ვის ინტერესებს ემსახურება "აჭარის ტელევიზია" - კვირის პალიტრა

ვის ინტერესებს ემსახურება "აჭარის ტელევიზია"

"კარგა ხანია, "აჭარის ტელევიზიის" ეთერში გადის თურქული ენის შემსწავლელი კურსები. გთხოვთ, აგვიხსნათ, რა მოტივით მიიღეს ტელევიზიის ხელმძღვანელებმა ასეთი გადაწყვეტილება? როგორც ვიცით, არასახელმწიფო და საერთაშორისო ენების გარდა (ინგლისური), სხვა ენებზე სატელევიზიო სწავლების კურსები იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ სხვა, არააბორიგენი ეთნოსის წარმომადგენლები. საქართველოში თურქები ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენენ?!"

წერილს ხელს აწერს 30-ზე მეტი ბათუმელი.

"კვირის პალიტრა" აჭარის ტელევიზიის დირექტორს, თეა ცეცხლაძეს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა, მან არ გვიპასუხა. მივწერეთ ინტერნეტითაც. პასუხი ვერც ასე მივიღეთ, არადა, კითხვები იმაზე მეტი დაგვიგროვდა, ვიდრე ბათუმელების წერილშია. როგორც ამბობენ,  "აჭარის ტელევიზიით" თურქული ენის სწავლება ხელმძღვნელობამ იმ მოტივით განიზრახა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომსახურების დროს მოსახლეობას თურქული ენის ცოდნა სჭირდებაო(?!).

ვეჭვობ, საქართველოში იმაზე მეტი თურქი მუშაობდეს, ვიდრე გერმანიის რომელიმე ქალაქში. მიუნხენში ქუჩები და უბანიც კია "თურქების დასახლებად" წოდებული, მაგრამ მომსახურება გერმანულ და ინგლისურ ენებზე ხდება და გერმანელები არავის დაუვალდებულებია, თურქული ენა ესწავლათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თურქეთში, სადაც ქართველები  ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, არც ლაზური ან ქართული ენის შემსწავლელ სატელევიზიო კურსებზე უფიქრია ვინმეს და არც ქართული სკოლების გახსნაზე...

იმასაც ამბობენ, "აჭარის ტელევიზიით" თურქული ენის სწავლების პროექტს თურქები აფინანსებენო. საინტერესოა, როდის მიეცათ  საზოგადოებისგან დაფინანსებული ტელევიზიის ხელმძღვანელებს იმის უფლება, რომ ასეთი პროექტები საზოგადოებასთან შეუთანხმებლად განახორციელონ და  უცხოელ კერძო პირებს დააფინანსებინონ? "ბოროტი ენები" იმასაც ამბობენ, სწავლების კურსს ფარულად მოქმედი ისლამური ორგანიზაციები აფინანსებენო(?!). სამწუხაროდ, არახალია მსგავსი ორგანიზაციების  ისლამურ-ექსპანსიური მიდრეკილებები, რაც, მათივე თქმით,  ხელს შეუწყობს აჭარის ხელახალ გათურქებას და შეუქცევადი, არასახარბიელო მოვლენების განვითარებას. აჭარაში უკვე საქართველოს მოქალაქე 20 000-მდე თურქი ცხოვრობს. ისინი ერთ უბანში, ერთ ქუჩაზე კომპაქტურად სახლდებიან, ეკონომიკურად გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩალის ფასად ყიდულობენ სახლებს. ამ პროცესების პარალელურად "აჭარის ტელევიზიაში" თურქული ენის სწავლების კურსი ბადებს კითხვას: ვის ინტერესებს ემსახურება "აჭარის ტელევიზია"? იმედი გვაქვს, ამ კითხვებზე პასუხს უახლოეს მომავალში მივიღებთ. თუ ტელევიზიის ხელმძღვანელობა კვლავ დუმილს არჩევს, აზრს საზოგადოებას დავეკითხებით, რომელსაც უფრო მეტი ეთქმის... უმჯობესი იქნება, აჭარის მოქალაქე 20 000-მა თურქმა, ადგილობრივ მოსახლეობაში ინტეგრირებისთვის, თავად ისწავლოს ქართული ენა!