"ამჯერად აღარ გაპატიებთ!" - კვირის პალიტრა

"ამჯერად აღარ გაპატიებთ!"

აჭარის დამოუკიდებელ ტელეკომპანიას აუქციონზე გაყიდიან?

დამოუკიდებელი ტელეკომპანია "ტელეარხი 25", რომელიც აჭარაში მაუწყებლობს, შესაძლოა, დაიხუროს. ტელევიზიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა - თუკი "ტელეარხი 25" დავალიანებას 277.247 ლარს ვერ გადაიხდის (თანხის გადახდის საშუალება ტელეკომპანიას არ გააჩნია, რადგან ის მხოლოდ განცხადებებითა და ნეკროლოგებით არსებობს). ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს უფლება ზემდგომ სასამართლოებში საქმის განხილვის დასრულებამდე ტელეკომპანია აუქციონზე გაასხვისოს. ამ შემთხვევაში, არცთუ ძნელი გამოსაცნობია, შეინარჩუნებს თუ არა ტელეარხი დამოუკიდებელი ჟურნალისტური სუბიექტის იმიჯს.

აჭარის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია დახმარებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სთხოვს და უკიდურეს შემთხვევაში, სამართლის პოვნას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

ტელეკომპანიას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმ ვალის გადაუხდელობას ედავება, რომელიც მას ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაუგროვდა. ამ დროს "ტელეარხ 25"-ს კანონიერი დამფუძნებლები ვერ მართავდნენ და ის აბაშიძის უახლოესი გარემოცვის ხელში იყო. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ, მაგრამ ტელევიზიას საგადასახადო რევიზიის შემდეგ ფინანსური პრობლემები შეექმნა. დამოუკიდებელმა ტელევიზიამ საქმე ჯერ ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში მოიგო. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, საგადასახადო რევიზია ტელევიზიაში ხელახლა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საგადასახადო სამსახურმა ისევ ძველი საგადასახადო აქტით (რომელიც უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო) მოინდომა ვალის ამოღება, - საქმე ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად თემიდამ თვალი ტელეკომპანიის სასარგებლოდ ვეღარ გაახილა?!

მერაბ მერკვილაძე, "ტელეარხი 25"-ის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი: - არ ველოდით ამგვარ გადაწყვეტილებას, რადგან ცნობილი იურისტებიც კი მოელოდნენ, რომ სასამართლო საგადასახადო რევიზიის ხელახლა ჩატარებას მოითხოვდა. ახლა საზოგადოების მხარდაჭერის იმედიღა დაგვრჩა. დახმარებისთვის მივმართავთ საქართველოში მოღვაწე დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენი არსებობის მანძილზე მუდამ ვცდილობდით, არხი მხოლოდ სიმართლის სამსახურში მდგარიყო და არ ასოცირებულიყო არც ერთ კონკრეტულ პირთან(?!).

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან "ტელეარხი 25"-ის "განაჩენის" გამოტანას ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ნატა იმედაიშვილმა ეს ფაქტი თავისუფალი სატელევიზიო მედიის ჩახშობის დასასრულად შეაფასა, "რესპუბლიკურმა პარტიამ" კი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. "არჩევნები ახლოვდება, ამიტომ გავლენებისგან თავისუფალი ტელეკომპანია თუ დებატი ნამდვილად ხელს უშლის ხელისუფლებას", - განაცხადა ბათუმელმა რესპუბლიკელმა მურმან დუმბაძემ.

ხოლო ხალხმა თავისი მოსაზრებები, აღშფოთება იმავე საღამოს აქტიურად გამოხატა. იმ საღამოს აჭარის მაყურებელმა თავისუფალ მედიას სოლიდარობა გამოუცხადა, ხელისუფლებას გზავნილი გაუგზავნა, ამჯერად აღარ გაპატიებთო და თავისუფალი სიტყვის გადარჩენისთვის ერთად დგომის სურვილიც დააფიქსირა.