ქვეყანა, სახელად ცხინვალ - კვირის პალიტრა

ქვეყანა, სახელად ცხინვალ

სად ჩაიმარხა რუსული მილიარდები?

რუსული ყოველთვიური გამოცემის "სოვერშენო სეკრეტნო" ჟურნალისტმა ლეონიდ ველეხოვმა ომიდან ერთი წლისთავზე სამხრეთ ოსეთში იმოგზაურა, რათა იქ მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაეთვალიერებინა. ცხინვალში აღდგენილი ვერაფერი ნახა, სამაგიეროდ ნახა, როგორ აშენებენ მიწასთან გასწორებულ ქართულ სოფლებში ახალ სახლებს და ქართველთა კვალს საგულდაგულოდ შლიან. ჟურნალისტი შეხვდა ქართველ ქალს, რომლის სულისშემძვრელი ამბავიც თავის სტატიაში აღწერა. გთავაზობთ სტატიას მცირედი შემოკლებით:

ამჯერადაც ბესლანიდან ცხინვალისკენ გავემართე. მსურდა ის უსახლკაროები მენახა, რომლებსაც შარშან შევხვდი. მინდოდა, მენახა, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ მათი ცხოვრება. ოფიციალური მონაცემებით, რესპუბლიკის აღდგენაზე 10 მილიარდი რუსული რუბლი დაიხარჯა. სამი წლის განმავლობაში კი რუსულმა დახმარებამ 20 მილიარდი რუბლი უნდა შეადგინოს. ეს კოლოსალური დაფინანსებაა რესპუბლიკისთვის, სადაც 50 ათასზე ნაკლები კაცი ცხოვრობს და რომელსაც 4 ათას კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები ფართობი უჭირავს. მით უმეტეს, რომ ომით არა მთელი რესპუბლიკა, არამედ მხოლოდ ცხინვალი დაზარალდა. ასეთი თანხით ამ ქალაქის თავიდან აშენება შეიძლება..

ცხინვალში ჩასულები პირდაპირ ებრაელების უბნისკენ გავემართეთ. ებრაელების კვარტალი გასული წლის აგვისტოში ყველაზე მეტად დაზარალდა. აქ საბჭოთა წარმოების ქართულმა არტილერიამ ქვა ქვაზე არ დატოვა. ებრაული უბანი, როგორც შარშან გაძრწუნებდათ ბარბაროსული ნგრევის მასშტაბით, დღესაც ისევე შეგაძრწუნებთ. ერთი წლის განმავლობაში აქ არც არაფერი გაკეთებულა და არც აღდგენილა. სად ჩაიმარხა რუსული მილიარდები? ქალაქის აღდგენა ხომ ამ უბნიდან უნდა დაწყებულიყო?

KvirisPalitra.Geლხინი ჟამიანობის შემდეგ

სამაგიეროდ, სხვა ვითარებაა ადრე ქართველებით დასახლებულ სოფელ თამარაშენში. აქ დიდი მშენებლობა მიდის. აშენებენ მთელ მიკრორაიონს ორასამდე მცირეგაბარიტიანი და სხვადასხვა ფერის სახურავიანი კოტეჯებით. აქვეა სკოლა, პოლიკლინიკა, მაღაზიები - მთელი ინფრასტრუქტურა. სკოლას ჩვენ თვალწინ ხსნიან: წარმოთქვამენ საზეიმო სიტყვებს, უკრავენ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჰიმნებს. საკვირველია პირდაპირ: რისთვის იხსნება სკოლა, როცა სახლებში ჯერ არათუ არავინ შეუსახლებიათ, არც კი დაუსრულებიათ. თუმცა ეს გასაგები რუსულ-საბჭოთა "პაკაზუხაა".

თუმცა სკოლის (სადაც ჯერ ვერავინ ისწავლის) პოტიომკინისეულ "გახსნაზე" მეტად, უხერხულობას სხვა რამე იწვევს. მიკრორაიონი ნაცარტუტაზეა აგებული. აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იძულებული გახდნენ მშობლიური ადგილებიდან აყრილიყვნენ. ეს ადამიანები არაფერში არ იყვნენ დამნაშავენი, გარდა იმისა, რომ იყვნენ ქართველები. ცხოვრობდნენ აქ ათწლეულები და საუკუნეები, შრომობდნენ და მთელ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს კვებავდნენ. სააკაშვილის იდიოტურ ავანტიურასთან საერთო არაფერი ჰქონდათ, თუმცა შეიძლება გულში სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან გაერთიანების იდეას მხარს უჭერდნენ. არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება თამარაშენის, კეხვის, ზემო და ქვემო აჩაბეთის მოსახლეობისგან რაღაც "მეხუთე კოლონას" ქმნიდა. ან რა საჭირო იყო? ქართული არმია ყოველგვარი "მეხუთე კოლონის" გარეშეც დაამარცხებდა სამხრეთ ოსეთის შენაერთებს, რუსებს რომ არ მოესწროთ.

მაშ ასე, ამ ადამიანებს არც უომიათ და არც რამე დანაშაული ჩაუდენიათ. ისინი, უბრალოდ, იძულებული გახდნენ წასულიყვნენ, რათა უსამართლო ანგარიშსწორების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ. სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ერთი მთელი ნაგებობაც კი არ დარჩა. მხოლოდ პატარა ეკლესია დატოვეს. გაუგებარია ამ ბარბაროსობის მიზანი: რა საჭირო იყო სახლების დანგრევა, მაშინ როდესაც ცხინვალში ათიათასობით კაცი უსახლოდ დარჩა? რა საჭირო იყო პოლიკლინიკების, სკოლების, მაღაზიების, სილამაზის სალონების, ბანკების (ეს ყველაფერი ქართულ სოფლებში იყო, რადგან ისინი დანარჩენ სამხრეთ ოსეთზე უკეთ ცხოვრობდნენ), განადგურება? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავიდან ააშენონ? რა პრობლემაა, თავისუფლად შეიძლება ამ მიწაში არაერთი რუსული მილიარდის ჩამარხვა.

არავის არც ერთი კანონის თანახმად აქაური მეპატრონეებისთვის საკუთრებაზე უფლება არ ჩამოურთმევია. იდეაში მათ ყოველთვის შეუძლიათ დაბრუნდნენ და უკან მოითხოვონ თუნდაც თავიანთი მიწა. თუმცა ეს შესაძლებელი იქნებოდა, მოქმედება სადმე ცივილიზებულ ადგილზე რომ ხდებოდეს და არა რუსულ ან სამხრეთოსურ მხარეში.

იცით, ისე, რომ ირონიას არც მალავენ, რას ეძახიან "დამოუკიდებელ" სამხრეთ ოსეთს ჩრდილოელი ოსები, რომლებიც სხვათა შორის, არასოდეს იტანჯებოდნენ "გაყოფილი ერის" კომპლექსით - ქვეყანა ცხინვალ. ისინი გაერთიანების რეალურ პერსპექტივას, როგორც ეშმაკს, დღესაც ისე უფრთხიან.

როდესაც ქართული სოფლების ადგილზე მიმდინარე გაცხოველებულ მშენებლობას უყურებ, არასასიამოვნო შეგრძნება და ასოციაცია გიჩნდება. თითქოს მტრის დაპყრობილ ტერიტორიაზე მათი კვალის გასაქრობად აშენებენ, რათა კანონიერ მეპატრონეებს დასაბრუნებელი არსად ჰქონდეთ. დავუშვათ, დაბრუნდნენ კიდეც; მათ ეტყვიან: "რომელი თამარაშენი? აქ არანაირი თამარაშენი არ ყოფილა. თქვენ აქ არასოდეს ყოფილხართ და არასოდეს გიცხოვრიათ!"

ჩვენ ამ სოფლებს ერთმანეთის მიყოლებით გავდივართ. ოდესღაც ფუნდამენტურად ნაგები სახლების ნანგრევებზე, რომლებსაც, ალბათ, ათწლეულები აშენებდნენ, წარწერები ბრწყინავს: "დაკავებულია". ადამიანები ჩქარობენ სხვისი ნანგრევებიც კი მიითვისონ. ტუალეტის სუნი ასდის ამ საზიზღარ წარწერებს.

KvirisPalitra.Geმანანა

მან ერთი წლის წინ დამირეკა, როდესაც რუსულ-ქართული ომის ცხელ კვალზე ჩემი პირველი მასალა გამოვაქვეყნე. მას მანანა ჰქვია. იგი ქართველია, ქმარი ოსი ჰყავს. ცხოვრობს ვლადიკავკაზში. დაიბადა ქვემო აჩაბეთში. იქ 8 აგვისტომდე იდგა მამაპაპისეული სახლი. ომის წინა დღეებში მამა, რძალი (ძმის ცოლი, ისიც ოსი) ბავშვებით, ყველა, ძმის გარდა, სოფლიდან გაიხიზნენ. ნოდარი დარჩა. თქვა, რომ სახლს მიხედავდა და მათ დაბრუნებას დაელოდებოდა. რამდენიმე დღეში მანანას შეატყობინეს, რომ მისი ძმის გვამი ეზოში ეგდო. როგორღაც მოახერხა და შვილთან ერთად ქვემო აჩაბეთში ჩავიდა. იძულებული გახდა ძმის ნახევრად გახრწნილი გვამი იქვე, გაძარცული სახლის ეზოში, სნაიპერის ტყვიების ზუზუნში დაემარხა.

დამირეკა, მთხოვა ძმის ქრისტიანული წესების დაცვით, სოფლის სასაფლაოზე გადასვენებაში დავხმარებოდი. მანანა თავად ჩამოვიდა სამხრეთ ოსეთში. შევხვდით და პირდაპირ ქვემო აჩაბეთისკენ გავემართეთ. ახლა, ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, "ყოფილი ქვემო აჩაბეთი". სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ძველი დასახელებით არც ერთი ფირნიში აღარ დარჩა. ალბათ, მალე ახალი ფირნიშები გაჩნდება, ახალი სახელწოდებებით.

მანანა მამაცი ქალია, მაგრამ დანგრეული სოფლის დანახვისას თავი ვერ შეიკავა. ვერ აღვწერ, რას განიცდიდა, როდესაც მაჩვენებდა: აქ მთაზე სკოლა იდგა, რომელშიც ის სწავლობდა. აი, იმ მაღლობზე კი, გადმოცემით, თამარ მეფეა დამარხული... მანანა თავისი სახლისკენ მიმავალ გზას ვერ პოულობდა, რომელზეც 22 წელი დადიოდა... ბოლოს, როგორღაც მივაგენით. სახლისგან მხოლოდ ქვების გროვა იყო დარჩენილი. მხოლოდ ორი ვაშლის ხე გადარჩენილა. როდესაც მანანა და მისი და პატარები იყვნენ, მამამ თითოეულს თითო ნერგი მისცა და უთხრა: "ვნახოთ, რომლის ხე უფრო მაღალი გაიზრდება!" ოთხი ათწლეულის განმავლობაში ორივე ხე უზარმაზარი გახდა და ახლა იმის გარჩევა, რომელი უფრო მაღალია, ძნელია. ანდა რაღა საჭიროა? ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა.

მანანა ორი ტოტისგან შეკრული ჯვრისკენ დაიხარა. აქ  არის დამარხული მისი ძმა. აქ სასაფლაოს მოწყობას აზრი არა აქვს; სასაფლაოსაც გაძარცვავენ. მანანა იხსენებს, - როდესაც შარშან შვილთან ერთად ძმის დასამარხად ჩამოვიდა, ეზოს ჭიშკარი ჯერ კიდევ მთელი იყო. შვილი ცხინვალში კუბოს მოსატანდ წავიდა, ჭიშკარზე კი წერილი დატოვა: "კეთილო ხალხო, ძმურად გთხოვთ: კიდევ რამდენიმე საათი ამ ჭიშკარს ხელი არ ახლოთ, - ვიდრე დავმარხავთ. საღამოს შეგიძლიათ, წაიღოთ". როცა დაბრუნდა, ჭიშკარი უკვე აღარ იყო.

მანანა ნეშტის სასაფლაოზე გადასვენების იდეითაა შეპყრობილი. მისი მონაყოლიდან ვიგებ, რომ მის ოს რძალს საქართველოში მარჩენლის დაკარგვის გამო, კომპენსაციის სახით, ოთხოთახიანი ბინა და ერთჯერადი დახმარება, 10 ათასი დოლარი მისცეს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ჟესტია. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ქართველი დევნილები დღემდე საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ. თუმცა, მე რაღაც არ მსმენია, კოკოითის მთავრობის ასეთი ჟესტების შესახებ.

გულუბრყვილო მანანა მეკითხება, შეუძლია თუ არა მას სასამართლოს გზით დაიბრუნოს თავისი მიწა; მით უმეტეს, რომ იგი რუსეთის მოქალაქეა. "უნდა სცადო", - ვეუბნები მე. აქაურ არქივებში ხომ იქნება დაფიქსირებული საკუთრების უფლება? როგორც ირკვევა, ქართული სოფლების ყველა არქივი, ყველა რეესტრი, ყველა წიგნი, აგვისტოში დაიწვა. აი, ასეთი "წერტილოვანი" ხანძარი იყო.

ერთ რუსსა და ერთ ქართველს თან ერთი ოსიც გვახლდა, ასლანი (ესეც, ალბათ, სიმბოლური იყო). ასლანმა მანანას სახლის ნანგრევებიდან მრგვალი ქვა აიღო და ქალს მისცა, სამახსოვროდ შეინახეო... ჩვენ მივდივართ. ვამჩნევ, რომ სახლის შემორჩენილ კედლის ნაწილზე იგივე აყროლებული წარწერაა: "დაკავებულია". დიდი ბოდიში, მაგრამ მე მართლაც მეჩვენება, რომ ეს სიტყვა კედელზე საღებავით კი არა, განავლითაა მიწერილი.