"პრემიერ-მინისტრის მოკვლა არ უნდოდათ, ის შემოაკვდათ" - კვირის პალიტრა

"პრემიერ-მინისტრის მოკვლა არ უნდოდათ, ის შემოაკვდათ"

ბოლო დროს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე სკანდალურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა საგრძნობლად იმატა. როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება დასრულებული არ არის და ჟვანიას საქმე თაროზე იმტვერება. თუმცა, როგორც იმერეთის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი ირწმუნება, ასეთი ვითარება დიდხანს არ გასტანს და პრემიერ-მინისტრის იდუმალებით მოცულ გარდაცვალებას ნათელი ახლო მომავალში მოეფინება. თემურ შაშიაშვილმა იმ საიდუმლო აუდიოჩანაწერების არსებობის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ინახება და სულ მალე გამომზეურდება. აღნიშნული ჩანაწერებიდან რამდენიმე სკანდალური ფრაგმენტი მან "კვირის პალიტრას" წინასწარ, ექსკლუზიურად გაუმხილა.

KvirisPalitra.Geთემურ შაშიაშვილი: - ისეთი აუდიოჩანაწერების შესახებ შევიტყვე, რომ მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა... ჩემთვის მხოლოდ 10-წუთიანი ფრაგმენტი გახდა ცნობილი, თუმცა ჩანაწერი საკმაოდ ვრცელია. შევხვდი გოგლა ჟვანიას და ვუამბე ყველაფერი, თუმცა ეს მისთვის სიახლე არ ყოფილა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც პირად საუბარში აცხადებენ, რომ ჟვანიას ცხედარი იმ ავბედით ბინაში მიიტანეს. ამ ჩანაწერის მიხედვითაც ჩანს, რომ ეს სიმართლეა. ჩანაწერი უკვე გავრცელებულია რამდენიმე ქვეყანაში. მე ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში შევხვდი გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს და მათ მომასმენინეს ჩანაწერი.

- როდის ან როგორ მოხვდა აღნიშნული ჩანაწერი მათ ხელში?

- ჩანაწერი საქართველოდან მიიღეს და ეს ფაქტი ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას უძღოდა წინ. იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ჩანაწერი ათასი მაინც გამოჩნდება, როცა ეს ხელისუფლება უფრო დაუძლურდება ან საერთოდ, აღარ იქნება. რაღაც ფრაგმენტი ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე თუ გახდა ცნობილი, სხვა ნაწილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის წინ გამომზეურდება... ვფიქრობ, ამ პირებზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს და უახლოეს ხანში ყველაფერს სიტყვასიტყვით გამოაქვეყნებენ. იმ ადამიანებს, ვისაც აუდიოჩანაწერი აქვთ საქართველო ისე ძალიან უყვართ, მათ მოსყიდვას ვერავინ შეძლებს. მოკლედ, ამ თემაზე ხმა რომ ამოვიღე, ხელისუფლებამ ათასი ვინმე მომიგზავნა, - ჟვანიაზე ლაპარაკს შეეშვიო. ამ რამდენიმე დღის წინ, საღამო ხანს, კონსერვატორიასთან ავუხვიე. ორი უცნობი ახალგაზრდა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა: "შენი დღეები დათვლილია, არ გაცოცხლებთ!" როგორც შემდეგ გავარკვიე, ის ბიჭები იქვე დაცვაში მუშაობენ.

სამწუხაროდ, საეჭვოდ დუმს ოპოზიციაც. წარმოიდგინეთ, მის არც ერთ წარმომადგენელს არ დაურეკავს და არ უთქვამს, - თუ ძმა ხარ, შემხვდი და მითხარი, რა მასალები გახდა შენთვის ცნობილიო... მე ვწერ, რომ ამ ინფორმაციის გამო გვდევნიან, გვავიწროებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამ საკითხით საერთოდ არ ინტერესდებიან! მეტსაც გეტყვით, ამხელა შეკრება მოაწყვეს და ამის შესახებ ქუჩაში გავიგე. სამწუხაროდ, იქაც არავინ დამიძახა...

- საინტერესოა, ჩანაწერის ათწუთიან ფრაგმენტში მხოლოდ ის ვერსია მოისმინეთ, რაც ადრე ოქრუაშვილმა გაახმაურა?

- მან კი გაახმაურა ეს ვერსია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, შემდეგ ოქრუაშვილი ბატონ გოგლა ჟვანიას აღარ შეხვედრია ამ თემაზე სასაუბროდ.

- პირდაპირ გვითხარით, ხელისუფლების იმ პირველ პირებს შორის, რომელთა ხმა ჩანაწერში ისმის, იყო თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი?

- იმ ათწუთიან ფრაგმენტში ოქრუაშვილის ხმა არ ისმოდა...

იმ ფრაგმენტიდან გამომდინარე, რომელსაც მოვუსმინე, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მოკვლა წინასწარ განზრახული არ ყოფილა, თუ შეიძლება ითქვას, პრემიერ-მინისტრი შემოაკვდათ... ხელისუფლების პირველი პირების საუბრის საერთო აზრიც ეგ არის. ჩანაწერი მას შემდეგ გაკეთდა, როცა ჟვანია ცოცხალი აღარ იყო და ხელისუფლების პირველი პირები მსჯელობენ, რა როგორ უნდა წარიმართოს. აი, ამაზე იყო საუბარი იმ ათწუთიან მონაკვეთში.

- ყველას უკვირს, ამ საკითხზე მხოლოდ თქვენ და შალვა ნათელაშვილი რომ საუბრობთ, რომლებიც ჟვანიასადმი დადებითად არასდროს ყოფილხართ განწყობილი... არსებობს მოსაზრება, რომ ჟვანიასთან დაკავშირებული თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდება.

- მართალია, ჟვანიასადმი კეთილგანწყობილი არ ვყოფილვარ, თუმცა ვაღიარებ, ფოთის პორტთან, სანაოსნოსთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ჟვანია იყო ერთადერთი პერსონა, რომელიც იოლად არ დათმობდა ბევრ რამეს, ხმას ამოიღებდა და თუ საჭირო გახდებოდა, გადადგებოდა კიდეც და ბრძოლას გააგრძელებდა... ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო. მიმაჩნია, რომ საზოგადოება არ უნდა ეგუებოდეს პრემიერ-მინისტრის ამგვარ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.

- იქნებ ის აუდიოჩანაწერი, რომელსაც თქვენ მოუსმინეთ, ფალსიფიცირებულია?

- იმდენად სერიოზულმა გუნდმა წარმოადგინა ეს ჩანაწერი, ამ ვერსიას უბრალოდ გამოვრიცხავ.

- როგორც ამბობენ, არსებობს კიდევ ორი აუდიოჩანაწერი.

- გეთანხმებით, ერთ-ერთი ჩანაწერი ეხებოდა ფინანსურ გარიგებებს. ისიც შევიტყვე, როგორ ხდება გარიგება საქართველოში ჩამოსულ ბიზნესმენებთან. ამ ე.წ. ინვესტორებს წინასწარ ეუბნებიან, - აუქციონზე ამა თუ იმ ობიექტს ამდენად იყიდი, შემდეგ კი დამატებით თანხის 10 ან 15 პროცენტს ამა და ამ ფონდში ჩარიცხავო... მესამე აუდიოჩანაწერი 2003 წლის ნოემბრის არჩევნებამდე მაშინდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამარცხვინო გარიგებებს ეხება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობს. ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებიან, თითქოს ტოლს არ უდებენ ერთმანეთს, თუმცა იმავდროულად ცხადი ხდება, როგორ ინაწილებენ მომავალ ხელისუფლებაში ფულსაც და ძალაუფლებასაც. ეს ჩანაწერი რომ გამოქვეყნდება, შევარდნაძეც დაინახავს, რა ხალხთან ჰქონია საქმე...