყველა ხმა" - კვირის პალიტრა

"იცვლება სისტემა, როდესაც გამარჯვებულს მიჰქონდა ყველა ხმა"

"არ მინდა, როგორც 1921 წელს, ზოგიერთები ყვავილებით შეხვდნენ ოკუპანტს"

გასული კვირის პოლიტიკური მოვლენების შესაფასებლად მიხეილ მაჭავარიანს ლენტეხში, სვანებთან სტუმრობისას დავუკავშირდით.

- ბატონო მიხეილ, ოპოზიციის ხალხმრავალ თავყრილობას ხელისუფლება როგორ შეხვდა?

- ძალიან კარგია, რომ ოპოზიცია იკრიბება და ფიქრობს. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ფიქრის შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რომ იფიქრა, ამიტომაც გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენთან ერთად მუშაობს საარჩევნო კოდექსის სრულყოფაზე. მთავარია, რომ ამ თავყრილობით ჩვენმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ როგორ ფორმაშია, როგორ ემზადება არჩევნებისათვის და რა მიზნები აქვს. ჩვენი მიზანია, საქმე გავაკეთოთ, ქვეყანა მეტად იყოს დაცული და შევქმნათ სამუშაო ადგილები. ოპოზიციის მიზანი კი ისაა, ერთმანეთს არ დაარტყან ღია ეთერში. საბოლოოდ ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვისი ამოცანები უფრო მნიშვნელოვანია.

- გინდათ თქვათ, რომ ოპოზიცია ფორმაში არ არის?

- სპორტის ექსპერტი არა ვარ და ოპოზიციის მომზადებას ვერ შევაფასებ.

- ეტყობა, პრეზიდენტის ინიციატივა გაგახსენდათ, - ოპოზიციას შეურაცხყოფა არ მიაყენოთო.

- აქამდეც არ მიმიყენებია ვინმესთვის შეურაცხყოფა და არც მომავალში მივაყენებ, რადგან ასე აღმზარდეს. მცდარია მოსაზრება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას არ უნდა ხვდებოდეს.

- მათ, ვინც ხელისუფლებასთან დიალოგს ემხრობოდნენ, შესაძლოა, იმედგაცრუების გამო დიალოგზე უარი თქვან.

- ბატონი ალასანია და მისი გუნდი შემოუერთდა საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე გუნდს და ძალიან პროდუქტიულად ვმუშაობთ.

- ბატონი ირაკლი კი ამბობს, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება არ ითვალისწინებს მათ წინადადებებს.

- თუ არ მოსწონს, მოსვლაც მისი ნება იყო და წასვლაც მისი ნება იქნება. განა მნიშვნელოვანი დათმობა არ არის, რომ ქალაქის მერი პირდაპირი წესით აირჩევა? იცვლება სისტემა, როდესაც გამარჯვებულს მიჰქონდა ყველა ხმა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ პრობლემებია სიებთან დაკავშირებით. მოფიქრებული გვაქვს კონკრეტული მექანიზმი, რომ ოპოზიციამ შექმნას ჯგუფები სიების გადასამოწმებლად. ამ ჯგუფებში ლიდერის ფუნქცია ხელისუფლებას არ ექნება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და საარჩევნო კამპანიის საკითხზეც მუშაობა მიმდინარეობს.

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში არიან ქრისტიან-დემოკრატები, მრეწველები და უკვე ტრადიციონალისტებიც შემოგვიერთდნენ. ისინიც სვამენ კონკრეტულ საკითხებს და ზოგჯერ ეს საკითხები წინააღმდეგობაშია ალასანიას გუნდის წინადადებებთან. თუ ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მათი ინიცირებული ყველა წინადადება უნდა გავითვალისწინოთ, ეს უკვე ულტიმატუმია. ამ გზით კი ვერც ხელისუფლება მოიგებს და ვერც ოპოზიცია.

- აზრთა სხვადასხვაობაა "პატრიოტის აქტზე". რა ამოცანას ისახავს ხელისუფლება მისი მიღებით?

- თუ ამ აქტს ყველა პოლიტიკური ძალის თანხმობითა და კონსენსუსით მივიღებთ, რა არის ამაში ცუდი? ამერიკული "პატრიოტის აქტისაგან" განსხვავებით, ამ ვარიანტში ამოღებულია მოსმენების მუხლი და ის მუხლები, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა. ამ დოკუმენტის ამოცანაა ქვეყნისთვის საფრთხეების მოხსნა. ამიტომაც ოპოზიციას რომ შეშფოთების საფუძველი არ ჰქონდეს, ვიმსჯელოთ ამ აქტზე და რაც მისაღებია, მივიღოთ. "პატრიოტის აქტის" გარდა, გია თორთლაძე გვთავაზობს, რომ ვიფიქროთ ლუსტრაციის კანონზეც. ამ დოკუმენტების მიღებას ნამდვილად აქვს აზრი და თუ მასზე მსჯელობა გაიმართება, საბოლოოდ კარგ დოკუმენტებს მივიღებთ.  როდესაც ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, როდესაც საქმე 21-ე საუკუნის ბარბაროსებთან გვაქვს, ამ აქტის მიღება სწორედაც რომ დროულია. ოკუპანტი თბილისში შემოვარდნას და ხელისუფლების შეცვლას გეგმავდა და არ მინდა, როგორც 1921 წელს, ზოგიერთები ყვავილებით შეხვდნენ ოკუპანტს. მაშინ ვაჟკაცები მტერს შეაკვდნენ, მთავრობა გაიქცა, მოქალაქეების ნაწილი კი ოკუპანტს ტაშით შეხვდა. ეს ყველაფერი მაშინდელ ერევნის მოედანზე "პარადით" დაგვირგვინდა. ასე რომ, "პატრიოტის აქტი" მისაღებია და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ მოსწონს დემოკრატიულ ამერიკას, ეს აქტი ისევ მოქმედებს ამ ქვეყანაში  და არ გაუქმებულა.

- ნოემბერში ოპოზიცია აქციების განახლებას გეგმავს.

- ეს მათი უფლებაა, მაგრამ ოპოზიციას მართებს შედეგების გათვალისწინებაც. თქვენი გაზეთი საკმაოდ კარგად აშუქებს ეკონომიკას და იქ უთუოდ ამოიკითხავდით, რა შემოსავლები დაკარგა ქვეყანამ აქციების პერიოდში. ოპოზიციას შეუძლია კანონის ფარგლებში გამოხატოს პოზიცია, მაგრამ  კანონის გარეთ ვერ გავლენ.