ვარკეთილის მცხოვრების წერილი პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

ვარკეთილის მცხოვრების წერილი პრეზიდენტს

ბატონო პრეზიდენტო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ვარკეთილელები, თქვენზე ნაწყენი ვართ. აქამდე, სანამ  ყურადღებას მარტო ბათუმს, ქუთაისს, ანაკლიას ან სხვა რომელიმე ქალაქს აქცევდით, დიდად არ ვბრაზობდით, რადგან ამბობდნენ, მიშას თბილისი არ უყვარსო და ვფიქრობდით, კაცი ვაკეს და ვერას ზედ არ უყურებს და ჩვენ რომ არ მოგვაქციოს ყურადღება, რა გასაკვირიაო, მაგრამ ახლა მოთმინების ფიალა აგვევსო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გლდანში სიარულს მოუხშირეთ; არა მარტო სიარულს, ლამისაა თბილისის ცენტრი იქ გადაიტანოთ. რამდენიმე წლის წინ იქ ახალი პარკი რომ გახსენით, ეს  გადავყლაპეთ, მაგრამ ახლა?! ჯერ იყო და, მასწავლებლის სახლი იქ ააშენეთ, მერე ბაზრობა პირადად გახსენით, ბოლოს ისიც კი თქვით, საქართველოს აღმშენებლობა გლდანიდან დაიწყებაო! ამასაც ავიტანდით, მაგრამ როდესაც გავიგეთ,  ტოტო კუტუნიო გლდანში იმღერებსო, გაგვიწყდა მოთმინების ძაფი!მაინტერესებს, ვარკეთილი რითია გლდანზე ნაკლები? რა, აქ ნაკლები საზოგადო მოღვაწეები დაბადებულან, ვიდრე გლდანში (არ მკითხოთ, რომელი საზოგადო მოღვაწეებიო. ჯერ თქვენ ჩამოთვალეთ გლდანელი საზოგადო მოღვაწეები და მერე მე ჩამოგითვლით ვარკეთილელებს)?  ბოლოს და ბოლოს, ამომრჩევლების რაოდენობით ჩამოვუვარდებით ვინმეს თუ რა?! ტოტო კუტუნიო თუ არა, საბრინა ან რაფაელა კარა მაინც ჩამოგეყვანათ ჩვენთან? ან იქნებ ჩვენი უბნის სახელი არ მოგწონთ? გადავარქმევთ, ბატონო. ხომ აშენებს ერთ-ერთი სამშენებლო ფირმა უბანს, რომელსაც "ორთაჭალის ტურფა" ერქმევა. ჰოდა, ჩვენც გავხდებით, მაგალითად, "შიშველი მახა"! იქნებ მაშინ მაინც მოგვხედოთ!!!

კიტრები, კიტრები, კიტრები ჩქარა!

ამას წინათ ჩვენი "ყველგანმავალი" პრეზიდენტი ბაზრებსა და სუპერმარკეტებს ეწვია. ჰოდა, აქ ისე როგორ ჩაივლიდა, რაიმე ორიგინალური არ ეთქვა. თქვა კიდეც. "სმარტის" სუპერმარკეტში ქართული კიტრი დაინახა და ისე გაუხარდა, წამოიძახა: "ადრე, მთელი ხუთი წელი, ირანულ კიტრებზე ვიჯექით!" ჯერ ერთი, ბატონო პრეზიდენტო, თუ მაინცდამაინც ასე გინდათ, "ვიჯექით" კი არა - "ვისხედით". მეორეც,  თქვენ სად იჯექით, არ ვიცი, მაგრამ ჩემ მაგივრად რატომ ლაპარაკობთ? გასაგებია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხართ და უფლება გაქვთ, ქვეყნის სახელით ისაუბროთ, მაგრამ ასეთი დელიკატური დეტალები მაინც უნდა შეგვითანხმოთ. იქნებ ვინმეს თურქულ კიტრზე ჯდომა უფრო მოსწონს? ვინ მოგცათ უფლება, ისიც ირანულ კიტრზე რომ შემოსვით? თან მთელი ხუთი წლით! როგორ გიყვართ ყველაფრის გაზვიადება! ხუთი წელი კიტრზე ჯდომა თქვენ ადვილი გგონიათ? ადვილი სხვის მაგივრად ლაპარაკია. ისე, როგორ ვთქვა, მაგრამ ხუთი წელი რომ რაღაცაზე ზიხარ და მერე გამოგაცლიან, ვერ უნდა იყოს მთლად სასიამოვნო... თან არც ის უთქვამს პრეზიდენტს, ირანული კიტრები რომ გამოგვაცალეს, მერე ქართულზე გადავსხედით თუ კიტრის პირვანდელი დანიშნულება გაგვახსენდა და მათი ჭამა დავიწყეთ...

ხუმრობა იქით იყოს და, მთლად უმადურები ნუ ვიქნებით. ნუ დავუკარგავთ პრეზიდენტს დამსახურებას. ირანული კიტრის ბაზრიდან გაძევება ადვილი საქმე ნუ გგონიათ -  ამით ხომ ქართული საქმე კეთდება! დღეიდან უფრო მეტი ქართული კიტრი გვექნება და მერე ვისაც უნდა - შეჭამს, ვისაც უნდა - ზედ შემოჯდება.

Casting by M.  სააკაშვილი

ბათუმზე გადაღებული ახალი კლიპი ხომ იცით? ტანგოს რომ ცეკვავენ, ის. ჰოდა, ჟურნალმა "გზამ" იმ გოგონას ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ამ კლიპში ცეკვავს. ჟურნალისტმა ჰკითხა: "სოფო, ბათუმზე გადაღებულ ახალ კლიპში როგორ მოხვდი?" და პასუხიც მიიღო:

- ახალგაზრდა "ნაციონალებში" ვმუშაობ. ანაკლიაში სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით ახალგაზრდულ შეხვედრებზე გასამგზავრებლად CV-ის შევსება დამჭირდა, რომელშიც ჩემი ყველა წარმატების შესახებ არ ჩამიწერია. ანაკლიაში ახალგაზრდებს საშუალება გვქონდა, პრეზიდენტს შევხვედროდით და გვეთქვა, თუ რისი გაკეთება გვსურდა ჩვენს ქალაქში, მთელ საქართველოში... ოჯახური პირობების გამო ანაკლიიდან წამოსვლა ნაადრევად მომიხდა. სწორედ იმ პერიოდში პრეზიდენტმა იქ მყოფი ბავშვების CV-ები მოითხოვა. 250-დან მხოლოდ 2 (ჩემი და კიდევ ერთი გოგონასი) შეარჩია და ჩვენთან შეხვედრა მოისურვა. ბათუმში გავემგზავრე, სადაც პრეზიდენტი პირადად ვნახე. მითხრა: ძალიან კარგი გოგო ხარ, CV მომეწონა და კლიპში უნდა გადაგიღოთო...

რა გითხრათ? კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში ყველაფერი ერთი კაცის გასაკეთებელია. კი ვიცოდი, ეს ჩვენი პრეზიდენტი ყველაფრის მცოდნე რომ იყო, ყველაფერს თავად რომ აკეთებდა - არქიტექტორიც რომ იყო და კალატოზიც, მაგრამ კლიპისთვის მსახიობების შერჩევაც თუ მას დააწვებოდა კისერზე, აღარ მეგონა... მოვითხოვ, მას დამატებითი სამუშაო საათები აუნაზღაურონ. თქვენ არ იცით, მსახიობების შერჩევა რა მომქანცველი სამუშაოა. კლიპის ბოლოში მაინც მიაწერონ: Casting by M.  სააკაშვილი.