"ხელისუფლების მოწინააღმდეგე ის ხალხია, ვინც პრივილეგიები დაკარგა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების მოწინააღმდეგე ის ხალხია, ვინც პრივილეგიები დაკარგა"

"ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ხელისუფლების დასაბალანსებელი ძალა"

ახალი წლის დასაწყისი განვლილი წლის შეფასებისა და მომავლის დაგეგმვისა და პროგნოზირების დროა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ბუნებით რეალისტი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ბუნებრივ კატაკლიზმებზე არანაკლებ სახიფათო პროცესები წელს პოლიტიკაში გველოდება:

- ამბობენ, დრაკონის წელი უფრო აქტიური და ვნებათაღელვით სავსე იქნებაო. ეს, ალბათ, პარლამენტზეც აისახება. უთუოდ იქაც გამძაფრდება კამათი და გაწევ-გამოწევა.

- რადგან ე.წ. დრაკონის წელი არჩევნების წელს დაემთხვა, ბუნებრივია, ის აქტიური წელიწადი იქნება საქართველოსათვის.

- გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით და, ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით პროგნოზს, რომ წელს  ბუნებრივი კატაკლიზმებიც მეტადაა მოსალოდნელი.

- თუ წინასწარმეტყველებას დავუჯერებთ, მსოფლიოს აპოკალიფსი და მეორედ მოსვლაც ელოდება, მაგრამ ამას იუმორით უნდა შევხვდეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება სახიფათო პროცესები. ბუნებაზე გაცილებით საშიში პროცესები შეიძლება პოლიტიკაში მოხდეს. არა მგონია, თუნდაც ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა გვაძლევდეს მშვიდად ყოფნის უფლებას. საქართველოში არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულსა და ახალს. ვფიქრობ, არჩევნებს კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს და ოპოზიცია კვლავ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, კვლავ ექნება რაღაცების გაპროტესტებისა და ქუჩაში გამოსვლის სურვილი. ჩვენ გვაქვს რთულად შესასრულებელი, მაგრამ ძალიან მარტივი ამოცანა, - არჩევნები მაქსიმალურად კანონიერად ჩატარდეს, რომ ოპოზიციის გარდა არავინ იყოს არჩევნებით უკმაყოფილო. ოპოზიცია წინასწარ არის განწყობილი ნებისმიერი შედეგის გასაპროტესტებლად.

- იმედიანად კი ხართ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა აღიარა ივანიშვილი ისეთ მოწინააღმდეგედ, რომელიც ფორმაში ყოფნას აიძულებს.

- ოპოზიციას წინა არჩევნებთან შედარებით წარმატება ექნება, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ოპოზიცია წარმატებას ხელისუფლებაში მოსვლას უწოდებს. თუ მომავალ არჩევნებში ოპოზიცია წინა არჩევნებთან შედარებით შედეგიანი იქნება, ძალიან კარგია ჩვენთვისაც, ოპოზიციისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

- ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში 2/3-ით გეგმავს მოსვლას.

- ბიძინა ივანიშვილის უდიდესი შეცდომა ისაა, რომ მთავარ პოლიტიკურ ამოცანად და მიზნად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება დაისახა. სწორედ ამან განაპირობა მისი შემდგომი სვლა, როდესაც   კასტინგი გამოაცხადა ყველა იმ ძალაზე, რომელიც სააკაშვილის მტრები არიან. ივანიშვილისთვის მნიშვნელობა არა აქვს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიურ კურსს, პოლიტიკურ პოზიციას, შეხედულებებს. ის თანამშრომლობს ერთი ნიშნით, სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა გავერთიანდეთო. ასეთი გაერთიანებები ქვეყანასD სიკეთეს არ მოუტანს.

ბიძინა ივანიშვილის ფულს აქვს ის მიზიდულობა, რომ ე. წ. ოპოზიციური პარტიები (სინამდვილეში კი ფსევდოპარტიები) აიძულოს, ახლა მოახერხონ ის, რასაც ამდენ ხანს ვერ ახერხებდნენ, - დიდხანს გაძლონ ერთ გაერთიანებაში, რაც განაპირობებს იმას, რომ შეიქმნება მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი მმართველი პარტიის საპირწონე ძალა, რაც კარგია. ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ხელისუფლების დასაბალანსებელი ძალა.

მინდა საქართველოს ათჯერ უკეთესი, დიმიტრი გელოვანივით პრეზიდენტი ჰყავდეს, მაგრამ თუ შემოთავაზებულ კანდიდატებში დიმიტრი გელოვანი არ არის, მაშინ ყველაზე კარგს ავირჩევ. ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა და ხელისუფლება - ხელისუფლებას, მაგრამ მე რომ ქვეყანა მინდა, იქამდე სამწუხაროდ, ბევრი გვაკლია.

- "ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის მსგავსი ლიდერი არა ჰყავს და არჩევნებზე ვის იმედად წახვალთ?

- მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას მაშინ შევაფასებ, როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება. თუ სტრუქტურა ვერ დაალაგა და ის სისტემა ვერ შექმნა, რომელიც უმისოდ შეძლებს მუშაობას, მისი მმართველობის წლები წყალში ყოფილა ჩაყრილი. საქართველოს ხელისუფლება უნდა შეცვალოს ძალამ, რომელიც ახალ და უკეთეს საქართველოსთან იქნება გაიგივებული. არ ვარ დარწმუნებული ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ჯანსაღ მიდგომებში, რადგან მათ ერთხელ ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის ბედნიერება. დღეს ხელისუფლების მოწინააღმდეგე ის ხალხია, ვინც პრივილეგიები დაკარგა.

- ივანიშვილიც ასეთია?!

- არა, მაგრამ ვისით აპირებს ქვეყნის მართვას? თუ იმ ადამიანების დახმარებით აპირებს ქვეყნის მართვას, ვინც გუნდში ჰყავს, მათი მეშვეობით საქართველოს წესიერად მართვა შეუძლებელია. ივანიშვილი ამბობს, სხვა ხალხს მთვარიდან ხომ ვერ ჩამოვიყვანო.

ბიძინა ივანიშვილი რა მოტივით მოვიდა ქართულ პოლიტიკაში, ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს. დიდი მადლობა მას იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც საქართველოში აკეთებდა, მაგრამ არც ერთი გზა, არც ერთი მღვიმე, არც ერთი ტაძარი არ მიღირს იმად, რომ საქართველოს ორიენტაცია შეიცვალოს.

- საიდან ჩანს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოს საგარეო ორიენტაციის შეცვლას აპირებს?

- რუსეთს სამი გეგმა ჰქონდა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად. ყველაზე იაფი გეგმა იყო, იგორ გიორგაძის მეშვეობით პრორუსული ხელისუფლება მოსულიყო საქართველოში. შემდეგი გეგმა იყო ფინანსურად უფრო ხარჯიანი და ასევე მოკლე დროში შესასრულებელი. მისი რეალიზაციისათვის საჭირო იყო მდიდარი ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ფულს დახარჯავდა. ამიტომაც გამოჩნდა პოლიტიკაში ბადრი პატარკაციშვილი. რადგან ეს გეგმაც ჩაფლავდა, რუსეთი იძულებული გახდა უფრო დიდი კაპიტალდაბანდების გეგმა შეემუშავებინა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად შეარჩიეს და შეიქმნა ლეგენდა უანგარო ქველმოქმედი კაცისა. ვიმეორებ, მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მადლობა ბიძინას იმისათვის, რაც საქართველოში გააკეთა, მაგრამ ეს არ მიღირს იმად, რომ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო.

გიორგი სააკაძემ ბევრი კარგი საქმე გაუკეთა საქართველოს, მაგრამ მას ისტორიამ არ აპატია ბაზალეთის ომი.