"ხელისუფლება მედიის იმ ნაწილს მიადგა, რომელსაც ვერ აკონტროლებს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება მედიის იმ ნაწილს მიადგა, რომელსაც ვერ აკონტროლებს"

"როგორც ჩანს, ნაციონალურმა პროპაგანდამ ბუზის სპილოდ გადაქცევა მოინდომა... და პირიქით"

ნაციონალური მედიასაშუალებების მთავარი თემა უკვე რამდენიმე დღეა, ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილის "ალიადან" წამოსვლა გახდა. არასახელისუფლებო მედიის დიდ ნაწილს აქვს "გონივრული ეჭვი", რომ ეს თემა დღის წესრიგიდან დიდხანს არ მოიხსნება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას და სახელისუფლებო მედიასაშუალებებს არა ზემოხსენებული გაზეთის ან მისი ერთი ჟურნალისტის ბედი, არამედ მისი მთავარი სამიზნე - არასახელისუფლებო, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები აინტერესებს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: გაზეთ  "ალიას" ერთმა ჟურნალისტმა ეკა სეხნიაშვილმა გაზეთი დატოვა, რის მიზეზად ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული მასალის დაბლოკვა დაასახელა. ნაცმედიამ კი ნამდვილი პროპაგანდისტული წარღვნა მოაწყო, "ალიას" წამყვანი ჟურნალისტები ტოვებენო, მაშინ, როცა რედაქციის დატოვებას მხოლოდ ერთი მათგანი ადასტურებდა. "ალიას" სხვა ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა ნაცმედია ვერ დაარწმუნა, რომ გაზეთიდან არსად წასულა.  ამიტომ მან ხერხი იხმარა და სპეციალურად სახელისუფლებო მედიისთვის სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ასეთი ტყუილი გამოაცხო, - "ალიას" დიტო ჩუბინიძეც და ტიკარაძეც ტოვებენო და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არათუ არ გადაამოწმა ეს ინფორმაცია, არამედ ფეისბუკური ხუმრობა რეალობად გამოაცხადა. "მოკლედ, გაზეთიდან წავიდნენ რედაქტორიც და ჟურნალისტებიც. მხოლოდ ბუღალტერი და დამლაგებელი დარჩნენ", - არ ცხრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გაბრიყვებით აღტაცებული "ალიელები".

ეს ყველაფერი სასაცილოც კი იქნებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენელს ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი მედია ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებულად და მოსყიდულად რომ არ შეერაცხა. "მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, როგორც ბეჭდვითს, ასევე ელექტრონულს, თუ არსებობს ფინანსური ურთიერთობა ივანიშვილთან, მის კომპანიებთან ან "ქართულ ოცნებასთან", საჯარო გახადონ", - მოუწოდა "სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ მედიაორგანიზაციებს. ტელევიზიებიდან კი ნაციონალურმა პროპაგანდამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა:  "პოლიტიკური პარტიებისთვის გადახდილი მილიონების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა ტელეკომპანიისა და ბეჭდური მედიის მოსყიდვა დაიწყო". როგორც ჩანს, ნაცმედიის წარმომადგენლები მედიის მოსყიდვაში (არც მეტი, არც ნაკლები) სარეკლამო განყოფილებაში შესულ  თანხებს  გულისხმობდნენ(?!) და შესაბამისი კითხვით არაერთ მედიაორგანიზაციას ჩამოუარეს. "კავკასიამ" ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან  ნებისმიერი სახის კავშირი უარყო, "მაესტრომ" აღნიშნა, რომ მხოლოდ სარეკლამო დროის გაყიდვით იღებდა გარკვეულ თანხას, "ჰერეთმაც" სარეკლამო კონტრაქტების არსებობა არ უარყო, რაც სრულებით არ არის გასაკვირი. ვინაიდან,

მთელ მსოფლიოში, ნებისმიერი ბეჭდვითი, ელექტრონული თუ ინტერნეტმედიის კომერციული შემოსავლების მთავარ წყაროს რეკლამიდან მიღებული თანხები წარმოადგენს.

ასე რომ, მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა სახელისუფლებო მედიის "რკინის ლოგიკა"... აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში:

- ეს არის მორიგი შეტევა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, ობიექტურ მედიაზე და ამ ამბავს კიდევ მოჰყვება გაგრძელება. ვფიქრობ, ყოველივე ამის მიზანია არასახელისუფლებო  პრესის დისკრედიტაცია, რისთვისაც ნაცმედიასაც გამოიყენებენ და  მართულ არასამთავრობო სექტორსაც. სხვაგვარად ამ დეზინფორმაციის კასკადს ვერ ვხსნი. შეიძლება შეცდომა დაუშვა ერთხელ, ორჯერ, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში გაუთავებლად ერთსა და იმავეზე ლაპარაკი ზღვარს სცილდება.

- რითი შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი?

- ეჭვი არ მეპარება, რომ ნაციონალურ არხებს ეს შემოტევა საპნის ბუშტივით გაუსკდებათ, მაგრამ მიუკერძოებელი მედიის შევიწროება  ამით არ დამთავრდება. პრესის დისკრედიტაცია სხვადასხვა ფორმით აუცილებლად გაგრძელდება. ხელისუფლება მედიის იმ ნაწილს მიადგა, რომელსაც ვერ აკონტროლებს და თავის ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იქ აძებნინებს "კაკალს", სადაც არ არის. "იმედმა" ახლახან მეც ჩამწერა, ჟურნალისტს აინტერესებდა, აფინანსებს თუ არა "რეზონანსს" ბიძინა ივანიშვილი, მასთან დაკავშირებული კომპანიები ან "ქართული ოცნება". ჩემგან მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ ეს ასე არ არის. ჟურნალისტს მეც შევუბრუნე კითხვები, თქვენი ტელევიზიის დაფინანსების შესახებ რა იცით, ჯიბეცარიელი ამხელა ტელევიზიის მეპატრონე როგორ გახდა და უცბად მილიონები როგორ იშოვა არველაძემ-მეთქი? ალბათ, ამას ამოჭრიან და არ გაუშვებენ.

- ბატონო ლაშა, იქნებ აუხსნათ ნაკლებად გათვითცნობიერებულ მკითხველს, რა განსხვავებაა მოსყიდვის მიზნით მედიაორგანიზაციის დაფინანსებასა და სარეკლამო განყოფილებაში შესულ თანხებს შორის?

- მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა - აქვეყნებენ პოლიტიკურ განცხადებას საგანგებო ნიშნით, რომლითაც ის განსხვავდება ჩვეულებრივი ნიუსის, სტატიის ან ინტერვიუსაგან. ამ ნიშნით მკითხველი ხვდება, რომ ამ წერილზე რედაქცია პასუხს არ აგებს. რა თქმა უნდა, რეკლამები და პოლიტიკური განცხადებები ფინანსდება, მაგრამ ამით მედიაორგანიზაცია არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული. სიმართლე თუ გინდათ, გაზეთს არა აქვს არც მორალური და არც იურიდიული უფლება, უარი თქვას ასეთი განცხადების გამოქვეყნებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის რაიმე უცენზუროს ან უკანონოს შეიცავს. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური რეკლამის დამკვეთს ვერ ეტყვი, იცი, შენ ხელისუფლებას არ მოსწონხარ, ამიტომ განცხადებას ვერ გამოგიქვეყნებო. ჩვენ სწორედ ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში გვაყენებენ. დამამცირებელია, რომ ამბობენ, მავანი მედიაორგანიზაციებს აფინანსებს მოსყიდვის მიზნითო და ა.შ. ვიღაცებს სურთ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ყველა მედიასაშუალება გაყიდულია, რაც სრული სისულელე და აბსურდია. მაგრამ ნათქვამია, "ზოგი ჭირი მარგებელიაო" და ჩვენ საშუალება გვეძლევა, ავუხსნათ საზოგადოებას, რა საფრთხის წინაშე დგას, რა არის დეზინფორმაცია და რა  - არა. ნაცმედიას ობიექტური პრესის ჩასახშობი ანტიკამპანია ბუმერანგივით მიუბრუნდება, რადგან ყველა დაფიქრდება, რა ფულით არსებობენ თავად ეს ტელევიზიები? რამდენია იქ ხელისუფლების ფული, შავი ფული და ა.შ. სიმართლე გითხრათ, ეს ადრეც მაინტერესებდა, მაგრამ ამ შემოტევის შემდეგ ამის გარკვევას მეტ ყურადღებას დავუთმობ.

- ალბათ, ისინიც იტყვიან, რომ რეკლამით არსებობენ.

- კი ბატონო,…წარმოადგინონ აუდიტის დასკვნები. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, მათ კი მართლაც მოუწევთ კარტის გახსნა.

- ნაციონალური ტელევიზიების სიუჟეტებში ასევე გაიჟღერა იმანაც, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ნაკლებადაა ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული.

- მედიისთვის ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს საინტერესო. კრიტიკას რაც შეეხება, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პრესა არ შეცვლილა, კრიტიკული სტატიები მასზეც იბეჭდება. პირადად მე მისი პოლიტიკური განცხადების ერთი ნაწილი ნამდვილად არ მომეწონა და ეს არის სწორედ დემოკრატიის მანიშნებელი, როცა ამბობ, რა მოგწონს და რა - არა. მაშინ ნაციონალურმა არხებმა რაღა უნდა თქვან? ისინი არათუ არ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არამედ მხოლოდ აქებენ და ადიდებენ, მისი ყველაფერი მოსწონთ, ოპოზიციის კი არაფერი!

ცალკე თემაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება მხოლოდ ქველმოქმედებით იცნობდა და მისი გაკრიტიკებაც ბუნებრივად შეზღუდული იყო (სხვათა შორის, "ვარდების რევოლუციის" შემდგომ, პრესა ხელისუფლებასაც  ისე ვერ აკრიტიკებდა, როგორც დღეს. - ავტ.). ლოგიკურია, ვისაც  მეტი აქვს ძალაუფლება, მას უფრო ხშირად აკრიტიკებენ. მთელ მსოფლიოში ასეა და არც ის არის გასაკვირი, რომ ხელისუფლების საქმიანობა მედიას უფრო აინტერესებს. ამიტომ არასახელისუფლებო მედიის ამგვარი გაკრიტიკება ცოტა ირონიულიც არის. მგონი, ეს ადამიანები სხვა სამყაროში ცხოვრობენ ან შინ "სხვაგვარი" ტელევიზორები აქვთ.

- და მაინც, რას ფიქრობთ "ალიადან" ჟურნალისტის წამოსვლის თაობაზე?

- არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში. ცხადია, არის კონფლიქტი ჟურნალისტსა და რედაქციას შორის. ასეთი რამ ხდება ხოლმე, ზოგჯერ ჟურნალისტია მართალი,  ზოგჯერ - მედიაორგანიზაცია. უშეცდომო არავინ არის. სხვათა შორის, ქვეყანაში შრომითი ურთიერთობები ცალკე თემაა, რაც საკანონმდებლო უზრუნველყოფას საჭიროებს.

- ფიქრობთ, რომ ჟურნალისტის გაზეთიდან წამოსვლის ამბავი სულ სხვა მიზნისთვის გამოიყენეს?

- ვფიქრობ, ამით საზოგადოებას სხვა მესიჯი გაუგზავნეს. როგორც მოგახსენეთ, ამ პროპაგანდის მიზანი პრესის იმ ნაწილისთვის სახელის გატეხა იყო, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ყელში "ეჩხირება", ეს კი ჩვენი მედიის არცთუ მცირე ნაწილია.

p. s.   ჩვენ ვცადეთ ეკა სეხნიაშვილთან დაკავშირება. როგორც გვითხრა, ცოტა ხანში თავად დაგვირეკავდა, მაგრამ რატომღაც ტელეფონი გამორთო. "ალიას" წარმომადგენელმა დიტო ტიკარაძემ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს ჩვეულებრივი კანონიერი ქმედებაა, როცა დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში რეკლამას ათავსებენ, მაგრამ ჩვენთან ივანიშვილს  სარეკლამო ურთიერთობაც კი არა აქვს. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ასე რომ, "ალიას" დაფინანსებაზე საუბარი თუნდაც სარეკლამო ჭრილში სისულელის ზღვარს გასცდა. ეკა სეხნიაშვილმა კარგად იცის, რატომ დატოვა "ალია". მანვე აღნიშნა, რომ "ალია" ბიძინა ივანიშვილის ხშირი კრიტიკით გამორჩეული ერთ-ერთი გაზეთია.

როგორც ჩანს, ნაციონალურმა პროპაგანდამ ბუზის სპილოდ გადაქცევა მოინდომა, სპილოსი კი ბუზად, თუმცა, ამ არარეალური მიზნის მისაღწევად უფრო მეტი ჯადოქრული ხერხების გამოგონება დასჭირდება".